მთავარი,სიახლეები

მოსკოველებსა და პეტერბურგელებს წინა ხაზზე არ გზავნიან – იღუპებიან დაღესტანელები და ბურიატები

18.06.2022
მოსკოველებსა და პეტერბურგელებს წინა ხაზზე არ გზავნიან – იღუპებიან დაღესტანელები და ბურიატები

„მედიაზონას“ ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა შეძლეს 3 798 იმ რუსი ჯარისკაცის მონაცემების დადგენა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა – დაღესტნელები და ბურიატები არიან.

რუსი ჟურნალისტების მონაცემების თანახმად, ბურიატიაში თითქმის ყოველდღიურად მარხავენ დაღუპულებს. მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებლები კი, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 12%-ზე მეტს შეადგენენ, პრაქტიკულად არ არიან მოხსენებებში.

სად ჰყავთ რუსებს ყველაზე მეტი მსხვერპლი?

„მედიაზონას“ ჟურნალისტების ინფორმაციით, შესწავლილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა დაღესტანში (207 დაიღუპა) და შემდეგ ბურიატიაში (164). ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ცნობები ძირითადად ღარიბი რეგიონებიდან მოდის. მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლებს შორის კი ცნობილია 8 და 26 გარდაცვლილის შესახებ.

გამოცემის ცნობით, 3 798 გარდაცვლილს შორის 652 შემთხვევაში მოკლული ოფიცერია. დაღუპული ოფიცრების მეოთხედი კი მაღალი პერსონალია, სახელდობრ, მაიორი, პოდპოლკოვნიკი და პოლკოვნიკი. 65 მათგანის ჩინი კი იყო პოდპოლკოვნიკი და ზემოთ.

გამოცემის ცნობით, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს საჯარისო ნაწილებმა, რომლებიც ელიტურ და ბრძოლისუნარიან დანაყოფებად ითვლება – საჰაერო-სადესანტო დანაყოფმა, საზღვაო ქვეითები და სპეცრაზმმა.

გამოცემის თანახმად, ყველაზე მეტი დანაკარგი მედესანტეებმა განიცადეს: ამ დანაყოფს, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, მინიმუმ 774 მებრძოლი დაეღუპა.

ჟურნალისტები წერენ, რომ შესწავლილი მონაცემების მიხედვით, ასევე დაიღუპა სულ მცირე 202 საზღვაო ქვეითი, 10 ვერტმფრენისა და 29 თვითმფრინავის პილოტი.

გამოცემის თანახმად, „ჯარისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია დანაკარგები მფრინავებს შორის: საბრძოლო ავიაციის პირველი კლასის ერთი პილოტის მომზადებას 7-8 წელი სჭირდება და თითქმის 3,4 მილიონი დოლარი ღირს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: