მთავარი,სიახლეები

„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“ – რა მტკიცებულებები აჩვენეს გალიფ ოზთურქის საქმის მოსამართლეს 

26.12.2022 •
„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“ – რა მტკიცებულებები აჩვენეს გალიფ ოზთურქის საქმის მოსამართლეს 

განსაკუთრებული სიფრთხილით ამოიღო დიდი შეფუთვიდან კოკაინის პატარა შეკვრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და თქვა: „ეს კოკაინია“.

გაშლილ ქაღალდზე დაყრილ კოკაინის ფხვნილს პროკურორის პირისპირ ჩამომდგარმა ადვოკატებმა დახედეს. მოსამართლეც წამოდგა ფეხზე.

ეს ის კოკაინია, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მილიონერი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის აპარტამენტიდან ამოიღეს.

დღეს, 26 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას პროკურორმა „ოზთურქის საქმის“ ნივთიერი მტკიცებულებები აჩვენა.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„არ მინდა ყველაფრის წაკითხვა“, – თქვა პროკურორმა, როცა მტკიცებულებების შეფუთვიდან საგულდაგულოდ და ცალ-ცალკე ამოალაგა სხვადასხვა სახის პრეპარატი.

„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“, – მიმართა პროკურორს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

ადვოკატების მტკიცებით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილს, რაც გამოძიებამ ჩხრეკის დროს ამოიღო, ოზთურქი მძიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოიხმარდა.

ადვოკატებმა მოსამართლეს სამედიცინო პრეპარატების დიდ შეფუთვაზე მიუთითეს და უთხრეს, რომ ამ გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა მედიკამენტების არცერთ შეფუთვაზე არ ჩატარებულა.

„რაზეც ჩატარდა და მძიმედ არის საქმე, ეს თუ არ გადარდებთ, კი ბატონო“, – ადვოკატებს გახედა პროკურორმა და შეფუთვიდან სხვადასხვა სახის მედიკამენტის ამოლაგება განაგრძო.

გამოძიებამ გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა კოკაინის შეფუთვაზე ჩაატარა, ექსპერტიზით დადასტურდა ამ კონკრეტულ შეფუთვაზე ოზთურქის ანაბეჭდი.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე იმ ვიდეოს ნახავს, რაც საგამოძიებო ორგანომ გადაიღო ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკის დროს. ადვოკატების თქმით, გადაღებული ვიდეოს ხანგრძლივობა დაახლოებით 8 საათია.

ოზთურქის პატიმრობის 9-თვიანი ვადა თებერვალში სრულდება. მანამდე მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმეებსაც უნდა მოუსმინოს.

ბრალდებული გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო სხდომას დასწრებია. ის აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს პროცესზე დასწრებას.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: