მთავარი,სიახლეები

უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო შოლცს გერმანიაში აკრიტიკებენ

27.12.2022 • 1184
უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო შოლცს გერმანიაში აკრიტიკებენ

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის გამო.

მისი აზრით, გერმანიის მთავრობის ასეთი პოზიცია მიუთითებს რუსული ნარატივის გავლენაზე და არაშორსმჭვრეტელი შეცდომაა.

„კანცლერის უარი, გადარჩენისთვის ბრძოლაში უკრაინას ტანკები მისცეს, არა მარტო გაუგებარი, არამედ შემაშფოთებლად არაშორსმჭვრეტელია. სიტუაცია კატასტროფულია, განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ძალიან მწყინს, როცა ვისმენ, რომ ტანკების მიწოდება რუსეთისთვის განსაკუთრებული პროვოკაცია იქნებოდა“, – თქვა დეპუტატმა „არ-ენ-დი“-სთან ინტერვიუში.

შტრაკ-ციმერმანმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უკვე გადასცა უკრაინას სხვადასხვა შეიარაღება ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად, ხოლო ტანკები „მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა რუსების უკან დახევისთვის“.

მისი აზრით, ზოგიერთი პოლიტიკოსი გერმანიაში მოექცა მოსკოვის ნარატივის ქვეშ, თითქოს ნატომ და დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოახდინონ.

„ნათელია, რომ რუსული ნარატივი მუშაობს და ხელს უშლის ზოგიერთს კანცელარიაში, ესოდენ აუცილებელი ტანკები მიაწოდოს უკრაინას. ის, ვინც ფანტაზიორობს, რომ რუსეთთან წითელი ხაზი გადაიკვეთება, ჰყვება აგრესორის და არა მსხვერპლის ისტორიას“, – განაცხადა მან.

მანვე დაამატა, რომ შოლცის უარი ტანკების მიწოდებაზე „დიდი შეცდომაა“ და გერმანიამ ბევრი ღირებული დრო დახარჯა „აბსურდულ დისკუსიებში“.

„ცხადია, რომ ბატონი შოლცის მრჩევლები სთავაზობენ კანცლერს უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემის დაბლოკვას. მე ეს უარი დიდ შეცდომად მიმაჩნია. მაბრაზებს, როცა ბოლო თვეებს ვიხსენებ და ვხედავ, რა აბსურდული დისკუსიები გვქონდა. გავიდა დრო, როცა დახმარება შეგვეძლო. ეს კონსულტანტები ყოველთვის დინებას მიჰყვებიან და სულ არ ფიქრობენ სტრატეგიულად“, – ხაზი გაუსვა შტრაკ-ციმერმანმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს ძალიან სწრაფად შეუძლიათ ისწავლონ გერმანული ტანკების მართვა, ხოლო ევროპელი პარტნიორები ბერლინის ქმედებებს ელიან.

მისივე აზრით, გერმანიას არ აქვს სტრატეგია უკრაინასთან მიმართებაში.

„სანამ სტრატეგიაზე ფიქრს დავიწყებთ, ის უნდა გვქონდეს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არ გვაქვს. უკრაინის დახმარების თხოვნაზე მუდმივი რეაგირება გრძელვადიანი სტრატეგია არ არის“, – აღნიშნა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: