ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

20.10.2017
გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია.

„ტერიტორიას აქვს უნიკალური პოტენციალი, რომ განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოამზადა Colliers International-მა“, – აცხადებენ სამინისტროში.

კონცეფციის მიხედვით, განაშენიანება მოიცავს როგორც გონიოს დასახლებას, ასევე ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას; მდინარე ჭოროხზე ასაგები ახალი ხიდი კი, ამ ადგილებს ბათუმთან [აეროპორტთან, ახალი ბულვარის გაგრძელებასთან] აკავშირებს.

gonio-poligoni-gengegma

წყარო: გონიოს განვითარების კონცეფცია

ტერიტორია  ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით შესწავლილი რომ იყო, სამინისტროში გასულ წელსაც გვითხრეს, თუმცა კონცეფცია მაშინ სამინისტრომ არ გაასაჯაროვა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალი სამ მილიარდ დოლარს აღწევს და აქ მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების საქმე ამ დრომდე „გეგმის“ იქეთ არ წასულა.

gonio poligoni 3

ფოტო გონიოს განვითარების კონცეფციიდან

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია 314 ჰექტარია და რამდენიმე წელია უფუნქციოდაა. გონიოს დასახლებაც და ეს ტერიტორიაც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორიით ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა „ეს არის ზოგადი დაინტერესება და რაიმე კონკრეტული პროექტი ან ინვესტორი გამოკვეთილი არ არის. ჩვენ საკითხში გარკვეულწილად ჩართული ვართ იმდენად, რამდენადაც ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აჭარის ავტონომიის საკუთრებაა“.

„არანაირი პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ ტერიტორიასთან იქნებოდა დაკავშირებული, ქალაქის არქიტექტურის სამსახურში არ შემოსულა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

gonio poligoni 2

ფოტო გონიოს განვითარების კონცეფციიდან

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები, როგორც თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და არ იციან თუ როდის დასრულდება. „ეს არის ძალიან შრომატევადი და რთული სამუშაო“, – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში.


ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ,  ჭოროხის დელტაშია, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში იყო საუბარი აქ ტყე-პარკის მოწყობის შესახებაც, თუმცა მუნიციპალიტეტში ეს არ დაგვიდასტურეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმს ბუნებრივი ტყე-პარკი, როგორც ასეთი, არ აქვს. ბულვარი და ბოტანიკური ბაღიც კი  ხელოვნურადაა გაშენებული.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ მიხედვით, საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებშია მოქცეული.

ქალაქის საკრებულოს და მერიას ყოფილი პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე არ უმუშავიათ.

„სარეკრეაციო ზონას არავინ შეეხება… კონცეფციით ლანდშაფტის შენარჩუნებაც გათვლილია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება,“ –განაცხადეს გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ამავე თემაზე:

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

კვარიათი-გონიო-ბათუმი - ხედი კვარიათიდან / 18.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

კვარიათი-გონიო-ბათუმი – ხედი კვარიათიდან / 18.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: