მთავარი,სიახლეები

კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

28.02.2022 • 45827
კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

„წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს,“ – უკრაინაში მიმდინარე ომის დაკვირვების დროს გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს „გრავიტაციის ძალა“ ახსენდება, რომლითაც სამხედრო მეთაურები ომის დროს თურმე ადგენენ როგორია არა ჯარისკაცების, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგობა მტრის იერიშის დროს.

გრავიტაციის ძალით გენერლები ერთგვარ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლის ველზე.

გადამდგარი გენერლის აზრით, სწორედ უკრაინელების შემართება და ბრძოლისუნარიანობა ვერ გათვალა რუსეთმა, რომელიც უფრო პანიკას ელოდა. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ. ინტერვიუს დროს მას განსაკუთრებული ემოცია ეტყობა, როცა შენიშნავს, როგორ გაანადგურა უკრაინამ მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვების და გამოცდილების მიხედვით, როგორ ახერხებს უკრაინა ამ დრომდე რუსული არმიის შეჩერებას, რომელიც წინ ვერ მიდის? 

ჩანს, რომ თავდამსხმელის მხრიდან იყო აშკარად არასწორი გათვლები, არასწორი ოპერატიული ვარაუდები, არასწორი შეფასება მოწინააღმდეგის, ასევე საკუთარი შესაძლებლობების, ხოლო უკრაინის მხრიდან კარგად იყო მომზადებული სამხედრო თავდაცვა. ამ კუთხით უკრაინის ორგანიზება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ყველაზე მთავარი აქ არის მოსახლეობის განწყობა წინააღმდეგობის გაწევის კუთხით. როგორც ყველა  ვხედავთ, მოსახლეობის წინააღმდეგობა არის ძალიან მაღალი, მოსახლეობა და ჯარი არის ერთსულოვანი.

  • რამდენად გაიზარდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა მას შემდეგ, როცა რამდენიმე ქვეყანამ მას სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა? 

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად განცხადებებს ამ დახმარების შესახებ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებების ასახვას სჭირდება გარკვეული დრო, ტრანსპორტირება, რეალიზება… ეს აისახება უახლოეს დღეებში.

  • რა შეიძლება მოხდეს ახლა, თქვენი მოლოდინი როგორია? 

ზელენსკის არ იყოს, არც მე მაქვს მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინი. ეს ალბათ იქნება უფრო ნიადაგის მოსინჯვა და არ იქნება კონკრეტული შედეგი. როგორც ვიცით, ნორმალურ ქვეყნებში, როცა ერთი ქვეყანა იწვევს მეორე ქვეყანას მოლაპარაკების მაგიდასთან, წყდება საომარი მოქმედებები, აქ პირიქით – ინტენსივობა გაიზარდა.

მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძლიერი ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა უკვე უახლოვდება კიევის მისადგომებს, როცა ჩვენ ამ ინტერვიუს ვწერთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი შეტაკებები იქნება. კიევის ზღუდეს თუ გაივლიან, მაშინ უკვე კიევთან იქნება უშუალოდ ბრძოლები.

გარდა ამისა, 11 სამხედრო ხომალდი გამოვიდა ყირიმიდან და მიემართება ოდესისკენ. ამ სადესანტო ხომალდების გადაყვანას დასჭირდება 20 საათი. არ ვიცი, სად იმყოფებიან ახლა ეს ხომალდები ზუსტად, მაგრამ დღის ბოლოს შეიძლება მივიდნენ კიდეც ოდესის ნაპირებამდე.

  • ანუ ამ ღამითაც გაგრძელდება თავდასხმა კიევზე? 

ღამე, როგორც ჩანს, რუსი სამხედროები ქალაქში ვერ ომობენ, მათ არა აქვთ ღამის სამიზნეები მასობრივი რაოდენობით, რომელიც საჭიროა, მით უმეტეს, უცხო ქალაქში საბრძოლველად. თუ დააკვირდებით, არც ერთ დიდ ქალაქში რუსი სამხედროები ღამით არ შესულან. ცხადია, დაბომბვებს არ ვგულისხმობ. შესაძლოა, აღჭურვეს კიდეც რუსული არმიის დანაყოფები ღამით ბრძოლისთვის, რაც ძალიან მეეჭვება, მაგრამ აუცილებლად იქნება დაბომბვის გაგრძელება, საჰაერო დარტყმებიც გაგრძელდება, ასევე საჰაერო თავდასხმა, ჩემი ვარაუდით, გამთენიისას დაიწყება ალბათ სახმელეთო ოპერაციები.

საფრთხე, რა თქმა უნდა, არის, რომ კიევი აიღონ, მაგრამ ვფიქრობ, კიევის აღება და მისი გაკონტროლება სხვადასხვა რამეა. ყოველ შემთხვევაში, ბრძოლები იქნება და უკრაინა მზად არის, ამას დახვდეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა გაუძლებს ამას.

  • კიდევ რაზეა დამოკიდებული უკრაინის წარმატება გარდა იმისა, რასაც ვხედავთ – აქტიურ წინააღმდეგობას და იმას, რომ რუსულმა არმიამ უპირატესობა ვერ მოიპოვა, მისი აღჭურვილობის თუ ადამიანური რესურსის სიმრავლის მიუხედავად. 

ვფიქრობ, უკრაინის წარმატება დამოკიდებულია როგორც სამხედრო რესურსზე, ასევე მსოფლიოს თანადგომაზე, ასევე იმაზე, რამდენად წარმატებული იქნება რუსული შეტევა უკრაინაში. ამ ეტაპზე ამით განისაზღვრება მოლაპარაკების მიმართულება, ობიექტები და შესაძლებლობა, რაზე შეიძლება დათანხმდე, რას შეიძლება არ დათანხმდე.

რაღაც უპირატესობები გამოიკვეთა რუსული არმიის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რაც იყო ჩადებული, რომ ომის დაწყებიდან ორ დღეში უკრაინას კაპიტულაციისთვის უნდა მოეწერა ხელი, არ გამოვიდა. არც ომი დასრულდა. რუსულმა არმიამ უპირატესობა ძირითადად მოიპოვა აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ანუ დონეცკი-ლუგანსკი, სამხრეთით კი, ქერჩთან არიან, მარიუპოლს უტევენ, მძიმედაა მარიუპოლი, მაგრამ მარიუპოლის დაკარგვა არ ნიშნავს ომის წაგებას. თვით კიევის დაკარგვაც არ ნიშნავს ომის წაგებას, არსებობს ლვოვის და კარპატის მხარე, რომელიც მასობრივად ჯერ არ ჩართულა ბრძოლაში. რუსეთს, ასე ვთქვათ, გარდატეხა არ შეუტანია არც ერთ მიმართულებაზე.

თუ აკვირდებით, ასევე, ჩანს, რომ რუსეთს ძალიან უჭირს მომარაგების საკითხები, ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ, რასაც უკრაინელები წარმატებით იყენებენ. ვხედავთ ხომ, როგორ ტოვებენ რუსი სამხედროები ახალ, დაუზიანებელ ტანკებს და ჯავშანტექნიკას.

  • რა ტიპისაა რუსული არმია დღეს? 

რუსულ არმიაში, რადგანაც დიდია, არის პროფესიული ნაწილი, რაზეც ცნობილი რეფორმების დროს დაიწყეს მუშაობა, რომ გაეზარდათ კონტრაქტორების რიცხვი. უკვე 2015 წლისთვის რუსეთში კონტრაქტორების რაოდენობა აღემატებოდა წვევამდელთა რაოდენობას. პროფესიული ჯარისკაციც არ ნიშნავს იმას, რომ იგი მაღალი დისციპლინით გამოირჩევა, მაგრამ ეს პროფესიული დანაყოფებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში, ან განადგურებულია. შესაბამისად, შემოჰყავთ აქტიურად რეზერვებიდან ახალწვეულები. როგორც უყურებთ, ამ ტყვეების მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ახალწვეულები არიან.

  • რა ჩანს ამ ომიდან რუსულ ჯარზე და უკრაინელების წინააღმდეგობაზე? რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ შემართებას? 

გამოჩნდა, რომ რუსეთს არ აქვს ის რესურსი, რა წარმოდგენაც არსებობდა აქამდე და ყოველდღე წამდაუწუმ გვეუბნებოდნენ, ძლევამოსილია რუსული ჯარიო, აბა, ვინ მოერევა რუსეთსო. აი, აჩვენა ხალხმა, ვინც ერევა. თუ ხალხს სურვილი აქვს ბრძოლის, ის ხალხი იბრძვის.

რაც შეეხება უკრაინელებს – მათ უზომოდ უყვართ სამშობლო და უშიშრები არიან. გამოჩნდა ისიც, რომ უკრაინელებს განსაკუთრებით კარგად შეუძლიათ ორგანიზება და არ ექვემდებარებიან პანიკას. ისინი იბრძვიან იმ სულისკვეთებით, რომ იბრძვიან საკუთარი სახლებისა და სამშობლოსთვის. მე ამის თეთრი შურით მშურს.

ამ შემართებას აქვს უდიდესი ძალა. ზოგადად, რუსები ნაკლებად იყენებენ, მაგრამ სამხედრო მეცნიერებაში არის ასეთი ტერმინი: „გრავიტაციის ცენტრი“. სტრატეგიის დონეზე ამ „გრავიტაციის ცენტრით“ ადგენენ ხალხის წინააღმდეგობის ნებას.  სწორედ ეს წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს, თორემ ხალხი რომ დანებებოდა, ომი დამთავრებულიც იქნებოდა ისე, როგორც ამას გეგმავდა რუსეთი. რუსებმა პანიკის და დანებების ნაცვლად მიიღეს ბრძოლა და ეს ბრძოლა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

  • რამდენად ცვლის დღევანდელ მოცემულობას ბირთვული იარაღი, რომლის არსებობაზეც ღიად მიანიშნა პუტინმა რამდენიმე დღის წინ? 

ჩემი აზრით, პუტინის ეს განცხადება გამიზნული იყო პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის და მისი ადრესატი უფრო იყო დასავლეთი, ზოგადად, მსოფლიო და არა კონკრეტულად უკრაინა. პუტინი ცდილობს სამყაროს დაანახოს, რომ შემდეგ მათ უკრაინა დაარწმუნონ და წამოვიდეს მოლაპარაკებაზე. პუტინი გალახული ძველი ბიჭივით მიდის ქურდულ გარჩევაზე და თან ცალი ხელით პისტოლეტს ატრიალებს ხელში.

რუსეთზე ვერასდროს იტყვი ვერასოდეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენებას ორი მხარე აქვს: ნატოს გაცილებით ძლიერი ბირთვული პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს. ამით საერთოდ დაიღუპავს თავს რუსეთი. ეს არის უფრო ბოტოქსიანი მოხუცის კუნთების ჩვენება შესაშინებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: