მთავარი,სიახლეები

„რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან

06.09.2022 • 2482
„რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან

„ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა – „გაიღვიძეთ“ უკრაინელებო და სამსახურებში წადით.

და ჩვენც „გავიღვიძეთ“.

თუ უკრაინელები სამსახურებში არ წავლენ, თუ ბარში არ წავალთ, თუ ქუჩას არ დავგვით, თუ არ ვიყიდით ყავას ან საჭმელს, რა მოუვა ამით ჩვენს ეკონომიკას?“ – ასე მიპასუხა ლვოველმა ნასტია ბაკულინამ კითხვაზე – რას ფიქრობდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ჩვეულ რიტმში მიმდინარე ცხოვრების შესახებ.

ეს კითხვა მას ლვოვში, ქალაქის ცენტრში მდებარე უძველეს, ისტორიულ კაფე „ატლასში“ დავუსვი. ვისხედით და ლვოვის ცნობილ ჩიზქეიქსა და შტრუდელს ველოდებოდით, რომელიც ნასტიას რჩევით შევუკვეთეთ.

გარეთ, მოედანზე, ხალხი ირეოდა. კაფეს ფანჯრიდან ჩანდნენ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა უკრაინელები, რომელსაც ვიღაც კაცი, იქნებ სულაც მამა, სურათს უღებდა.

პირველი სექტემბერი ლვოვში

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შუადღე იყო. თითქოს არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ამ ქალაქიდან ერთი დღის სავალზე მდებარე უკრაინის მეორე ქალაქში ყოველდღე ჭურვები ცვიოდა და ყოველდღე ვიღაც კვდებოდა.

თუმცა მხოლოდ „თითქოს“.

თუ კაფეს ფანჯრიდან ოდნავ მარჯვნივ გაიხედავდი, ჩანდა მოედანზე მდგარი დამწვარ-განადგურებული რუსული ტექნიკა – რუსების მიერ ბუჩაში მიტოვებული ტანკი, ჩერნიგოვში მიტოვებული BUK M2 და კიევის მისადგომებთან დამწვარი თვითმავალი ჰაუბიცა Мста-С-ი.

ომის დროს რუსი სამხედროებისთვის წართმეული და დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთავრობას თითქმის ყველა დიდი ქალაქის მთავარ მოედანზე აქვს გამოფენილი.

თვითმავალი ჰაუბიცა მსტა ს-ი ლვოვის მთავარ მოედანზე, დასავლეთ უკრაინა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 2|09|2022

ნასტიასთან შეხვედრამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, კიევში, ერთ-ერთ სარეკრუტო ცენტრში ხარკოველ ოლეგ გლადჩენკოსთან ვწერდით ინტერვიუს. ოლეგი IT სპეციალისტია და ომამდე თავისი პროფესიით მუშაობდა. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მისი ცხოვრებაც შეცვალა, ისევე როგორც 40 მილიონი უკრაინელის.

ოლეგი შეყვარებულთან ერთად ხარკოვიდან გამოიქცა. ცოტა ხანს მთაში იყო, შემდეგ კიევში ჩავიდა და უკრაინის არმიას შეუერთდა. ის ახლა ერთ-ერთ სარეკრუტო ცენტრში საორგანიზაციო საკითხებშია ჩართული.

ის იყო ოლეგს ვკითხეთ, რას ფიქრობდა ფრონტისპირა ქალაქებსა და კიევში არსებულ განსხვავებული ცხოვრების სტილზე, რომ საჰაერო განგაში ჩაირთო. რადგან ადგილი, სადაც ინტერვიუს ვწერდით, ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე იყო, მოგვიწია კამერა გაგვეთიშა და უსაფრთხო ადგილი გვეპოვა დროებით თავის შესაფარებლად.

მოგვიანებით, როდესაც ინტერვიუ გავაგრძელეთ, ოლეგმა კითხვაზე ასე გვიპასუხა:

„ჩემი ზოგი მეგობარი აკრიტიკებს ამ სიტუაციას. ხარკოვი ყოველდღე იბომბება, იქ ყოველდღე ვიღაც კვდება, არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედროებს. სამოქალაქო პირები იღუპებიან. სკოლები და სახლები დანგრეულია. ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ არ არის ახლა ბარში წასვლის და გართობის დრო.

მე შერეული მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. დიახ, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ყველამ უნდა იტიროს, ყველა იყოს დეპრესიასა და სტრესში იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ნებისმიერ ქალაქში ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი დღე [როცა გაერთობი], რადგან რუსები ისვრიან რაკეტებს და შესაძლოა შენი სახლი აღმოჩნდეს შემდეგი, რომელიც განადგურდება.

მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ შედარებით უსაფრთხო უკრაინულ ქალაქებში, უნდა გაიაზრონ, რომ ხალხი, რომელიც ფრონტისპირას ცხოვრობს, ხედავს მათ გართობას. კი, ახლა არ არის დრო ტირილისა და დეპრესიის, მაგრამ შენ შეგიძლია აირჩიო, როგორ გაატარებ შენს თავისუფალ დროს“.

კიევი

იმ დღეების განმავლობაში, რაც კიევში გავატარეთ, რამდენჯერმე აღვნიშნე ჩვენს მასპინძლებთან, რომ „კიევი ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა“.

ყველა ჯერზე არ დამეთანხმნენ.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვეულებრივად, უბრალოდ შევეჩვიეთ საჰაერო განგაშის ხმას. პირველ თვეებში თავშესაფრებში გავრბოდით. ახლა თუ ღამე ჩაირთვება, გვერდს შევიცვლით საწოლში და ეგაა,“ – გვითხრა სტეისიმ, ჩვენმა თარჯიმანმა და დამხმარემ უკრაინაში.

„ის, რომ ხალხი იღიმის, არ ნიშნავს, რომ მათ მართლა ეღიმებათ. თვალი მოავლე ამ კაფეს, ვისაც აქ ხედავ, თითოეულის გულში უზარმაზარი ტკივილია. მაგრამ იღიმიან. იღიმიან იმიტომ, რომ ახლა ტკივილზე ფიქრის დრო არ არის. ჩამოშლილი ეკონომიკა და ატირებული უკრაინელები – ეს სწორედ ისაა, რისი ნახვაც უნდა რუსეთს“, – გვითხრა ჩვენმა კიდევ ერთმა მასპინძელმა.

“იყავი მამაცი, როგორც უკრაინა” – ბანერი კიევის ცენტრში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

  • გზა კიევამდე

მატარებელი პოლონეთიდან, სასაზღვრო ქალაქ ფშემისლიდან კიევისკენ დილის 10:15 საათზე გადიოდა. ათის ნახევარი იყო, როდესაც მეხუთე ბაქანზე ავედით.

ზღვა ხალხი დაგვხვდა.

დაახლოებით ორი საათი ვიდექით უზარმაზარ რიგში იმისათვის, რომ კიევისკენ მიმავალ მატარებელში ავსულიყავით. მატარებელმა გასვლა დააგვიანა.

უკრაინელები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 9 545 722 ადამიანმა დატოვა, ხოლო უკრაინის მიმართულებით საზღვარი 5 324 798 ადამიანმა გადაკვეთა. გაერო აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მოქალაქეთა ქვეყანაში შესვლის მაჩვენებელია და არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ უკრაინაში.

უკრაინელი ლტოლვილების რიგი ფშემისლის რკინიგზის სადგურში, პოლონეთი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 28|08|2022

უკრაინელი ლტოლვილების რიგი ფშემისლის რკინიგზის სადგურში, პოლონეთი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 28|08|2022

პოლონეთ-უკრაინის საზღვრის კვეთა მარტივია, როდესაც მატარებლით მიდიხარ. მესაზღვრეები მატარებელში ამოდიან და ისე ამოწმებენ პასპორტებს. არ გიწევს იმ ჯოჯოხეთის გავლა, რომელიც მილიონობით უკრაინელმა გამოიარა ომის პირველ დღეებში, როდესაც გაუსაძლის სიცივეში სახმელეთო, რამდენიმეკილომეტრიან საზღვარს ფეხით კვეთდნენ.

საზღვრის გადაკვეთიდან მალევე გამოაცხადეს, რომ წყალი და საჭმელი მესამე ვაგონში იყიდებოდა. წყლის საყიდლად წავედი. რიგი მეოთხე ვაგონის ბოლოდან იწყებოდა. უკრაინელები ჩუმად იდგნენ ორ ვაგონს შორის გაჭიმულ რიგში. არავინ არავის არ ასწრებდა. არც წინ ჩადგომას ცდილობდა.

სიჩუმე იყო.

მხოლოდ მატარებელი ხმაურობდა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ მატარებელში არ იგრძნობოდა ომი. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.

მაგრამ ახლა ვფიქრობ, შეიძლება სწორედ ეს არაბუნებრივი სიჩუმე იყო იმის ნიშანი, რომ უკრაინაში ომია.

ლვოვი კარგა ხნის მოტოვებული გვქონდა უკან, როდესაც მოულოდნელად მატარებელი გაჩერდა. რუკაზე შევამოწმეთ, ტერნოპილთან ახლოს, სადღაც დაუსახლებელ ადგილას ვიყავით.

ხედი მატარებლის ფანჯრიდან ტერნოპილში, უკრაინა  28|08|2022

დაახლოებით 10-15 წუთის გასვლის შემდეგ მემანქანემ გამოაცხადა, რომ გზაზე, რომელზეც ჩვენს მატარებელს უნდა გაევლო, ავარია მოხდა. ცარიელი შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა და ჩვენ ამ სარკინიგზო გზით ვეღარ ვისარგებლებდით. უკან უნდა დავბრუნებულიყავით და ალტერნატიული მარშრუტით წავსულიყავით კიევში. ის იყო მემანქანემ საუბარი დაამთავრა, რომ საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო.

მგზავრების ნაწილმა არ დაიჯერა, რომ სარკინიგზო ავარიის გამო იცვლიდა მატარებელი მარშრუტს. როცა კიევის მატარებელი ტერნოპილის რკინიზის სადგურში შევიდა, ვაგონების ნახევარზე მეტი დაიცალა, ბაქანი კი ხალხით გაივსო. მხოლოდ კიევის მგზავრები დავრჩით და უკან, დასავლეთის საზღვრისკენ წავედით.

ომი პირველად საკუთარ ქვეყანაში ვნახე 2008 წელს. 8 აგვისტოს დილით საქართველოს სამხედრო გზაზე, გორთან, ტანკების საცობში ვიდექით დიდხანს. ბომბის აფეთქების ხმაც იმ დილით გავიგე პირველად. ყველა შიში, რომელიც შეიძლება განმეცადა, იმ დღეს განვიცადე და დავივიწყე. შეიძლება ამიტომ იყო, რომ იმ მომენტში, როცა მგზავრები კიევისკენ მიმავალი მატარებლიდან ჩადიოდნენ, შიში არ მიგრძნია.

ვცადე ყურადღება იმ პეიზაჟზე გადამეტანა, რომელიც მატარებლის ფანჯრიდან ჩანდა. უკრაინის ამ მხარეში პირველად ვიყავი და ყველაფერი უცხო იყო.

ცოტაც და ფანჯრიდან პატარა, ერთსართულიანი სახლებით გაშენებული დასახლება გამოჩნდა, წინ ჭაობიანი მცირე გუბეებით და ლელქაშებით.

სახლებიდან ამ დაჭაობებულ გუბეებამდე ლელქაშები გაკაფული იყო. ადგილობრივებს სათევზაო ადგილები ჰქონდათ გაკვალული.

მიდიოდა მატარებელი და ერთმანეთს ენაცვლებოდა სურათები – ვიღაც მოხუცი, შავ თავსაფარწაკრული ქალი და მის გვერდით ბავშვი, ვიღაც კაცი ნახევრად გახსნილი შინდისფერი პერანგით, სადღაც ლელქაშებიდან ამოჩრილი ანკესი…

ისინი თევზაობდნენ.

იყო სიმშვიდე და განუცდელი შიშის გრძნობაც სადღაც გაქრა.

თითქოს ომი კი იყო, მაგრამ თან არ იყო.

“იბრძოლე უკრაინისთვის” – საინფორმაციო დაფა ლვოვში

  • კიევში

მატარებელი კიევში დილის 3 საათზე ჩავიდა.

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საღამოს 11 საათიდან დილის ხუთ საათამდე კომენდანტის საათია. თითქმის 37 საათი გვქონდა გზაში გატარებული და ის ორი საათი, რომელიც კომენდანტის საათის დამთავრებამდე გვაშორებდა, საუკუნის ტოლა გახდა. რკინიგზის სადგური ჩვენსავით გვიან ჩამოსული მგზავრებით იყო სავსე. ბნელოდა. შუქი ყველგან ჩამქრალი იყო, ფანჯრებზე კი სქელი, შავი ფარდები ჩამოეფარებინათ.

ყველა გასასვლელთან შეიარაღებული სამხედროები იდგნენ. ფოტოს გადაღება მინდოდა, მაგრამ არ გადავიღე. ჩავთვალე, რომ შემეძლო აღმეწერა ის, რაც ვნახე. ხოლო თუ ფოტოს გადავიღებდი, შეიძლება რამე ისეთი მოხვედრილიყო ფოტოზე, რაც საზიანო აღმოჩნდებოდა ადამიანებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის არმიამ ათამდე სარკინიგზო სადგური და მატარებლის შემადგენლობა დაბომბა, რასაც ათობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა.

“რა არის შენი სუპერ ძალა? – მე უკრაინელი ვარ” – ამ წარწერებს უკრაინაში ბევრგან შეხვდებით. მაისურებზე, ქუჩებში, კედლებზე თუ ჭიქებზე.

არ გადამიღია ფოტოები არც კიევის სამთავრობო კვარტალში, რომელიც რკინა-ბეტონის დიდი ბლოკებითაა ჩახერგილი. ყველა სამთავრობო უწყების შესასვლელი კარი სილით სავსე ტომრებითა და რკინა-ბეტონის ბლოკებითაა ჩაკეტილი. ყველგან სამხედროები არიან და როგორც ჩვენმა მასპინძლებმა გვითხრეს, მოქალაქეებს ერთგვარი უსიტყვო შეთანხმება აქვთ. ისინი არ იღებენ ამ ქუჩებზე ფოტოებს.

სამთავრობო კვარტლიდან მოშორებით მდებარე ქუჩებზე ცხოვრება თითქოს ჩვეულ რიტმშია. პარკები სავსეა წყვილებით, მოხუცებით, დედებით და მწვანე მინდორზე მოთამაშე ბავშვებით.

პარკი კიევში, 29|08|2022

როცა ომია, როგორი უდარდელიც არ უნდა ჩანდე გარეგნულად, როგორაც არ უნდა ცდილობდე დასვენებას, შეუძლებელია დაივიწყო, რომ ომია. კიევის ქუჩებში მრავლადაა პოსტერები, რომლებიც გამვლელებს ომს და ამ ომში დაღუპულ ადამიანებს ახსენებს.

კიევი, უკრაინა

პარკებსა და ქუჩებში ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი რკინის კონსტრუქციებშია ჩასმული, თავზე კი სილით სავსე ტომრები ადევს, დაბომბვისას ნაკლები ზიანი რომ მიადგეს. ყველა ეკლესიის ფანჯარა აჭედილია და ყველა პატარა ქანდაკება შეფუთული.

უკრაინელები ასე ცდილობენ თავიანთი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა რუსული არმიისგან გადაარჩინონ.

ასე გამოიყურება ტარას შევჩენკოს მონუმენტი კიევის ეროვნული უნივერსიტეტის წინ, უკრაინა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 29|08|2022

ეს კი ლვოვის ლათინური კათედრალია, რომლის ვიტრაჟებზეც თუნუქის ფილებია აკრული, ხოლო ფანჯრები ხის ფანერებითაა აჭედილი. ლვოვში ყველა ტაძარი ასეა.

ომის პირველ დღეებში, როცა კიევში ქუჩის ბრძოლები მიდიოდა, ყველა ისე უწევდა წინააღმდეგობას რუსულ არმიას, როგორც შეეძლო. კიევში თითქმის აღარსადაა დარჩენილი მიმართულების აღმნიშვნელი აბრა. ყველაფერი გადაღებილია. სანამ ომი არ დამთავრდება, მის აღდგენას არც აპირებენ.

კიევში მრავლადაა ბანერები, რომელიც მოქალაქეებს მარიუპოლს და მარიუპოლელების გმირობას ახსენებს.

“თქვენი გმირობა გადაარჩენს უკრაინას” – ბანერი კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე მარიუპოლს და მარიუპოლელებს ეძღვნება

“აზოვსტალი – თავისუფლება მარიუპოლის დამცველებს” – ბანერი კიევის მერიის შენობაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 31|08|2022

  • ხრეშატნიკზე

ხრეშატნიკი კიევის მთავარი ქუჩაა, მუდამ მოძრავი და სიცოცხლით სავსე. ასე იყო 2022 წლის აგვისტოს ბოლოსაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეექვსე თვის თავზე. ხალხი სეირნობდა, ვიღაც მღეროდა, ვიღაც ხატავდა, ვიღაც უბრალოდ იჯდა და ზაფხულს აცილებდა.

მაიდან ნეზალეჟნოსტიზე, რომელიც უკრაინელებისთვის თავისუფლების და ევროპული გზის სიმბოლოდ იქცა 2014 წლის ცნობილი „მაიდნის“ შემდეგ, ახლა ასობით უკრაინის სახელმწიფო დროშაა. თითოეულ დროშას იმ ადამიანის სახელი აწერია, რომელიც ომმა იმსხვერპლა.

მაიდან ნეზალეჟნოსტი, კიევი. აგვისტო, 2022

მაიდან ნეზალეჟნოსტი, კიევი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

მაიდანზე ისევ ხატავენ უკრაინელი მხატვრები გამვლელების პორტრეტებს, ხოლო როცა შეკვეთა არ აქვთ – რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ ჩაძირვას.

მხატვრები ხრეშატნიკიდან, კიევი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

კაცი, რომელიც მაიდანზე პორტრეტებს ხატავს, გვაჩვენებს მის მიერ დახატულ რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ ჩაძირვას. კიევი, უკრაინა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

ხრეშატნიკზე ქუჩის მოცეკვავეები ისევ მართავენ პერფორმანსებს და ისევ დგას ლუდის რიგი კიევის ცნობილ ლუდის ბართან.

რიგი კიევის ერთ-ერთ ბართან ხრეშატნიკზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

“იყავი ძლიერი, როგორც უკრაინელები” – ამ წარწერიან ჭიქებში ჰყიდიან ლუდს ბარში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

„დაიცავით კომენდანტის საათი, არ დააიგნოროთ განგაშის სიგნალი“ – ამ წარწერას კიევის ქუჩებში ბევრგან შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე თითქოს გადავლილია, ქვეყანაში ომია და როდის მოსწვდება რომელიმე რუსული რაკეტა კიევს, არავინ იცის. ამიტომ მთავრობა სთხოვს მოქალაქეებს, ისევ ძველებურად დაიცვან წესები – საჰაერო განგაშის დაწყებისას თავშესაფრებში ჩავიდნენ.

კიეველები დაღლილები არიან საჰაერო განგაშით, მთავრობა კი დაჟინებით მოუწოდებს მათ, არ დაიღალონ. მარტო ასე შეიძლება გადარჩნენ, თუ არ დაიღლებიან.

„სახლში ჯდომას და ლოდინს, როდის დაეცემა ჩემს კორპუსს ბომბი და საწოლში მძინარეს  მომკლავს, მირჩევნია ომში წავიდე,“ – ეს ოლენა ნოსაჩმა გვითხრა, რომელსაც რეკრუტირების ცენტრში შევხვდით.

ოლენა ომამდე ბუღალტერი იყო. მისი ოცი წლის შვილი ახლა ფრონტის ხაზზეა. თვითონაც გადაწყვიტა წვრთნა გაიაროს და ომში წავიდეს.

კიევი, რუსული შეიარაღებული ძალების კუთვნილი, უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკა წმინდა მიქაელის სკვერში

კიევში, წმინდა მიქაელის მოედანზე (უკრ:Михайлівська площа) ჯართად ქცეულ რუსულ სამხედრო ტექნიკასთან ერთად უკრაინის ხელისუფლებას ის ავტომობილებიც აქვს გამოტანილი, რომელში მსხდომი სამოქალაქო პირების სიცოცხლეც რუსეთის აგრესიამ შეიწირა.

ამ სკვერში ყველა იმ საბრძოლო ტექნიკის ნახვაა შეიძლება, რომელიც რუსული არმიის „ძლევამოსილების სიმბოლოდ“ მიიჩნეოდა. ყველაფერი დამწვარი და განადგურებულია.

კიევი, რუსული შეიარაღებული ძალების კუთვნილი, უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკა წმინდა მიქაელის სკვერში

თითქმის ყველა უცხოური ბრენდი, რომელიც უკრაინაში იყო ომამდე, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ღიაა დიდი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. როგორც უკრაინელებმა გვითხრეს, ომი არ ასახულა არც პროდუქტების და არც სხვა პირველად საყოფაცხოვრებო ნივთების ფასებზე. მხოლოდ „მაკდონალდსია“ დაკეტილი. ომის დაწყებიდან დღემდე მისი კარი მომხმარებლებისთვის აღარ გაღებულა.

რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ყველაფერი, რაც უკრაინის შემართებას და გამარჯვებას ასახავს, უკვე იქცა სუვენირებად და ტურისტულ პროდუქტად. ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ ჩვეულებრივ მარკეტებში შეგიძლიათ იპოვოთ ისინი.

ასეთი ჩანთების ყიდვა კიევის ქუჩებსა და სუვენირების მაღაზიებშია შესაძლებელი

კიევში ბევრი ხმაა. ყველა ქუჩაზე დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი ტემპი და ხმაური იგრძნობა.

ერთი კადრი მახსოვს – ხრეშატნიკზე, შუქნიშანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ქუჩის მუსიკოსები იდგნენ და მღეროდნენ. სწორედ მაშინ,  როცა ქვეითთა მწვანე აინთო, „Ой, у лузі червона калина“ – დაიწყეს მუსიკოსებმა. მანქანები არ მოძრაობდნენ, წამიერად ისე იყო, თითქოს ქალაქის ყველა ხმა ამ მუსიკამ შთანთქა.

სიმღერის ტექსტს აჰყვა წითელზე მდგარი მოტოციკლეტისტი. „А ми тую стрілецькую славу збережемо“ – მღეროდნენ ქუჩის მუსიკოსები, „А ми нашу славну Україну, гей, гей, розвеселимо!“ – ბანს აძლევდა მოტოციკლეტისტი.

კიევი, უკრაინა  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 31|08|2022

როცა ღამის 11 საათი დგება და კომენდანტის საათი იწყება, ყველაფერი ბნელდება. ქალაქში სიჩუმე ისადგურებს.

ჩაბნელებულია რკინიგზის სადგურიც. მგზავრები ზოგი სრულ სიბნელეში ცდილობენ გზის გაკვლევას, ზოგი მობილურის ფანარს ანთებს და როგორც კი თავის ვაგონს იპოვის, მაშინვე აქრობს.

ყველა ცდილობს დაიცვას უსაფრთხოების აუცილებელი წესები, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ გაჩნდა მათ ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

თუმცა, სანამ ბაქანზე გახვალ და კიევიდან დასავლეთისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდები, დიდი ჰოლი უნდა გაიარო. ამ ჰოლში უკრაინელი ბავშვების ნახატებია გამოფენილი, სადაც კარგად ჩანს, როგორ ხედავენ ისინი ომს.

ბავშვების ნახატების გამოფენა კიევის რკინიგზის სადგურში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 31|08|2022

გარდა ნახატებისა, აქ შეხვდებით ომის პირველი დღეების ამსახველ ფოტო გამოფენას. 2022 წლის სუსხიანი თებერვლისა და მარტის დღეების ამსახველ ფოტოებს, როცა ათასობით უკრაინელი იძულებული გახადა რუსეთის თავდასხმის გამო საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

კიევის მთავარ რკინიგზის სადგურშია იმ ადამიანების რეალური ნივთების გამოფენაც, რომლებიც რუსულ აგრესიას გაურბოდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლე კრამატორსკის რკინიგზის სადგურში შეწყდა.

2022 წლის 8 აპრილს დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური. თავდასხმას 61 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

კრამატორსკის რკინიგზის სადგური 2022 წლის 8 აპრილს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ფოტო გამოფენილია კიევის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში

“კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბვის შემდეგ” – ინსტალაცია კიევის რკინიგზის სადგურში

დასავლეთისკენ

კიევი გვიან ღამით დავტოვეთ. სრულ სიბნელეში მოვძებნეთ ჩვენი ვაგონი და ავედით. მთელი ღამე მივდიოდით ლვოვისკენ. გამთენიისას ჩავედით.

პირველი, რაც ლვოვში ჩასვლისას ვნახეთ, იყო ლტოლვილების ახალი ტალღით სავსე რკინიგზის სადგურის მთავარი მოსაცდელი დარბაზი. რადგან ადრე დილა იყო უმეტესობას ეძინა. ბავშვები, ქალები, მოხუცები პირდაპირ იატაკზე გაშლილ თხელ პლედებზე იწვნენ. ზოგს სკამზე ეძინა, ზოგს კი ჩემოდნებსა თუ ნაჭრის ჩანთებზე.

ლვოვის რკინიგზის სადგური ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 2|09|2022

ლტოლვილები ლვოვის რკინიგზის სადგურში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 2|09|2022

ლვოვი მშვიდობიანობის დროს რომ მენახა ალბათ ქუჩებს ფეხით მოვივლიდი, ყველა კუთხე-კუნჭულს დავათვალიერებდი. უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქში ყველაფერი განსაკუთრებული და საინტერესო ჩანდა.

ლვოვი

მაგრამ როცა ომია და დრო შეზღუდული, არ არის მუზეუმების ნახვის და სეირნობის დრო. ჩვენი „მუზეუმი“ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გახდა. დილის 11 საათი იყო, როცა იქ მივედით. ლტოლვილები ნელ-ნელა მოდიოდნენ, ტანსაცმელს არჩევდნენ.

სწორედ იქ გავიცანი სვეტლანა, მასწავლებელი ხარკოვის რაიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ სახლის და მშობლიური ადგილის დატოვება მოუწია, სვეტლანამ გადაწყვიტა უკრაინა არ დაეტოვებინა და ლვოვში დასახლდა. სვეტლანასთან ინტერვიუ უკრაინულად ჩავწერეთ. მას არ უნდოდა რუსულად საუბარი.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში შევხვდით ვიქტორიასაც. ის ომამდე ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავდა, ახლა კი ჰუმანიტარულ მისიას შეუერთდა ათასობით ლტოლვილს უწევს დახმარებას.

„ბევრი რამ ამ ომის დროს ქალების და მეტიც, ჯერ კიდევ პატარა გოგოების მხრებზე გადავიდა და გადადის. ისინი ყველაფერს და ზოგჯერ შეუძლებელსაც აკეთებენ ამ მდგომარეობაში, რაშიც ვართ,“ – გვითხრა ვიქტორიამ.

ლვოვი

ლვოვში ყოფნის ბოლო საათები გვქონდა. ჩვენი მატარებელი პოლონეთისკენ 6 საათზე გადიოდა. მინდოდა რამდენიმე ისეთი კადრი გადამეღო, რომელიც ლვოვს ასახავდა.

რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ეს ის ბოლო სამი კადრია, რომელიც ლვოვში გადავიღე. პირველი უკრაინელი ჯარისკაცის, წარმოშობით ლვოველი მაქსიმ მანსუროვის გამოსამშვიდობებელი დაფა იყო, მეორე ლურჯად შეღებილი ქრისტეს ქანდაკება, ზედ ყვითელი წარწერით Stop War – შეაჩერე ომი და მესამე მოხუცი კაცი ლვოვი რკინიგზის სადგურიდან, რომელიც მძიმე ჩემოდნით ტოვებდა უკრაინას.

ფოტო: „ბათუმელები“

__________________

მთავარ ფოტოზე: 8 ოქტომბერი, კიევის ცენტრი. უკრაინელები სელფს იღებენ ყირიმის ხიდზე აფეთქების ამსახველი ბანერის წინ. ფოტო: EPA-EFE/STRINGER

გადაბეჭდვის წესი


ასევე: