„თბილისიდან დაფინანსება წელს BIAFF-ს არ ჰქონდა“ – ამ არგუმენტით სცადეს თავის მართლება ბათუმის მერიასა და აჭარის კულტურის სამინისტროში, სადაც დღეს, 5 სექტემბერს ვიკითხეთ: რატომ არ დააფინანსეს წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი?
BIAFF წელს მეჩვიდმეტედ იმართება. კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გასული 16 წელი ბათუმის მერია იყო. ეს პირველი წელია, როცა კინოფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერია არ არის.
კინოფესტივალის დაფინანსებაზე წელს უარი თქვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა კინოცენტრმაც, სადაც დღეს „ბათუმელების“ კითხვას, რა მოტივაციით უთხრეს უარი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კინოფესტივალს დაფინანსებაზე, არ უპასუხეს.
მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ბათუმის კინოფესტივალი წელს მაინც გაიმართება, თუმცა, ამჯერად მხოლოდ საელჩოებისა და რამდენიმე პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით. ამ დროისთვის ფესტივალისთვის ორგანიზატორებმა დაახლოებით 110 ათასი ლარის შეგროვება შეძლეს. იგეგმება ფესტივალისთვის თანხის შეგროვების მხარდამჭერი კამპანიაც სლოგანით -„ერთად ჩავატაროთ BIAFF“.
რატომ გადაწყვიტა ერთდროულად ყველა სახელმწიფო უწყებამ ბათუმის კინოფესტივალისთვის დაფინანსებაზე უარის თქმა, როცა ყველა ამ უწყებაში იციან, რომ ბათუმის კინოფესტივალს არც მაყურებლები აკლია, არც საინტერესო პროგრამა თუ ცნობილი სახეების სტუმრობა და კინოფესტივალი ყოველწლიურად, სექტემბრის მიწურულს, ფაქტობრივად ასრულებს ზაფხულის ტურისტულ სეზონს?!
აჭარის კულტურის სამინისტროში თქვეს, რომ„სხვა ნიუანსია“, როცა ტენდერების და კონკურსის გარეშე გამოუყვეს, მაგალითად, „პრაიმ შოუ სტუდიას“ 73 ათასი ლარი რამდენიმე დღის წინ, ხოლო ბათუმის მერიაში პრაქტიკულად მინიმუმ კორუფციის რისკი დაუშვეს, როცა დაგვიდასტურეს, რომ საფესტივალო განაცხადების მიღების დასრულებამდე BIAFF-ის მენეჯმენტს უთხრეს, რომ „ბიუჯეტი ამოიწურა“.
„თვითონ BIAFF-ს ბევრი კითხვის ნიშანი ჰქონდა და ჩვენ არ დაგვესიზმრებოდა, რას გააკეთებდნენ. თბილისიდან დაფინანსება და კულტურის ცენტრიდან BIAFF-ს არ ჰქონდა. როცა თანადაფინანსება არ აქვს პროექტს, ეს პრობლემაა… დააგვიანეს შემოტანა.
ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავდით განაცხადებს და ეტაპობრივად დაფინანსდა სხვადასხვა ფესტივალი… როცა შემოიტანეს განაცხადი, ბიუჯეტი უკვე ამოწურული იყო,“ – გვითხრა სოფო ხალვაშმა, ბათუმის მერის მოადგილემ.
ბათუმის მერიამ ფესტივალების დაფინანსებაზე კონკურსის 2022 წლის 22 ივლისს გამოაცხადა და განაცხადების მიღების შესაძლებლობა აგვისტოს დასრულებამდე დატოვა. BIAFF-მა საპროექტო განაცხადი ბათუმის მერიაში 3 აგვისტოს შეიტანა.
სოფო ხალვაშმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საკონკურსო განაცხადების მიღება მართლაც აგვისტოს ბოლომდე იყო და BIAFF-ს პროექტის შეტანა არ დაუგვიანია, თუმცა ამ მოცემულობაში ბათუმის მერის მოადგილეს არ ესმის: რატომ შეიძლება საქმე გვქონდეს კორუფციის რისკთან და უსამართლო მიდგომასთან, მაშინ როცა კომისია განაცხადების მიღების დასრულებამდე განიხილავს განაცხადებს და აფინანსებს, ხოლო სხვა განმცხადებლებს, რომლებსაც ვადები არ დაურღვევიათ, ცარიელ ბიუჯეტს ახვედრებს?
„კორუფციის სქემა როგორ არის, რას მელაპარაკებით? გამოდის, გავაჩეროთ უნდა ფესტივალები და აღარ ჩავატაროთ?… წელს საკრებულო ვერ შეიკრიბა დროულად და ამიტომ დაგვიანდა კონკურსის გამოცხადება,“ – აღნიშნა სოფო ხალვაშმა „ბათუმელებთან“. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო წელს დროულად ვერ შეიკრიბა, დაგვიანდა კონკურსის გამოცხადება და თუკი ყველა განაცხადის მიღების დასრულებას დაელოდებოდნენ, მაშინ სხვა ფესტივალები ვეღარ ჩატარდებოდა.
„ბევრი ფესტივალი დაფინანსდა წელს… ეტაპობრივად ხდება განხილვა, როცა შემოდის განსაზღვრული რაოდენობა, კომისია ვალდებულია, რომ ეს განიხილოს,“ – თქვა სოფო ხალვაშმა.
რა არგუმენტით არის ეს სამართლიანი მიდგომა?
„კარგი ღონისძიებები როცა ტარდება ქალაქში, გიხარიათ?!“ – კითხვა შემოგვიბრუნა სოფო ხალვაშმა. მან ასევე დასძინა, რომ შესაძლებელია ბათუმის ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე BIAFF-ის დაფინანსება მოხერხდეს, რასაც საკრებულოს გადაწყვეტილება დასჭირდება.
ბათუმის მერიამ წელს საფესტივალო პროგრამის ფარგლებში სულ 11 ფესტივალი დააფინანსა, მათ შორის, მაგალითად: ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. სექტემბრის ბოლოს დაიწყება შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია“, ნოემბერში ჩატარდება საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“, ასევე, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი „Lemon 2022“.
„მოდით, ნუ ჩავიციკლებით ამ „პრაიმ შოუთი“, – ეს აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, კაკო ძნელაძის რეაქციაა. მას ვკითხეთ, რა არგუმენტით არ დააფინანსა წელს სამინისტრომ ბათუმის კინოფესტივალი, როცა რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სეზონის გახანგრძლივება გადაწყვიტა და აჭარის კულტურის სამინისტრომ მმართველ პოლიტიკურ გუნდთან დაახლოებულ„პრაიმ შოუს“ ერთდღიანი კონცერტისთვის გამოუყო 73 ათასი ლარი?
„ეს სხვა თემაა, პარალელი არ არსებობს თავისუფალ პროექტებსა და ფესტივალის კონკურსთან, თქვენ ახლა ჩაიხვიეთ და მეც ჩავიხვიე, რომ ფესტივალების კონკურსში, რაშიც ჰქონდა პროექტი წარმოდგენილი BIAFF-ს, არ ჰქონდათ დოკუმენტაცია სრულად,“ – აღნიშნა კაკო ძნელაძემ და განმარტა, რომ გაზაფხულზე, როცა სამინისტროს საფესტივალო პროგრამების კონკურსი ჰქონდა, კინოფესტივალის დამფინანსებელი მხოლოდ საფრანგეთის საელჩო იყო – 2 ათასი ევროთი.
კაკო ძნელაძეს არ მოერიდა ეთქვა, რომ მისთვისაც სანდო BIAFF-ს იმიტომ არ მისცა აჭარის კულტურის სამინისტრომ დაფინანსება, რომ ფესტივალს სხვა სახელმწიფო უწყებებმაც გამოუხურეს კარი.
„არსაიდან არ ჰქონდათ დაფინანსება, არც ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც კულტურის სამინისტროდან, არც კინოცენტრიდან… ჩვენგან ითხოვდნენ დაახლოებით 60 ათას ლარს და მთლიანად ფესტივალს სჭირდება დაახლოებით 300 ათასი ლარი… ასე ვერ მოხერხდებოდა სრულყოფილი ფესტივალის ჩატარება, ამას მოჰყვებოდა აუდიტი…
მე პრაიმ შოუზე არ ვსაუბრობ, ეს სხვა თემაა“ – გვითხრა მან, თუმცა ვერ განმარტა, რატომ არის ეს „სხვა თემა“?
BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროექტის წარდგენა და განხილვა მუშა პროცესია, შესაბამისად, ის, რომ ყველა დაფინანსების წყარო კინოფესტივალს იმ დროისთვის არ ჰქონდა, არგუმენტი ვერ იქნება შემდეგი მიზეზის გამო:
„იმ პერიოდში, როცა ჩვენ აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს მივმართეთ, რამდენიმე საელჩოს დაფინანსება ჩადებული გვქონდა [ფესტივალის პროექტში] წინა წლების მსგავსად და ახალი თანადაფინანსებების შესახებაც მივწერდით, როცა ეს დაზუსტდებოდა. ეს წინა წლებშიც ასე იყო.
ეს მუშა პროცესია და ზოგჯერ კონკრეტული დროისთვის ვერ ადასტურებ იმას, რომ თანადაფინანსების სხვა წყაროებიც არსებობს. მაგალითად, ბათუმის მერია ფესტივალის პარტნიორია, მაგრამ ჩვენ მუდმივად დაფინანსებას ვიღებდით მერიიდან კონკურსის წესით. აჭარის კულტურის სამინისტროს როცა მივმართეთ, მაშინ მერიას კონკურსი გამოცხადებულიც არ ჰქონდა. ვიდრე კონკურსი რეალურად არ ჩატარდება და არ დაზუსტდება ის, რომ ფესტივალს აფინანსებენ, წინმსწრებად დოკუმენტს ხომ ვერ წარადგენ?“ – გვითხრა მან.
„ეს ლოგიკურიც იყო, რომ ასე მოხდებოდა, თუ შევხედავთ ერთიან სურათს,“ – არ უკვირს სახელმწიფო უწყებების მიდგომა ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, კინომცოდნე თეო ხატიაშვილს. ის დარწმუნებულია, რომ BIAFF-ის მიმართ სახელმწიფო უწყებების მიდგომა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ფინანსდება პარტიული ნიშნით და მიკუთვნებებით გამორჩეული პროექტები. გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური ერთგულების და მორჩილების მიხედვით. ეს ერთი დეტალია უკვე სრულიად ქაოსურ, აბსურდულ და ანტისახელმწიფოებრივ მდგომარეობაში, რომელიც მისხალ-მისხალ ყველა სფეროს ანგრევს,“ – მიიჩნევს თეო ხატიაშვილი და განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას BIAFF-ის მნიშვნელობაზე ბათუმისთვის.
„ცენტრიდან გარეთ უკვე არსებობს ასეთი სტრუქტურა ამდენწლიანი გამოცდილებით და ხელს კი არ უწყობ და ავითარებ, პირიქით, კლავ ფაქტობრივად,“ – აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.
რა არის კულტურის სამინისტროს მოთხოვნები? რა შემთხვევაში მიიღებდა დააფინანსებდა BIAFF-ი?
„ერთადერთი მოქმედება იყო საჭირო BIAFF-ის ორგანიზატორებისგან – პარტიული აქტივიზმი, თანაც ნეიტრალური პოზიცია არ არის საკმარისი, ერთგული ადამიანი უნდა იყო, რომ იქიდან გადმოგიგდონ „სატყუარა“.
ეს ხელისუფლება გარდა იმისა, რომ გამოირჩევა არაფრის კეთებით, კულტურის სამინისტრო სკრუპულოზურად აკვირდება ადამიანის პოლიტიკურ განწყობებს. ამ შემთხვევაში BIAFF-ის წლევანდელ სეზონზე დაგეგმილია უკრაინის თემატიკის ფილმების ჩვენებაც და ეს ცალკე სექციაა. ჩვენთან ხომ ეს უკრაინის მიმართ სოლიდარობაც ანტიოცნებისტურად აღიქმება იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება თითქოს ბრაზდება, როცა მას უკრაინის საკითხზე აკრიტიკებენ და ამავდროულად უკან იხევს, ან ჩუმდება, ან პირდაპირ პრორუსულ გადაწყვეტილებებს იღებს,“ – გვითხრა თეო ხატიაშვილმა.
ამ თემაზე:
BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან