მთავარი,სიახლეები

რუსეთი საზარბაზნე ხორცად გვიყენებს – 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

18.07.2022 • 21065
რუსეთი საზარბაზნე ხორცად გვიყენებს – 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

500-მდე კონტრაქტორმა სამხედრომ ბურიატიიდან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა და უკრაინა დატოვა. ასეთი მონაცემები აქვს ფონდს, „თავისუფალი ბურიატია“, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ამბობს, რომ სწორედ ამდენ სამხედროს გაუწიეს იურიდიული დახმარება, როგორ გაეუქმებინათ ხელშეკრულებები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან.

„ჩვენ არ ვეცოდებით, ბურიატებს, ყალმუხებს, დაღესტნელებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ. ბურიატიაში ერთი ოჯახიც კი აღარ დარჩა, რომელსაც ეს ომი არ შეხებია. გვწერენ, რომ მე კლასელი დამეღუპა, მე – მეგობარი, მე – ძმა, მე – ქმარი და ასე შემდეგ. საშინელებაა. თითქოს მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში ვცხოვრობთ,“ – ეუბნება ვიქტორია მალადაევა, ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, Настоящее Время-ს.

ვიქტორია მალადაევა ჰყვება, რომ ბურიატები, როგორც უმცირესების წარმომადგენლები, რუსეთში მუდმივად დისკრიმინაციისა და რასიზმის მსხვერპლნი არიან.

„თავისთავად უკრაინის დენაციფიკაციის იდეა გაუგებარია ჩვენთვის. ჩვენ მუდმივად ვაწყდებოდით რასიზმსა და დისკრიმინაციას რუსეთში: „წვრილთვალება“, „წადი შენს ჩინეთში“ და მსგავსი რამეები. ამიტომაც დავიწყეთ ანტირუსული კამპანია  – „დენაციფიკაცია სჭირდება რუსეთს“. ამ გზავნილით გვინდოდა, ხმა მიგვეწვდინა ჩვენი თანამემამულეებისთვის, გვეთქვა, რომ არ უნდა წავიდნენ უკრაინაში. იქ არ არიან ნაცისტები. ამ კამპანიის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა. გვწერდნენ, ნათესავები და ოჯახის წევრებიც, დავხმარებოდით წამოსვლაში. არავის უნდა, იყოს ოკუპანტი. ბურიატებს საერთოდ არ ესმით, რა დაჰკარგვიათ უკრაინაში. ეს ომი ჩვენ არ გვჭირდება. ეს სრულიად ქსენოფობიური ომია,“ – ამბობს ვიქტორია მალადაევა.

ვიქტორია მალადაევა/ფოტო: ფონდის საიტიდან

ჯერ კიდევ მაისში, გამოცემა „პროექტის” მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ უკრაინის ომში მიჰყავთ ჯარისკაცები რუსეთის უღარიბესი რეგიონებიდან. მათი გასამრჯელო შეიძლება რეგიონში საშუალო ხელფასზე მაღალი იყოს, თუმცა თვეში 50 ათას რუბლს არ აღემატება. მათ შორის არიან ჯარისკაცები დაღესტნიდან და ბურიატიიდან.

ივნისში კი „მედიაზონამ” გამოაქვეყნა მოკვლევა, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა უკრაინაში დაღუპული 3 798 იმ რუსი ჯარისკაცის მონაცემების დადგენა შეძლეს. მათგან ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა დაღესტანში (207 ჯარისკაცი) და შემდეგ ბურიატიაში (164). სხვადასხვა წყაროს ცნობით, უკრაინაში 5 დან 10 ათასამდე ბურიატი იბრძვის.

„ჩემთვის, როგორც ბურიატისთვის, რთულია იმის გაცნობიერება, რომ კრემლი იყენებს ბურიატ ახალგაზრდებს თავისი დანაშაულებრივი მიზნებისთვის – ახალი ტერიტორიების დასაპყრობად და იმპერიის გასაფართოებლად. ომი – ეს ერთადერთი რამაა, რისი შეთავაზებაც მოსკოვს ბურიატიის სოფლებისთვის შეუძლია – საზარბაზნე ხორცად აქციოს ჩვენი ახალგაზრდები მორიგ დამპყრობლურ ომში,“ – ამბობს კიდევ ერთი ბურიატელი აქტივისტი რაჯანა დუგარ-დეპონტე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გამართულ აქციაში მონაწილეობდა.

„თავისუფალი ერების ლიგამ“, რომელიც „მოსკოვის მიერ დამონებულ ხალხებს“ აერთიანებს, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა. აქტივისტები ამერიკის პრეზიდენტს სთხოვენ, მათ ხალხებს თვითგამორკვევაში დაეხმაროს.

Idel. Реалии-ის ცნობით, ბაიდენისთვის ღია წერილის გაგზავნა აქტივისტებმა დაამთხვიეს დამონებული ხალხების ყოველწლიურ კვირეულს, რომელიც შეერთებულ შტატებში 1959 წლიდან იმართება. რაჯანა დუგარ-დეპონტემ, ბურიატიის, ირშატ ხაბიმ თათრეთის და ვიტალი რომაშკინმა, ფინო-უგრელი ხალხის სახელით, ვაშინგტონში აქცია გამართეს.

„ჩვენ ჩვენი ხალხების მომავალს ვეღარ ვხედავთ რუსეთის შემადგენლობაში და არ გვინდა პასუხს ვაგებდეთ კრემლის სამხედრო დანაშაულის გამო“ – დასძინა რომაშკინმა.

„დღეს ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა ან ლატვია 40 წლის წლის წინ. ჩვენ ვიბრძოლებთ დეკოლონიზაციისთვის“ – ამბობს ირშატ ხაბი.

აქცია ვაშინგტონში

„თავისუფალი ერების ლიგა“ – ეს არის ბაშკირების, ბურიატების, ინგერმანლანდიელების, კაზაკების, ყალმუხების, თათრებისა და ერზიელების ნაციონალური მოძრაობების კავშირი, რომელიც თავის მიზნად ღიად აცხადებს ახალი ეროვნული სახელმწიფოების შექმნას და რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლას.

1992 წელს დამოუკიდებლობას ითხოვდა შორეული აღმოსავლეთი. 1992 წელს რუსეთის შემადგენლობიდან გასვლა უნდოდათ სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის ოლქებსაც, რომლებიც ურალის რესპუბლიკის შექმნა სურდათ. 1993 წელს იმავე მოთხოვნით გამოდიოდა ციმბირი. სუვერენიტეტის აღიარებას სხვადასხვა დროს ითხოვდნენ კარელია, დაღესტანი, თათრეთი და ჩეჩნეთი – იჩქერიის რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთთან ორი ომი გადაიტანა და კრემლმა საბოლოოდ მაინც თავის კონტროლქვეშ მოაქცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: