განათლება,მთავარი,სიახლეები

გადარჩენაზე და არა განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტები – რას შეცვლის ახალი სტრატეგია

07.09.2022 • 1273
გადარჩენაზე და არა განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტები – რას შეცვლის ახალი სტრატეგია

„უმაღლესი განათლების პრობლემა არის ის, რომ სტუდენტს ვერ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდებათ“, – ამბობს ელენე ჯიბლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი განათლების სკოლაში, განათლების ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი. ის „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ სტრატეგიაზე საუბრობს.

  • ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, განათლების სამინისტრომ დაამტკიცა განათლების ახალი სტრატეგია. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ დოკუმენტმა, შეცვლის თუ არა რეალურად რაიმეს მაგალითად უმაღლეს განათლებაში?

ზოგადად, 10-წლიანი სტრატეგია თავისთავად ძალიან საფრთხილო საკითხია ისეთ არამდგრად ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ. 3-5 წლიანი სტრატეგიები უფრო ოპტიმალურია ხოლმე, ასეთ არასტაბილურ გარემოში.

დადებითი ამ სტრატეგიაში არის ის, რომ ლოგიკური ჩარჩო, ინდიკატორები, ბევრად უფრო დაწვრილებით არის გაკეთებული, ვიდრე აქამდე გვინახავს.

თუმცა, ორი რამ მაინც არ არის თვალსაჩინო. პირველი – განათლების დონეებს შორის კავშირი არ ჩანს, რაც წესით, აუცილებელია სტრატეგიებში.

ასევე არ ჩანს განათლების ბმა სახელმწიფო პოლიტიკასთან და ეკონომიკური განვითარების ვექტორებთან. ის, რომ განათლება, ამ შემთხვევაში უნდა დავინახოთ, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ რესურსი, ეს არ ჩანს, რაც საფიქრალია.

სტრატეგიაში აქცენტი გაკეთებულია ინკლუზიაზე და ხარისხზე, ეს ორივე კი იმდენად ყოვლისმომცველია, შეგვიძლია ათი კი არა, 50 წელი ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. თუმცა აკლია კონკრეტიკა – რას ვგულისხმობთ მაგალითად ხარისხში? ხშირად ჩვენთან ხარისხი გაიგივებულია აკრედიტაცია-ავტორიზაციასთან, რაც ხარისხის ძალიან შევიწროებული გაგებაა, რადგან ხარისხი ბევრად მეტ რამეს ნიშნავს.

რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს ბოლომდე გათავისებული არ აქვთ ეს ყველაფერი და თითქოს გარედან შემოთავაზებულია.

  • თქვენ თქვით, რომ ეს სტრატეგია ჰგავს შორიდან დანახულ პრობლემას, მსგავს რამეზე საუბრობენ ხოლმე სკოლებშიც, როცა რაიმე ცვლილებას იწყებს სამინისტრო. იგივე ხომ არ განმეორდება უმაღლეს განათლებაშიც?

თუკი სტრატეგია არ გამომდინარეობს კონტექსტიდან, მაშინ ჩნდება მსგავსი შეგრძნება, რომ რეალობა სხვაა და სამინისტრო სხვაგან არის.

  • როგორი რეალობაა დღეს უნივერსიტეტებში, შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებიდან გვითხრათ?

რთულია ამაზე პასუხი, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამაზე კვლევები. უნივერსიტეტებში პატარა კვლევები კი კეთდება, მაგრამ მონაცემები არ იკრიბება.

ამ საკითხს ეხება ეს სტრატეგია – რომ უნდა დაიწყოს მონაცემების შეგროვება და ერთ-ერთ მიმართულებად უმაღლესი განათლების ნაწილში, ზუსტად ეს აქვთ შემოთავაზებული. თუმცა განხორციელება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოში.

  • სტრატეგიაში, აკადემიური პერსონალის განვითარების ნაწილში საუბარია იმაზე, რომ შეფასება და წახალისება დაეფუძნება მიღწევებს, რომ წახალისდება ინოვაციური მიდგომები და ასე შემდეგ. თქვენ როგორ აღიქვით ეს ნაწილი?

აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება არის ერთ-ერთი შემოთავაზება, რადგან სტრატეგია ამაში ხედავს ხარისხიანი განათლების მიღების გამოსავალს. თუმცა პრობლემაა ის, რომ არ არის განმარტებული, რას გულისხმობს ეს ყველაფერი.

იმას, რომ არ გვყავს კომპეტენტური აკადემიური პერსონალი, თუ არ გვყავს საკმარისი კომპეტენტური პერსონალი?

ამ პრობლემის მოგვარების გზად თუ მხოლოდ პროფესიულ ტრენინგებს შემოგვთავაზებენ, ეს იქნება ძალიან არასერიოზული, რადგან პრობლემა კომპლექსურია.

მეორე მხარეა მაგალითად ის, რომ ვერ ვზრდით ახალგაზრდა აკადემიურ პერსონალს, ვერ ვზრდით მკვლევრებს, მაგრამ სტრატეგიაში მარტო საუბარია იმაზე, რომ არ გვყავს დოქტორანტები, რადგან ადამიანები არ ამთავრებენ ამ პროგრამასო. როგორ უნდა დავაინტერესოთ სტუდენტი, ეს არ არის შემოთავაზებული სტრატეგიაში.

ადამიანებს არ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება, რადგან ყველა 2-3 წელიწადში, კონტაქტების განახლებისთვის კონკურსებში მონაწილეობის მიღება უწევთ. იმისათვის, რომ აკადემიური პერსონალი ერთის მხრივ მოწადინებული იყოს იმუშაოს საკუთარ თავზე, უნდა ჰქონდეთ მათ აკადემიური სტაბილურობის განცდა.

ამასთან, თუ აკადემიურ პერსონალს არ მიეცა კვლევის საშუალება და არ იქნება თანხები გამოყოფილი ამისთვის, ბიუჯეტიდან არ იქნება მხარდაჭერილი მეცნიერება, ვერც ამ ნაწილში მოგვარდება პრობლემა.

  • როგორ უნდა მოგვარდეს?

საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად, დოქტორანტურის მიმართულებით ასეთია – როცა დოქტორანტი ხარ, გაქვს ფინანსური მხარდაჭერა კვლევისთვის და სხვას არაფერს აკეთებ ამ საქმის გარდა. გაქვს წვდომა კვლევისთვის საჭრო რესურსებზე, იქნება ეს ლიტერატურა, ლაბორატორიები თუ სხვა.

ჩვენთან კი, დოქტორანტების უმეტესობა სრულ განაკვეთზე მუშაობს. დოქტორანტურა უფრო სტატუსია, აუცილებლობაა იმისთვის, რომ აკადემიური თანამდებობა შეინარჩუნო. იცით რამდენი წელი გრძელდება ხოლმე სადოქტოროები? – 10-11 წელი. 

ასევე, კვლევის კომპონენტს ცალსახად ნაკლები ყურადღება ექცევა უნივერსიტეტებში, რადგან არ არის კვლევა წახალისებული სისტემურ დონეზე. ბიუჯეტში ზუსტად კვლევასა და ინოვაციებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი თანხები. 

ჩვენ შემთხვევაში კვლევა, რაღაც აბსტრაქტულ საქმედ არის წარმოდგენილი, რომლის საჭიროებაც ქვეყანასა და ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში არასდროს ჩანს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მონეტარულადაც ასე ითარგმნება და კვლევაზე ძალიან დაბალი რესურსია გამოყოფილი.

ჩვენთან, სისტემის დონეზე კვლევებს რუსთაველის ფონდი აფინანსებს ძირითადად, სადაც ასევე ძალიან მინიმალურია კონტრიბუცია და თითქმის არცერთი კვლევა საქართველოში მიმდინარე რაიმე პროგრესთან არ არის კავშირში.

  • მაშინ რატომ ფინანსდება ასეთი კვლევები?

ამას მხოლოდ რუსთაველის ფონდი ვერ მოაგვარებს. მიდგომა უნდა შეიცვალოს, რადგან არ შეიძლება სისტემის დონეზე ყველა მიმართულებით კვლევა რელევანტური იყოს. რა მიმართულებებია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ეს სისტემის დონეზე უნდა გამოიკვეთოს. შემდეგ კი უნივერსიტეტებს ექნებოდათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი ამ მიმართულებებიდან რომელზე აკეთონ კვლევები.

მაგალითად, თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ტექნოლოგიებია და ინოვაციებია მისთვის პრიორიტეტი, მაშინ უნდა დაკონკრეტდეს რა სფეროში სჭირდება ინოვაცია. სამედიცინო სფეროში? ინჟინერიაში, თუ სად? იქნებ მომდევნო 5 წელი რომელიმე სფეროს განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი, შემდეგი 5 წელი კი სხვა სფეროს დაეთმობა.

თუ სახელმწიფო ამ პრიორიტეტებით დააფინანსებს კვლევებს, უნივერსიტეტები, ერთის მხრივ, ამ მიმართულებების კვლევაზე მიმართავდნენ ყურადღებას და გამოიყენებდნენ მისთვის გამოყოფილ რესურს. Მეორეს მხრივ კი, უნივერსიტეტში დაზოგილ რესურსებს სხვა სფეროებზე მიმართავენ, რომელიც თავად უნივერსიტეტისთვისაა პრიორიტეტული.

უნივერსიტეტი, რომლის ბიუჯეტი ძირითადად სტუდენტების შემონატანებს ეყრდნობა და რომლის 70 პროცენტი ხელფასებზე იხარჯება, კვლევებს ვერ აწარმოებს. ის გადარჩენაზეა ორიენტირებული და არა განვითარებაზე.

კვლევების ნაწილში პრობლემაა ასევე ის, რომ აკადემიური პერსონალი ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში არ მუშაობს მხოლოდ. ძალიან იშვიათია ასეთი რამ. ამიტომ ამ ხალხს დროც აღარ რჩებათ კვლევისთვის. მაშინ, როცა ჩვენი კონტრაქტები ძირითადად სასწავლო საათების რაოდენობას ეყრდნობა. აი, ამის ხედვა სტრატეგიაში არ ჩანს.  

ეს არის ჩონჩხი ყველაფრის, მაგრამ არა შინაარსი, რადგან შინაარსი შეიძლება იყოს, მაგალითად ის თუ რა არის ეკონომიკური განვითარების ვექტორები მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში, რომ ჩვენ, როგორც განათლების სისტემის მესვეურებმა ვიცოდეთ, რა მიმართულებით მივმართოთ კვლევები, რომ რამენაირად წავეშველოთ სახელმწიფოს განვითარებაში.

  • თქვენ როგორც ლექტორს, აკადემიურ პერსონალს, რა გჭირდებათ და ვერ ახერხებთ?

მე, მაგალითად, არ მაქვს მხოლოდ ერთი სამსახური – ნორმალური ხელფასი რომ მქონდეს, ამისთვის ერთზე მეტი სამსახური მჭირდება. 

Მაგალითად სადოქტორო 2016 წელს დავიცავი, ბოლო სტატია 2019 წელს გამოვაქვეყნე. ეს ნიშნავს, რომ დიდი ხანია არ გამომიქვეყნებია ხომ?

ამის დრო არ მაქვს, რადგან, ჩემი დრო გაყოფილია ორად და ჩემს აკადემიურ საქმეს სრულ დროს ვერ ვუთმობ. აი, ეს არის პირადად ჩემი პრობლემა.

ასე რომ არ იყოს, მოვიძიებდი საერთაშორისო კოლეგებსაც, მათთან ერთად ვიმუშავებდი პროექტებზე. მაგალითად, იმისთვის, რომ პროფესორი გავხდე, აუცილებელია მონოგრაფია გამოვცე. ეს კი კვლევის გარეშე არ გაკეთდება. ეს რომ გავაკეთო, მაშინ უნდა დავისვენო ლექციებისგან და კვლევას დავუთმო მეტი დრო. წავიდე თუნდაც რომელიმე უცხოურ უნივერსიტეტში, ვისწავლო რამე ახალი მეთოდი, გავიღრმაო ცოდნა, რისი საშუალებაც ახლა არ მაქვს. თუკი ამის საშუალება დიდხანს არ მომეცემა, შესაბამისად, იმ ლექციების ხარისხიც დაიკლებს ნელ-ნელა, რასაც ვკითხულობ. სამ წელიწადში ერთხელ, ე.წ. აკადემიური შვებულების აღების საშუალება უნდა მქონდეს.  

სისტემა კარგად რომ მუშაობდეს, ჩემი კონტრაქტი დამოკიდებული აღარ იქნება მხოლოდ სასწავლო საათებზე და განვითარების საშუალებაც იქნებოდა.

  • როგორ ფიქრობთ, ასეთ დეტალებზე, რატომ არ საუბრობს სახელმწიფო თუნდაც ამ სტრატეგიაში?

ალბათ იმიტომ, რომ სისტემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ განათლებაზე ორიენტირებული და გარკვეული ტიპის პროცესები პოლიტიზებულია. აქედან გამომდინარე მატულობს განზოგადების ხარისხი, უფრო აბსტრაქტული ხდება ხოლმე ტექსტები.

  • როცა უმაღლესი განათლების რეფორმას ახსენებდნენ, აქცენტი კეთდებოდა უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე. დღეს დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე ისევ არაფერი წერია სტრატეგიაში. რამდენად რეალურია აქ გაკეთებული ჩანაწერები იმაზე, რომ ეს ყველაფერი განათლების ხარისხს გააუმჯობესებს?

როცა დაფინანსების მოდელის ცვლილებაზეა საუბარი, აქაც საჭიროა შეცვალოს, ხელახლა დაითვალოს თითოეულ დისციპლინაში თითოეული პროგრამის ღირებულება და გადასახადი ადეკვატური გახდეს.  

დღეს ისიც არ ვიცით, მორგებულია თუ არა ეს პროგრამები იმ საჭიროებებს, რაც რეალობაში ხვდებათ სტუდენტებს, რადგან ამბობენ, რომ „ვერ ვსაქმდები“ და თუ ვსაქმდები, იქაც გადამზადება მიწევს, რა მასწავლეთ ბოლოს და ბოლოსო.

დამსაქმებელს რა სჭირდება, ეს რომ ვიცოდეთ – დამსაქმებელიც კი ხშირ შემთხვევაში ერთწლიან პერსპექტივაში ხედავს, ვინ სჭირდება, ეს პროგრამები კიდეც ოთხწლიანი და შემდეგ კიდევ ორი წელი ემატება.

განათლების ხარისხის გაუმჯობესება არ ნიშნავს იმას, რომ შემომთავაზებენ ტრენინგს, როგორც გავაუმჯობესო ვთქვათ ლექციის ხარისხი „ზუმში“. ყველაზე მეტად მონაცემების შეგროვება და ანალიზი გვჭირდება, ამაში უნდა ჩაიდოს ძალისხმევა, რომ გავიგოთ, რა იყო ვთქვათ გასული 5 წლის განმავლობაში ტრენდული, როგორ იმუშავა ამ ყველაფერმა, უნდა გაგრძელდეს იგივე თუ უნდა შეიცვალოს.

  • სტრატეგიის დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო 2030 წლიდან აპირებს გადაჭრას ისეთი პრობლემები, როგორიცაა: მოძველებული და არაადაპტირებული ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ძვირადღირებული აპარატურის ნაკლებობა და სამეცნიერო-კვლევითი რესურსების არათანაბარი გადანაწილების საკითხი. თუკი ამ ტიპის პრობლემის გადაჭრას სახელმწიფო 10 წელიწადში იწყებს, მაშინ სხვა დანარჩენი საკითხები როგორ მოგვარდება?

ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სწავლა-სწავლების მიმართულებით არის ასამაღლებელი კომპეტენცია? არ ვიცი, ამაზე საუბარი არ შეგვიძლია, რადგან არ გვაქვს კვლევა. თუ პროფესიულ ზრდაში მხოლოდ ის იგულისხმება, რომ პროფესორი მაგალითად, „ერასმუს +“-ის პროგრამით წავა სადმე უცხოურ უნივერსიტეტში და ასე აიმაღლებს კვალიფიკაციას, ძალიან არასერიოზული მიდგომაა, მაშინ როცა პრობლემა კომპლექსურია.

  • ხომ არ შევდივართ იმ მდგომარეობაში, რაც სკოლებმა გამოიარეს ბოლო წლებში? – სახელმწიფომ მილიონობით ლარი დახარჯა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც მაინც არ აისახა ხარისხზე, თუმცა სკოლების ინფრასტრუქტურაში სერიოზული პრობლემები დარჩა.

არა მგონია სახელმწიფომ ამ ტიპის ტრენინგებში ჩადოს ფული. აქ უფრო იმაზეა საუბარი, რომ ეს ვალდებულება უნივერსიტეტებზე გადანაწილდეს. დღეს სახელმწიფო ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სისტემის დონეზე რაიმეს შეცვლის ეს განაცხადი.

  • თქვენ ახსენეთ პროგრამების გადახედვა, შეფასება, რომლის ხარისხსაც ჩვენს ქვეყანაში აკრედიტაციის საბჭო განსაზღვრავს. ამ საბჭოზე რას ფიქრობთ?

სხვა ქვეყნებში, სადაც აკრედიტაცია მუშაობს, სხვაგვარი გაგება არსებობს ვთქვათ კოლეგიალობის. თუ მე დღეს აკრედიტაციის საბჭოში ვარ, ჩემი კოლეგის პროგრამა შემოდის და მხოლოდ იმიტომ ვაფასებ ლოიალურად, რომ ჩემი კოლეგისაა, ეს სისტემას აზარალებს.

ჩვენთან პიროვნული ურთიერთობების გაფუჭების შიში ბევრად უფრო მაღალია, რადგან პიროვნული და პროფესიული ერთმანეთისგან გამიჯნული არ გვაქვს. ამიტომ კარგავს აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესები მნიშვნელობას და უფრო და უფრო ფორმალურ ხასიათს იძენს.

ეს არის პროფესიული ეთიკის საკითხები, რომელიც კულტურულ სხვაობამდე დადის და ხშირად არ ესმით ხოლმე ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რატომ არ მუშაობს ჩვენთან მსგავსი პროცესები გამართულად

Რომ შევაჯამო, ჩვენ შემთხვევაში უმაღლესი განათლების პრობლემა არის ის, რომ ის აცილებულია რეალობას და სტუდენტს ვერ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდება.

საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში არ წარმოებს კვლევები და არ გროვდება მონაცემები საჭიროებების შესასწავლად, რომ გავიგოთ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის ან რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო. ჩვენ ვიცით, რა არის საჭირო ვთქვათ ჩინეთში, ესტონეთში, რადგან იქ კვლევები ტარდება, მაგრამ არ ვიცით რა გვჭირდება ჩვენ.

__________________________

მსგავს თემაზე:

საქართველოში უნივერსიტეტები სოციალურ თავშესაფრად იქცა – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: