მთავარი,სიახლეები

„მე ქუჩაში გავიზარდე. არ მინდა, ეს ჩემმა შვილებმაც გამოცადონ“ – 2 შვილის მამა დახმარებას ითხოვს

06.09.2022 • 4051
„მე ქუჩაში გავიზარდე. არ მინდა, ეს ჩემმა შვილებმაც გამოცადონ“ – 2 შვილის მამა დახმარებას ითხოვს

„არ ვიცი, რა ვუპასუხო, როცა ბავშვები რაღაცას მეკითხებიან სკოლის სახელმძღვანელოდან, ჩაგაცივდებიან… ვეუბნები, რომ ჩემს დროს ეს არ ისწავლებოდა… ორივე კარგად სწავლობს, უფროსი უკვე 12 წლისაა, პატარა – 10 წლის. ორივეს ძალიან უყვარს სკოლა… მე მხოლოდ პირველი კლასი ვიარე სკოლაში, მერე ქუჩაში დავრჩი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე, რომელიც სოციალურად დაუცველია, 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა, მუშაობდა და ახლა, როცა თავად დაოჯახდა, ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო, მუშაობას ვერ ახერხებს და ვერც ქირას იხდის ბათუმში.

აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წელსაც წერდა: „მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი -მეთქი – არ მინდა ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

ახალგაზრდა ოჯახი დახმარებას ითხოვს საცხოვრებელი ადგილით, „სადაც ახლოს იქნება სკოლა“ – ამას განსაკუთრებული ემოციით ამბობს აკაკი დავითაძე და საუბრის დასასრულსაც იმეორებს იმავეს.

„სოფელში სიამოვნებით ვიცხოვრებდით სადმე. რამდენი მიტოვებული სახლია, იქნებ შეგვეხმიანოს ვინმე, გულისხმიერი, მთავარია, იქ სკოლა იყოს და შევძლებ ოჯახის რჩენას,“ – პაუზის შემდეგ კი, აკაკი დავითაძე ამატებს, 5 თვეა ქირის ფულს ვეღარ ვიხდით და ნაქირავები ბინა გამოგვიკეტეს უკვეო.

„თამარის დასახლებაში გვაქვს ნაქირავები სახლის პირველი სართული, თვეში 400 ლარს ვიხდიდით და ვცხოვრობდით… ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა თვეში 440 ლარი. ბავშვობიდან ვოცნებობ სახლზე, ოჯახზე, შვილებთან ერთად ყოფნაზე, მაგრამ…

ახლა ჩემი ცოლი და შვილები ცოლის მშობლების ოჯახში არიან დროებით, წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში. მალე სკოლა დაიწყება, ბათუმში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ სად? არ მინდა ჩემი შვილებიც ქუჩაში აღმოჩნდნენ ისე, როგორც მე,“ – ამბობს აკაკი დავითაძე.

„აკაკი მუშაობდა წინა წლებში რესტორანში, მაგრამ ვეღარ იმუშავა, ვერ შეძლო, ითიშებოდა, გონებას კარგავს ზოგჯერ… ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აქვს, ქუჩაში რომ გაატარებს ბავშვი მთელ ზამთარს წლობით, წარმოგიდგენიათ?“ – გვიყვება აკაკი დავითაძის მეუღლე, ნაზიბროლა ჟორჟოლიანი, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ.

„სასადილოთიც ვსარგებლობთ. რაღაც პერიოდი პროდუქტებს გვაძლევდნენ და ეს უფრო გვაწყობდა, ახლა პირდაპირ საჭმელი მოგვაქვს, მაგრამ ათასი რამ გჭირდება ბავშვებთან, აკაკის ჯანმრთელობა მისახედია, 38 წლის კაცია.

მეც არ ვიცოდი მისი ბავშვობის შესახებ, მერე გავიგე, წლების შემდეგ. ძალიან თუ არ გაუჭირდა აკაკის, ისე არ შეაწუხებს ვინმეს, მე ეს შემიძლია გითხრათ,“ – აღნიშნა ნაზიბროლა ჟორჟოლიანმა „ბათუმელებთან“.

აკაკი დავითაძეს ვთხოვეთ გახსენებ, სად და ვისი დახმარებით ისწავლა წერა-კითხვა, როცა ქუჩაში იზრდებოდა.

„დედაჩემმა 7 წლის ბავშვი სალიბაურის სკოლა-ინტერნატში დამტოვა, მანამდე ჩემი დედ-მამა ერთმანეთს გაშორდა, ორი წლისაც არ ვიქნებოდი მაშინ…“ – გვიყვება აკაკი დავითაძე. – „დედა მეორედ დაქორწინდა თერჯოლაში და პანსიონშიც იმ პირობით დამტოვა, რომ ახალ ოჯახში გადამიყვანდა მალე… რამდენიმე თვე ვიცხოვრე კიდეც თერჯოლაში, მამინაცვალთან, მაგრამ მათაც ძალიან უჭირდათ, 90-იანი წლები იყო, ჩემთვის არ ეცალა არავის.

გამოვიპარე. ზესტაფონში დავხვდი მატარებელს და თბილისში ჩავედი. იქ „დეზერტირების ბაზარში“ ვათენებდი ღამეებს სავაჭრო დახლების ქვეშ… მერე სამუშაო ვიშოვე – მძიმე ჩანთებს დავატარებდი. ურიკა რომ შევიძინე, ისე მიხაროდა, ახლაც მახსოვს – უკვე ურიკით შემეძლო მძიმე ტვირთების გადატანა.

ყველაფერი ქუჩაში ვისწავლე, წერა, კითხვაც, ხან ვინ მასწავლიდა, ხან – ვინ. მეც მინდოდა მესწავლა. მამის გაცნობაც მაგიტომ მოვინდომე, იქნებ დამეხმაროს-მეთქი – 15 წლის ვიყავი და ქობულეთში ვნახე. არ მომაქცია ყურადღება, მას უკვე სხვა ოჯახი ჰყავდა, შვილები, მივხვდი, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა… მერე მამა საცხოვრებლად წალკაში გადავიდა, იქ გარდაიცვალა. დედა ახლა იტალიაშია, მაგრამ ვერასდროს ვახერხებთ საუბარს, არ გამოდის…

რადგან დედამ და მამამ მიმატოვეს, სხვებმაც თითქოს მომიძულეს, არავის აინტერესებდა ჩემი ამბავი, ალბათ ჩათვალეს, რადგან მიატოვეს, ესე იგი, მიტოვებული უნდა იყოსო,“ – ამბობს აკაკი დავითაძე.

აკაკი დავითაძის თქმით, მას რამდენჯერმე დაეხმარნენ აჭარის მთავრობაში, თანხა ჩაურიცხეს და ჯანდაცვის პროგრამებშიც ჩართეს, თუმცა მას ყველაზე მეტად უსახლკარობა აწუხებს და ამ მოთხოვნით აკაკი დავითაძემ 2022 წლის აგვისტოში თორნიკე რიჟვაძესთან მოითხოვა შეხვედრა. თორნიკე რიჟვაძე უსახლკარო კაცს არ შეხვდა, თუმცა დღეს, 6 სექტემბერს აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, რომ აკაკი დავითაძეს ამ ეტაპზე ღამის თავშესაფარს სთავაზობენ, ასევე განიხილება გარკვეული ფულადი დახმარების საკითხი.

„განცხადება დავწერე, იქნებ დამიფარონ ქირის 5 თვის დავალიანება,“ – დასძინა აკაკი დავითაძემ.

რაც შეეხება ღამის თავშესაფარს – ამ ეტაპზე ბათუმის ღამის თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ის იანვრამდე ვერ დასრულდება. ბათუმის მერიის ააიპ-ში „სოციალური სერვისების სააგენტოში“ განმარტეს, რომ იანვრამდე ღამის თავშესაფრისთვის სხვა ადგილი დაიქირავა მერიამ და ჯამში 50 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

„თუმცა ბავშვებს და ოჯახს ვერ მივიღებთ, არის კაცების სექცია ცალკე, ცალკე – ქალების, ბავშვებს ვერ დავიტოვებთ… თავშესაფრის პირობაა ისევ ის, რომ დღისით შენობა ბენეფიციარმა დატოვოს და საღამოს შეუძლია დაბრუნება, გვაქვს საუზმის და ვახშმის მომსახურება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა შამილიშვილმა, „სოციალური სერვისების სააგენტოს“ დირექტორმა.

მამუკა შამილიშვილი ასევე განმარტავს, რომ თავშესაფრის რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახების მიღებაც იქნება შესაძლებელი, თუმცა არა განუსაზღვრელი ვადით.

„კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქესთან და მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ თქვეს, რა მიმართულებით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა უსახლკარო ოჯახს, ან როგორ ხედავს მთავრობა პრობლემის მოგვარებას.

„მახსოვს ის მომენტი, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ შევაგროვე ქირის ფული ურიკით ნაზიდი ტვირთით და არ მომაქირავეს ბინა, ფული კი გაქვს, მაგრამ ბავშვს როგორ მოგაქირავოთ ბინაო. მთელი უბანი მოვიარე და ვერ ვიშოვე იმ ღამით ბინა…

არ მინდა, ჩემი შვილებმაც გამოცადონ იგივე,“ – ამბობს აკაკი დავითაძე.

—————-

აკაკი დავითაძის მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:

GE25TB7941345063600006, მიმღები – აკაკი დავითაძე.

ამ თემაზე:

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი – არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: