მთავარი,სიახლეები

დაშორდით, არ ღირს დროის დაკარგვა – როგორ დააღწია თავი მოძალადე ქმარს 3 შვილის დედამ

26.12.2022 • 15275
დაშორდით, არ ღირს დროის დაკარგვა – როგორ დააღწია თავი მოძალადე ქმარს 3 შვილის დედამ

ავტორი: სოფი დანელია, 3 შვილის დედა

14 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, უფრო სწორად, მოტყუებით წამიყვანა და ასე აღმოვჩნდი ახალ ოჯახში. სამი შვილი მყავს – 21 წლის, 15 წლის და 9 წლის. მყავს ერთი შვილიშვილიც. ოთხი წელია რაც დავშორდი ქმარს და ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. საკუთარი საქმე წამოვიწყე – ესთეტიკის ცენტრი გავხსენი და ვმუშაობ. მანამდე კი ქმრისგან არაერთი სახის ძალადობის ატანა მიწევდა.

მომინდა ჩემი ისტორია თქვენთვის მომეყოლა… მინდა მაგალითი ვიყო იმ მრავალშვილიანი ქალებისთვის, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია… ვინც ადრეულ ასაკში გათხოვდა. და კიდევ იქნებ იყოს ვინმე ისეთი, ვისთანაც ფსიქოლოგიის კურსებს გავივლი… ვისწავლი – ჩემს ერთ-ერთ ოცნებას ავიხდენ, შემდეგ კი შევძლებ ჩემნაირ ადამიანებს უსასყიდლოდ დავეხმარო.

დედისერთა ვარ, ამიტომ მშობლები არაფერს მაკლებდნენ. დედის გულზე მეძინა, ისე გავიზარდე.

მეორე კლასში ვიყავი, როცა დედა ემიგრაციაში წავიდა. ძალიან გამიჭირდა. როცა მენატრებოდა, თოჯინებს ვაცმევდი ხოლმე მის ტანსაცმელს და ვეხუტებოდი (ახლაც მეტირება, რომ მახსენდება).

შემდეგ, მე-6 კლასიდან უკვე თბილისში გადავედით და სკოლაშიც იქ დავდიოდი… ერთ-ერთ ახალ წელს, როცა გურიაში ჩავედით, ჩემმა შეყვარებულმა მოტყუებით წამიყვანა. მშობლები შეეცადნენ ჩემ წამოყვანას, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა, დავრჩი.

მალევე დაიწყო ჩემი შეზღუდვა – „ამას ნუ იცმევ“, „ასე ნუ იცინი“, ამას ნუ აკეთებ“. არ მანებებდა სწავლას, მუშაობას და მაშინ დასრულდა ჩემი სიმშვიდე.

ქმრის ოჯახში საშინელი გარემო დამხვდა. ყველა ჩხუბობდა – დედამთილ-მამამთილი, ბებია- ბაბუა, მული… ლამის შევიშალე, მეგონა, საგიჟეში მოვხვდი.

დამემართა ნევროზი, ისე ვიყავი, ხალხის დანახვა აღარ მინდოდა. საათის, წვიმის ხმაც კი მოქმედებდა ჩემზე და გული მიმდიოდა. ორსულობაც საშინელი მქონდა, ამას დაემატა სტრესი. ექიმმა მითხრა, შენ თავს თუ არ მიხედე, ისე არაფერი გამოვაო. ამ დროს 16 წლის ვიყავი.

ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა (ძმაკაცის ცოლი), სმს-ებს ვნახულობდი ხოლმე. როცა ვეუბნებოდი, იწყებდა ჩხუბს, შეურაცხყოფას მაყენებდა, ფიზიკურადაც მეხებოდა. ხელის მოჭერა იცოდა…

თავს ვიდანაშაულებდი, რომ მასთან დავრჩი. რადგან დედა ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, ვცდილობდი არაფერი გაეგო. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ გამოსწორდებოდა.

მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად, როცა ისე მეჩხუბა, წავალ-მეთქი ვუთხარი. ხელი მომიქნია და ყელში წამიჭირა – აბა, გაბედე და წადიო.

ვითმენდი ყველაფერს, დავთმე ყველაფერი – მშობლები, მეგობრები, ნათესავები.

დავკარგე ბინა, რომელიც დედაჩემმა მიყიდა, ბანკში ჩავუდე და აღარ გადაიხადა. ყველაფერი დავკარგე, ჩემი თავიც.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად არ ვიყავი მასზე დამოკიდებული, ჩემი ოჯახი მეხმარებოდა, მაინც ვერ შევძელი დროულად გადამედგა მისგან წამოსვლის ნაბიჯი. არც ბავშვებს ერიდებოდა, ისეთ სიტყვებს მეძახდა, ყურში არ შეიშვებოდა. ჩხუბისას ხმას თუ არ გავცემდი, ყელში მეცემოდა, რატომ არ მცემ პასუხსო.

ვმუშაობდი. დილით შვიდ საათზე ვდგებოდი და ბავშვებს ვამზადებდი სკოლისთვის, ჩავისვამდი მანქანაში, დავტოვებდი დიდებს სკოლაში, პატარას – ბაღში. სოფლიდან ქალაქში დამყავდა.

მანამდე, სანამ ბავშვები მასწავლებლებთან იყვნენ, მე ვვარჯიშობდი და ჩემი ქმარი ამაზეც ბრაზდებოდა.

საჭმელსაც ვაკეთებდი და სახლსაც ვალაგებდი, თუმცა საღამოს ნასვამი მოდიოდა [რაღაც აბებსაც სვამდა] და მაინც მეჩხუბებოდა. ეგ საჭმელი ბებიაშენს შეასხიო, – მეუბნებოდა.

ბოლო ჩხუბის დროს გავაფრთხილე, იცოდე წავალ, არ გაპატიებ-მეთქი და უარესი გააკეთა. იარაღით გამომეკიდა. ღამე იყო, გარეთ კარგად არ ჩანდა ყველაფერი და დავიმალე. ეგონა, გარეთ გავიქცეოდი და ჭიშკრისკენ ისროდა.

ეზოშიც მეძება და რომ ვერ მიპოვა, უკან შებრუნდა.

მერე ოთახში გავიგონე გასროლის ხმა. მეგონა, ბავშვებს ესროლა. მივვარდი და იარაღი წავართვი, ტყვიები გამოვყარე. მამა მეზობლად ცხოვრობდა, რომ მოვიდა, ჩემმა ქმარმა ტყუილები დაიწყო, იარაღს ვწმენდდი და გამივარდაო. სიმწრისა და სიბრაზისგან ისე ვიყავი, რომ დანა ავიღე – მოგკლავ-მეთქი ვუთხარი და ისიც წამართვა.

ბავშვები მამას გავაყოლე. ჩემი ქმარი დაჯდა და ტირილი დაიწყო, თავს მოვიკლავო…

მე საბოლოოდ წამოვედი მისგან.

დედა, რომელიც 15 წელი უცხოეთში იყო, ჩამოვიდა. დღე არ გადიოდა, ქმარი და მისი ნათესავები არ მოსულიყვნენ, შეურიგდიო – ამის სათქმელად. იმ ზომამდე მიმიყვანეს, გადავწყვიტე თავი მომეკლა და წამლები დავლიე. დღემდე ვნანობ. ამის შემდეგ ოჯახის წევრები და ნათესავებიც მომეშვნენ.

დაახლოებით რვა თვე იყო გასული, ისევ დაიწყო დარეკვები და ბავშვებთან მიქმნიდა პრობლემებს. მაშინ მივმართე პირველად პოლიციას და გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი.

სოფი დანელიამ ქმართან განქორწინების შემდეგ ესთეტიკის ცენტრი გახსნა ბათუმში

ვფიქრობ, ჩემი ქმრის ასეთი მდგომარეობა ოჯახური გარემოს ბრალიც იყო. მამამისს სხვა ქალი ჰყავდა და ჩემს ქმარს ძალიან ცუდად ექცეოდა. ხალხში, ბიჭებთან სულ ეუხეშებოდა. თვითონაც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ბევრჯერ ვუთხარი დედამისს და მასაც, რომ ფსიქოლოგი სჭირდებოდა, მაგრამ არ მისმენდნენ.

პოლიციაში როცა ვუჩივლე, წესით, მაშინ უნდა ჩაერთო სახელმწიფოს სარეაბილიტაციო პროგრამაში, რადგან ისევ აქვს ბავშვებთან შეხება. მათაც ძალიან ცუდად ექცევა. წესით, სოციალური მუშაკიც უნდა დაინტერესებულიყო იმით, რომ ფსიქოლოგის დახმარება დაენიშნა ჩემი ყოფილი ქმრისთვის და ჩვენთვისაც. თუმცა სახელმწიფოს ეს საკითხი არ აინტერესებს.

ისიც არ ვიცი, იარაღი ჩააბარებინეს თუ არა. ბავშვები როცა დაიბარეს პოლიციაში, მათ არ დაუმალავთ და უთხრეს, რომ მოსაკლავად მომსდევდა.

ის იარაღიც ნაცნობობით ჰქონდა აღებული. იმედია, ჩამოართვეს.

ერთი წელია, რაც სხვა ცოლი მოიყვანა, უკვე შვილიც შეეძინა, მაგრამ, როგორც ვიცი, ის ქალიც ისეთივე ძალადობის მსხვერპლია, როგორც მე ვიყავი.

ახლა უკვე ჩემს შვილსაც ვეუბნები და სხვა ქალებსაც მინდა ვუთხრა, რომ ჩემი შეცდომა არ გაიმეორონ – არ გაჩერდეთ ადამიანთან, ვინც გართმევს პირად ცხოვრებას და ძალადობს თქვენზე. არ ღირს დროის კარგვა, დროულად უნდა დაშორდეთ, რადგან მოძალადე ადამიანები არ იცვლებიან, გამორიცხულა.

ძალიან დიდი ენერგიის ხარჯზე შეიძლება რაღაც დროით შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ საბოლოოდ, მოძალადე ადამიანი არ იცვლება.

წამალდამოკიდებული თუ არის, ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

„არ ვიცი, სად წავიდე“, „ბავშვები სად წავიყვანო“, – ამბობენ ხოლმე ძალადობის მსხვერპლი ქალები, რადგან არც მშობლები და ახლობლები უდგათ გვერდით. ამიტომ, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მარტოხელა დედები, მოძალადისგან თავის დაღწევა უფრო ადვილად რომ შეძლონ.

როცა ქურდობა და ყაჩაღობა ხდება, წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ ბრალდებულს. ქალზე როცა ძალადობენ – მაშინ გარეთ უშვებენ. შემაკავებელი ორდერი ხშირად არაფერს აკეთებს, შეიძლება დახვდეს ქალს სადმე და მოკლას.

ჩემი მკვლელობის მცდელობა ჰქონდა. მე, შეიძლება ითქვას, გადავრჩი, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: