მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოქალაქე უცხოურ კაზინოში ფულს ვეღარ გადარიცხავს – ახალი წესი

13.04.2022 • 1651
საქართველოს მოქალაქე უცხოურ კაზინოში ფულს ვეღარ გადარიცხავს – ახალი წესი

საქართველოში ბანკებსა და შესაბამის საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს ეკრძალებათ საქართველოს მოქალაქის მიერ თანხის გადარიცხვა იმ უცხოური კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეწევა.

საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტ კომპანიებს აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე თანხის გადარიცხვა კანონით 2022 წლის პირველი მარტიდან აეკრძალათ. თუმცა კანონში იყო მუხლი, რომელიც განმარტავდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს აკრძალვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომხდარიყო.

სწორედ ეს წესი დაამტკიცა ამჯერად ეროვნულმა ბანკმა.

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესი“ 2022 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა.

ახალი წესის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდებს ვეღარ განახორციელებს საქართველოს რეზიდენტი, როგორც ფიზიკური პირი/საქართველოს მოქალაქე, ასევე, ის იურიდიული პირი თუ ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:

[crosslist]

  • SWIFT-ის საშუალებით გადარიცხვების განხორციელების შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდები შეზღუდოს 2022 წლის 16 აპრილიდან
  • 2022 წლის პირველი ივნისიდან კი, საქართველოს ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში – შეტყობინებაში მითითებული პირების სასარგებლოდ შეზღუდოს გადახდების განხორციელება, ან შეტყობინებაში მითითებულ კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს კონკრეტულ პირებზე გადახდების განხორციელების შესაძლებლობა.

[/crosslist]

პროვაიდერს არ აქვს უფლება „ურთიერთობა დაამყაროს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიასთან მის სასარგებლოდ რეზიდენტი პირების მიერ გადახდების განხორციელების ორგანიზების მიზნით, მათ შორის, საბარათე ოპერაციების მეშვეობით, ინტერნეტბანკით და მობილური ბანკით, თვითმომსახურების კიოსკებით, ფილიალებისა და სერვის-ცენტრებიდან გადახდების ორგანიზების გზით“.

პროვაიდერი ვალდებულია შეზღუდოს მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტების საშუალებით ან/და მისი მომსახურების არხებში რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელება, შემდეგ შემთხვევებში:

[checklist]

  • ელექტრონული კომერციის ოპერაციების შემთხვევაში – სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის მიხედვით სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფერო არის  სათამაშო ბიზნესი და მომსახურე ექვაირერი არის არარეზიდენტი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებულია ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, კომპანია [კომპანიები] სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ განსაზღვრულია როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანია.“

[/checklist]

ახალი წესის მიხედვით, „თუ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მომხმარებლები სხვა პირებს [მათ შორის, უცხოური ელექტრონული ფულის პროვაიდერების] იყენებენ შემდგომში სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების მიზნით ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფერო არის სათამაშო ბიზნესი, მაგრამ ის არ იყენებს სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელ კოდს, პროვაიდერმა აღნიშნულის შესახებ შესაბამისი წერილობითი შეტყობინება უნდა მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო შეტყობინების ასლი – საქართველოს ეროვნულ ბანკს.“

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.

ახალ წესში აღნიშნულია, რომ „რეზიდენტი პირი უფლებამოსილია სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის ბალანსზე არსებული მისი კუთვნილი თანხა გადაიტანოს საბანკო [მათ შორის, საბარათე] ანგარიშზე და ელექტრონული ფულის ანგარიშზე“.


საქართველოში, 2022 წლის პირველი მარტიდან, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა.

აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ: საჯარო მოხელეებს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს.

ამ თემაზე ვრცლად:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: