„ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ. მას ვესაუბრეთ საომარ მოქმედებებზე უკრაინაში, ასევე სამხედრო რესურსზე, რაც სჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.
ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. „ბათუმელებმა“ მას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა:
- ბატონო ვახტანგ, რა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ახლა უკრაინაში და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?
ჩანს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ტემპს, რაც გეგმაში ჰქონდა და ამ ერთგვარი იმედგაცრუების შემდეგ მოხდა გადაჯგუფება, ძალების გადანაწილება, შეიცვალა დარტყმის ძირითადი მიმართულება.
ამჯერად ლუგანსკი-დონეცკიდან ეს მიმართულება გადავიდა კიევის მიმართულებით. გაძლიერდა საცეცხლე მხარდაჭერაც. არსებობს მცდელობა, რომ ლუგანსკსა და დონეცკს მიაჯაჭვონ იქ არსებული უკრაინული სამხედრო დაჯგუფება, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ამავე დროს, რუსეთის ძალები დაწინაურდა მარიუპოლოს მიმართულებით, დნეპრიც გადალახეს, რაც აძლევთ უკვე მათ შემოვლითი მანევრის განხორციელების შესაძლებლობას.
გასათვალისწინებელია, რომ ხარკოვი კარგად უმკლავდება იერიშს და საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიდის. მიუხედავად იმისა, რომ წესით ყველაზე მოწყვლადი ქალაქი უნდა იყოს, რუსებმა ხარკოვს ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხეს. თუ ისე მოხდა, რომ ხარკოვს გაივლიან რუსები, მაშინ უკრაინული სამხედრო დაჯგუფება ფაქტობრივად ალყაში აღმოჩნდება. ვფიქრობ, უკრაინა შესაძლოა მალე დადგეს დილემის წინაშე, რომ გამოიყვანოს ეს დაჯგუფება, თუ არ უნდა ალყაში მოქცევა და განადგურება, რადგან ლუგანსკი-დონეცკში დაცვის მნიშვნელობა ნამდვილად დაქვეითებულია.
- რა სამხედრო რესურსი აქვს უკრაინას, როგორც ადამიანური, ისე აღჭურვილობის კუთხით?
აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, იწურება, მით უმეტეს, როცა საჰაერო დარტყმებია, თუმცა ის ფაქტი, რომ „ტოჩკარუთი“ უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის ტერიტორიაზე აეროდრომზე დარტყმა, ნიშნავს იმას, რომ რაკეტების მარაგი აქვთ და მიუხედავად მოპოვებული უპირატესობისა, ჰაერში, ასე ვთქვათ, ბატონობა რუსეთს მიღწეული არა აქვს, ავიაცია დაუსჯელად ვერ დაფრინავს და უკრაინა ჯერჯერობით ახერხებს საჰაერო სივრცის დაცვას.
- რამდენად შესაძლებელია ომის პირობებში სამხედრო რესურსის გაძლიერება და მოცემულობის შეცვლა? ცნობილია, რომ უკრაინას სხვადასხვა ქვეყანამ გამოუყო ფინანსური დახმარება.
ბუნებრივია, სამხედრო აღჭურვილობის და სისტემების შესაქმნელად ერთი და ორი დღე საკმარისი ვერ იქნება, აქ საუბარი არაა ავტომატის შეძენაზე და რამე ასეთზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტური იქნება, დასავლეთი უკრაინას დაეხმაროს ელექტრონული ბრძოლის სისტემებით, სახმელეთო თვალთვალის და დაზვერვის სისტემებით, საინჟინრო ტექნიკით. გასაგებია, რომ შესაძლოა ლეტალური იარაღით და არტილერიით ვერ დაეხმაროს რომელიმე ქვეყანა უკრაინას პოლიტიკური მოტივების გამო.
ეს კი იქნება ძალიან ეფექტური. წარმოიდგინეთ, ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით შესაძლებელია საჰაერო მართვის სისტემების განადგურება, უპილოტო სისტემების, ავიაციის მართვის სისტემების კონტროლი…
- როგორია რუსეთის საბრძოლო შენაერთის შესაძლებლობა და მოცემულობა, როცა საცხოვრებელ კორპუსებსაც ბომბავენ, რამდენად ტოვებს წინააღმდეგობის გაწევის რესურსს?
როცა ქალაქში ბრძოლაზეა საუბარი და იყენებენ რეაქტიულ, ზალპური დარტყმის სისტემას, ის ვერ იქნება წერტილოვანი. ასეთ ვითარებაში ყოველთვის არის ალბათობა, რომ ეს სამოქალაქო სექტორშიც ჩამოვარდეს და ადამიანები დაიღუპონ.
რუსეთის უპირატესობა არის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ხარისხობრივი… ვგულისხმობ, მაგალითად იმას, რომ რუსეთს ომის დასაწყისშივე ჰქონდა 10-ჯერ უფრო დიდი აღჭურვილობა ავიაციაში, 6-ჯერ მეტი იყო ეს უპირატესობა ტანკებსა და ჯავშანტექნიკაში. მნიშვნელოვანი უპირატესობა და, ფაქტობრივად, აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა და აქვს რუსეთს საზღვაო ძალებში. გარდა ამისა, შესაძლოა უპირატესობა მოიპოვო კონკრეტულ მიმართულებაზე, თუკი კონკრეტულ დონეზე ახერხებ უპირატესობის მოპოვებას და გასწრებ გაძლიერებას. სხვა თემები გააქტიურდება, თუ ეს გადავა პარტიზანულ მოძრაობაში.
- უკრაინის გენერალური შტაბი მოუწოდებს მოსახლეობას „მოლოტოვის კოქტეილები“ მოამზადონ. რა ძალა შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ფორმებით წინააღმდეგობას?
ის, რომ იარაღი დაურიგეს დღეს ყველა მოქალაქეს, თავისთავად პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს. მთავარია, როგორ უხელმძღვანელებ და დააორგანიზებ ამ პროცესს. ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარდა.
„მოლოტოვის კოქტეილიც“ ეფექტურია განსაკუთრებით ქალაქის პირობებში თავდაცვის დროს. თვითონ ის მოწოდება, რომ გაუწიეთ მტერს წინააღმდეგობა, აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება არსებობს და ხალხის გვერდით დგას.
- რამდენად გაიზარდა უკრაინელი სამხედრო შემადგენლობის კვალიფიკაცია ნატოს წვრთნების და წინა საბრძოლო მოქმედებების შემდეგ?
შედარებაც კი არ შეიძლება, ისე გაუმჯობესდა. რაც მთავარია, შეიცვალა სულისკვეთება და შემართება, რაც, მაგალითად, არ იყო 2014 წელს, როცა თოფის გაუსროლელად დატოვეს ყირიმი.
დღეს შესანიშნავი მაგალითია იგივე ზმეინის კუნძულის ამბავი, როცა უკრაინელი 13 მესაზღვრე იყო მხოლოდ კუნძულზე და იქ მისულ რუსეთის გემს დაუძახეს: „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი“. რუსებმა ეს კუნძული დაბომბეს და ცამეტივე სამხედრო მოკლეს, მაგრამ ეს ძალიან ვაჟკაცური იყო, ეს იყო მებრძოლი კაცის საუკეთესო დასასრული.
- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლა, რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?
ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ, ზარალი არის ზარალი. როდესაც არ გეყოლება ბატალიონები, ძალაუნებურად უკან იხევ. რუსეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 75 პროცენტი ახლა უკრაინაშია.
მე ვერ ვხედავ სანქციას, რამაც შეიძლება გააჩეროს რუსეთი. რუსეთმა წითელი ხაზები გადალახა და პუტინს უკან დასახევი გზა არ აქვს. ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთს ნატოც ვერ შეაჩერებს. გაჩერება უნდა მოხდეს იმ ზარალით, რასაც მიიღებს რუსეთი. მას პოლიტიკური ზარალი უკვე მიღებული აქვს, ეს ზარალი შეიძლება იყოს ეკონომიკური და, რაც მთავარია, სამხედრო ზარალი. ვფიქრობ, რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს უკრაინაში ის სამხედრო ზარალი, რაც მას გააჩერებს.