მთავარი,სიახლეები

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

04.09.2022 •
BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

საავტორო კინოს ბათუმის მე-17 ფესტივალი [BIAFF] 2 კვირაში უნდა გაიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მნიშვნელოვანი ფესტივალია ბათუმში, სახელმწიფო სტრუქტურებმა ფესტივალის დაფინანსებაზე წელს უარი თქვეს, მათ შორის, ბათუმის მერიამ, რომელიც ბათუმის კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორია.

„ამ შემთხვევაში „ბიუჯეტი ამოწურულია“ ნიშნავს არათანაბარ, უსამართლო პირობებში ფესტივალების ჩაყენებას,“ – მიიჩნევს BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი, რომელსაც საკონკურსო განცხადების მიღების დასრულებამდე უთხრეს, რომ კინოფესტივალისთვის ბიუჯეტში თანხა აღარ არის.

რატომ აღარ აფინანსებენ BIAFF-ს, რა ფინანსური რესურსით და რა ფორმით ჩატარდება წელს კინოფესტივალი ბათუმში? -„ბათუმელები“ ამ თემაზე ზვიად ელიზიანს ესაუბრა.

  • ფესტივალი ორ კვირაში, 18 სექტემბერს დაიწყება, ფესტივალს კი დაფინანსება ჯერ არ მიუღია ოფიციალური პარტნიორისგან – ბათუმის მერიისგან. რა არგუმენტით გითხრეს უარი? 

ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, წერილს ველოდებით, თუმცა გარკვეული კომუნიკაცია გვქონდა და გვითხრეს, რომ ბიუჯეტი ამოიწურა.

მერიამ ფესტივალის დაფინანსებაზე წელსაც კონკურსი გამოაცხადა, ეს იყო 21 ან 22 ივლისს. ჩვენ 3 აგვისტოს შევიტანეთ აპლიკაცია დაფინანსებაზე. მერიის კონკურსის და ნებისმიერი კონკურსის მარტივი, საბაზისო პირობაა ის, რომ აპლიკაციები შევიდეს და კომისიამ განიხილოს ეს განაცხადები. სხვებმაც, ბუნებრივია, შეიტანეს განაცხადი და დაიბარეს პრეზენტაციაზე, დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ. ჩვენ კი, საერთოდ არ შეგვეხმიანენ, მოვიკითხეთ და ეს პასუხი მივიღეთ.

საუბარი გვქონდა სოფო ხალვაშთან [ბათუმის მერის მოადგილე], ასევე მერიის სხვა წარმომადგენლებთან და განმარტეს, რომ კომისია პერიოდულად ავლენდა გამარჯვებულებს, რომლებიც დააფინანსეს და ამ ეტაპზე უკვე ამოწურულია ბიუჯეტი. სოფო ხალვაშმა თქვა, რომ ბევრი აპლიკაცია იყო შესული, წინასწარ განიხილეს და ფული აღარ აქვთ.

გაუგებარია: თუ კომისია ჯერ არ განიხილავს ყველა განაცხადს, როგორ იწურება ბიუჯეტი განაცხადების მიღების დასრულებამდე? როცა განაცხადების შეტანა იყო აგვისტოს ბოლომდე, ჩვენ კი, კონკურსის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში შევიტანეთ აპლიკაცია. ამ შემთხვევაში „ბიუჯეტი ამოწურულია“ ნიშნავს არათანაბარ, უსამართლო პირობებში ფესტივალების ჩაყენებას – ვიღაცამ ადრე შეიტანა, ვიღაცამ – გვიან.

როგორ შეიძლება 3 აგვისტოს ამოწურული გქონდეს უკვე ბიუჯეტი, როცა ჯერ განაცხადების მიღება არ დაგისრულებია?

დიახ, ეს აჭარის კულტურის სამინისტროს დაფინანსება იყო და ჩვენ ამ სამინისტროსგანაც ვერ მოვისმინეთ ლოგიკური არგუმენტი, რატომ არ დააფინანსეს BIAFF-ი. პასუხი იყო ის, რომ 10 გამარჯვებულ ფესტივალს შორის დაბალი ქულები გვქონდა თანადაფინანსების კომპონენტში, მაგრამ ეს არაა სწორი არგუმენტი, თანაც მაშინ, როცა მინიმუმ 10 წელი ვთანამშრომლობთ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან.

იმ პერიოდში, როცა ჩვენ აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს მივმართეთ, რამდენიმე საელჩოს დაფინანსება ჩადებული გვქონდა [ფესტივალის პროექტში] წინა წლების მსგავსად და ახალი თანადაფინანსებების შესახებაც მივწერდით, როცა ეს დაზუსტდებოდა. ეს წინა წლებშიც ასე იყო.

ეს მუშა პროცესია და ზოგჯერ კონკრეტული დროისთვის ვერ ადასტურებ იმას, რომ თანადაფინანსების სხვა წყაროებიც არსებობს. მაგალითად, ბათუმის მერია ფესტივალის პარტნიორია, მაგრამ ჩვენ მუდმივად დაფინანსებას ვიღებდით მერიიდან კონკურსის წესით. აჭარის კულტურის სამინისტროს როცა მივმართეთ, მაშინ მერიას კონკურსი გამოცხადებულიც არ ჰქონდა. ვიდრე კონკურსი რეალურად არ ჩატარდება და არ დაზუსტდება ის, რომ ფესტივალს აფინანსებენ, წინმსწრებად დოკუმენტს ხომ ვერ წარადგენ?

  • რამდენ ლარს ითხოვდით წელს მერიისგან?

წინა წლებში გვქონდა ბათუმის მერიიდან დაფინანსება 180 ათასი ლარი, წელს კი, ზოგადად თითოეული ფესტივალის მაქსიმალური ზღვარი დააწესეს 90 ათასი ლარი. ჩვენ მოვითხოვეთ 88 ათასი ლარი და თან დავურთეთ საელჩოებიდან, უცხოელი პარტნიორებისგან და კომპანიებისგან მიღებული წერილები, რითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 115 ათასი ლარი გვქონდა უკვე არასახელმწიფო დაფინანსება. ეს უფრო ღირებულია: როცა სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან კი არ გაქვს დაფინანსება და ისევ საბიუჯეტო ორგანოდან კი არ ითხოვ ფულს, არამედ შეძელი და მოიპოვე სხვა წყაროებიდან დაფინანსება.

  • სხვა სახელმწიფო უწყებებმა რატომ თქვეს უარი BIAFF-ის დაფინანსებაზე? 

მაგალითად, საქართველოს კულტურის სამინისტროდან საერთოდ არ მიგვიღია განმარტება, ასევე კინოცენტრიდან. მათ უბრალოდ წელს არაფერი გამოყვეს…

აჭარის კულტურის სამინისტროში საბოლოოდ გვითხრეს, რომ შესაძლოა გარკვეული ეკონომიების ხარჯზე გამოგვიყონ დაფინანსება. ასევე მერიაში სოფო ხალვაშმა თქვა, რომ დაელაპარაკება მერს და შესაძლოა მოითხოვონ აქაც ეკონომიების ხარჯზე საფესტივალო ბიუჯეტის გაზრდა, ანუ საკრებულოზე რომ გავიდეს ეს საკითხი. ფესტივალის დაწყებამდე ზუსტად ორი კვირაა დარჩენილი და რა მოესწრება, არ ვიცი.

  • მე-17 წელია ტარდება ბათუმში კინოფესტივალი და ყოველთვის სექტემბერში, ანუ მოულოდნელობა არ იყო რომელიმე სამინისტროსთვის, მით უმეტეს მერიისთვის ეს კინოფესტივალი. რას აჩვენებს ეს დამოკიდებულება? 

გადაჭარბების გარეშე ვამბობ – ეს ერთადერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო, ბათუმური ფესტივალია, რომელსაც ბათუმური გუნდი ატარებს. ეს მნიშვნელოვანია, როცა ადგილზე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც ფესტივალს ამზადებს და ამას გარდა, გვიკეთებია კინოსკოლა, კინოტრენინგები და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი ბათუმის ცნობადობის გაზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მათ შორის, ბათუმის – როგორც კინოგადაღების ადგილის ცნობადობას. კითხვა იმაზე, თუ რა ხარისხის ფესტივალია BIAFF-ი, მგონი, არ არსებობს მათთვის, ვინც ამ სფეროში ჩახედულია.

მე ვერ ვიგებ, რა მიდგომაა ეს… გამოდის, რომ კომისია ვერ აფასებს სწორად, ან რაღაც სხვა მიზეზებია, არ ვიცი. მე ვერ მოვისმინე ლოგიკური პასუხები.

  • ხომ არ ხედავთ კავშირს კულტურის ბოლოდროინდელ პოლიტიკასთან? მაგალითად, როცა სამხატვრო ხელმძღვანელები  გამოცვალეს და ბათუმშიც დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად პირდაპირ „ოცნებასთან“ დაკავშირებული ნუკრი ქანთარია დანიშნეს გაორმაგებული ხელფასით? 

შეიძლება იყოს ეს კავშირი, ვერაფერს გამორიცხავ. ვიცი, რომ ბევრი სხვა ფესტივალიც თბილისში აუხსნელად არ დააფინანსეს. შესაძლოა, ვიღაცას ეს ფესტივალიც არ მოსწონდა, არ ვიცი.

ჩვენ ვისთანაც გვქონდა კომუნიკაცია და რა პასუხიც მივიღეთ, ეს არ იყო ლოგიკური არანაირად და ეწინააღმდეგება კონკურსის პრინციპებს.

  • უფრო მკაფიოდ რომ ახსნათ: რატომ სჭირდება ისევ საბიუჯეტო დაფინანსება კინოფესტივალს, რომელიც წარმატებულია? 

ზოგადად, ჩვენ თუ ავიღებთ საერთაშორისო ფესტივალების გამოცდილებას, გეტყვით, რომ მუსიკალურ ფესტივალებსაც კი, მაგალითად, როკფესტივალს, აქვს გარკვეული დაფინანსება სახელმწიფოსგან ევროპის ქვეყნებში, თუმცა ბევრად მცირე, ვიდრე ეს აქვს ისეთ ფესტივალებს, როგორიცაა კინო და თეატრი. ვიცით, რომ კინო და თეატრი სხვა ტიპის ხელოვნებაა და ის მთლად კომერციული ვერ იქნება.

კომერციულად ყველაზე წარმატებულ ფესტივალად ითვლება კანის კინოფესტივალი და ამ ფესტივალზეც კი 50% არის სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა. არგუმენტი არის შემდეგი: ეს ბევრ რამეს უწყობს ხელს, მათ შორის, კინოს და ხელოვნების პოპულარიზაციას.

ასეთ ფესტივალზე და ჩვენთანაც ხომ ბლოგბასტერებს არ ვაჩვენებთ. ვაჩვენებთ ფილმებს, რომლებსაც დიდ ეკრანზე, კომერციულ კინოში ვერ ნახავთ. ასეთ ფილმებს კომერციული კინო არ აჩვენებს არასდროს. გარდა ამისა, მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს მსახიობები და ცნობილი რეჟისორები, დაესწროს მათ მასტერკლასებს.

ჩვენ გვაქვს ინდუსტრიული პლატფორმაც, რაც ხელს უწყობს ქართული კინოპროექტების განვითარებას და 5 დღე ტარდება ტრენინგები, ვითარდება პროექტები, დაფინანსების სხვა პლატფორმაზე იგზავნება, ან პარტნიორ ფესტივალებთან.

გარდა ამისა, კულტურული ცხოვრება ხომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში? მსგავსი ფესტივალები მართლაც უწყობენ ხელს რეგიონების, ქალაქის პოპულარიზაციას. პრესაში იწერება არამხოლოდ კინოფესტივალის, არამედ ქალაქის შესახებ და ეს არის კარგი პიარი ქალაქისთვის.

  • წელს რა დაფინანსებით მოახერხებთ ფესტივალის ჩატარებას და როგორ აისახება ფინანსური სირთულე ფესტივალის შინაარსზე? 

ჩვენ გვაქვს მინიმალური ფინანსური რესურსი საელჩოებიდან და სხვა პარტნიორებისგან. ცნობილია, რომ ყველა ფილმი ექვემდებარება ლიცენზიას. რამდენიმე კომპანიამ, რომელსაც ავუხსენით სიტუაცია, უფასოდ მოგვცა ფილმი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერაა.

ორშაბათიდან ვაპირებთ, რომ დავაანონსოთ ფანდრაიზინგი, რაც ერთგვარი გამოცდილება იქნება: 16 წელია ფესტივალი არსებობს, მას ჰყავს კარგი აუდიტორია, რომელსაც ესმის ფესტივალის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდში აუდიტორია იაქტიურებს. გვექნება სლოგანი – „ერთად ჩავატაროთ BIAFF“. ეს დაიდება, როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ პლატფორმებზე, სადაც ავხსნით, რატომ და რისთვის გვჭირდება დაფინანსება.

გვექნება პაკეტებიც, ანუ თუკი პაკეტებს შეიძენს ადამიანი, მას ფესტივალზე დასწრებაც შეეძლება და თან მხარდაჭერაც გამოვა.

  • რით იქნება გამორჩეული BIAFF 2022, რა შეიძლება გამოყოთ? 

გახსნის ფილმი, მაგალითად, იქნება ელდარ შენგელიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების სეტი. თვითონ ბატონი ელდარიც დაესწრება ფილმის ჩვენებას.

გვექნება საკონკურსო სექცია, ანუ მხატვრული ფილმები, დოკუმენტური, დიდოსტატთა კოლექცია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – გვექნება ფოკუსი უკრაინაზე. აქ ვაჩვენებთ უკრაინის თემატიკაზე მხატვრულ ფილმებს და ასევე დოკუმენტურ ფილმებს, მათ შორის, „მარიუპოლი 2“-ს, რომელიც კანში იყო პრემირებული და რომლის რეჟისორიც ომში დაიღუპა.

ეს იქნება ძალიან საინტერესო სექცია, როგორც ზოგადად აუდიტორიისთვის, ისე აქ მცხოვრები უკრაინელებისთვის.

ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს და ის ისეთივე გამორჩეულია, როგორც წინა წლებში იყო. დაფინანსების პრობლემა შინაარსზე არ ასახულა, ეს შევძელით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: