მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ბრძოლის ხაზი კრემენაიასთან დამატებითი ძალებით გააძლიერა – ბრიტანეთის დაზვერვა

28.12.2022
რუსეთმა ბრძოლის ხაზი კრემენაიასთან დამატებითი ძალებით გააძლიერა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 28 დეკემბრის ანგარიში ლუგანსკის ბრძოლის ველზე ქალაქ კრემენაიასთან მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს. კრემენაია რუსეთის მიერ კონტროლირებადი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია ლუგანსკში, რომელსაც უკრაინული ძალები ინტენსიურად უტევენ.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემების მიხედვით, რუსეთმა ბრძოლის ხაზის კრემენაიას სექტორი დამატებითი ძალებით გააძლიერა და აქ ახალი ვრცელი თავდაცვითი ხაზი ააშენა, რომლის გამაგრებაც, სავარაუდოდ, რუსეთის პრიორიტეტი იქნება.

ანგარიშის მიხედვით, კრემენაია შედარებით დაუცველია მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ოქტომბერში დასავლეთით, ქალაქ ლიმანის გავლით, წაიწიეს წინ. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრემენაიას რუსეთისთვის დონბასის ფრონტზე დიდი ლოჯისტიკური მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მთავარი ქალაქია ლუგანსკის ოლქში.

„კრემლი ამტკიცებს, რომ ამ არეალის „გათავისუფლება“ ომის ძირითადი გამართლებაა“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 28 დეკემბრის ანგარიშში.

„სანამ უკრაინის აღმოსავლეთითა და სამხრეთით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, როგორც ჩანს, უკრაინული ძალები მიუახლოვდნენ ლუგანსკის რეგიონის რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ძირითადი ქალაქის, კრემენაიას აღებას“, – წერდა ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ 27 დეკემბერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავდა, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქში მებრძოლთა ნაწილს რამდენიმე კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რუბიჟნოემდე დაახევინეს უკან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლია ბრძოლის ხაზზე მიმდინარე მოვლენების დადასტურება.

„რუსები ხვდებიან, რომ კრემენაიას თუ დაკარგავენ, მათი თავდაცვის ხაზი დაეცემა. რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა თვეზე ცოტა მეტ დროში მოახერხეს ძალიან ძლიერი თავდაცვის აშენება. მათ აქ მოაქვთ რეზერვისა და აღჭურვილობის უზარმაზარი რაოდენობა. გამუდმებით აახლებენ თავიანთ ძალებს“, – ციტირებს „გარდიანი“ გაიდაის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ტელეგრამპოსტს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, კრემენაიასა და ახლომდებარე სვატოვოს აღება კიევს გაუხსნის გზას სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე შეტევისთვის. ეს ქალაქები უკრაინამ ზაფხულში დაკარგა.

____

26 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კიევი უნდა დათანხმდეს მოსკოვის მოთხოვნას „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე“ ან განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე. „გარდიანის“ შეფასებით ლავროვის ეს განცხადება აჩვენებს, რომ კრემლი არ აპირებს თავის მაქსიმალურ მიზანზე – უკრაინაში რეჟიმის შეცვლაზე უარის თქმას. ვლადიმერ პუტინი კი 25 დეკემბერს ამტკიცებდა, თითქოს რუსეთი მზადაა ომის დასასრულებლად, მოლაპარაკებებისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: