მთავარი,სიახლეები

კანონიერია თუ არა ლიფტში თვალთვალი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის განმარტება

06.09.2022 • 1313
კანონიერია თუ არა ლიფტში თვალთვალი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის განმარტება

ვიდეოსათვალთვალო კამერების კორპუსების შესასვლელებში, ასევე ლიფტებში დამონტაჟება უკვე ტენდენციად იქცა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამას მესაკუთრეების თანხმობის გარეშე აკეთებენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ადამიანებს უკანონოდ უსმენენ კიდეც. ზოგჯერ სადარბაზოსა თუ ლიფტში ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, მათ შორის, პირადი საუბარი ინტერნეტსივრცეშიც ხვდება.

„აუდიო მონიტორინგი ძირითადად წარმოადგენს დარღვევას, როცა საცხოვრებელ შენობებზეა საუბარი, თუმცა მაინც ინდივიდუალურად უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა,“ – ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჯაველიძე. მას ვესაუბრეთ საცხოვრებელ კორპუსებში საერთო სივრცეების ვიდეოთვალთვალზე, მათ შორის, შემთხვევაზე, როცა ლიფტში გიყურებენ და შენს პირად საუბარსაც ისმენენ.

იურისტი განმარტავს, რომ ყველაფერი კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ ადამიანებზეა დამოკიდებულია. პირველ რიგში, მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ საერთო სარგებლობის სივრცეებში – შესასვლელები, კიბე, ლიფტი და ასე შემდეგ – ვიდეო სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს, აუდიო ჩაწერას კი, კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი, ანუ შესაბამისი დასაბუთება სჭირდება – რატომ შეიძლება იყოს გამართლებული აუდიომონიტორინგი, თუკი ვიდეოკამერა ლიფტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაა დამონტაჟებული?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, უმეტესად ამხანაგობები ვერ ასაბუთებენ, რატომ იწერენ ხმასაც ვიდეოკამერები.

„ჩვენი პრაქტიკის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში აუდიო მონიტორინგი არის შეფასებული დარღვევად, რადგან ამის საჭიროებას ვერ ასაბუთებენ,“ – გვიყვება იურისტი არჩილ ჯაველიძე. – „ძირითადად გვპასუხობენ ხოლმე, რომ კამერას აქვს აუდიო ფუნქციაც და ამიტომ იწერენ, ან ზოგადად საჭიროდ ჩათვალეს და ხმასაც ამიტომ იწერენ. ეს არაა არგუმენტი.

ზოგადად, კამერის განთავსების მიზანი უნდა გამომდინარეობდეს იქ მცხოვრებთა და ქონების უსაფრთხოების მიზნებიდან. დაუშვებელია, როდესაც, მაგალითად, მეზობლების გადაადგილების მონიტორინგისთვის იყენებ ამას,“ – ამბობს ის.

არჩილ ჯაველიძე განსაკუთრებით იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ შესაძლოა ბინაში მესაკუთრეთა ნახევარზე მეტი ვიდეოსთან ერთად აუდიო მონიტორინგზეც აცხადებს თანხმობას, მაგრამ „ეს ჩაწერა არ ემსახურებოდეს რაიმე ლეგიტიმურ მიზანს. ამ შემთხვევაშიც აუდიოჩაწერა უკანონო,“ – ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჯაველიძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

„თითოეულ კამერასთან, რომელიც შეიძლება იყოს განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის საერთო სივრცეებში, უნდა იყოს ნათლად ახსნილი, რომ ვიდეოსთან ერთად ხორციელდება აუდიომონიტორინგი. ამის შესახებ ცნობილი უნდა იყოს, როგორც კორპუსში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის, ისე იმ პირისთვის, ვინც საცხოვრებელ კორპუსში მოხვდება,“ – დასძინა არჩილ ჯაველიძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ამ უწყებას ხშირად საცხოვრებელი კორპუსებიდან მაშინ მიმართავენ, როცა მათ სურთ ზოგადად ვიდეომონიტორინგი, მაგალითად, შესავლელ-გამოსასვლელებში, მაგრამ არ სურთ ლიფტებში.

„უმრავლეს შემთხვევაში, დგინდება დარღვევა, რადგან არ არსებობს ბინის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა,“ – უთხრა არჩილ ჯაველიძემ „ბათუმელებს“.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანმხობის გარეშე მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომელიც შესაძლოა იყოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. თუკი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ამ დროს ხედავს დანაშაულის ნიშნებსაც, მაგალითად, კონკრეტული პირი ვიდეოკამერებიდან უსმენს პირად საუბარს, ან სხვა ფაქტს, რომელიც არ ემსახურება უსაფრთხოების მიზანს, ან დასაბუთებულად ავრცელებენ ჩანაწერს – მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ვიდეო და აუდიო-მონიტორინგით მოპოვებული მონაცემების დამუშავება, ან გავრცელება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ვიდეოკამერების ჩანაწერის გამჟღვანებისთვის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს უშუალოდ მონაცემთა სუბიქეტის თანხმობა, ან იმ პირის, რომელიც უშუალოდ ფიქსირდება ვიდეო ჩანაწერში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ახსნით, სქემა მარტივია: მესაკუთრეთა უმრავლესობის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეირჩეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი [შესაძლოა, ეს არ იყოს ამხანაგობის თავმჯდომარე], ვის მოწყობილობაშიც შეგროვდება და შეინახება ვიდეო სათვალთვალო კამერებით მოპოვებული მონაცემები.

„ამხანაგობამ უნდა შეათანხმოს უსაფრთხოების წესები. შესაძლებელია იყოს განსაზღვრული რამდენიმე პირიც, მაგრამ თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს პაროლი, რადგან თუ, მაგალითად, მონაცემი მესამე პირის ხელში მოხვდება და გავრცელდება რაიმე ფორმით, დადგინდეს: ვის ჰქონდა ამ დროს წვდომა მონაცემებზე,“ – განმარტავს არჩილ ჯაველიძე.

კანონში არაა და ვერც იქნება კონკრეტულად გაწერილი: რა შემთხვევაში შეიძლება ნახოს კონკრეტულმა პირმა, რომელსაც ამხანაგობამ მონაცემებზე წვდომის უფლება მიანიჭა, ჩანაწერები, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ კეთილსინდისიერების შემთხვევაში, ეს მარტივად გასაგებია:

„წვდომა უნდა იყოს მიზნობრიობით განპირობებული. შესაძლოა, ამ პირმა 24 საათიც კი უყუროს ვიდეოკამერის ჩანაწერს, მაგრამ უნდა დაასაბუთოს: რატომ არის ეს საჭირო? უსაფრთხოების რა მიზნის შესრულებას ემსახურება ეს?

წვდომა გულისხმობს იმას, რომ როცა რაღაც ზიანდება, ან ვინმე გაქურდეს, რაღაც დაზიანდა და ასე შემდეგ, ნახო ჩანაწერი. შესაძლოა, ასევე ჩანაწერი გადასცე საგამოძიებო ორგანოს, ცხადია, კანონიერი მიზნებისთვის,“ – აღნიშნა არჩილ ჯაველიძემ „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი