რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

School club georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия – ასეა მითითებული  ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის №57ა-ში მდებარე სკოლის ორსართულიანი შენობის ბანერზე. თუმცა როცა შენობაში შედიხარ, სკოლის მასწავლებლები და ასევე დირექტორი ნატალია გეორგიევა კერძო საუბარში ადასტურებენ, რომ ეს არის არა სასკოლო კლუბი ან განმავითარებელი ცენტრი, არამედ  კერძო რუსული სკოლა, რომელიც ჯერჯერობით პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს რუსულენოვან მოსწავლეებს. თუმცა ოფიციალური კომენტარის დროს გეორგიევა უარყოფს, რომ ეს დაწესებულება სკოლაა.

პირველი შეხვედრისას აქ აგვიხსნეს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ასევე გვითხრეს, რომ თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი.

ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.

დირექტორიც და მასწავლებლებიც არაოფიციალური, პირადი საუბრისას ადასტურებენ, რომ სკოლაში ნებისმიერ რუსულენოვან მოსწავლეს შეუძლია ჩარიცხვა. მათივე თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას ეფუძნება.

სკოლის ფეისბუქგვერდზე განმარტებულია, რომ მოსკოვის სკოლასთან კავშირი გულისხმობს ყოველწლიური ატესტაციისა და შემდეგ სასკოლო გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობას.

სკოლის ფეისბუქგვერდზე მომხმარებელი სვამს კითხვას ისტორიის სწავლების სპეციფიკაზე:

„თქვენი პროგრამა რუსული პროგრამის მსგავსია? მათ შორის ისტორიაც?“

ამ კითხვას სკოლა ასე პასუხობს:

„ისტორიულ მოვლენებს თუ გულისხმობთ და საკამათო საკითხზე მიანიშნებთ, მაშინ გეტყვით, რომ სკოლას მართავენ ადამიანები, რომლებიც არაერთი წელია საქართველოში ცხოვრობენ და საქმიანობენ. ყველა რთული თემა კი შესაბამის ადგილობრივ დაწესებულებებთან განიხილება“.

„ბავშვები ზუსტად იმ სასკოლო პროგრამას გადიან, რასაც რუსეთის სკოლებში სწავლობენ“, – ეუბნება „ბათუმელებს“ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.

კითხვაზე, რა ფორმითაა ეს რუსული საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში რეგისტრირებული, სკოლის დირექტორმა ნატალია გეორგიევამ არ გვიპასუხა. არ გვიპასუხა ასევე კითხვაზე,  რომელი ქვეყნის მოქალაქეა თავად. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევა“ 2019 წელს დაურეგისტრირებია. სკოლის დირექტორი ბათუმში, ფალიაშვილის №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში 263.18 კვ/მ ფართობის მესაკუთრეა.

რუსული კერძო სკოლა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, №57ა

სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ თავადაც და სკოლის მასწავლებლებიც პატივს სცემენ საქართველოს კანონმდებლობას, ქვეყნის ისტორიას და ლეგიტიმურად საქმიანობენ საქართველოში.

„ჩვენ ხშირად დაგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე, ვაჩვენებთ სხვადასხვა ადგილს საქართველოში და ვუყვებით ამ ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე. ვთავაზობთ ქართული ენის გაკვეთილებსაც სკოლაში მოსწავლეებს“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ნატალია გეორგიევას ვკითხეთ, როგორ აუხსნიდა ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლეებს აფხაზეთის საკითხს, თუ ეტყოდა მოსწავლეებს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი რუსული ჯარების მიერაა ოკუპირებული.

მას ვთხოვთ დაკონკრეტება ასევე თავად მიიჩნევს თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ.

დირექტორმა გვიპასუხა, რომ მის სკოლას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს, კერძოდ, ამ სამსახურის კულტურის განყოფილება. სკოლას შეთანხმებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თუ როგორ უნდა აუხსნან ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს ომების საკითხები სკოლის მოსწავლეებს.

„ჩვენი კურატორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) კულტურის განყოფილება და ერთად განვიხილავთ რა თემები უნდა წამოვჭრათ ბავშვებთან. ამ თემებზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეზოლუციების მიხედვით, რასაც ადგილობრივი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კულტურის განყოფილება გვაძლევს. ჩვენ მათთან გვაქვს ურთიერთობები, საუბრები და, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმ დამოკიდებულებებს, რა დამოკიდებულებებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.

მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებებს, რა მოსაზრებებიც აქაურ მოქალაქეებს და ხელისუფლებას აქვს, ამიტომაც ვცხოვრობ საქართველოში და მაქვს აქ ბიზნესი“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ნატალია გეორგიევას ვთხოვეთ დავეკავშირებინეთ პირთან ან განყოფილებასთან, ქართულ მხარესთან, ვისთანაც ოფიციალური კავშირი აქვთ საქართველოში და ვინც მათ საქმიანობას კურირებს.

ნატალია გეორგიევა ამ კითხვამ გააღიზიანა და გვითხრა, რომ პროვოკაციულ კითხვებს ვსვამთ.

„მე კონტაქტები მაქვს. პროვოკაციას ცდილობთ და მე გადავცემ თქვენი ასეთი დაინტერესების შესახებ ინფორმაციას, თქვენ აუცილებლად დაგიკავშირდებიან. შევინახე ყველა თქვენი აუდიოჩანაწერით გამოგზავნილი კითხვა“, – გვითხრა რუსული სკოლის დირექტორმა.

საუბრისას, როცა სკოლის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის საკითხზე ვკითხეთ, ნატალია გეორგიევამ უარყო პირველი შეხვედრისას მოწოდებული ინფორმაცია, რომ ეს „სკოლაა“. ამჯერად მან გვითხრა, რომ ეს არ არის სკოლა და მხოლოდ რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სკოლის ბანერი იტყობინება, რომ ეს „სასკოლო კლუბია“ „განმავითარებელი გაკვეთილებით“.

სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერია, რომ  მოსწავლეებს სთავაზობენ:

  • რუსულ ენაზე სწავლებას
  • მოსკოვის სკოლასთან კავშირს
  • გახანგრძლივებულ ჯგუფებს
  • სადილს სკოლაში
  • მრავალფეროვან აქტივობებს
  • საზაფხულო ბანაკებს
  • სკოლამდელი ასაკის ჯგუფებს
  • სასკოლო ავტობუსით მომსახურებას

სკოლის ოფიციალური პარტნიორია რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია ЦПСО, ანუ საოჯახო განათლების მხარდამჭერი ცენტრი/центр поддержки семейнного оброзования.

პარტნიორობის დამადასტურებელი მოწმობა სკოლის შესასვლელშიცაა გაკრული.

ინტერნეტწყაროების თანახმად, ცენტრი ЦПСО (центр поддержки семейнного оброзования) რუსული საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია. ცენტრს აქვს ინტერნეტპლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად ჩააბარონ სასკოლო გამოცდები მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებში. ამ ფორმით ჩაბარებული საგამოცდო შედეგები აღიარებულია რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ. საბოლოოდ მიღებული სასკოლო ატესტატიც რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული ოფიციალური დოკუმენტია.

რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედებს ფედერალური კანონი № 273-ФЗ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში განათლების 5 ფორმაა ნებადართული და აღიარებული:  დასწრებული, დაუსწრებელი, სწავლების შერეული ფორმა (ნაწილობრივ დასწრებით). ლეგიტიმური და აღიარებულია განათლების სამინისტროს მიერ ასევე საოჯახო განათლება და თვითგანათლება.

იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაუსწრებელ, საოჯახო ან თვითგანათლებას ირჩევენ სწავლების ფორმად და ცხოვრობენ რუსეთს მიღმა, შეუძლიათ დისტანციურად ჩააბარონ ყოველწლიური გამოცდები.

  • რა სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით აბარებენ ყოველწლიურ ტესტირებას ЦПСО- მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ბათუმსა და თბილისში მდებარე ზემოხსენებული რუსული სკოლების მოსწავლეები?

ЦПСО-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტებულია, რომ ტესტებს ადგენს განათლების ხარისხის ცენტრი მოსკოვში (МЦКО). საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ აირჩიონ სახელმძღვანელოები, რომლებიც რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს განათლების სტანდარტს (ФГОС) შეესაბამება. საგამოცდო ტესტებიც ამ სახელმძღვანელოების მიხედვით იქმნება.

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას საქართველოში არეგულირებს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ 341 მუხლით.

ამ მუხლის თანახმად „საქართველოში დასაშვებია მხოლოდ  საზღვარგარეთ აღიარებული იმ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კი გვითხრეს, რომ მათ არც ერთ რუსულ საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან არ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება.

„ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს ჰკითხა, ხომ არ მიმართა სკოლამ სახელწოდებით – School club georgia ავტორიზაციისთვის. უწყებაში განმარტეს, რომ ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევას“ სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნით არ მიუმართავს.

„ბათუმელებმა“ სუს-ის პრესცენტრთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურიდან და გვითხრეს, რომ „სუს-ში, ნატალია გეორგიავიას მიერ ნახსენები კულტურის განყოფილება, რომელიც სკოლის დირექტორის თქმით, მის დაწესებულებას კურირებს, არ არსებობს.“


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

საშინელი სიმართლე ხერსონზე – რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ოკუპაციიდან გამოაღწია

კონსტანტინ რიჟენკომ, ჟურნალისტმა, რომელმაც ოკუპირებულ ქალაქში ნახევარი წელი მიმალვაში გაატარა, ხერსონი დატოვა და ახლა კიევშია.

კონსტანტინი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ოკუპირებულ ხერს ონში ემალებოდა, მასზე ნადირობდნენ, ახლობლებსა და ნაცნობებს აკითხავდნენ, ეძებდნენ და იჭერდნენ მათაც კი, ვინც ჟურნალისტს მასალებს აწვდიდა, მისი ფოტოსურათი კი ყველა რუსულ საგუშაგოზე ჰქონდათ.

უკვე უსაფრთხოდ მყოფი კონსტანტინ რიჟენკო Новое Время-ს უყვება დეტალებს, რომელთა გამხელაც მანამდე არ შეეძლო – როგორ „ჩაბარდა“ ხერსონი რუსებს, როგორ მუშაობდა ადგილობრივი წინააღმდეგობა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, როგორ დაიწყო თანამშრომლობა სამხედრო დაზვერვასთან და როგორ გამოაღწია ოკუპირებული ქალაქიდან.

„ცხადი იყო, რომ მიგვატოვეს“

ხერსონი, სამხრეთ უკრაინის უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრი, რუსებმა ომის პირველივე დღეებში დაიკავეს.

„აფეთქების ხმამ გაგვაღვიძა,“ – იხსენებს კონსტანტინი. – „თავიდან ქალაქის ადმინისტრაციაში მივედი, მერე ანტონოვსკის ხიდზე, რომ გამეგო რა ხდებოდა. პირველი საათისთვის ოფიციალური პირებიდან უკვე აღარავინ იყო ადგილზე ხელისუფლების არცერთ ორგანოში. პოლიცია სადღაც ქალაქს იქით იყო, ვერც სამხედროები დავინახე.

ყველა სტრუქტურა ჩამოვიარე: არავინ არაფერს აკეთებდა, არავინ არანაირ ბრძანებას არ გასცემდა. მთელი დღე ქალაქში ვიარე და ბოდიში და გამო….დი. ქალაქის საბჭოში შევედი, მერი წუწუნებდა, რომ დილით ყავის დალევა ვერ მოასწრო და მუშაობა უჭირდა. მივხვდი, არაფრის მოლოდინი არ უნდა მქონოდა.

ხერსონში ტერიტორიული დაცვა არ იყო, არც სამხედროები იყვნენ, აღარც პოლიცია. ადგილობრივი ხელისუფლება დუმდა, ცენტრალური – კიევზე ღელავდა“.

ჟურნალისტი ჰყვება, რომ მეორე დღეს ქალაქის საბჭოში აქტივისტებმა დაიწყეს შეკრება, რამდენიმე დეპუტატიც გამოჩნდა, თუმცა ქალაქის მერი ყველაფერს შორიდან ადევნებდა თვალს.

შემდეგ მოქალაქეებმა თვითონ დაიწყეს ტერიტორიული დაცვის ძალების ორგანიზება, დაცვისთვის მზადება, მოლოტოვის კოქტეილების კეთება.

„მაგრამ ეს სტიქიური თავდაცვა იყო. ცხადი იყო, რომ მიგვატოვეს. არ ვიცი, რატომ გამოვიდა ასე. დანამდვილებით ვიცი, რომ სამხედროები ქალაქის გარშემო იბრძოდნენ, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთლიანად მიატოვა მოქალაქეები. დეპუტატები, ჩინოვნიკები აორთქლდნენ და დარჩნენ ისინი, ვისაც ან ქონება ჰქონდა ან სინამდვილეში კოლაბორაციონისტი იყო,“ – ამბობს კონსტანტინ რიჟენკო.

„არავინ არაფერს ამბობდა. ადგილობრივი ხელისუფლების სიჩუმე – ყველაზე დიდი დანაშაული იყო. თვითორგანიზებულმა ტერიტორიულმა დაცვამ არ იცოდა, რომ ქალაქში არ იყვნენ სამხედროები, არ იცოდა, რომ მათ უთხრეს, ქალაქი დაეტოვებინათ.“

28 თებერვალს ხერსონში რუსეთის არმია შევიდა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ ტერიტორიული დაცვის წევრები, რომლებსაც საკმარისი იარაღიც კი არ ჰქონდათ, პირველ მარტს, რუსმა სამხედროებმა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით დახვრიტეს. „ადამიანი კი, რომელმაც ტერიტორიული დაცვა საკუთარ თავზე აიღო, ბოლოს კოლაბორაციონისტი აღმოჩნდა.“

ხერსონში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტი მაისამდე გაგრძელდა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ თავიდან რუსები ცდილობდნენ, მოქალაქეებთან კონფლიქტში არ შესულიყვნენ, თუმცა უკვე აპრილში აქცია დაშალეს.

„სად არის დეოკუპაცია?“

ოკუპირებულ ქალაქში რეპრესიები დაიწყო. ამ ექვსი თვის განმავლობაში, არაერთი ინფორმაცია გაჩნდა ხერსონიდან, როგორ იჭერდნენ და იტაცებდნენ ადამიანებს რუსი სამხედროები, შემდეგ კი მათ დასახიჩრებულ სხეულებს მდინარეებსა და მინდვრებში პოულობდნენ.

რეპრესიებზე „ბათუმელებისთვის“ ივლისში მიცემულ ინტერვიუში კონსტანტინ რიჟენკომაც ისაუბრა.

კითხვაზე, რა ხდება ახლა ქალაქში და როგორი განწყობებია, ჟურნალისტი ასე პასუხობს:

„ადამიანები დაიღალნენ და ფიქრობენ, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. არ უნდა მიეცათ იმედი ხალხისთვის, დაე, ეტირათ და ეფიქრათ, რომ დიდხანს იქნებოდა ასე. ადამიანები ამ ემოციური ტალღების გამო დაიღალნენ და სასოწარკვეთაში ჩავარდნენ. რუსული პროპაგანდა კი თავისას უმატებდა ამას შეკითხვით: „აბა სად არის თქვენი დეოკუპაცია?“

მე ვეკონტაქტები სამხედროებს და ვიცი, რომ თავიდან არ იყო იარაღი, დედაქალაქი იყო საფრთხეში და კიდევ უამრავი რამ. თანდათანობით ეს პრობლემები გვარდებოდა. ვიცი, რომ ახლა შორ დისტანციაზე დარტყმები მიდის, რომ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, ყირიმში, გადაგვაქვს ბრძოლა, მაგრამ ადამიანებს ამ ყველაფერს ვერ აუხსნი, მათ უკვე დღეს უნდათ მკვდარი რუსი სამხედროების სხეულებზე აღმართონ უკრაინის დროშა“.

წინააღმდეგობა

კონსტანტინი იხსენებს, როგორ შექმნეს მოხალისეთა ცენტრი და ეხმარებოდნენ მოქალაქეებს, თუმცა ჰყვება იმასაც, რაც მანამდე არცერთ ინტერვიუში არ მოუყოლია –  როგორ მუშაობდა ხერსონის „იატაკქვეშეთში“, როგორ შექმნეს რუსული საგუშაგოებისა და პუნქტების რუკა და როგორ თანამშრომლობდა სამხედრო დაზვერვასთან.

„ჩემთან კონტაქტზე ადგილობრივი უშიშროების ხალხი გამოვიდა, თუმცა უკვე ვიცოდით, რომ მათ შორის მოღალატეც იყო, ამიტომ თანამშრომლობაზე უარი ვუთხარით. მერე სამხედრო დაზვერვა დამიკავშირდა. ეჭვი შემეპარა, ნამდვილად ისინი იყვნენ თუ არა. მითხრეს, რა გაეკეთებინათ, რომ დავრწმუნებულიყავი. ვუპასუხე – „დამიკავშირდეს ან კიმი (ვიტალი კიმი – ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი) ან სენკევიჩი (ალექსანდრ სენკევიჩი – ნიკლაევის მერი) და მითხრას, რომ ამა და ამ პაროლითა და სახელით დაგიკავშირდებიან ეს ადამიანები და შემდეგ ვნახოთ“.

ორ დღეში სენკევიჩმა დამირეკა. ასე დაიწყო თანამშრომლობა სამხედრო დაზვერვასთან.

მე მათ გავუგზავნე რუკა, სად რა იყო, მერე კიდევ ერთი რუკა გავაკეთეთ, უშუალოდ სამხედროებისთვის – სად იყვნენ სამხედროები, სად იყო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და სხვ. ხერსონის სადაზვერვო რუკა, რომელზეც ყველაფერი იყო ასახული“.

კონსტანტინი იხსენებს, რომ მაისში რუსებმა რეიდები გაახშირეს, ამიტომ მას და მის „იატაკქვეშა“ მეგობრებს კიდევ უფრო საიდუმლოდ უწევდათ მუშაობა და დახურული არხებითა და დაშიფრული შეტყობინებებით ურთიერთობა.

„ხერსონში გამოჩნდა ხალხი, ვინც გვეუბნებოდა, რომ ჩვენ კომპიუტერების არაფერი ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვინმე ავაფეთქოთ, მოგვეცით მიზანი. ვუთხარი ეს დაზვერვას, მათაც გადაწყვიტეს მოესინჯათ. მისცეს ერთი დავალება, იმათ შეასრულეს. მისცეს მეორე – შეასრულეს.

მერე იყო ასეთი მომენტი: ამ კოლაბორაციონისტს ხომ არ დავცხოთ? ჯერ მონაცემები მოვაგროვეთ, დავაკვირდით მის გადაადგილებას. რა მანქანით, რომელ გზაზე დადიოდა, სად აჩერებდა, რა დროს გამოდიოდა უკან და „აფეთქებაც“ შედგა. ყოველთვის წარმატებით არ გამოდიოდა ეს, მაგრამ გამოდიოდა,“ – ამბობს კონსტანტინი და დასძენს, რომ ნებისმიერი აფეთქების ან მკვლელობის შემდეგ ქალაქში რეიდებისა და რეპრესიების ახალი ტალღა იწყებოდა.

„როგორ გამოვედი ხერსონიდან“

„თუმცა ქალაქში უფრო და უფრო ცოტავდებოდა ხალხი და მეც უკვე ქუჩაში მცნობდნენ. უკვე სპეცსამსახურებმა და იატაკქვეშეთმაც მითხრა: „კოსტია, შენი წასვლის დროა“.

ვიცოდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც როგორმე უნდა გამეღწია ქალაქიდან, ამიტომ ნაცნობებს დოკუმენტების გაკეთება ვთხოვე. არ მოვყვები, რა და როგორ გააკეთეს, მაგრამ დოკუმენტები გამიკეთეს. მქონდა ტელეფონები, რომელთა დახმარებითაც შევძელით ციფრული პიროვნების შექმნა: ანგარიშები სოცქსელებში, ძებნის ისტორია და სხვა.

ყოველ საღამოს ამ ტელეფონებით გუგლში ვეძებდი ისეთ რამეებს, რაც ჩემს ციფრულ ორეულს უნდა მოეძებნა. თუ ვინმე შეამოწმებდა, ნახავდა, რომ აი, ბუღალტერი მუშაობს. ვეძებდი შესაბამის თემებს, ვკითხულობდი ახალ ამბებს ბუღალტერიაზე, გამოვიწერე ისეთი არხები, როგორებსაც ტიპური ბუღალტერი გამოიწერდა. შემეძლო მეპასუხა უკვე ხშირად დასმულ კითხვებზე, რომ თუ რამეს მკითხავდნენ, არ „დავმწვარიყავი“. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ უმაღლესი განათლების მქონე ხალხი არ ჰყავს რუსეთს არმიაში, ამიტომ ჩემი ცოდნა საკმარისი იქნებოდა“.

გათავისუფლების შემდეგ

კონსტანტინი ფიქრობს, რომ მაშინაც კი თუ რუსეთი ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას მოახერხებს, ქალაქის შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან „იქ ფრონტის ხაზიცაა და ძლიერი შიდა წინააღმდეგობაც.“

„ფეესბე სავარაუდოდ ხვდება, რომ რუსეთი არ წავა ხერსონში რეფერენდუმზე და რომ რუსეთს როდისმე იქიდან წასვლა მოუწევს, ამიტომ გადაწყვიტეს, რითაც კი შეიძლება ფულის შოვნა, იშოვონ: მეტალი, ტექნიკა, აღჭურვილობა, სპირტი, ნარკოტიკები – მათთვის ეს ოქროს ხანაა გასამდიდრებლად.

თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლაა, რაღაც მომენტში ჩვენ გავათავისუფლებთ ხერსონს, მაგრამ შეგვრჩება სრულიად გაძარცული ქალაქი. დანგრეული კი არ იქნება, არამედ ეს იქნება გაძარცული ქალაქი გაღატაკებული და ფსიქოლოგიურად განადგურებული მოსახლეობით.

და როდესაც გახსნიან მასობრივ სამარხებს, როდესაც დანგრეულსა და დამწვარს გაწმენდენ, იქ, სადაც სარდაფებში ნაწამებ ადამიანებს წვავდნენ და როდესაც ამ ყველაფერს აღმოაჩენენ და გამოარკვევენ, ბუჩა შეიძლება ნაკლებ საშინელებად მოგვეჩვენოს“.

მთავარ ფოტოზე: კონსტანტინ რიჟენკო/ფოტო:nv.ua

წითელი ჯვარი აღიარებს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციისას მხოლოდ 1 800 სამხედროს პირადი მონაცემების დოკუმენტირება შეძლო – სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, ეს ინფორმაცია კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა რობერტ მარდინიმ დაადასტურა.

მარდინიმ დასძინა, რომ სამხედრო ტყვეების საერთო რაოდენობის შესახებ ორგანიზაციას მონაცემები არ აქვს.

„ევაკუაციის დროს ჩვენ დაახლოებით 1800 ადამიანის რეგისტრაცია მოვახერხეთ, იმ გათვლით, რომ მათი მონახულება შეგვეძლებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ამის გაკეთება არ შეგვიძლია,“ – ამბობს მარდინი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ორგანიზაციას არ შეუძლია უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოების გარანტირება მას შემდეგ, რაც ისინი რუსების ხელში მოხვდნენ, რადგან „ასეთი გარანტიის გაცემა უბრალოდ მათ შესაძლებლობებს სცდება.“

მარდინის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ორივე მხრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული სამხედრო ტყვის მონახულება მოახერხეს, თუმცა კომიტეტის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, რა პირობებში იმყოფებოდნენ ტყვეები.

„მაგრამ ვიცით, რომ არის კიდევ ათასობით სხვა ტყვე, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ განვაგრძობთ ნებართვის მოთხოვნას ჩვენი ჰუმანიტარული ვალდებულებებიდან და ჟენევის კონვენციის მანდატიდან გამომდინარე,“ – ამბობს მარდინი.

19 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომ ისინი დუმან, ვიდრე რუსეთი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს აშიმშილებს, აწამებს და კლავს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის შემდეგ განაცხადა, რომ რუსების ტყვეობაში 2500-ზე მეტი უკრაინელი სამხედროა.

თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ კილომეტრების გავლა ასე მოგიწევთ – შშმ ქალი

„ერთი წუთით დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სოფლად, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ტრანსპორტთან მისასვლელად კილომეტრობით გზის გავლა გიწევთ. ასე ხდება ყოველდღიურად, – წვიმიან ამინდში, ზამთარში – მუხლამდე თოვლში, ქარიან ამინდში…

როგორ შეძლებთ, რომ ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიიღოთ განათლება ან დასაქმდეთ და შემდეგ, სამსახურში იაროთ ყოველდღიურად ასეთ პირობებში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამილა საგინაძე, მცირედმხედველი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ჭარნალში ცხოვრობს.

28 წლის თამილა საგინაძეს მხედველობის შეზღუდვა აქვს. „ჩემი დიაგნოზი ორმაგი რქოვანის შემღვრევაა – უიშვიათესი დაავადებაა. მოვახერხე და სკოლამდელი განათლება თბილისის 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლაში მივიღე.

სკოლის დასრულების შემდეგ სამი პროფესიული სასწავლებელი დავამთავრე, ინფორმაციული ტექნოლოგიის განხრით მივიღე განათლება და შევისწავლე საოფისე პროგრამები საქმის წარმოების მიმართულებით. ამის მიუხედავად, მოწყვეტილი ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ვერც ჩემი ცოდნით ვრეალიზდები, რადგან არაადაპტირებულ გარემოში მიხდება ცხოვრება“, – გვეუბნება თამილა.

თამილას თქმით, მან ხელვაჩაურის მერიას ოთხი თვის წინ, წერილობითაც მიმართა და სთხოვა, მოეგვარებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მის სოფელში, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე მივიდე, სოფელ თხილნარში უნდა გადავიდე ფეხით, რომელიც სულ ცოტა ერთი კილომეტრითაა დაშორებული სახლიდან. ჭარნალის ცენტრში თუ ჩავალ, მაშინ 3 კილომეტრის გავლა მომიწევს. ჩემთვის ეს ძალიან რთულია, რადგან მხედველობის შეზღუდვა მაქვს.

სოფლის გზები ადაპტირებული არ არის, წვიმაში გუბეები დგას, მოუწესრიგებელია, ამიტომ ისედაც ძალიან რთულია გადაადგილება. მცირედმხედველისთვის კი, წარმოიდგინეთ როგორი რთული იქნება ამ მანძილზე მოუწესრიგებელი გზის გავლა.

ცოტა ემოციურად გამომდის, მაგრამ ზოგჯერ გათენება აღარ მინდა. დავიღალე ყოველდღე იმაზე ფიქრით, რომ ასეთ გარემოში მიწევს ცხოვრება – სოფელში გამოკეტილი. ხელვაჩაურის მერიას ერთოთახიანი ბინის გადმოცემაც ვთხოვე, რომ ასე უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის სასწავლებელში გადაადგილება, სამუშაოს შოვნა და სამსახურში სიარულიც, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს“, – ამბობს თამილა.

მისი თქმით, ზოგჯერ, ძალიან ცუდ ამინდში, ნაცნობი მძღოლები კეთილ ნებას იჩენენ და სახლამდე ტრანსპორტიც მიჰყავთ. „მაგრამ ყოველთვის ასე ვერ იქნება, მათ ვერ დავავალდებულებ, რომ სახლამდე მიმიყვანონ“, – გვეუბნება თამილა საგინაძე.

თამილა სექტემბრიდან ხალხური ხელოვნების სკოლაში სწავლას იწყებს, ამიტომ მას ყოველდღე მოუწევს სასწავლებელში მისვლა და იმ რთული გზის გავლა, რაზეც გვესაუბრება.

„ბათუმელებს“ თამილას მამა, შალვა საგინაძეც ესაუბრა. მისი თქმით, მათ არაერთხელ მოითხოვეს ავტობუსი, მაგრამ ეს საკითხი დღემდე არ მოგვარდა.

„ნახევარო სოფელი უავტობუსოდ დადის, ხალხს სამი კილომეტრის გავლა უწევს, რომ ტრანსპორტამდე მივიდეს. ჩემ შვილსაც ძალიან უჭირს გადაადგილება ამ გზებზე. ბათუმში „ვოქსიდან“ თბილისის მოედნამდე რომ ჩახვიდე, როგორი გასავლელია? ჩვენ რომ გვიადვილებენ, თვითონ გაივლიან ამ მანძილს? ტვირთი აქვთ ადამიანებს, სოფელია, უამრავი საჭიროებაა, სადღაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ამ უბანში და რატომ არ უნდა მოდიოდეს ტრანსპორტი“, – ამბობს შალვა საგინაძე.

მისი თქმით, რადგან სოფელში ცუდი გზებია, არც ავტობუსს და არც მიკროავტობუსს ამ გზებზე სიარული არ უღირთ. „თამილასთვის ძალიან რთულია ამ გზებზე გადაადგილება. სასწავლებელში როცა დადიოდა, დილით წასული, მეცადინეობის დასრულების შემდეგ მთელი დღე დედამისს ელოდა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ტრანსპორტი რომ იყოს, გამოჰყვებოდა სასწავლებლიდან და ლოდინი აღარ დასჭირდებოდა ქალაქში“, – გვეუბნება ის.

თამილა სახელმწიფოს კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს, რომ მას აქვს უფლება მიიღოს განათლება და ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილებაზე წვდომა. ასევე თვითმმართველობას – რომ ვალდებულია უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემო ყველა მოქალაქისთვის და მათ შორის შშმ პირებისთვის. თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან თამილა ჯერჯერობით დუმილს იღებს.

„ბათუმელები“ ესაუბრა აჭარის განათლების სამინისტროს და ჰკითხა, ხომ არ აქვს რაიმე პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა ტრანსპორტირებას სასწავლებელში, რაზეც გვითხრეს რომ – არა.

„ჩვენ რაც შეგვეძლო ვიზრუნეთ, რომ ეს პროგრამები დაგვეარსებინა. ერთი ადამიანის ტრანსპორტირებას ვერ მოვახერხებთ, გამორიცხულია. მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს ამაზე“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

„შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი, რომელიც შშმ ქალთა უფლებებზე მუშაობს, ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ორი გამოსავალი არსებობს, ან მუნიციპალიტეტმა უნდა შესთავაზოს სოციალური ტაქსის სერვისი შშმ პირს, ან უქირაოს (ან გადასცეს) ბინა ისეთ ადგილზე, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის გარემოს.

„ბათუმის და ქობულეთის გარდა არსად არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი და იგივე პრობლემებია მუნიციპალიტეტებშიც. გამოსავალი არის სოციალური ტაქსი. შესაძლოა უფასოდ არა, მაგრამ შეღავათიან ფასად მოემსახუროს. ეს ბევრ ადამიანს მოუხსნიდა პრობლემას. ეს მოდელი არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც შეგვიძლია დავნერგოთ“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, სერვისის დანერგვა შესაძლებელია, თუ ის რამდენიმე ადამიანს მაინც სჭირდება. „გაეროს შშმ პირთა კონვენციით განსაზღვრულია, რომ ადამიანმა სერვისი უნდა მიიღოს დასახლებულ პუნქტში. მის სოციალურ სერვისებში ჩართვაზე წვდომა უნდა ჰქონდეს. იყო ამის მაგალითად – გაეროს შშმ პირთა კომიტეტში ადამიანმა უჩივლა ავსტრიაში ერთ-ერთ ქალაქის ადმინისტრაციას მხოლოდ იმის გამო, რომ ათი გაჩერებიდან რვამდე მიდიოდა ადაპტირებული ავტობუსი და ორ გაჩერებაზე არ მიდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი პრობლემა არ ექმნებოდა ამის გამო, კომიტეტმა მაინც დაავალდებულა პროვაიდერი კომპანია, ის ორი გაჩერებაც ადაპტირებული ყოფილიყო. ამ ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს ტრანსპორტი“, – ამბობს დეა.

მისი თქმით, იქმნება იმის პრეცედენტიც, რომ შშმ პირს მუნიციპალიტეტმა გადასცეს ალტერნატიული საცხოვრებელი და ამით გააუმჯობესოს მისი ცხოვრება. „ეტლით მოსარგებლე გოგოზე ვითხოვთ საცხოვრისით დააკმაყოფილონ, ის ძალიან მაღალ სოფელში ცხოვრობს, სადაც ფიზიკურად არ არის გზა. დადებითი პასუხი გვაქვს და დღე-დღეზე ველოდებით, რომ ბინას მისცემენ. თამილას შემთხვევაშიც შესაძლებელია რაიმე ალტერნატივის შეთავაზება“, – ამბობს დეა.

ასისტენტის პროგრამაც დაეხმარება გადაადგილებაში, თუმცა ეს პროგრამა 2025 წლიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მერიას, როგორც აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, წელს განიხილავენ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებს, სამომავლოდ რომ შეიძინონ მუნიციპალური ტრანსპორტი იმ სოფლებისთვის, სადაც მოთხოვნა არსებობს.

„ჯერ მხოლოდ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, დავდებთ კონკრეტულ მიმართულებებს და ამის შემდეგ გადავჭრით ტრანსპორტის პრობლემას.

რაც შეეხება ჭარნალს, წელს ჭარნალში ექვსი გზა გავაკეთეთ, თუმცა გარკვეული უბნები რჩება. ეტაპობრივად საგინაძის უბანიც გაკეთდება“, – ამბობს მერის მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე.

_______________________

ამ თემაზე:

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ახალი სასპორტო სკოლის მოსაწყობად კონკურსი გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში, სასპორტო სკოლის მშენებლობა, „საფეხბურთო კლუბი მაჭახელა“-ს სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ კონკურსი ხელვაჩაურში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით: ს/კ 22.29.01.108, 22.29.01.010 და 22.29.01.239 გამოაცხადა.

პროექტის თანახმად შენობაში უნდა განთავსდეს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედნები, არანაკლებ 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნებით. მათ შორის: – VIP-ლოჟა 5 ადამიანზე, შშმ-პირთათვის ადაპტირებული ტრიბუნა, მედია ტრიბუნა.

45 მეტრი სიგრძისა და 28 მეტრი სიგანის მინი მოედანი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა დაპროექტდეს. რეკომენდებული შიდა სივრცის სიმაღლე 10 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ხის იატაკი FIBA-ს სტანდარტის შესაბამისად მოეწყოს.

ობიექტს ექნება მაყურებლებისგან იზოლირებული გასახდელები, როგორც სპორტსმენებისათვის, ისე მსაჯებისთვის. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მინი მოედნის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური სათავსოები. მოეწყოს სპორტული განათების სისტემა. კომპლექსში ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული დარბაზები ჭიდაობისათვის, ძალოსნობისა და ძიუდოსთვის.

პროექტის თანახმად ნაგებობაში უნდა განთავსდეს არანაკლებ 50 კვ.მ. სატრენაჟორო დარბაზი, სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სამყოფები, საევაკუაციო გასასვლელები, სანკვანძები, სპორტსმენებისათვის, ტექნიკური სათავსოები, საწყობები ინვენტარისათვის და სხვა.

სპორტულ კომპლექსში ასევე უნდა მოეწყოს: რეგულაციების შესაბამისი პარკინგი, მათ შორის აუცილებლად 1-2 ავტობუსისათვის; მთავარი შესასვლელი, ჰოლი, სადაც შესაძლოა მოეწყოს სწრაფი კვების ობიექტი. ადმინისტრაციული ოფისები 20 პერსონალზე, 25-30 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი. პერსონალის კვების ოთახი, საზოგადოებრივი სან-კვანძები, დაცვის ოთახი, ტექნიკური სათავსოები, ექიმის კაბინეტი და მედ. პუნქტი სპორტსმენებისთვის. ასევე ეკონომკლასის ტიპის 7 სასტუმრო ნომერი;

ფასადი უნდა იყოს ვენტილირებადი და მოპირკეთდეს თანამედროვე მასალებით;

შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრო სისტემებით, ინტერნეტითა და ტელეფონით, უსაფრთხოების კამერებით, გამოცხადების, უკუკავშირის, ცენტრალური გათბობა-გაგრილების, სახანძრო სისტემებით, მათ შორის კვამლგამწოვი, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით.

პროექტი ასევე მოიცავს 105/68 მ ბუნებრივსაფარიან ღია საფეხბურთო სტადიონს 400 ადგილიანი გადახურული ტრიბუნით. სტადიონის რეაბილიტაციისას უნდა მოეწყოს სტანდარტების შესაბამისი სადრენაჟე სისტემა, სათადარიგო ფეხბურთელების და მწვრთნელების საჯდომები, ვიდეო გადაღებისთვის საჭირო კოშკურა.

გამარჯვებულმა კომპანიამ  პროექტის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს მაღალი ხარისხის თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები. იგი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს შენობის ექსპლუატაციისთვის, ისევე როგორც დეტალურ სპეციფიკაციებს გამოყენებული მასალის, მუშაობის მეთოდებისა და ხარისხის გასაკონტროლებლად. პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, მათ შორის სახანძრო-სამაშველო და შშმ პირთათვის, ევაკუაციის გეგმა და სახანძრო სისტემები. ასევე გარე და შიდა საინჟინრო კომუნიკაციები, წყალმომარაგება კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, გათბობა-გაგრილება და ვენტილაცია, გარე სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები. ტერიტორიის დაგეგმარება უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან.

საპროექტო კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამკვეთთან შეთანხმებით.

ასევე, უნდა გაითვალისწინოს საპროექტო ტერიტორიის სპეციფიკა, შესაბამისად დაგეგმოს სპორტული კომპლექსის ავტოსადგომები და ტერიტორიის კეთილმოწყობა. მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება. გამოყენებული მასალები უნდა იყოს თანამედროვე, პრაქტიკული, მარტივად დასამუშავებელი და ეკოლოგიურად სუფთა. ობიექტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებზე.

ყველა დოკუმენტი მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინსტრუქციის შესაბამისად.

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა – სააგენტო

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა“, რაც აღარ უნდა განმეორდეს, თუმცა რაფაელ მარინო გროსის არ დაუკონკრეტებია, რომელმა მხარემ გამოიწვია ეს.

სააგენტოს დირექტორმა დასძინა, რომ სადგურზე ყოფნისას „უხერხულად ახლოს“ ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმებიც:

„იყო მომენტები, როდესაც ცეცხლი ჩანდა კიდეც, ტყვიამფრქვევები, არტილერია – ორჯერ, სამჯერ, ვიტყოდი, რომ ნამდვილად ძალიან საგანგაშო იყო, ჩვენთვის, ყველასთვის“.

აესს-ის ექსპერტებმა გუშინ რამდენიმე საათი გაატარეს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა სადგურისთვის მიყენებული ზიანი და უსაფრთხოების სისტემები შეეფასებინათ.

როგორც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებულმა გროსიმ განაცხადა, მისიის რამდენიმე ექსპერტი ზაპოროჟიეში დარჩება.

„ჩვენ არსად მივდივართ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აქაა, სადგურზე, არსად მიდის, აქ დარჩება“.

უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებისთვის ძალიან რთული იქნებოდა სადგურზე არსებული რეალური სიტუაციის შეფასება, რადგან რუსებმა ისინი კრიზისცენტრში არ შეუშვეს.

„კრიზისცენტრშია სწორედ რუსეთის სამხედრო პერსონალი, რომელიც მისიას არ უნდა ენახა. ოკუპანტები ცრუობენ, ამახინჯებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს მათი სროლებისგან მიყენებულ ზიანს,“ – ნათქვამია „ენერგოატომის“ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საერთაშორისო სააგენტოს მისიამ რუსეთს სადგურის დემილიტარიზაციისკენ არ მოუწოდა.

„მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ეს ტერიტორიის დემილიტარიზაციაა. ზუსტად ესაა უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების მიზანი და ცუდია, რომ ჩვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან საპასუხო მოწოდება არ მოგვისმენია. თუმც კი ვისაუბრეთ ამის შესახებ ბატონ გროსისთან კიევში შეხვედრისას. ეს იყო უსაფრთხოების მთავარი პუნქტი ჩვენი მოლაპარაკებისას,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოდ იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც: ტერიტორიიდან გავლენ რუსი სამხედროები; გაიტანენ იარაღსა და საბრძოლო მასალებს და შეწყვეტენ სროლასა და პროვოკაციებს ენერგოდარსა და მიმდებარე რაიონებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და გროსის შეთანხმების თანახმად, მისიასთან ერთად სადგურზე უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტებიც უნდა შესულიყვნენ, თუმცა რუსმა სამხედროებმა ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, მისი დირექტორისა და 13 ექსპერტის შემადგენლობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ შევიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ ენერგოდარის საცხოვრებელი კვარტალები და სადგურის მოედანი დაცხრილეს და ამაში უკრაინა დაადანაშაულეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს.

მთავარ ფოტოზე: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე/ფოტო: ria.ru

გამოვლინდა ბავშვებზე ოჯახში ძალადობის 281 შემთხვევა

მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ოჯახში არასრულწლოვანებზე ძალადობის 281 შემთხვევა გამოვლინდა. შსს-ს მონაცემებით, მოძალადეების წინააღმდეგ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი.

ექვსი თვის განმავლობაში 58-ჯერ იძალადეს 13 წლამდე მამრობითი სქესის ბავშვზე, 42-ჯერ კი – 14-დან 17 წლამდე ბავშვებზე.

გაცილებით მაღალია გოგოებზე ძალადობის მაჩვენებელი.

მაგალითად, ამავე პერიოდში 13 წლამდე გოგოებზე ძალადობის 73 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო 14-დან 17 წლამდე გოგოებზე ძალადობის 108 შემთხვევა გამოვლინდა.

ბავშვებზე ძალადობის 28 შემთხვევა აჭარაზე მოდის.

ბავშვზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და სხვა რეგიონებში.

2021 წელს 17 წლამდე ბავშვებზე ძალადობის 579 შემთხვევა გამოვლინდა წლის განმავლობაში.

მათგან, ძალადობის 199 შემთხვევა იყო ბიჭებზე, ხოლო 380 შემთხვევა ამავე ასაკის გოგოებთან მიმართებაში გამოვლინდა.

შოტლანდიამ მეორე საკრუიზო გემი დაიქირავა უკრაინელი ლტოლვილებისთვის

მეორე საკრუიზო გემი, რომელშიც უკრაინელი ლტოლვილები იცხოვრებენ, გლაზგოში ჩავიდა – წერს „ბიბისი“.

საკრუიზო გემი, სახელწოდებით „ამბიცია“, უკვე მეორე გემია, რომელიც უკრაინიდან შოტლანდიაში ჩასული ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

„ამბიცია“ 714 კაბინაში 1750 ადამიანს იტევს.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინიდან შოტლანდიაში 15 000-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.

ბორტზე მყოფებს ექნებათ წვდომა რესტორნებზე, ბავშვთა სათამაშო ობიექტებზე, მაღაზიებსა და კომუნალურ სივრცეებზე. ლტოლვილებს შეეძლებათ გემიდან ჩასვლა და გასვლა, როცა მოესურვებათ. ასევე, მათ ექნებათ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.

შოტლანდიის კულტურის, ევროპისა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი, ნილ გრეი აცხადებს, რომ გემები გახდება თავშესაფარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის მანამ, სანამ ისინი გრძელვადიან საცხოვრებელს ელოდებიან.

შოტლანდიის მთავრობამ მარტში საკუთარ თავზე აიღო 3000 უკრაინელი ლტოლვილის მიღება. პირველი სექტემბრის მდგომარეობით შოტლანდიას 35 ათასზე მეტმა უკრაინელმა მიმართა, გაიცა 29 992 ვიზა.

ბობოყვათის სანაპიროს ჩაბეტონება – სილქ როუდ ჯგუფის პროექტი

100-ნომრიანი სასტუმრო და ასე შემდეგ… განსაკუთრებული დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მთავრობის მიერ შედგენილი საინვეტიციო ვალდებულებები, ხელშეკრულებების შინაარსი, ხშირად სანაპიროს მომხიბვლელი ადგილების ჩაბეტონებას გულისხმობს. ამაში მუნიციპალიტეტიც მონაწილეობს, როცა საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად – 100-ნომრიანი სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ნებართვას მარტივად გასცემს.

თითქოს ყველაფერი დაკოპირებულია და ხელშეკრულებებში მხოლოდ საკადასტრო კოდები იცვლება.

სახელმწიფო ნაკვეთების გასხვისებისას არავინ ფიქრობს ბალანსის დაცვაზე საზოგადოებრივ სივრცესა და კერძო საკუთრებად გადაქცეულ ნაკვეთებს შორის. ასეთი დაგეგმვის შედეგად თანდათან ქრება გამწვანებული სივრცეები და მათ ნაცვლად მაღალი ღობეები ჩნდება, რომელთა მიღმაც კერძო საკუთრებაა და შესასვლელ ჭიშკართან დაცვა დგას.

მუნიციპალიტეტების ურბანული დაგეგმვის სამსახურებში არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამ კომპანიებს მინიმუმ გამჭვირვალე ღობეების მოწყობა მაინც მოსთოხოვონ, თუნდაც იმისთვის, რომ ნაწილობრივ შეინარჩუნონ ის ხიბლი, რაც ჰქონდა ქობულეთის მთავარ გზას აქ გადაადგილებისას – გამწვანებული სივრცე, რომლის იქითაც ზღვა მოჩანდა, მეორე მხარეს კი – ორსართულიანი სახლები ყვავილებიანი ეზოებით.

სწორედ ასე აბეტონებენ ქობულეთის სანაპიროსაც – ამჯერად ბობოყვათში, პირდაპირ პლაჟთან, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია, შპს „ბობოყვათი“ გეგმავს.

პროექტი 15 ჰექტარს მოიცავს, აქედან კომპანიას 12 ჰექტარი ეკუთვნის, 3 ჰექტარი კი სახელმწიფოს საკუთრებაშია.

სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების მოწყობა, მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის მშენებლობა სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება. გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაპოვებლად კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ე.წ. სკოუპინგის დოკუმენტი 30 აგვისტოს წარუდგინა.

სკოუპინგის დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილი სასტურო კომპლექსი პლაჟზე გასასვლელსაც მოიცავს. როგორც ჩანს, კომპანიას სახელმწიფოსთან საკუთრებაში არსებული და მიმდებარე ტერიტორიის ერთიანი კონცეფციით დაგეგმვის შეთანხმება აქვს. თუმცა, საინტერესოა, როგორ გეგმავს ის პლაჟის ათვისებას, რადგან პლაჟზე მოქალაქეების გადააგილების შეზღუდვა კანონით დაუშვებელია.

15 ჰექტარი, რომლის დაგეგმარებასთან დაკავშირებითაც კომპანიამ სკოუპინგის დოკუმენტი წარადგინა
ამ რენდერზე ასახულია, თუ როგორ გეგმავს კომპანია ტერიტორიის ათვისებას

საჯარო რეესტრის მონაცმებით, 12 ჰექტარი ბობოყვათის სანაპიროზე აჭარის მთავრობამ 2016 წელს გაასხვისა. ქონება შპს „ბობოყვათმა“ აქ ტურისტული ინფრატრუქტურის შექმნის პირობით შეისყიდა.

კომპანიის 78.8 % სააქციო საზოგადოება „აჭარის კურორტებს“ ეკუთვნის, 21,2% კი – „აჭარა როიალ ისთეითის“ საკუთრებაა.

„აჭარა როიალ ისთეითის“ 100 პროცენტს სხვა კომპანია ფლობს, ამ კომპანიას კიდევ სხვა კომპანია – საბოლოოდ კი, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ გეგმავს ასევე ბათუმის სანაპიროზე 5 ცათამბჯენის აშენებას. 2020 წელს მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთეს.  იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“.

___

„სილქ როუდ ჯგუფს“ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითაც მიჰყიდეს 21 მიწის ნაკვეთი ქობულეთისა და ბათუმის სანაპიროებზე. თუმცა ამ კომპანიამ მხოლოდ ერთი ხელშეკრულების შესრულება შეძლო.

 

„ვისია ეს ქალაქი?“ – აქცია და მსვლელობა ბათუმში რივიერას დასაცავად

ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინა – ოლექსანდრ უსიკი

მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) მიერ თვის საუკეთესო მოკრივედ აღიარებული უკრაინელი ოლექსანდრ უსიკი, ბრიტანელი მოწინააღმდეგის, ენტონი ჯოშუას დამარცხების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და ჟურნალისტებს შეხვდა.

უსიკს, რომელიც სიმფეროპოლიდანაა, შეკითხვა ყირიმზეც დაუსვეს.

„2014 წელს, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა, რომელიღაც შეჯიბრიდან დავბრუნდი და მკითხეს ყირიმზე. ის უკრაინულია. უკრაინული იყო და ასეც დარჩება.

როდესაც ყირიმის მოვლენები ხდებოდა, მე იქ ვიყავი და რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე პრინციპულად წამოვედი იქიდან. მაშინ ყირიმისა და ყირიმელების დასახმარებლად მაშინდელი ხელისუფლებიდან არავინ მოსულა. მე დამიწყეს კითხვების დასმა ყირიმზე და ამით რეიტინგის დაწერა. პირველადაც ვთქვი, რომ ყირიმი – ეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ ის აუცილებლად დაუბრუნდება უკრაინას. ის ჩვენია, იყო და იქნება,“ – ამბობს ოლექსანდრ უსიკი.

უკრაინელი მოკრივე საუდის არაბეთში გამართულ შეჯიბრზე ფრონტიდან წავიდა. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 28 თებერვალს შეუერთდა.

35 წლის უსიკმა, რომელიც სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელია, 21 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან განმეორებით მატჩშიც დაიცვა.

ავტორიტეტული გამოცემა The Ring-ის განახლებულ რეიტინგში უკრაინელი სპორტსმენი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა სიის სათავეშია.

უკრაინის 24-ე არხი წერს, რომ გამარჯვების შემდეგ ტრიბუნებიდან ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაიყვირა – „სიმფერეპოლი“, რაზეც უსიკმა იქვე უპასუხა – „უკრაინაა“.

ინდოეთში დაანგრიეს უკანონოდ აგებული 2 ცათამბჯენი

ინდოეთში, ქალაქ ნიუ დელიში, 103 მეტრი სიმაღლის ორი ცათამბჯენი დაანგრიეს.

მედიის ცნობით, ცათამბჯენები უკანონოდ, სახანძრო და სამშენებლო რეგულაციების დარღვევით იყო აშენებული და სასამართლოში დავა მათ დანგრევაზე მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უკანონოდ აშენებული ცათამბჯენები 10 წამზე ნაკლებ დროში ჩამოინგრა და მის ნგრევას ათასობით ადამიანი, რომლებიც თვალს ადევნებდა ამ სანახაობას, ტაშითა და შეძახილებით შეხვდა.

ორი ცათამბჯენის დასანგრევად 3700 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

____________

ფოტო: newstimes.com.ng

ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლს ანგრევენ, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #14-ში, მშენებელი კომპანია საცხოვრებელ სახლს ანგრევს. ნგრევა დღეს, 2 სექტემბერს, ამ წუთებში [14:00], მიმდინარეობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროექტი, რაზეც მერიას ამ მისამართზე ნებართვა აქვს გაცემული, ითვალისწინებდა რეკონსტრუქციას, რაც არსებულ შენობაზე დაშენებას გულისხმობდა. არის თუ არა ეს ასე – მერიაში აზუსტებენ და ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

„ბათუმელების“ ხელთარსებული დოკუმენტების მიხედვით, ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, #14-ში, სავარაუდოდ, ახალი, რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ, როგორც უკვე ირკვევა, არსებულის დემონტაჟის ხარჯზე.

ნგრევა ვაჟა-ფშაველას #14-ში ფოტო: მარიამ მუთიძე

ამ სახლის გვერდით, #14ა-ში, კიდევ ერთი ბათუმური ბელეტაჟია, რომელსაც თავდაპირველი იერსახე აქვს. მის მესაკუთრეებს სახლის შენარჩუნება სურთ, თუმცა მათი საცხოვრებლის გვერდით დაგეგმილი, ახალი, 8-სართულიანი სახლის აშენების შემდეგ ისინი ბევრად განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდებიან: მათი სახლის მეორე მხარეს – #16-ში უკვე აშენდა იმავე მასშტაბის კორპუსი და ბელეტაჟი მაღალსართულიან სახლებში მოექცევა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა [287.57 კვ.მ.] უკვე შპს „ჯი ემ ბილდს“ შეუძენია. კომპანიას მამუკა კუნჭულია და გიორგი ოვჩარენკო ფლობენ.

განახლებული ინფორმაცია:  მერიის განმარტებით „პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გათვალისწინებულია შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა იმავე გაბარიტებით, რაც შეთანხმებული იყო ძველი პროექტით. ასევე მოხდა სახანძრო ნორმების გათვალისწინება და ფასადის ცვლილება [გაუმჯობესება]. შენობის გაბარიტები არ შეცვლილა.“

მაშველებმა 4 წლის ბავშვი სახლიდან 1,5 კილომეტრის მოშორებით იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან დღეს შეტყობინება მიიღეს მცირეწლოვანი ბიჭის დაკარგვის შესახებ.

ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვეღარ პოულობდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ, იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახური

პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,“ – წერს საგანგებო სიტუაციების სამსახური.

3,3 მილიონ ლარს დახარჯავს ბათუმის მერია 5 კორპუსის ფასადის შესაფუთად

ბათუმის მერიამ 3,3 მილიონი ლარი გამოყო ქალაქის ბიუჯეტიდან ახმეტელის ქუჩაზე [დრამატული თეატრის გვერდით] მდებარე ხუთი 12-სართულიანი კორპუსის ფასადის შესაფუთად. სახლის ფასადის შეფუთვა, ტენდერის მიხედვით, გულისხმობს იერსახის შეცვლას, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და თბოიზოლაციას.

ტენდერი ამ საცხოვრებელი სახლების ფასადების შეფუთვაზე 3 მილიონ 360 ათას 689 ლარით, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა [ფასის კლების ბიჯი კი, 33 ათას 607 ლარია]. ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტებიც.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრა:

სატენდერო კომისიის ოქმიდან

ტენდერის ფარგლებში შეიფუთება კორპუსები ბათუმში, ახმეტელის ქუჩის შემდეგ ნომრებში: 1, 3, 5, 7 და 9.

შესაფუთი სახლები [ქვემოთ] და რენდერი/ესკიზი პროექტიდან [ზემოთ]
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოები 2023 წლის 11 მაისამდე უნდა დასრულდეს [შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი კი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან].

პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების მშენებლობა ან/და შენობების ფასადის რეაბილიტაცია) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 000 000 ლარის ოდენობით.“

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად

როგორი ამინდი იქნება შემოდგომის პირველ შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი 
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 4 სექტემბერს დღისით და მომდევნო 2 დღეს, 5-6 სექტემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აჭარაში სასწავლო დაწესებულების ბუღალტერმა 41 543 ლარი მიითვისა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც მუშაობდა აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

რუსეთის წვრთნებში სავარაუდოდ მხოლოდ 15 000 სამხედრო მონაწილეობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წვრთნებია, „ვოსტოკი 2022“, რომელიც რუსეთმა, უკრაინაში ომის მიუხედავად, პირველ სექტემბერს დაიწყო.

უწყება აღნიშნავს, რომ „ვოსტოკი“ რუსეთის არმიისთვის ყოველწლიური სტრატეგიული სწავლებაა, მისი სამხედრო მომზადების კულმინაცია.

რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ პირველ სექტემბერს დაწყებულ სწავლებაში 50 000 სამხედრო მიღებდა მონაწილეობას, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალურად 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთოს წვრთნებში, რაც 2018 წლის „ვოსტოკის“ მონაწილეთა მხოლოდ 20 %-ია.

„უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებამ ცხადად გამოაჩინა „ვოსტოკის“ მსგავსი სამხედრო სტრატეგიული წვრთნების წარუმატებლობა, რუსეთის არმიას არ აღმოაჩნდა უნარი, აწარმოოს ფართომასშტაბიანი კომპლექსური ოპერაციები,“ – წერს დაზვერვა 2 სექტემბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, ასეთი ღონისძიებები, რომლებიც მკაცრადაა გაწერილი და ყოველგვარ ინიციატივას გამორიცხავს, პირველ რიგში, მიმართულია იმისკენ, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება აღნიშნავდა, რომ დასავლური შეიარაღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსულ რადარებს, რომელთა განადგურება და დაზიანებაც რუსეთის არმიისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

მთავარ ფოტოზე: რუსი სამხედროები „ვოსტოკ 2022-ზე“/ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 48 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 009 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 4 366 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 1 126 ერთეული [+11]
  • MLRS – 289 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 153 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 205 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 853 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 198 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 247 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 105 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 283 თვითმფრინავი
  • 151 ვერტმფრენი
  • 1 864 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 372 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 711 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 823 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 364 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 217 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები – ვანო ნადირაძე

„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია იაპონიის დაინტერესების გაზრდა“ – ინტერვიუ

„საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ აღიქვან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რადგან კავკასიის რეგიონი ასოცირდება არასტაბილურობით, კონფლიქტებით, რაც იაპონიის თვალში სანდოობას უკარგავს საქართველოს,“ – მიიჩნევს მარიამ ბიბილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების თემაზე მუშაობს. იგი იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორია.

რა შეიცვალა იაპონიასთან ურთიერთობებში 30 წლის განმავლობაში და რატომ ვერ ვხედავთ ამ დრომდე იაპონიას, როგორც პარტნიორს ევროინტეგრაციის გზაზე, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიასაც აქვს ტერიტორიული კონფლიქტი რუსეთთან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მარიამ ბიბილაშვილს ესაუბრა.

მარიამ ბიბილაშვილი იაპონია-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ გამართული კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება. კონფერენცია თბილისში გაიმართება 7 სექტემბერს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ გააქტიურდა იაპონიასთან პარტნიორობის გაღრმავების თემა საქართველოში და დღევანდელ გამოწვევებში რატომ არის მნიშვნელოვანი ეს? 

გეთანხმებით, რომ იაპონია საქართველოში ნაკლებად არის ყურადღების ცენტრში, იაპონიის შესახებ ნაკლები იწერება აკადემიურ წრეებშიც. 1992 წლიდან, როცა იაპონიამ აღიარა საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა, დღემდე იაპონიას დიდი კონტრიბუცია აქვს საქართველოს განვითარებისთვის განხორციელებული სხვადასხვა გრანტის სახით.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იაპონიისთვის და საქართველოსთვისაც, პრიორიტეტია ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა. ეს აერთიანებს ორივე ქვეყანას და ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული კონფლიქტი რუსეთთან.

  • რატომ არ გვაქვს იგივე რუსეთის საკითხზე აქტიური თანამშრომლობა იაპონიასთან? 

სამწუხაროდ არ არის აქტუალიზებული ორმხრივი ურთიერთობები ამ თემაზე. ვფიქრობ, ეს კონკრეტული საკითხი უნდა იქნას უკეთესად გამოყენებული ორმხრივი ურთიერთობებისთვის საქართველოსა და იაპონიას შორის… დღეისთვის ნამდვილად არ არსებობს ამ მხრივ რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის ფორმატი.

  • რა უშლის ხელს ამ კუთხით აქტიურ თანამშრომლობას, თქვენი აზრით? 

მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს. უმთავრესი ალბათ არის ის, რომ იაპონია, როგორც საგარეო პოლიტიკური აქტორი, არ არის აქტიური. იაპონია უფრო აღიქმება, როგორც ქვეყანა, რომელიც თავის თავზე მუშაობს. ჩემი დაკვირვებით, საქართველოში არ არის საკმარისი ინფორმაცია იაპონიაზე და პირიქით. ამ ეტაპზე არცერთი ქვეყნისთვის არ არის პრიორიტეტი ამ საკითხის აქტუალიზება.

  • პირველ რიგში, ალბათ საქართველოს ინტერესი უნდა იყოს ეს, თუმცა თქვენც ახსენეთ, რომ იაპონია არ არის აქტიური მოთამაშე საგარეო ურთიერთობებში. თქვენი აზრით, რით შეიძლება იაპონია აქტიურად დააინტერესოს საქართველომ? 

მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მეტი მოტივაცია ამ პარტნიორობისთვის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია იაპონიის დაინტერესების გაზრდა.

ვნახეთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვა იაპონიაში რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას. ეს დრო უნდა გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას, ჩვენც რომ იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს ხელსაყრელი დროა თანამშრომლობის ფორმატის შექმნისთვის.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იაპონიასთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას? 

იაპონიას სურს გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, რაც აჩვენებს ამბიციას – გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო პროცესებზე. დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იაპონიამ მოახდინოს აგრესიული პოლიტიკის წარმოება, ის ძირითადად განცხადებებით შემოიფარგლება და გვესმის კიდეც ხშირად მხარდამჭერი განცხადებები.

  • რა შეიცვალა საქართველო-იაპონიის დიპლომატიური თანამშრომლობის 30 წლის განმავლობაში? 

დინამიკას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ცალსახად განვითარდა ეს ურთიერთობები.

თავდაპირველად, იაპონია საქართველოს განიხილავდა პოსტსაბჭოთა ქვეყნად, რომელიც იყო რუსეთის გავლენის სფეროში. შემდეგ დავიწროვდა ეს ჩარჩო და საქართველოს უყურებდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, ანუ უფრო ევრაზიულ კონტექსტში, დღეს კი, ხედვა არის, როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნის.

ჩემი აზრით, საქართველომ მკაფიოდ უნდა გაუსვას ხაზი თავის მაჩვენებლებს, რაც მას განასხვავებს იგივე აზერბაიჯანისგან, სომხეთისგან. საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ ის აღიქვან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რადგან კავკასიის რეგიონი ასოცირდება არასტაბილურობით, კონფლიქტებით, რაც იაპონიის თვალში სანდოობას უკარგავს საქართველოს.

საქართველო იაპონიისთვის საინტერესო არაა როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, ის ბაზრით ძალიან პატარაა. აქ რეგიონული კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კონტექსტი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპა.

  • ჩვენი აღქმა რამდენად არის პრობლემა? ხშირად იაპონიას ხედავენ ჩინეთთან ერთთან. 

ცხადია, ჩინეთი საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩინეთის ეკონომიკა ბევრად დიდია, ვიდრე იაპონიის. ამის მიზეზი ისიცაა, რომ იაპონიას ახასიათებს ბევრად რთული ბიუროკრატიული სისტემა, ვიდრე ჩინეთს, ასევე იაპონია ითხოვს მაღალი სტანდარტებს, რასაც საქართველო ხშირად ვერ აკმაყოფილებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ფასეულობები იაპონიასთან, რაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში. იაპონიასთან პარტნიორობის გაძლიერება დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციას.

  • რა რესურსს ხედავთ იაპონიასთან  პარტნიორობის გასაძლიერებლად? 

ცალკე აღებულ პარტნიორობას ბევრად ნაკლები პოტენციალი აქვს, ფართო ჭრილში კი, იაპონია განსაკუთრებით ახლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან თანამშრომლობას. ამ კონტექსტში საქართველოს შეუძლია თავი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანმა რგოლმა, რომელსაც შეუძლია დააკავშიროს აზია ევროპას, ამ მიმართულებით, მაგისტრალების არსებობა, ასევე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება დაეხმარება ამ პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოში არის ხელსაყრელი ბიზნესგარემო. თუ მოახერხებს საქართველო, რომ მიიტანოს ინფორმაცია შესაბამის ბიზნესწრეებთან იაპონიაში, შესაძლებელი იქნება იაპონელი ინვესტორების მოზიდვა.

ასევე მნიშვნელოვანია აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა, ეს სფეროც აუთვისებელია. შესაძლებელია სამივე მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა.

  • იაპონიისთვის რატომ გააქტიურდა ევროკავშირთან დაახლოება „ახლა“, როგორც ამას თქვენ გაუსვით ხაზი, ეს უკავშირდება ჩინეთს, თუ სხვა მიზეზია? 

ეს დაკავშირებულია ჩინეთთანაც, რომელიც ფართოვდება – იაპონიას სურს, რომ არ ჩამორჩეს ამ პროცესს. იაპონიასა და ევროკავშირს შორის მუდმივად იყოს თანამშრომლობა, თუმცა ბოლო წლებში არაერთ პროექტს მოეწერა ხელი, რაც პირდაპირ აჩვენებს ფასეულობების თანხვედრას.

  • რა ჩანს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკიდან, რატომ არ ცდილობს მთავრობა იაპონიასთან პარტნიორობის გაძლიერებას? 

მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია არსებობს ურთიერთობები იაპონიასთან, ძალიან დაბალია ინფორმირებულობის დონე იაპონიის შესახებ საქართველოში და პირიქით.

იაპონიაში ზოგჯერ ექცევა საქართველო ყურადღების ქვეშ, მაგალითად, სუმოისტების წარმატების დროს, ან გარკვეულ კულტურულ ღონისძიებაზე, მაგრამ პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში ძალიან დაბალია საქართველოს შესახებ ცნობადობა. უპირველესად ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობა.

ბრიტანელი მოხალისე ხარკოვში სხვისი გადარჩენის დროს დაიღუპა – მედია

ბრიტანული მედია წერს, რომ ხარკოვში დაიღუპა 48 წლის ბრიტანელი, რომელიც მოხალისედ იყო წასული უკრაინაში, როგორც მედიკოსი.

კრეიგ მაკინტოში 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოკლეს. იგი სასიკვდილოდ დაიჭრა ყელში, როცა რუსული ტანკებიდან მათი ავტომანქანის დაბომბვის შემდეგ დაჭრილი თანამშრომლისთვის ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას.

კრეიგ მაკინტოშის შესახებ „ბიბისი“ წერს ბრიტანულ Times-ზე დაყრდნობით.

დაღუპულის და, ლორნა მაკინტოში ამბობს, რომ მისი ძმა დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის დროს, როგორც ნამდვილი გმირი.

კრეიგ მაკინტოში მებაღედ მუშაობდა ტეტფორდში. მედიის ცნობით, მას 4 შვილი დარჩა, ორი საკუთარი და ორიც – ნაშვილები.

ბრიტანული მედია წერს, რომ 16-დან 23 წლამდე იგი სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა კარიერისთვის თავის დანებება მოუხდა ჯანმრთელობის გამო.

იგი უკრაინაში 24 მარტს გაემგზავრა, აპრილში ცოტა ხნით დაბრუნდა სახლში და მალე ისევ კიევში წავიდა.

„შეიარაღებულ ძალებში სამსახური მისი ოცნება იყო. როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მიხვდა, რომ უნდოდა ხალხის დასახმარებლად წასულიყო,“ – ამბობს მისი და.

ლორნა მაკინტოშმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას დახმარება სთხოვა ძმის გადასასვენებლად საჭირო თანხის – 4 000 ფუნტის შესაგროვებლად. დღეის მდგომარეობით შეგროვდა 11 000-ზე მეტი ფუნტი.

ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ ქალებს შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქონდეთ – ინტერვიუ

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. შესაბამისად, სქესობრივ და რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვანი საკითხია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში არცთუ ისე სახარბიელოა. პრობლემა არაერთია: ინფორმაციის ნაკლებობა, სამედიცინო კაბინეტების გაუმართაობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, ჰიგიენურ საშუალებებზე არახელმისაწვდომობა და მრავალი სხვა.

რუსუდან შერვაშიძე აჭარის რეგიონში შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა გაძლიერების პროექტშია ჩართული. ის თავადაც 18 წლის შშმ გოგოს დედაა.

რამდენიმე წლის წინ რუსუდანმა აჭარაში შშმ ბავშვთა მშობლების კავშირი დააფუძნა და ახლა ის აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ხვდება შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის გოგოებს, ქალებს და ინფორმაციას აწვდის, ცოდნას უზიარებს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ. მას ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებთან ურთიერთობის  მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რა ინფორმაცია აქვთ ამ მხრივ შშმ ქალებს, კერძოდ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებს? რა პრობლემებს აწყდებიან ცენტრსა თუ მუნიციპალიტეტებში? როგორია საზოგადოების, ოჯახის დამოკიდებულება მათ მიმართ და რა სამედიცინო სერვისებზე მიუწვდებათ ხელი? ამ და სხვა კითხვებით რუსუდან შერვაშიძეს მივმართეთ.

  • ქალბატონო რუსუდან, რას ეხება თქვენი სემინარები შშმ ქალებთან და რა არის მათთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული სტიგმები?

ჩემი სემინარები შშმ გოგოებთან და ქალებთან რეპროდუქციულ და სქესობრივ უფლებებს, ჯანმრთელობას ეხება. ვმუშაობ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე გოგოებთან და ქალებთან.

  • ამ ტიპის შეზღუდვის მქონე შშმ ქალები შედარებით უფრო სტიგმატიზებული ჯგუფია და მათი ხმა ძირითადად არ ისმის, ჩრდილში რჩებიან და აქვთ უამრავი პრობლემა, ბარიერები ჯანდაცვის სფეროში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების თვალსაზრისითაც.

სტერეოტიპები ოჯახში ყალიბდება. სწორედ ოჯახის წევრებს ვერ წარმოუდგენიათ ხშირად, რომ ამ გოგოებს და ქალებს შეიძლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრება, ჰყავდეთ მეუღლე ან პარტნიორი, სურდეთ შვილის გაჩენა, ზრუნავდნენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ხშირად სარგებლობდნენ დაავადებათა ადრეული გამოვლენის სკრინინგ პროგრამებით.

რუსუდან შერვაშიძე შვილთან, თათია გოგიტიძესთან ერთად.
  • რა პრობლემები ვლინდება სემინარებზე პრაქტიკული ურთიერთობით გოგოებთან, ქალებთან, მათ  მშობლებთან შეხვედრისას?

იყო შემთხვევა, როცა მშობლებთან და შვილებთან ერთად გვქონდა შეხვედრა, უფლებებზე ვსაუბრობდით და შშმ  გოგომ რეპლიკით გვითხრა, რომ ოჯახში თურმე მისი უფლებები ირღვევა. მშობელმა გააჩუმა ეს გოგო და სათქმელი ვეღარ დაასრულა. მოასწრო თქმა, რომ ჩაკეტილია, გარეთ ვერ გადის, ვერ აკეთებს, რაც სურს, რომ ყველაფერს უკრძალავენ.

ასეთ აკრძალვებს მშობლები შიშით ხსნიან. მიწებებული ჰყავთ შვილები. ეშინიათ მათ არაფერი დაუშავდეთ, ეშინიათ მისცენ თავისუფლება შვილებს, რათა მათ დამოუკიდებლად დაძლიონ წინააღმდეგობები, შიშობენ რომ ამ დროს მათი შვილები დაზიანდებიან, დაზარალდებიან.

მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია.

ბათუმშიც ბევრ ოჯახს დავურეკეთ, შშმ ქალების მშობლებს, მხარდამჭერებს და არ ისურვეს გოგოების მოყვანა შეხვედრებზე.

მას შემდეგ, რაც ბათუმში შშმ გოგოების, ქალების მოყვანა არ ისურვეს სემინარზე მათმა მშობლებმა და მხარდამჭერებმა, მახინჯაურში, დღის რეაბილიტაციის ცენტრ „თანაში“ მოგვიწია წასვლა, დაახლოებით 15 გოგოს შევხვდით. გამოვლინდა, რომ მათ პირადი ცხოვრების უფლებასა და ლეგიტიმურობაზე არ აქვთ არანაირი ინფორმაცია.

ხანდახან გოგოები ვერ საუბრობენ საკუთარ თავზე მშობლებთან ერთად, სამომავლოდ ვგეგმავთ მათ ინდივიდუალურად გავესაუბროთ.

  • რამდენადაა ხელმისაწვდომი რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის სერვისები მათთვის, ვისაც შეხვედრიხართ? გაქვთ კავშირი სამედიცინო პერსონალთან კვლევის, საერთო მიზნების დასახვისთვის?

რამდენიმე სამედიცინო რგოლთან გვქონდა შეხვედრა და მიმართვიანობა საერთოდ არ არის.

ვერც იქნება, რადგან ადაპტირებული არ არის სამედიცინო კაბინეტები. ეტლით მოსარგებლე გინეკოლოგთან რომ მივიდეს უამრავი დაბრკოლება უშლის ხელს. რამდენიმე ადამიანი უნდა დაეხმაროს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. არც ადაპტირებული სავარძლები აქვთ საავადმყოფოებში, არც ჟესტური ენის თარჯიმანი ჰყავთ.

პირადი ინფორმაციაც მიეწოდება ყოველთვის თანმხლებ პირს. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა.

ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე გოგოების, უსინათლოების, სმენის არ მქონეების დიაგნოზი, ვისი დიაგნოზიც არ უნდა იყოს, წესით უნდა მიეწოდოთ მხოლოდ და მხოლოდ მათ. მერე შშმ პირის უფლებაა, ის იტყვის ამ დიაგნოზის შესახებ ოჯახის წევრთან თუ არა.

პრობლემა არის ისიც, რომ ჯერ არ გვაქვს ისევ კულტურა, შშმ ადამიანებს ვესაუბროთ პირადად, მივმართოთ პირადად. ეს ირიბად იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ჩვენ ინდივიდებად, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად სინამდვილეში ვერ აღვიქვამთ.

  • რა ინფორმაცია აქვთ სკრინინგების შესახებ შშმ ქალებს?

ბევრი დაავადების, ორგანოების  სკრინინგია, რომლის შესახებაც არ იციან. ვცდილობთ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ოჯახებს და ამ ქალებს.

პირველ რიგში ძუძუს კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგებს ვგულისხმობ. ჩვენ არ შეგვხვედრია შშმ ქალი, ვინც ამ სკრინინგების შესახებ იცოდა. იყო შემთხვევა, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ ასეთი სერვისის არსებობის შესახებ. და არავინ შეგვხვედრია ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ ქალებში, ვისაც  სკრინინგის  სერვისით უსარგებლია.

ახლა ვმუშაობთ ბროშურაზე, რომელიც სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შეეხება. ბროშურაში მითითებულია ტელეფონის ნომრებიც უფლებების დარღვევის, დისკრიმინაციის შემთხვევაში ვის და როგორ მიმართონ. ეს ბროშურა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება შშმ ქალებისთვის.

  • რა წინააღმდეგობას აწყდებით სემინარებზე აბორტის სერვისისა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას?

ამ თემებზე საუბრისას ხშირად პირდაპირი კომენტარებია მშობლებისგან: „ამაზე როგორ შეიძლება საუბარი?“, „ეს რა თემებია?“ და ა.შ.

სკოლაშივე უნდა ასწავლიდნენ გოგოებს, როგორ დაიცვან თავი არასასურველი ორსულობისა და დაავადებებისგან. 15 წლიდან გოგოებთან ამაზე საუბრის დაწყება ნორმალურია.

 

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული 2022 წლის ანგარიშის მიხედვით [შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში] შშმ ქალების უმრავლესობა არ ფლობ ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და უფლების დაცვის მექანიზმების შესახე.

ამ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შშმ ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის დამოკიდებულება, რომ შშმ ქალებს სექსუალობა არა აქვთ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ორსულობისა და მშობიარობის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური მისაწვდომობის, ექიმების კვალიფიკაციისა და დამოკიდებულების საკითხი, გართულებულია წვდომა სამედიცინო მანიპულაციებზე. განსაკუთრებულ სირთულეს ამ მხრივ წარმოადგენს არაადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძლები, რის გამოც შშმ ქალები ხშირად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ღირსების შეულახავად მიიღონ გინეკოლოგის მომსახურება.

„გინეკოლოგიური მომსახურების მიღების დროს ბარიერს ქმნის ექიმების დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებაც“ – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

_______________________________________

მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

როგორ უნდა იცხოვრო გულის ოპერაციის შემდეგ – ავსტრიელი კარდიოქირურგის რჩევები

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის ანუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წამყვანია [37%].

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 35 000 ოპერაცია ჩატარდა გულზე. სტატისტიკა ასე გამოიყურება: გული და გულმკერდის მთავარი სისხლძარღვები – 19073; სამკარიანი სარქველი – 81; კორონარული არტერიების შუნტირება – 3 572; სტენტირება – 11 959.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგი, ავსტრიელი პროფესორი ოტო ტაპუნტი ამბობს, რომ კარდიოქირურგია ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა დარგია, თუმცა ამის მიუხედავად, დღეს კარდიოქირურგიული ოპერაციები შესაძლებელია ჩატარდეს ძალიან კარგი შედეგებით, შედარებით დაბალი რისკით, მათ შორის თანმხლები დაავადებების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

„მოსახლეობაში გავრცელებული შიში გულის ოპერაციასთან დაკავშირებით, ვერ პოულობს დასაყრდენს სამეცნიერო მონაცემებში. ეს უფრო ემოციური კომპონენტია, რომელიც აფიქრებინებს ადამიანებს, რომ გულის ოპერაციის საჭიროება კატასტროფის ტოლფასია. ოპერაციების შემდეგ, საგრძნობლად უმჯობესდება პროგნოზი, ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა“ – ამბობს კარდიოქირურგი. 

ბათუმში მყოფ ოტო ტაპუნტისთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ წერილობით ჩაწერა.

  • მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ.

მე კარდიო და ზოგადი ქირურგი ვარ, ქირურგიულ სფეროში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილებით. დიდი ხანია, რაც ჩემი პროფესიული საქმიანობა ფოკუსირებულია გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაზე, რომელიც მოიცავს კორონარული არტერიებისა და სარქვლების ქირურგიას. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს მინიინვაზიურ და აორტის ქირურგიაში, გულის დამხმარე მოწყობილობებსა და გულის გადანერგვაში.

ამ სფეროში ჩემი ქირურგიული დახელოვნება მიმდინარეობდა სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტში – ავსტრიაში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. მათ შორის ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტსა და მაუნთ-საინას სამედიცინო ცენტრში.

2010 წლიდან ჩვენ დავიწყეთ გაცვლითი პროგრამა თსსუ-სა და ჩემს ყოფილ სამუშაო კლინიკებს შორის, რა დროსაც დავატრენინგეთ 100-ზე მეტი ქართველი სტუდენტი და რეზიდენტი.

საქართველოსთან ამ დიდხნიანი ურთიერთობის განმავლობაში, ჩემი სიყვარული ქვეყნისა და მისი ხალხის მიმართ გაიზარდა, რის გამოც დავთანხმდი შემოთავაზებაზე, მემუშავა საქართველოში. თავიდან დროებით, 2019 წლიდან – მუდმივად.

  • როგორ შეიცვალა კარდიოქირურგია ბოლო წლებში (მინიმალური ინვაზიური ტექნიკა) და რა შედეგი მოგვცა ინოვაციურმა მეთოდებმა?

კარდიოქირურგია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა დარგია, თუმცა პირველი ქირურგიული ჩარევები სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში 50-იანი წლების ბოლოს ჩატარდა. 

დღეს კარდიოქირურგიული ჩარევების უმეტესობა კარგად სტანდარტიზებულია და პაციენტის პრეოპერაციული მდგომარეობის შესაბამისად, შესაძლებელია ჩატარდეს შედარებით დაბალი რისკით.

ბოლო 20-30 წლის განმავლობაში გამოიგონეს და დანერგეს ძალიან ბევრი ახალი პროცედურა და ოპერაცია, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ტრავმის შემცირებისკენ. ეს კიდევ უფრო ამცირებს რისკებს პაციენტის დისკომფორტსა და რეაბილიტაციის დროს.

დღეისათვის, კარდიოქირურგიული ჩარევების დიდი ნაწილი შეიძლება ჩატარდეს მკერდის ძვლის გახერხვის გარეშე, მიდგომა შესაძლებელია პატარა განაკვეთით, ნეკნებს შორისი სივრციდან. 

დღეს ჩვენ სწორედ ასეთ ოპერაციებს ვთავაზობთ პაციენტებს.

  • მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უტარდება კორონაროგრაფია. რატომ და რა შემთხვევაში ტარდება აღნიშნული პროცედურა? 

კარდიოქირურგიული ოპერაციების უმეტესობის დროს კორონაროგრაფიის ჩატარება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აქვს კორონარული არტერიების დაავადების სიმპტომატიკა. ქირურგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია კორონარული არტერიების ტოპოგრაფის შესახებ და არის თუ არა კორონარული არტერიის დაზიანება, რომელმაც შესაძლებელია აუცილებელი გახადოს სარქვლოვან ან/და სხვა ჩარევასთან ერთად აორტო-კორონარული შუნტირების ჩატარებაც.

  • როდის ტარდება კორონარული შუნტირება, როდის სტენტირება – რა განსხვავებაა მათ შორის?

ბოლო გაიდლაინების მიხედვით, არტო-კორონარული შუნტირება უნდა გაუკეთდეთ იმ პაციენტებს, რომელთა სამივე მთავარი კორონარული არტერია მძიმედ არის შევიწროებული, ან მნიშვნელოვანი შევიწროება აღინიშნება მარცხენა კორონარული არტერიის ღეროზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებები ძალიან კომპლექსურია.

ეს ყველაფერი ფასდება სპეციალური სისტემით, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. ასეთ შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევას აქვს უკეთესი, ხანმოკლე და ხანგრძლივი შედეგები და, ასევე, განმეორებითი ჩარევის უფრო ნაკლები რისკი.

შედარებით ნაკლებად კომპლექსური დაზიანებების შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთი ან ორი სისხლძარღვია შევიწროებული, სტენტირება უნდა იყოს არჩევის მეთოდი. ეს ასევე ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მდგომარეობას, რადგან სტენოზირებული [შევიწროებული] ან დახშობილი კორონარული არტერიები სტენტირებისას შეიძლება გაიხსნას ბევრად უფრო სწრაფად, დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის ინფარქტის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად. 

მწვავე ინფარქტის დროს, რადიკალური ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სტენტირება ტექნიკურად შეუძლებელია, ან იყო წარუმატებელი მცდელობა ან/და ტარდება მიოკარდიუმის ინფარქტის ისეთი გართულებების დროს, როგორიცაა პარკუჭთშორისი ძგიდის დეფექტი, პაპილარული კუნთის გაგლეჯა მიტრალური სარქვლის მძიმე უკმარისობით და პარკუჭის თავისუფალი კედლის რუპტურა. ასეთი ოპერაციები, როგორც წესი, ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს.

  • რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ოპერაციის შემდეგ? რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის შეცვლა?

კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ ცხოვრების წესის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას დიდი გავლენა აქვს არამარტო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, არამედ ცხოვრების ხარისხზე. 

მაგალითად, კორონარული ოპერაცია არ არის ჩარევა, რომელიც კურნავს დაავადების მიზეზს, არამედ კურნავს მხოლოდ კორონარული მალპერფუზიის [არასაკმარისი სისხლის მიწოდება] სიმპტომს.

პაციენტებს შეუძლიათ საკუთარი პროგნოზის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცხოვრების სტილის ოპტიმიზაციით.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახით თამბაქოს მოხმარება უნდა გამოირიცხოს მკაცრად. უნდა იყოს დაცული ხმელთაშუა ზღვის ტიპის დიეტა [ეს დიეტა ძირითადად მოიცავს მცენარეულ საკვებს, კერძოდ, მთლიან მარცვლეულს, ბოსტნეულს, პარკოსნებს, ხილს, თხილს და თესლს, მწვანილებსა და სანელებლებს. დიეტის საფუძველია: ხილი, ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი, ზღვის პროდუქტები). 

ხაჭაპური ან მსგავსი კერძები ქართული სამზარეულოდან უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ მცირე პორციებით.

ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. თუმცა ღვინის მცირე მოცულობები (დღიურად მაქსიმუმ 250 მლ კაცებისთვის და 125 მლ ქალებისთვის) შესაძლებელია სარგებლის მომტანი იყოს კორონარული არტერიების დაავადების პროგრესის შენელებისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ, ქვევრში დაყენებულ ღვინოებს, რომლებიც უხვად შეიცავენ ტანინებსა და ფენოლებს.

პოსტოპერაციულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ნებისმიერი სახის ვარჯიში (სიარული, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა და ა.შ), რომლებიც შეიძლება შესრულდეს შედარებით დაბალი ინტენსივობითა და დატვირთვით, განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ სრულდება რეგულარულად, მინიმუმ 45 წუთის განმავლობაში დღეში და მინიმუმ 4-ჯერ კვირაში.

არ არსებობს წამალი ან სხვა თერაპია, რომელსაც შეუძლია ისეთივე შედეგების მოტანა ცხიმისა და შაქრის მეტაბოლიზმზე, არტერიულ წნევაზე და ა.შ., ვიდრე ზომიერი დატვირთვით შესრულებულ, რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებს.

როგორც წესი, ამ აქტივობებს არ სჭირდება დიდი ფინანსური დანახარჯი და შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ ასაკში. 

  • ალკოჰოლის, თამბაქოსა და მარიხუანის მოხმარება რამდენად საზიანო შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის?

როგორც აღვნიშნეთ, ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღება – განსაკუთრებით ღვინის, შესაძლებელია სასარგებლო იყოს კორონარული დაავადების პრევენციისთვის. თუმცა ალკოჰოლის დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ვინაიდან ალკოჰოლს პირდაპირი უარყოფითი გავლენა აქვს გულის კუნთის უჯრედებზე. ასევე, მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიც არის ღვიძლის ციროზი, ოროფარინგეალური სიმსივნეები და ფსიქიკური დარღვევები.

ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი სახის მოწევა ან ნებისმიერი სახით თამბაქოს მოხმარება, სრულად უნდა იყოს შეწყვეტილი, მათ შორის, პასიური მწეველობა.

მარიხუანის მოხმარება არ არის რეკომენდებული განსაკუთრებით გულის დაავადების მქონდე პაციენტებისთვის. აშშ-ში ჩატარებულმა უახლესმა კვლევებმა აჩვენა მარიხუანის გულზე პირდაპირი ტოქსიკური ეფექტი, თუმცა ზუსტი მექანიზმი ჯერ უცნობია.

რუსეთს უკრაინაში ელიტური დანაყოფების 900-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა – BBC

BBC-მ გამოარკვია, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფების სულ მცირე 900 სამხედრო დაიღუპა – სპეცრაზმელები, საზღვაო ქვეითები და პარაშუტისტები, რომელთა მომზადებაზეც წლები და მილიონობით დოლარი დაიხარჯა.

დაღუპული სამხედროები  დანაყოფების მიხედვით:

  • საზღვაო ქვეითები – 337
  • რუსეთის გვარდიის სპეცდანაყოფები – 245
  • სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი – 151
  • საჰაერო-სადესანტო ძალები  – 144
  • სამხედრო მფრინავები – 67
  • ФСБ და ФСО (დაცვის სამსახური) – 20

ეს არის მონაცემები, რომელთა დადასტურებაც BBC-მ შეძლო. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის 151 დაღუპულიდან ყოველი მეოთხე ოფიცერი იყო (22%).

BBC დასძენს, რომ ეს რიცხვები რუსეთის რეალურ დანაკარგს არ ასახავს, თუმცა საშუალებას იძლევა დაახლოებით მაინც შეფასდეს, სპეცდანიშნულების დანაყოფების რა ნაწილი დაეღუპა რუსეთს უკრაინაში.

რუსეთის გვარდიის 245 დაღუპულიდან, უმრავლესობა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის წევრი იყო, მათგან ყოველ მეოთხეს ოფიცრის წოდება ჰქონდა.

BBC-მ ღია წყაროებით მოიპოვა ინფორმაცია სპეცსამსახურების, დაცვის თანამშრომლებისა და საჰაერო-სადესანტო ძალების შესახებაც. ყველაზე დიდი დანაკარგი გვარდიის 331-ე პოლკმა განიცადა – 80 ოფიცერი და პოლკის მეთაური. საჰაერო-სადესანტო ძალების ყველაზე ელიტური 45-ე გვარდიიდან კი  BBC-მ 14 სამხედრო დაღუპვის დადასტურება მოახერხა.

საზღვაო ქვეითებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებულ 810-ე ბრიგადას. ცნობილია სულ მცირე 56 მოკლული სამხედრო შესახებ, მათ შორის ბრიგადის ორი მეთაურიცაა.

BBC ასევე იუწყება 67 სამხედრო მფრინავის დაღუპვაზეც და აღნიშნავს, რომ სამხედრო პილოტები ნებისმიერი არმიის ელიტაა, ხოლო ერთი მფრინავ-სნაიპერის მომზადებას 15-17 წელი სჭირდება.

როგორც BBC წერს, რუსეთის საერთო-საჯარისო დანაყოფები არ აღმოჩნდნენ მზად შეტევებისთვის. შესაბამისად, იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც ჩვეულებრივ ქვეითი ჯარის საქმეა, სპეცრაზმს, საზღვაო ქვეითებსა და მედესანტეებს დაევალათ.

ტრადიციულად, სწორედ ისინი მიიჩნევიან რუსული არმიის ელიტად. ექსპერტების აზრით, ამ დანაკარგის შევსება რუსეთს ძალიან გაუჭირდება.

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის საფასური ოფიციალურად გაიზარდა და ერთი მგზავრისთვის 5 ლარია. გაიზარდა ტვირთის გადატანის ტარიფიც: 30 კილოგრამზე ზევით, ყოველ 50 კილოგრამზე – 5 ლარი.

შესაბამისი დადგენილება, ტარიფების გაზრდაზე, ხულოს საკრებულომ უკვე დაამტკიცა. თუმცა, ახალი დადგენილებით, სოფელ თაგოში მცხოვრებლები, ასევე ისინი, ვინც სოფელში არიან დასაქმებულები, მგზავრობის საფასურს საერთოდ აღარ გადაიხდიან.

ამ დრომდე საბაგიროთი მგზავრობა, ასევე ტვირთის გადატანაც, ოფიციალურად 20 თეთრი ღირდა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, საბაგიროთი მგზავრობისას მათ 5 ლარი აქამდეც გადაახდევინეს.

გაცილებით ადრე კი, ასეთი მექანიზმიც მოქმედებდა: თუ ვთქვათ, მარტო მოინდომებდით საბაგიროთი მგზავრობას, 5 ლარს გახდევინებდნენ; თუმცა, მოქალაქეს შეეძლო მგზავრების შეგროვებას დალოდებოდა და სტანდარტულად, 20 თეთრადაც ემგზავრა.

ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, გვითხრეს, რომ უნდა მოეწყოს ბილეთების გასაყიდი ადგილი საბაგიროს სადგურის შენობაში და „როცა ყველაფერი იქნება მზად, ახალი ტარიფებიც ამოქმედდება“.

რატომ ახდევინებდნენ და რის საფუძველზე ამ დრომდე 5 ლარს მგზავრებს? – ამ კითხვაზე ორგანიზაციაში არ გვიპასუხეს და ხულოს მერიაში გადაგვამისამართეს.

ხულოს მერის პირველმა მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მგზავრობის საფასური დღემდე 20 თეთრი იყო „თუმცა, ვინმეს ცალკე, ან ვთქვათ, ოჯახთან ერთად, სურდა გადასვლა მათ ახდევინებდნენ შესაძლოა 5 ლარს, ასეთი სერვისი შეიძლება საბაგიროს ჰქონოდა“.

ნადიმ ვასაძის თქმით, „მგზავრობის ტარიფი – 5 ლარი, ამ ეტაპზე დაწესდა, როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, გარდა თაგოს მაცხოვრებლებისა, რომლებიც მგზავრობის გადასახადისგან მთლიანად გავათავისუფლეთ. დავაკვირდებით როგორ იმუშავებს ახალი ტარიფი, რა შემოსავლები იქნება და გამორიცხული არაა ტარიფებს გადავხედოთ“.

რაც შეეხება ტვირთის გადატანას, მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ „აქ საუბარია ბარგზე, ასე ვთქვათ, თანმხლებ ტვირთზე და არა მაგალითად სამშენებლო მასალებზე. ეს სამგზავრო გზაა და არა სატვირთო. თაგოს მცხოვრებლები ბარგის გადასახადსაც აღარ გადაიხდიან.“

შესაბამისი დადგენილება ტარიფების გაზრდაზე ხულოს საკრებულომ 2022 წლის 30 აგვისტოს დაამტკიცა და ის 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. ამ დადგენილებით, „ხულო-თაგოს ბაგირგზას“ მიენიჭა უფლება, რომ „მგზავრებს დაწესებული ტარიფის გადახდა დააკისროს“.

„ხულო-თაგოს ბაგირგზის“ თანამშრომლები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს მცხოვრებლები და სოფლად დასაქმებულები გათავისუფლდნენ აღნიშნული ტარიფის გადახდისაგან“ – აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.

ბოლო დროს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინასაც და საბაგირომ მუშაობა აგვისტოს დასაწყისში განაახლა. ამ თემაზე: ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინას გაარემონტებენ

ხულო-თაგოს საბაგიროს რეაბილიტირებული კაბინა / ფოტო: ხულოს მერია

2021 წელს კი, ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველ სადგურს [დაბა ხულოში] ჩაუტარეს რეაბილიტაცია. ამ თემაზე: ხულო-თაგოს საბაგიროს სადგურის რეაბილიტაციაში 113 000 ლარი დაიხარჯება

ხულოს მერიის ინფორმაციით:

  • ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა.
  • საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.
  • საბაგირო პირველად 1985 წელს გაიხსნა.“

ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები – ვანო ნადირაძე

„როგორც ვარაუდობენ, ამ ორ დღეში 2 ათასი რუსი ტყვედ უნდა ჩავარდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე. ის სწორედ უკრაინის სამხრეთის ფრონტზე იბრძვის. მიმდინარე კვირაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდათ ხერსონის მიმართულებაზე. ნადირაძის თქმით, ძირითადი აქცენტი რუსული ლოჯისტიკის განადგურებაზეა მიმართული. უკრაინელები მნიშვნელოვან წინსვლას ელიან მომდევნო დღეებშიც.

  • ბატონო ვანო, ითქვა, რომ ამ კვირაში ხერსონთან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს უკრაინელებმა, რა არის იმ ამბებიდან რეალური, რასაც მედიიდან ვისმენთ და რა არა?

ტელევიზიებს მეც ვუსმენ ხოლმე და რაღაც ეტაპზე ეიფორია შექმნეს, თითქოს მთელი ხერსონი გათავისუფლდა რუსებისგან, მაგრამ ასე არ არის. რა თქმა უნდა, გვქონდა მნიშვნელოვანი წარმატება აღმოსავლეთ ხერსონის მიმართულებით და რამდენიმე სოფელი – ნოვა დმიტრიევკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო გაიწმინდა კიდეც რუსებისგან.

პირველი, რაც ამ კვირაში მოხდა, ეს იყო ლოჯისტიკის განადგურება რუსების ზურგში, რომ მომარაგება შეჩერებულიყო. განადგურდა ოთხი ხიდი, მათ შორის ანტონოვსკის და კახოვკისკენ მიმავალი ხიდი, რკინიგზის და საავტომობილო ხიდები.

ანტონოვსკის საავტომობილო ხიდზე ორი ფრთა იყო დარჩენილი და გუშინ ისინიც ჩამოიშალა. რუსები ცდილობდნენ სამხედრო ხიდების გაკეთებას, მაგრამ ვეღარ ახერხებენ.

პირველი ეტაპის მიზანი სწორედ ეს იყო – ლოჯისტიკის განადგურებით შეერბილებინათ რუსული ძალა.

  • რამდენკილომეტრიანი მონაკვეთის გარღვევა მოხერხდა ამ კვირაში ხერსონის მიმართულებაზე?

დაახლოებით, 10-კილომეტრიანი გარღვევაა. სუხოი სტავოკი, რომელიც გავათავისუფლეთ, ერთ-ერთი სტრატეგიული მონაკვეთი იყო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ნოვა კახოვკის მიმართულებას „ჰაიმარსების“ გარეშე, არტილერიით მივწვდომოდით. ამ მიმართულებაზე შეტევა ჯერ არ არის დასრულებული. კრასნოპოლიასთან ალყაში არიან რუსები და გასაქცევიც აღარ აქვთ. საიდანაც გარბიან, იქაც ძალიან ბევრ ტექნიკას ტოვებენ, ბევრიც ტყვედ აგვყავს.

მეორე ეტაპი არის ჩერნობაივკას გაწმენდა, რადგან ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტია – ეს უნდა ავიღოთ, რომ ქალაქ ხერსონს მივწვდეთ. ასე, რომ მეორე ეტაპის პირველი ნაწილი ჯერ არ დასრულებულა.

  • ხერსონში როგორია რუსების შესაძლებლობები, ჩერნობაივკას აღებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება?

ხერსონის მიმართულებაზე რუსებს ჰყავთ დაახლოებით 24 ტაქტიკური ბატალიონი, აქვთ ტანკები და სხვა ბრონირებული ტექნიკა. სადღაც 16-20 ათასამდე კაცი გამოდის მთლიანობაში, ამიტომ ასე ადვილი არ არის მათი გაყრა.

სანამ ხერსონამდე მივალთ, პატარ-პატარა ალყები ექნებათ რუსებს. თუმცა გამწარებული და გაბრაზებული რუსები მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ და ეს ეტაპებია გასავლელი.

ხერსონი გათავისუფლდება, ეს კონტრშეტევა დაწყებულია, ძალიან ჭკვიანური ტაქტიკური შეტევა მიდის, არათუ მომარაგება, უკან დასახევიც კი არ აქვთ რუსებს ამ ნაწილში. ამ კვირაში ძალიან ბევრი რუსი ტყვე ეყოლება უკრაინულ მხარეს, 2 ათასი რუსი მაინც ჩავარდება ტყვედ, ამის მოლოდინი მაქვს.

  • ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ 24 აგვისტოს რუსეთმა ახალი დანაყოფების გამოყვანა დაიწყო, რამდენად ეფექტური იქნება მათი მოქმედება, როგორ ფიქრობთ?

მეც მოვისმინე, რომ სადღაც 150 ათასი კაცის მობილიზებას აკეთებს რუსეთი. თუმცა ესენი არ არიან პროფესიონალი სამხედროები, მოხალისეთა ბატალიონია და ვფიქრობ, არაეფექტური იქნება, რადგან მათ მინიმუმ 6-თვიანი მომზადება მაინც დასჭირდებათ. ესენი ქუჩაში აყვანილი ხალხია, ზოგი ციხიდან არის გამოშვებული, ამათ რეკრუტირებას მინიმუმ 20 ათასი ინსტრუქტორი სჭირდება.

ასე, რომ მე არ აღვიქვამ მათ საშიშ ძალად, ეს არის სახორცე მასალა, რადგან აქედან 80 პროცენტი დეზერტირია.

  • დანაკარგი როგორი აქვს ორივე მხარეს?

ერთი ათზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ფაქტობრივად მოუმზადებელი ჯარი ჰყავთ რუსებს. თვითონ ოფიცერთა კადრებიც კი მოუმზადებელია და ვერ უმკლავდებიან დასავლურ საარტილერიო დანადგარებს.

  • ამ კვირაში უცხოური მედია წერდა, რომ უკრაინელებმა ფანერის „ჰაიმარსები“ გამოიყენეს, რასაც რუსებმა ბევრი რაკეტა მიახარჯეს, მართლა ასე იყო?

კი, იყო ასეთი ფაქტი. კარგი თვითშემოქმედება აქვთ უკრაინელებს, ხის „ჰაიმარსები“ გააკეთეს და ძალიან ბევრი რაკეტა დაახარჯვინეს რუსებს. ამ დროისთვის არც ერთი „ჰაიმარსი“ არ არის განადგურებული რუსების მიერ და ყველა მოქმედებაშია.

  • ყველაზე სუსტი წერტილი სად აქვთ რუსებს ამ კვირაში?

სუხოი სტავოკთან გარღვევა როცა მოხდა, იქ ჰქონდათ სისუსტე, თავის დროზე, როცა ბახმუტის მიმართულებაზე გადაიყვანეს ძირითადი ძალები, თუმცა ერთი მტკაველითაც კი ვერ წავიდნენ წინ. ეს „ჰაიმარსების“ დამსახურებაა, რადგან ლოჯისტიკა იქაც განადგურებულია.

ამას ემატება ისიც, რომ სამხრეთ უკრაინაში – მელიტოპოლში, ბერდიანსკში პარტიზანები ძალიან კარგად მუშაობენ და ზუსტ კოორდინატებს აწვდიან უკრაინულ დაზვერვას.

იყო ინფორმაცია, რომ ყირიმში აგროვებენ ჯარსო, მაგრამ რით უნდა გადმოიყვანონ ჯარი? მდინარე დნეპრს ვეღარ გადალახავენ, სადმე თუ რამე გადამალული საწყობები ჰქონდათ, ყველაფერი განადგურებულია. მელიტოპოლთან ახლოს სოფელ ოსიპოვში ჰქონდათ იარაღის ბაზა და გუშინწინ ისიც განადგურდა თავის საწყობიანად.

  • ბოლო პერიოდში რუსები ძალიან ხშირად ცვლიან გენერლებს, თუ აისახება ეს ცვლილება ომის სტრატეგიაზე?

ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები. როგორი ცვლილებაც არ უნდა მოახდინოს პუტინმა, ერთი უვიცი, კომუნისტურად გაზრდილი გენერლის მეორე უვიცით შეცვლა, შედეგს ვერ გამოიღებს.

უკრაინულ არმიაშიც იყო იგივე მმართველობა ადრე, თუმცა ახლა მაღალი რანგის ოფიცრები გადამზადდნენ და ნატოს შეიარაღება და თანამედროვე ტექნოლოგიები შველით. თუმცა აქაც ბევრი რამეა შესაცვლელი, მოსასპობია ბიუროკრატია.

  • ყირიმის ხიდზე რას გვეტყვით, ვნახეთ როგორ დაიბომბა ბაზები იქაც. ხიდთან დაკავშირებით რაიმეს უნდა ველოდეთ ახლო მომავალში?

ამ დაბომბვამ ის შეცვალა, რომ ყირიმშიც დაიწყო რუსული მოსახლეობის დემორალიზაცია, რუსებმა თავიანთი თვალით ნახეს, რა ადვილად შეიძლება დაიბომბოს მათი სამხედრო ბაზები.

ყირიმის ხიდის განადგურებას რაც შეეხება, დღეს ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან რუსებს ჯერჯერობით ვუტოვებთ გასაქცევს. სჯობს, გაიქცნენ.

  • წინა კვირას ერთი ქართველი კიდევ დაიღუპა, როგორ არიან სხვა მებრძოლები? ითქვა, რომ დაიჭრა რამდენიმე.

დაჭრილები არ არიან, კანტუზირებული არიან. თუმცა მათი მდგომარეობა არ არის მძიმე.

  • წინა კვირას ვიდეოში ამბობდით, რომ საქართველოში უკრაინელი კაცები თუ ნახეთ, პანჩური ამოარტყით და გამოუშვითო, რატომ თქვით ეს?

მე სადაც ვმუშაობ, იქ რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. როგორც ვიცით, 24 თებერვლის შემდეგ ბრძანებით აკრძალული აქვთ 18-60 წლის კაცებს ქვეყნის დატოვება. მხოლოდ მეზღვაურებს მისცეს ახლახან ამის უფლება.

მესმის, რომ ყველას არ შეუძლია ომი, მაგრამ არ არის აუცილებელი ავტომატი ეჭიროს ყველას ხელში, შეუძლიათ ზურგში იყვნენ და ვიღაცას წყალი მაინც მიაწოდონ, რაც შეუძლიათ, ის გააკეთონ.  ჩემი აზრით, ვინც ქვეყნიდან გარბის, ყველა დეზერტირია. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია დაწყებული.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი უკრაინელი დაბრუნდა უკან, ვინც ომამდე იყო გასული ქვეყნიდან. ძალიან ბევრია ასეთი ახალგაზრდა. რამდენი ქართველი დაიღუპა ამ ომში, სხვა უცხოელებიც იბრძვიან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ დროს, უკრაინელი კაცებიც აქ უნდა იყვნენ.

როგორც ვიცით, დღეს უნდა შექმნან რუსებმა 10-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზოლი, რომ იქ ექსპერტები შევიდნენ. ეს შეთანხმება მიღწეულია, რადგან სადგურის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს და შეიარაღება, ტექნიკა უნდა გავიდეს ატომური ელექტროსადგურიდან, რომ ექსპერტებს მუშაობის საშუალება მიეცეთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

85 წლის კაცის ათწლიანი ბრძოლა ბოსტნის დასაკანონებლად – სასამართლოს არ ნიშნავენ

85 წლის ლადო მჟავანაძე 6 თვეა ელის ბათუმში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძისგან საქმის ხელახლა განხილვას. საუბარია გონიოში 397 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომლის საკუთრების აღიარებაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წელს უარი უკვე თქვა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი, უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა.

საქმე ისაა, რომ ეს მიწა ლადო მჟავანაძეს, გონიოს ციტრუსის მეურნეობამ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადასცა სარგებლობაში. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია. ლადო მჟავანაძის ბრძოლაც ამ მიწის საკუთრებაში რეგისტრაციისთვის 2012 წლიდან დაიწყო.

„ლადო მჟავანაძე 1990 წლებიდან ითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, მას შშმ პირის სტატუსი აქვს და წლებია ელის მართლმსაჯულებას,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია ლადო მჟავანაძის და გონიოში მცხოვრები 100-მდე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავს.

„სხვა გონიოელებისგან განსხვავებით, ლადო მჟავანაძეს გააჩნდა ხელვაჩაურის მეურნეობის მიერ გაცემული ცნობა, რაც ადასტურებს, რომ გონიოს მკვიდრს გადაეცემა დამატებით მიწა საბოსტნედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მის განხილვაზე უარი თქვა ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიამ, შემდეგ კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმ მოტივით, რომ ეს მიწა უკვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

ფაქტია, რომ სახელმწიფო ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 500 მეტრით დაშორებულ მიწის ნაკვეთზე საინვესტიციო ინტერესს ხედავს, მაგრამ თუ არსებობს ეს ინტერესი, შესაძლებელია ამის დასაბუთება, მოქალაქისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა და ერთხელ და სამუდამოდ დავის დასრულება, მაგრამ კომისია ასე არ მოიქცა. გაუგებარი დარჩა თავის დროზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რადგან მან საერთოდ არ შეაფასა ის დოკუმენტი, რომლითაც ლადო მჟავანაძეს გონიოში თავისი ძირითადი საცხოვრებლის მიმდებარედ გადასცეს მიწის ნაკვეთი წლების წინ.

სააპელაციომ, ასევე უზენაესმა სასამართლოებმა კი გაიზიარეს ჩვენი არგუმენტი და თქვეს, რომ ის, რომ მიწის ნაკვეთი ახლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ეს არ უნდა განიხილებოდეს როგორც ბარიერი. მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადადის იმისთვის, რომ კარგი საინვესტიციო პირობით გასხვისდეს, განვითარების პირობა შეიქმნას და ასე შემდეგ და არა იმისთვის, რომ მოქალაქე დაიჩაგროს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეში ხაზი გაუსვა მოსამართლის როლს, გამოარკვიოს დეტალები.

„საქალაქო სასამართლო საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქმის წარმართვის ნამდვილი იურიდიული ინტერესი – რამდენადაც სარჩელის შეტანა ხდება დარღვეული უფლების აღსადგენად. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი პრინციპები იძლევა საშუალებას სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოარკვიოს მხარის რა უფლება დაირღვა, რა პროცესუალური გზითა თუ საშუალებით არის შესაძლებელი ამ უფლების დაცვა – მოსარჩელის კანონიერი უფლება დარღვეულია მიწის თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის უარით, საჯარო რეესტრის სამსახურების მიერ მიღებული უფლების რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებებით, თუ ორივე ორგანოს გადაწყვეტილებით,“ – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.

აღსანიშნავია ასევე, რომ ლადო მჟავანაძემ 250 კვადრატული მეტრი მიწა მიიღო მეურნეობისგან, ხოლო 397 კვადრატულ მეტრამდე მიწა მან თვითნებურად დაიკავა, რასაც იურისტის, ანა ბერძენიშვილის განმარტებით, ასევე აღიარებას ექვემდებარება.

უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2022 წლის 17 მარტს მიიღო.

„ბათუმელები“ გუშინ, 31 აგვისტოს წერდა მიწის საკუთრების აღიარების სხვა შემთხვევის შესახებ, როცა მოქალაქემ ორჯერ მოუგო სასამართლო პროცესი ბათუმის მერიას, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებას მერია არ ასრულებს:

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი პირველ ოქტომბერს განახლდება. სკოლის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, სამუშაოები ოქტომბრამდე დასრულდება.

„სწავლას პირველ ოქტომბერს ვიწყებთ. მე გავავრცელე ეს ინფორმაცია როგორც დახურულ ჯგუფებში, ასევე პედაგოგებში, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთ მშობლამდე ინფორმაცია არ მივიდა. სწავლა დისტანციურად არ იქნება“, – ამბობს დირექტორი.

მეორე საჯარო სკოლამ საკლასო ოთახში სწავლების პროცესი მარტის ბოლოს შეაჩერა და ბავშვებს დისტანციური ფორმატი შესთავაზა, რასაც მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, როგორც მაშინ დირექტორმა განაცხადა, მშობლების უკმაყოფილების გამო სკოლის სარემონტო სამუშაოებს ვერ გადადებდა.

მარიზა აბაშიძის თქმით, სკოლაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სკოლა სრულად უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგებით, ასევე შენობა უნდა გახდეს ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

დირექტორის თქმით, წელს მეორე საჯარო სკოლაში 203 პირველკლასელი ისწავლის.

როდის გაამხელს უკრაინის გენშტაბი სამხრეთში კონტრშეტევის დეტალებს

სამხედროები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ქვეყნის სამხრეთში დაწყებულ კონტრშეტევაზე და გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებზე ლაპარაკს, როდესაც თვითონაც და მოქალაქეებიც დაცულები იქნებიან მტრის თავდასხმებისგან – უთხრა ჟურნალისტებს სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა.

კითხვაზე, რომელი დასახლებული პუნქტები გაათავისუფლეს უკრაინელმა სამხედროებმა, გუმენიუკი პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია ახლა უსაფრთხოების მიზნით დახურულია, რადგან „ასეთი პუნქტები მერე ეგრევე მტრის ავიაციისა და არტილერიის სამიზნე ხდება“.

ნატალია გუმენიუკი განმარტავს, რომ დასახლებულ პუნქტებს გენშტაბი მხოლოდ მას შემდეგ დაასახელებს, რაც უკრაინის ძალები ამ ტერიტორიებს მტრისგან სრულად გაათავისუფლებენ და იმდენად წაიწევენ წინ, რომ ოკუპანტებისგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა შეძლონ.

მისი თქმით, ქვეყნის სამხრეთში უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ პოზიციურ ბრძოლებს, მაგრდებიან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე და ანადგურებენ მტრის მართვის პუნქტებს.

„ჩვენ კვლავაც ვანადგურებთ მტრის რეზერვებს. ვაკონტროლებთ სატრანსპორტო გზებს, რომლებითაც ისინი მარაგების შევსებას ცდილობენ. განვაგრძობთ მათი სამეთაურო პუნქტების, პირადი შემადგენლობის და ტექნიკის ბაზების განადგურებას,“ – აღინიშნა ნატალია გუმენიუკმა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 31 აგვისტოს სამხრეთის ფრონტზე რუსების ექვსი საბრძოლო საწყობი გაანადგურეს.

29 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს.

როგორც უკრაინული მედია წერდა, უკრაინის არმიამ უკან დაახევინა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის 109-ე პოლკს და რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც საბრძოლო პოზიციები მიატოვეს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 31 აგვისტოს რელიზში აღნიშნავდა, რომ უკრაინულმა ფორმირებებმა მოხერხებულად გამოიყენეს რუსეთის დაცვის სუსტი ადგილები და ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას, გარკვეულ მანძილზე გადაწიეს უკან.

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანს ეყრდნობა, უკრაინის ძალებმა სამხრეთში, ხერსონთან ახლოს, ოთხი სოფელი გაათავისუფლეს.

4 სექტემბერს აგრილდება, მანამდე კი ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი.

4 სექტემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი აჭარის ფინანსთა სამინისტროში დაასაქმეს

მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა. ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

მირიან მეტრეველი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში მთავარი არქიტექტორი იყო. მან გუშინ, 31 აგვისტოს, „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან არ წასულა ვინმესთან დაპირისპირების გამო და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

მირიან მეტრეველმა „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურა, რომ სუს-მა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა პროექტებს უკავშირდება ეს.

ამავე თემაზე: 

სუსმა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო

 

 

როგორ იქცა გეოგრაფიის მასწავლებელი ჯარისკაცად

გეოგრაფიის მასწავლებელი ივან ფასტოვი დღეს, პირველ სექტემბერს, უკრაინაში სასწავლო წლის დაწყებას ომში შეხვდა. მასწავლებელი, რომელიც ლისიჩანსკის ლიცეუმში ასწავლიდა 24 თებერვლამდე, ახლა დონეცკში იბრძვის.

ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, მასწავლებელი, რომელიც ამჟამად ჯარისკაცია, გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ავტორია. სწორედ ამ პროგრამით სწავლობენ ახლა უკრაინაში გეოგრაფიას. ფასტოვს ასევე მიღებული აქვს   ლუგანსკის საუკეთესო მასწავლებლის პრიზი.

გეოგრაფიის მასწავლებელი ომამდე

ლუგანსკის ადმინისტრაცია წერს, რომ 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ივან ფასტოვი სროლისგან შეშინებულმა ცოლმა გააღვიძა. ივანმა, რომელიც მერვე კლასის დამრიგებელი იყო, მოსწავლეებს ჩეთში მისწერა, რომ დღეს გაკვეთილები არ ჩაუტარდებოდათ და დაიწყო გზების ძებნა, როგორ შეიძლებოდა მოხალისედ წასვლა ომში.

მისი თქმით, მაშინ სამყარო მისთვის ორ, შავ-თეთრ ფერად გაიყო – უკრაინის დამცველებად და მტრებად. რამდენიმე დღეში, სხვა მოხალისეებთან ერთად, ისწავლა იარაღის გამოყენება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა.

ამ სიტუაციაში სეპარატისტული ლუგანსკის რესპუბლიკის მედიაში ანონიმური წერილი გამოჩნდა მასზე, სადაც „ბანდერას“ და „ლუგანსკის პატარა ქვეყნის“ „პირად მტრად“ მოიხსენიებდნენ.

გეოგრაფიის მასწავლებელი, სხვა მოხალისეებთან ერთად, მალე რუბეჟნიში გაგზავნეს, სადაც მძიმე ბრძოლები მიდიოდა.

ახლა ფასტოვი დონეცკში იბრძვის.

ივან ფასტოვი

„ომი თითქმის 190 დღეა გრძელდება. კი, ჩვენ ვიღლებით, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა და თავისუფლებისკენ ლტოლვა გვაიძულებს ფორმაში ვიყოთ. ჩვენი მტერი კარგავს ძალას ისე, რომ ვერ იღებს მორალურ მხარდაჭერას და არ ესმის ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი“.

ივანი ამბობს, რომ ყველაზე მეტად სახლი და შინაური ცხოველები ენატრება, რომლებიც, იძულებული გახდა, ლისიჩანსკში დაეტოვებინა.

„მისი გეგმები კონკრეტულია“ – წერს ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია, – „ომში გამარჯვება, ლისიჩანსკის გათავისუფლება, სკოლის აღდგენა და გეოგრაფიის სწავლება მშობლიურ ქალაქში“.

 

სარდინიაზე პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს 11 ვილა დაუყადაღეს – იტალიური მედია

იტალიის ხელისუფლებამ ადმინისტრაციული წესით დააყადაღა სარდინიაზე მდებარე 11 ვილა, რომლებიც რუს ოლიგარქს ვიაჩესლავ მოშე კანტორს ეკუთვნის.

როგორც Европейская правда წერს, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა L’Unione Sarda იუწყება.

68 წლის კანტორი აპრილში ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქცირებულ ბიზნესმენთა სიაში მოხვდა. ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.

მოშე კანტორი მსოფლიოს უმსხვილესი მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიის – „აკრონის“ ძირითადი მფლობელი იყო, თუმცა სანქციების შემდეგ თავისი წილი მან მართვაში მენეჯმენტს გადასცა.

კანტორის ქონება Forbes-ის მიერ $13 მილიარდადაა შეფასებული.

სწორედ სანქციების გამო გადაწყვიტა იტალიის ხელისუფლებამ 11 ვილის დაყადაღება პორტო-როტონდოში. ვილების ნაწილი პირდაპირ კანტორზე, ნაწილი კი მასთან დაკავშირებულ პირებზეა რეგისტრირებული.

დაყადაღებულ ქონებას შორისაა ვილები, რომლებიც რუსმა ბიზნესმენმა იტალიის ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის დედისა და ძმისგან შეიძინა.

იტალიური გამოცემა წერს, რომ როდესაც სამართალდამცველები რეზიდენციებში მივიდნენ, ერთ-ერთში მათი ყურადღება იქ მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა მიიქციეს. როგორც გაირკვა, მათ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დატოვეს უკრაინა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ კანტორის მეუღლე უკრაინული წარმოშობისაა.

2013 წელს ვიაჩესლავ მოშე კანტორი იტალიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ, დიდი ჯვრის კავალერის ორდენით დააჯილდოვა „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“.

მთავარ ფოტოზე: ვიაჩესლავ მოშე კანტორი ვლადიმერ პუტინთან ერთად

თქვენ ბავშვობის ნაწილი მოგპარეს, მაგრამ თავისუფალი ხართ – ზელენსკის მიმართვა ბავშვებს

დღეს, პირველ სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ ბავშვებს მიმართა.

„ამ სასწავლო წელს ყველა სხვადასხვანაირად იწყებს. ვიღაც სახლიდან შორს – უკრაინის სხვა რეგიონებში, ვიღაც – სხვა ქვეყანაში, ვიღაც – დისტანციურად, ონლაინ ფორმატში. ვიღაც მშობლიურ სკოლაში ან უნივერსიტეტში, მაგრამ მშვიდად – არა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლება გაგრძელდეს,“ – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.

მისი თქმით, ამ ზაფხულს არავის ჰქონია ზაფხული და დრო თითქოს „ზამთრიდან ზამთრამდე“ გავიდა.

„სათამაშო მოედნების ნაცვლად სარდაფებში გვიწევდა ყოფნა, ფეხბურთის თამაშის ნაცვლად – უფროსებთან დარჩენა და ბევრი ტრაგიკული ამბის მოსმენა. მაგრამ თქვენ იყავით მამაცნი და თქვენ გააკეთეთ არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ. თქვენ ბავშვობის, სიყმაწვილის ნაწილი მოგპარეს, მაგრამ თქვენ თავისუფალი ხართ,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ირპინის სკოლაში

დღეს, პირველ სექტემბერს, უკრაინაში სკოლებში სწავლა დაიწყო. ზელენსკი ომში ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქალაქში ირპენში ჩავიდა და ომის შედეგად დაზიანებულ სკოლაში მივიდა, რომლის აღდგენაც წელსვე მოხერხდა.

რუსებმა აესს-ის მისიის მარშრუტს ცეცხლი გაუხსნეს – პოდოლიაკი

რუსეთი დემონსტრაციულად უხსნის ცეცხლს ქალაქ ენერგოდარს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ოფიციალურ მარშრუტს, რათა შემდეგ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

„დანგრეულია სახლები. ეს არის შემოწმებისადმი რუსეთის ნამდვილი „ინტერესის“ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რა ჭეშმარიტი წონა აქვს რუსეთის „გარანტიებს“ ნებისმიერი შუამავლისთვის“, – წერს პოდოლიაკი.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, პირველ სექტემბერს, რუსებმა არტილერიიდან გაუხსნეს ცეცხლი აესს-ის შეთანხმებულ მარშრუტს ზაპოროჟიედან ატომურ ელექტროსადგურამდე.

დღესვე კომპანია „ენერგოდარმა“ განაცხადა, რომ გამთენიის 4:57 წუთზე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანზე ტყვიამფრქვევიდან მორიგი შეტევის შემდეგ, ავარიული სისტემა ამუშავდა და გამოირთო მე-5 ენერგობლოკი.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ენერგოდარის თავზე გამოჩენილმა რუსულმა ვერტმფრენებმა საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14-კაციანი მისია, რომელსაც მისი დირექტორი რაფაელ მირიანო გროსი ხელმძღვანელობს, ვითარების მიუხედავად, უკვე გაემგზავრა ზაპოროჟიედან ენერგოდარში. გროსიმ განაცხადა, რომ რაიონში „გაძლიერებული სამხედრო აქტივობის მიუხედავად“ დაგეგმილი მისია გაგრძელდება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავეს. რუსეთი, არაერთი მოთხოვნისა და მოწოდების მიუხედავად, დღემდე უარს ამბობს, სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე.

მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა – სეს-ის განმარტება

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ [წესი] დაამტკიცა, რომელიც ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის.

ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.

„ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

სააგენტოს განმარტებით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი  2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს დირექტივის შესაბამისად მომზადდა.

[toggle title=”ღორების დაცვის ზოგადი მოთხოვნების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

„ზოგადი მოთხოვნები

1. ამ წესის მიზნებისთვის, „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის შესაბამისი მოთხოვნების გარდა, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური;

ბ) ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი;

გ) ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ:

გ.ა) ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად;

გ.ბ) დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება;

გ.გ) სხვა ღორების დანახვის საშუალება; თუმცა, მოსალოდნელ მშობიარობის დრომდე ერთი კვირით ადრე და მშობიარობის დროს, ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება, მოსცილდნენ კონსპეციფიკურ (იმავე სახეობას მიკუთვნებულ) ორგანიზმთა მხედველობის არეს;

დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიუხედავად, ღორებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მასალაზე (როგორიცაა: ჩალა, თივა, ხე, ნახერხი, სოკოს კომპოსტი, ტორფი ან მათი ნაზავი, რომელიც არ აყენებს ზიანს  ცხოველთა ჯანმრთელობას), რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ძიებისა და მანიპულაციებთან დაკავშირებული აქტივობები;

ე) იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი;

ვ) ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს;

ზ) ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე;

თ)  ყველა პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ჩარევას (რომელიც განხორციელდება თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნების გარდა ან ღორების იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით) და იწვევს სხეულის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანებას ან დაკარგვას ან ძვლის სტრუქტურის შეცვლას, აკრძალულია, გარდა შემდეგი პროცედურებისა:

თ.ა) ძუძუთა გოჭის კუთხოვანა კბილების ერთგვაროვანი შემცირება ზედაპირის მოხერხვით/გაპრიალებით ან მოჭრით არაუგვიანეს მისი სიცოცხლის მეშვიდე დღისა, იმ პირობით, რომ მას დარჩება კბილი დაუზიანებელი (ჯანმრთელი) გლუვი ზედაპირით; კერატი მწარმოებლის ეშვი, საჭიროებისას, შეიძლება, შემცირდეს სიგრძეში, სხვა ცხოველების დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო;

თ.ბ) კუდის მთლიანი ან ნაწილობრივი მოშორება;

თ.გ) მამრი ღორის კასტრაცია ქსოვილების მოწყვეტის გარდა სხვა საშუალებებით;

თ.დ) ცხვირის ზარის ტარება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველები ინახებიან მეღორეობის გარე შენახვის სისტემაში და შესაბამისობაშია  კანონმდებლობასთან.

2. დაუშვებელია კუდის ფიქსაციისა და კუთხოვანა კბილების შემცირების რუტინული განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანებები აქვს ნეზვის ძუძუს ან სხვა ღორის ყურებს ან კუდს. ამ პროცედურების ჩატარებამდე უნდა იქნეს მიღებული სხვა ზომები კუდის დაკბენისა და სხვა მანკიერებების თავიდან ასაცილებლად, გარემოსა და კოლტის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამ მიზეზით უნდა შეიცვალოს არაადეკვატური გარემო პირობები ან მართვის სისტემები.

3. ამ ნაწილის პირველ და მე-2 პუნქტებში აღწერილი ნებისმიერი პროცედურა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ვეტერინარის ან იმ პირის მიერ, რომელიც კომპეტენტურია ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად და გამოცდილია/ფლობს შესაბამის ტექნიკას შესაბამისი საშუალებების გამოყენებით და იცავს ჰიგიენურ პირობებს. თუ კუდის დამაგრება ან კასტრაცია ხდება სიცოცხლის მეშვიდე დღის შემდეგ, ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ ანესთეზიით და დამატებითი ხანგრძლივი ანალგეზიით ვეტერინარის მიერ.“

წყარო: „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“

[/toggle]

 

2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება ასევე ხბოს დაცვის წესიც, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

სურსათის ეროვნული სააგენტო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ დამატებით განმარტებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რეგლამენტის მიღება ევროკავშირთან დაახლოების ნაწილია: რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულაცია ხბოებზე – სეს-ის განმარტება

„ასევე 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

 

ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა

პირველი სექტემბრიდან ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით უფასოდ მგზავრობა, ზოგიერთი საქალაქთაშორისო მატარებლით კი – ფასდაკლებით, შეუძლია ყველას, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი სექტემბრიდან შემოღებული ეს შეღავათი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე და შესაძლოა, მომავალ წელსაც დარჩეს ძალაში.

აღნიშნული ინიციატივის დასაფინანსებლად ესპანეთის მთავრობამ ბიუჯეტიდან 200 მილიონი ევრო გამოყო.

უფასო მგზავრობის სქემა ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ქსელ RENFE-ს.

უფასო სამგზავრო აბონემენტის მისაღებად საჭიროა დეპოზიტის – 10 ან 20 ევროს გადახდა, თუმცა ეს თანხა უკან უბრუნდება მგზავრს 16-ჯერ ან მეტჯერ მგზავრობის შემთხვევაში.

ესპანეთის მთავრობის ცნობით, უფასო მგზავრობა არის გეგმის ნაწილი უკრაინის ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ და ინფლაციასთან საბრძოლველად და, ასევე, მიზნად ისახავს მოსახლეობის წახალისებას, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირადი ტრანსპორტის ნაცვლად და ამით შეამცირონ გარემოს დაბინძურება და ენერგიის ხარჯვა.

უფასო სამგზავრო ბილეთი QR კოდის სახით შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ ან პლასტიკური ბარათის სახით მატარებლის სადგურებზე, ეს პროცესი 24 აგვისტოს დაიწყო.

რა პირობებითაა შესაძლებელი უფასოდ და ფასდაკლებით მგზავრობა ესპანეთში, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

_________________

ფოტო: RENFE/facebook

Exit mobile version