ნოემბერში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 121 454 მოქალაქე შემოვიდა, რაც 347 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რაც შეეხება შემოდგომის ორ თვეს სექტემბერსა და ოქტომბერს, შს სამინისტროს ცნობით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა. ოქტომბერში რუსეთიდან 133 640 ადამიანი შემოვიდა საქართველოში.
შსს-ს მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 27 186 მოქალაქე შემოვიდა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში თურქეთიდან 113 054 მოქალაქე შემოვიდა. თურქეთიდან მოქალაქეების შემოსვლა ე.წ. სატელეფონო ტურიზმს უკავშირდება. თურქეთის მოქალაქეები საქართველოში ტელეფონების შესაძენად შემოდიან, რის გამოც ვიზიტორთა რიცხვი 261 %-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ასევე, ნოემბრის თვეში საქართველოში სომხეთიდან 97 014 მოქალაქე შემოვიდა, უკრაინიდან 16 799 მოქალაქე და ისრაელიდან 15 370 მოქალაქე.
ნოემბრის თვეში საქართველოში სულ 457 375 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. მათგან 24 საათზე და მეტი ხნით დარჩა 258 235 მოქალაქე.