მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს

18.10.2019 • 2025
ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში, ტბასთან, მინიმუმ 4 მეტრი სიმაღლის, მონუმენტური „ნატვრის ხის“ დადგმას აპირებს. ნურის ტბასთან „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

საკონკურსო პირობის მიხედვით, „ნატვრის ხე“ უნდა იყოს მონუმენტური სახის, ლითონის კონსტრუქციის, ხოლო კვარცხლბეკი [თუ მსგავსი მოისაზრება] შესაძლებელია იყოს გრანიტის ან სხვა მასალისაგან დამზადებული.

„ნატვრის ხის“ სიმაღლე [კვარცხლბეკის ჩათვლით] არ უნდა იყოს 4 მეტრზე ნაკლები.

„ნატვრის ხე“ პარკში, ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა იყოს სანახაობრივი, ღამით განათებული მასზე შებმული ფერადი ნათურებით და ბათუმის სიმბოლოებით, ღამე-ფერადი ნათურების ეფექტით, დღისით-ბათუმის სიმბოლოებით. ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებს; ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი.“ – აღნიშნულია საკონკურსო პირობაში.

„ნატვრის ხის“ ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს. უშუალოდ საკონკურსო თანხა კი, 5 ათასი ლარია. კონკურსში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს შეწყდება. ესკიზური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა მომზადდეს.

________________________________

მთავარი ფოტო: ნურიგელის ტბა ბათუმის ცენტრალურ პარკში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: