მთავარი,სიახლეები

სათამაშო ბიზნესიდან ბათუმი 37 მილიონზე მეტს ელის – მერია მოსაკრებელს ზრდის

14.12.2022 • 1209
სათამაშო ბიზნესიდან ბათუმი 37 მილიონზე მეტს ელის – მერია მოსაკრებელს ზრდის

ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს ზრდის. შესაბამისი დადგენილების პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია. ამ პროექტის მიხედვით, მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების სახით კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობებს გამოიყენებს. შესაბამისად, მომავალ წელს ამ კატეგორიიდან 9 მილიონით მეტის ამოღებას გეგმავს.

ბიუჯეტის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, 2022 წლის გეგმა 28 მილიონი იყო, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, სათამაშო ბიზნესიდან მერია 37 მილიონზე მეტს ელოდება.

პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი 40 000 ლარით განისაზღვრება, ამ დრომდე 24 000 ლარი იყო. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონის მიხედვით, თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია კვარტალში 20 000-დან 40 000 ლარის ჩათვლით. პროექტის მიხედვით, მერია მაქსიმალური ოდენობის გამოყენებას გეგმავს.

თითოეულ სათამაშო აპარატზე კი მოსაკრებლის განაკვეთი მოქმედი კანონით კვარტალში 2 000-დან 4 000 ლარამდეა. 2023 წლიდან ბათუმის მერია ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურ ოდენობას გამოიყენებს და გადასახადი 4 000 ლარი იქნება, ნაცვლად 2 600 ლარისა.

რაც შეეხება სათამაშო აპარატებზე მოსაკრებელს, თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებლის განაკვეთი კანონით კვარტალში 2 000-დან 4 000 ლარის ოდენობით შესაძლებელია იყოს განსაზღვრული. მერიის განკარგულების პროექტის მიხედვით, ბათუმში სათამაშო აპარატებზე მოსაკრებელი 4 000 ლარი იქნება, ნაცვლად არსებული 2 600 ლარისა.

თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე კანონით მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს საპრიზო ფონდის 10 პროცენტს. ამ შემთხვევაში მოსაკრებელი არ იცვლება, რადგან ამ დრომდეც 10 პროცენტს ითხოვდა მერია.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 250 000 -დან 300 000 ლარს ოდენობით არის განსაზღვრული. 2023 წლიდან ბათუმში ეს მოსაკრებელი განისაზღვრება 300 000 ლარით, ნაცვლად 250 000 ლარისა.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 1500 – დან 20 000 ლარის ოდენობით ჩათვლით. პროექტის მიხედვით, ბათუმში მოსაკრებელი 2023 წლიდან განისაზღვრება 20 000 ლარით, ნაცვლად 6000 ლარისა.

თითოეული კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კი კვარტალში განსაზღვრულია 4 000-დან 14 000-ლარის ჩათვლით. [კანონით] ბათუმის მერიის განკარგულების პროექტის მიხედვით, მოსაკრებელი ბათუმში განისაზღვრა 14 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 6000 ლარისა.

ამავე თემაზე:

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: