მთავარი,სიახლეები

როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

02.11.2022 • 84944
როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

გოგოს თუ ბიჭს? ვის „ეკუთვნის“ მშობლების ქონება მემკვიდრეობით? – ეს იყო ძირითადი კითხვა, რაც ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელს – ბებია სედიკოს, შვილ იამზეს და შვილიშვილ ირმას ჰკითხა „ბათუმელებმა“. როგორია მათი დამოკიდებულება ქონების განაწილებისადმი, ვის რჩება ქონების დიდი ნაწილი, ვისზე როგორ უნდა ნაწილდებოდეს ქონება, როგორ ნაწილდება რეალურად და როგორ მოიქცნენ ან მოიქცევიან თავად.

სედიკო გელაძემ 4 შვილი გაზარდა. ის ხულოს სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. მას ბიჭი არ ჰყავს, მაგრამ ფიქრობს, რომ ქონების მესაკუთრე ბიჭი უნდა იყოს.

„საერთოდ, გოგონებს ოჯახები ქონებას არ უნაწილებენ. ჩვენ მზითვს ვეძახით, როცა გაათხოვებდნენ ოჯახიდან გოგოს, კარადებს და მსგავს რაღაცებს ატანდნენ. ოჯახის რაღაც [ქონება] მისცენ, გაუნაწილონ გოგონებს, ასეთი ადათ-წესები არ არის ჩვენში. ოჯახის ქონებიდან რაიმეს საჩუქრად თუ მოგვცემენ, თორემ რასაც ჰქვია წილი ქონებიდან, გოგო შვილს არ შეუძლია ძმასთან გაინაწილოს.

რაც შეეძლო ოჯახს [მზითვში] გაატანდა გოგო შვილს, ხოლო ბიჭ შვილებზე ქონებას [თანაბრად] გაარიგებდნენ“, – გვეუბნება სედიკო.

სედიკო თავადაა მრავალშვილიანი ოჯახიდან. 2 ძმა და 2 და ჰყავდა. ერთი ძმა ადრე დაეღუპა და მშობლებს ბიჭ შვილებს შორის ქონების განაწილება აღარ დასჭირდათ. თუმცა დარწმუნებულია, ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო მათ ოჯახში, მისი მშობლები ორივე ძმას თანაბრად გაუყოფდნენ ქონებას.

„მაგალითად, ორი საწოლი თუ ექნებოდათ, ერთს ერთ ძმას მისცემდნენ, ერთს – მეორეს. თუ, მაგალითად, წყვილად არ ექნებოდათ რაიმე ოჯახში, სხვა ნივთს შეუწყვილებდნენ. ასე არიგებენ აქ [ქონებას]“, – გვიყვება სედიკო.

სედიკოს შეუძლია დაუშვას, რომ ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს გოგოსა და ბიჭ შვილებს შორის, რადგან მათ შორის განსხვავება არ არის, მაგრამ „რადგან გოგო ქორწინდება, ქმრის ოჯახში ხვდება [ქონება]. არ ვიცი, რად უნდა გოგოს მშობლის ქონება, არც წაიღებენ და არც მიზანშეწონილია. რა [ქონება] უნდა გაუყოს ან/და მშობელმა ყველა შვილს, სოფელში ისეთი რა აქვს გასაყოფი?“

სედიკოს თქმით, გოგო მზითვსაც თავად „გამომიმუშავებს“: „მზითვის შეძენა როგორ ხდება იცით? გოგო შვილს მშობელი გადაუხდის ქორწილს, შემოუვა ფული და იმ ფულით უყიდის, თორემ თვითონ თუ რაღაცას აჩუქებს [გოგოს], ეს უკვე მშობლის ამბავია“, – გვეუბნება სედიკო.

სედიკოს სმენია, რომ ადრე ოჯახები გოგოსა და ბიჭ შვილებზე თანაბრად ანაწილებდნენ მიწის ნაკვეთებს, მაგრამ მსგავსი შემთხვევა თავად მას არ ახსენდება და მის ირგვლივ – სამეზობლოში, სანათესავოში, სამეგობროში თუ ა.შ. ყოველთვის გოგონებს ამზითვებდნენ, სხვა ქონება კი ბიჭებზე ნაწილდებოდა.

სედიკოს ვკითხეთ, თავად როგორ გაანაწილა ქონება  შვილებზე. მას ოთხი შვილი ჰყავდა – 3 გოგო და 1 ბიჭი. ბიჭი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. სედიკოს თქმით, ასე რომ არ მომხდარიყო, წილს ქონებიდან ქალიშვილებს მხოლოდ მაშინ მისცემდნენ მშობლები, თუ ამას ბიჭი შვილი თავად მოინდომებდა.

ქალი გვიყვება, რომ მის სახლში უმცროსი შვილი დარჩა ქმართან ერთად. შესაბამისად, ოჯახის მთელი ქონებაც ამ ქალიშვილს ეკუთვნის. უფროსი ქალიშვილები კი დედამ გამზითვა.

„ქორწილები გადავუხადე და შემოსული ფულით რისი ყიდვაც შევძელით, ყველაფერი მზითვში გავატანეთ. ოჯახიდან ავიღო, მაგალითად, გამოყენებული საწოლი და მივცე, ასე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია… არ გამინაწილებია მათზე მიწები, სადაც გათხოვდნენ, იქ აქვთ მიწა. მე სხვა სოფელში ვცხოვრობ, ისინი – სხვა სოფელში, მიწას როგორ გავუნაწილებ? პატარა გოგო რადგან ოჯახში დარჩა და მისი ქმარი მოვიდა ჩვენს ოჯახში, ყველაფერი მისია.

მგონია, რომ სხვა შვილებს მამის სახლიდან არაფერი სჭირდებათ. შესაძლოა, გოგო ღარიბ ოჯახში გათხოვდეს და ამიტომ მისცე ქონების ნაწილი. ჩემ შემთხვევაში ეგ არ ყოფილა საჭირო“, – გვითხრა სედიკომ ბოლოს.

2 ქალიშვილისა და 1 ბიჭის დედაა სედიკოს უფროსი შვილი, 44 წლის იამზე გელაძე. იამზე ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და გვიყვება, როგორ იყოფოდა მშობლების ქონება მის თაობაში.

„ჩვენთან ტრადიციულად, ბიჭებს თანაბრად ვუყოფთ [ქონებას] და გოგოს მზითვს ვატანთ. გამართლებული ის იქნებოდა, რომ ყველა შვილს თანაბრად გაუნაწილო ქონება… მეც ტრადიციების მომხრე ვარ. თუ საშუალება გექნება, რატომაც არა, გოგოსაც გაუკეთე იგივე, რასაც ბიჭს გაუკეთებ. მაგრამ, როცა ერთი სახლი გაქვს, იმის განაწილებას როგორ შეძლებ გოგოსა და ბიჭ შვილზე? ანუ, სადაც შენი საძირკველია, შენ სადაც ცხოვრობ, რა თქმა უნდა, ბიჭთან ერთად იცხოვრებ და ჩვეულებრივად რჩება [ყველაფერი] ბიჭს. ამას ვერ გაანაწილებ, თორემ განაწილების მხრივ მეც ვფიქრობ, რომ გოგოსაც ეკუთვნის [ქონების] რაღაც წილი“, – გვეუბნება იამზე.

რაც შეეხება თავისი მშობლების ქონების გაყოფას, იამზეს თქმით, ყველაფერი უმცროსი დისაა, რომელმაც ოჯახში დარჩენით „ბიჭის როლი შეითვისა“. ფიქრობს, რომ თუ მშობლების ქონებას უფროსი დები გაინაწილებდნენ, უმცროსს არაფერი დარჩებოდა. „ჩვენი პატარა და უფრო დაჩაგრული დარჩებოდა. ჯერ ისედაც დაჩაგრულის როლშია, რომ დედაჩემს უნდა მოუაროს. რაღაც ისეთი ხომ უნდა შეხვედროდა მასაც, რაც თავს ცოტა კომფორტულად აგრძნობინებდა“, – ამბობს იამზე.

იამზეს ვკითხეთ, როგორ აპირებს ქონების განაწილებას თავის შვილებზე. ქალის თქმით, ფიქრობს, თუ შეძლებს, ქალიშვილებსაც  შეუძინოს ბინები, მაგრამ რა ქონებაც აქვს ამ ეტაპზე – სახლი და სხვა ყველაფერი, ბიჭის იქნება.

„როგორც მშობელი, სამივე შვილს ერთნაირ ცხოვრებას ავუწყობდი. შვილებს ვერ განვასხვავებ. თუ კი ჩემი შვილი მოხვდება ისეთ ოჯახში [დაქორწინდება], რომ უჭირს და სჭირდება ბინა, რა თქმა უნდა, ბოლო გროშსაც გავყოფ და ისეთ ცხოვრებას შევუქმნი, როგორც ბიჭს, არ განვასხვავებ.

სადაც ცხოვრობ, ის [სახლი] ავტომატურად ბიჭის სახელზე რჩება. როცა ერთი სახლი გაქვს და 1 ოჯახზეა [საცხოვრებლად] გათვლილი, იმას ვეღარ გაყოფ. თუ უყურებ, რომ გოგოს ცხოვრება ბევრად სჯობია ბიჭის ცხოვრებას, შესაძლოა მხოლოდ მზითვით შემოიფარგლო, მაგრამ ბიჭ შვილს წაართვა და გოგოს მისცე უფრო მეტი?“ – შეკითხვით ამთავრებს საუბარს ჩვენთან იამზე გელაძე.

იამზეს სტუდენტ შვილს, ირმა კოჩალიძესაც ვკითხეთ, რას ფიქრობს ქონების განაწილების უკვე ნახსენებ ფორმაზე და როგორი მოლოდინი აქვს, როგორ გაანაწილებენ ქონებას მასზე და მის და-ძმაზე.

ირმა მიიჩნევს, რომ ქონების განაწილების ყველაზე გამართლებული ფორმა ქონების თანაბრად გაყოფაა შვილების სქესის განურჩევლად, თუმცა მიუხედავად ამისა, გვეუბნება: „ქონების დიდი ნაწილი ბიჭს [ჩემს ძმას] დარჩება, რადგან მე დავქორწინდები. თუ არ დავქორწინდები, ვფიქრობ, ჩემი მშობლები თანაბრად გადაანაწილებენ ქონებას. თუ ქონება თანაბრად არ გადანაწილდება, რატომაც არა, ჩემს მშობლებს ქონების თანაბრად გადანაწილებას მოვთხოვ. [ქონების განაწილების] შესახებ არც ერთხელ არ მისაუბრია მშობლებთან“, – გვითხრა ირმამ.

ირმას თქმით, შვილებზე როგორ გადანაწილდეს მშობლების ქონება არ უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რომელ შვილთან ერთად იცხოვრებენ თავად მშობლები.

„უმეტეს შემთხვევაში ოჯახში ქონების განაწილების ტენდენცია დიდად არ იცვლება. ახლაც იმ შემთხვევაში დარჩება გოგოს ქონება, თუ ბიჭი არ იქნება გვარში“, – გვეუბნება ირმა. ირმას თქმით, მზითვის არსებობა იმას ნიშნავს, რომ გოგო შვილს მშობლები მთლად ხელცარიელს არ ტოვებენ.

„მეტწილად ქონებას მშობლები ამ ფორმით სწორედ რომ კულტურის გამო ანაწილებენ. ჩვენთან ხომ არის ტრადიცია, რომ ქონება უნდა გადაეცეს ბიჭს. ყველაფერი ამის გამო ხდება“, – გვითხრა ირმამ.

იმ შემთხვევაში, თუ შვილების ყოლას გადაწყვეტს ირმა, ამბობს, რომ ქონებას შვილებს მაქსიმალურად თანაბრად გაუნაწილებს და მისთვის შვილების სქესი მნიშვნელოვანი არ იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: