მთავარი,სიახლეები

კიდევ 30 თვე ვალდებულების შესასრულებლად – შეღავათები ინვესტორებს

17.08.2022 • 1172
კიდევ 30 თვე ვალდებულების შესასრულებლად – შეღავათები ინვესტორებს

უკვე მერამდენე წელია ქობულეთში ჩამოსულ ტურისტს ზღვისპირას, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, დაუსრულებელი სამშენებლო პროცესი ხვდება. შპს „კრიტალ ბილდინგის“ პროექტი ჯერ ისევ ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაშია, ტერიტორია კი – თუნუქის სამშენებლო ღობით შემოღობილი. გაჩერებულია ე.წ. „მწვანე ქალაქის“ მშენებლობაც.

ერთ შემთხვევაში კომპანიამ ნებართვების მოპოვება და მშენებლობის გარკვეულ კონდიციამდე მიყვანა შეძლო, მეორე პროექტი კი ჯერ არც დაწყებულა. თავდაპირველი შეთანხმებით ამ დრომდე ორივე კომპანიას მინიმუმ 10 მილიონის ინვესტიცია უნდა ჰქონდეს განხორციელებული.

გაჩერებულია ორი მასშტაბური პროექტი, რომლებიც აჭარის მთავრობამ ქობულეთში პომპეზურად დააანონსა – კომპანიები ვალდებულებას ვერ ასრულებენ.

2018 წელს აჭარის მთავრობასთან დადებული გარიგების თანახმად, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. კომპანიამ დაირეგისტრირა ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 კვადრატული მეტრი. მოგვიანებით კი, ინვესტორმა მისი ნაკვეთის გასწვრივ პლაჟიც მოითხოვა და, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიიღო კიდეც.

აუქციონის პირობებით, გასხვისებულ ტერიტორიაზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოიცავდეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და დამხმარე [გასართობი] შენობებს. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 220 ნომერი, არანაკლებ 300 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპაცენტრი, ღია და დახურული აუზები.

დაგეგმილი კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. საერთო ჯამში კი კომპანიამ პროექტის ფარგლებში 200 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„კრისტალ  ბილდინგის“ ტერიტორია ერთ-ერთია იმ 21 ობიექტს შორის, რომელიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, მთავრობამ 2006 წელს გაასხვისა. 2016 წელს ქონების ნაწილი, მათ შორის, ეს ტერიტორიაც ქობულეთში, აჭარის მთავრობამ ახალი შეთანხმებით დაიბრუნა და შემდეგ გაასხვისა.

გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტრამდე მიწა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს.

ქობულეთში მდებარე სამ ნაკვეთზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „გრინ რეზორტთან“ ნასყიდობის ხელშეკრულებები 2019 წლის 21 მარტს გააფორმა. ნაკვეთების საერთო ფართობი 1 796 308 კვ.მ-ია. ამ დროისთვის კომპანიას მხოლოდ ერთი ვილის მშენებლობა აქვს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული.

არა მხოლოდ ამ კომპანიებს, აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებები ინვესტორებს კიდევ ერთხელ, ამჯერად 30 თვით გაუგრძელა – მიზეზად პანდემიით გამოწვეული პრობლემები დაასახელეს.

„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2022 წლის 28 ივლისს მოაწერა ხელი.

ცვლილების მიხედვით, ინვესტორებს, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პრივატიზებულ, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული [დასარიცხი] პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას, მთავრობა მისცემს დამატებით ვადას და გაათავისუფლებს პირგასამტეხლოსგან.

დადგენილებაში წერია ასევე, რომ ასეთ შემთხვევაში ინვესტორებს ექნებათ ვალდებულება, შეინარჩუნონ დასაქმებულთა ოდენობა.

დადგენილების მიხედვით, შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ მარტამდე ჰქონდათ  შეუსრულებელი ვალდებულება. თუმცა იმავე დადგენილების მიხედვით, მთავრობამ შეღავათები მათთვისაც დააწესა. დამატებითი ვადა მისცა  საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად და დაკისრებული პირგასამტეხლოსგანაც გაათავისუფლა.

შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ინვესტორები თავისუფლდებიან 2020 წლის 1-ელი მარტიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდის სარგებლობის/წილის მართვის უფლების საფასურის და ამავე პერიოდის სარგებლობის, წილის მართვის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

გადაბეჭდვის წესი