მთავარი,სიახლეები

„ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“ – უკრაინის ცოცხალი გმირი მფრინავი

26.12.2022 • 2459
„ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“ – უკრაინის ცოცხალი გმირი მფრინავი

27 წლის ვადიმ ვოროშილოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. ის სასწაულებრივად გადარჩა: აალებული თვითმფრინავიდან გადახტა – ისე, რომ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მწყობრიდან გამოსულ თვითმფრინავში მჯდომმა, ისიც კი მოახერხა, თვითმფრინავისთვის მიმართულება შეეცვალა და დასახლებული პუნქტიდან შორს მიემართა, ხალხი რომ არ დაშავებულიყო. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 40 წამში მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, 5 დეკემბერს ვადიმ ვოროშილოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ეს იშვიათი გამონაკლისია, უმეტესად გმირის წოდებას სიკვდილის მერე ანიჭებენ უკრაინის ომში მებრძოლებს.

კარაია – ასე იცნობდნენ ვადიმს საჯარისო ნაწილებში. რამდენიმე თვეა უკრაინულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მის შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდება.

მფრინავი გამანადგურებლის პილოტმა 12 ოქტომბერს 5 ირანული დრონი გაანადგურა, რის შემდეგაც თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. ვადიმმა ვინიცის ოლქში შეძლო კატაპულტირება. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში არ ჩამოვარდნილიყო.

უკრაინის ცოცხალი გმირი თავად უყვება თავდაცვის ძალების გამოცემას Armyinform, იმის შესახებ, რაც 12 ოქტომბერს გადახდა.

„კატაპულტირება ტექნიკურად რთული არაა, ასე ჩანდა. სახიფათო კატაპულტირების შედეგებია: როცა არ იცი რა მოხდება, სამწუხაროდ კატაპულტირების შედეგად რას მივიღებთ ეს არაა დამოკიდებული პროფესიონალიზმზე. უბრალოდ, ვიღაცას უმართლებს, ვიღაცას – არა. პირადად მე ძალიან ბევრჯერ გამიმართლა, შევძელი სახლებზე ჩამოვარდნა ამერიდებინა თავიდან, რბილ ველზე დავეშვი.

საუბარია 2000 კილომეტრზე უფრო დიდი სიმაღლიდან დაფრენაზე. თვითმფრინავი კი გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ მის ბორტზე რაკეტები არ აფეთქებულა.

სამწუხაროდ, ჩემს კოლეგებს შორის, წარმოუდგენლად კარგ პილოტებს შორის, ასეთი გამართლებით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ამიტომ ამ ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“, – ჰყვება კარაია და აგრძელებს:

პილოტი ომი KARAYA

„დილის 4 საათზე დაიწყო განგაში, ძილის არანაირი შესაძლებლობა არ დარჩა. 5 საათზე უკვე თვითმფრინავში ვიყავი. სამხრეთის მიმართულებით ვმუშაობდი, ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა პირველ ირანულ დრონზე დავიწყე ნადირობა და მოვახვედრე მიზანს. დავიწყე შემდეგი დრონის ძებნა. ერთ საათზე მეტხანს ვიფრინე და სამი მომდევნო სამიზნეც გავანადგურე.

ღამით ისევ გაისმა ბრძანება: „ჰაერიდან!“ ამჯერად ვინიცისკენ გავფრინდი და მალევე გავანადგურე ერთი დრონი. დავიწყე სხვაზე ნადირობა, მივუახლოვდი მაქსიმალურად, ვესროლე რაკეტა და ავაფეთქე, მაგრამ ფოლადის ანასხლეტებმა ჩემივე თვითმფრინავიც დააზიანა. თვითმფრინავმა მწყობრიდან დაიწყო გამოსვლა.

ჩაიფშვნა მინა, სახეში ქარი მცემდა და ვერაფერს ვხედავდი, საკონტროლო პულტების შემოწმება დავიწყე, წინ შუქებს ვხედავდი – ესე იგი დასახლებული პუნქტი იყო. საკონტროლო პულტით თვითმფრინავს მარცხნივ ვუთითებდი მიმართულებას, ტრიალი მინდვრისკენ, ვფიქრობდი: იქნებ მოვასწრო და სანამ აფეთქდება დავსვა ჩვეულებრივად მიწაზე-მეთქი.

ამ დროს კაბინაში ცეცხლი გაჩნდა, ცეცხლის ენები თითქმის მწვდებოდა. თვითმფრინავი კი სიმაღლეს თანდათან კარგავდა. როცა ვყვები, ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი ნელა ხდებოდა, მაგრამ სინამდვილეში კი თვითმფრინავის დაზიანებიდან კატაპულტირებამდე მხოლოდ 40 წამი გავიდა. ყოველი წამი ამ დროს გადამწყვეტია“, – უყვება პილოტი სამხედრო გამოცემას.

მისი თქმით, კატაპულტირების პროცესი 2 წუთს გრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო უგრძეს პერიოდად ახსოვს და დაწვრილებით აღწერს საკუთარ ქმედებებს. დაშვებისას სელფიც კი გადაიღო, მაგრამ არა გასართობად, არამედ საკუთარი მდგომარეობის რეალურად შესაფასებლად, რადგან გრძნობდა, ჩაფხუტის ქვეშ სისხლი სდიოდა:

„კატაპულტირება, მიწაზე დაშვება შენელებულ კადრებად მახსოვს. ვხედავდი, როგორ ცვიოდა თვითმფრინავს ცეცხლმოდებული ნაწილები, მერე როგორ დაენარცხა მიწას და როგორ ასდიოდა კვამლი, რაც მისგან დარჩა. ირგვლივ ვიხედებოდი და ვაფასებდი მდგომარეობას: საით შემეძლო ორიენტაცია, საით უნდა წავსულიყავი. ვფიქრობდი ოჯახზე, თანამებრძოლებზე.

რაფსის მინდორში დავეშვი, ხელ-ფეხი მთელი მქონდა, შევძელი ადგომა, ვხედავდი, ვსუნთქავდი, ესე იგი ცოცხალი ვიყავი. სანამ სმარტფონი გაითიშებოდა მეთაურს შეტყობინება გავუგზავნე, რომ ცოცხალი ვარ, ამა და ამ დასახლებულ პუნქტებს შორის, ამა და ამ კოორდინატებზე-მეთქი.

პილოტი KARAYA

სიხარულისგან გავგიჟდი, როცა ზურგჩანთაში სიგარეტის კოლოფი ვიპოვე. დავჯექი პარაშუტზე და მოვწიე“, – იხსენებს კარაია.

მან რამდენიმე საათს ფეხით იარა. დასახლებულ პუნქტამდე რომ მივიდა ფანრიანი წყვილი, ვლადისლავი და ტატიანა დაინახა.

„ახლა უკვე ჩვენს სოფელს ომის საკუთარი თავგადასავალი ექნება“, – ამბობს ტატიანა – ქალი, რომელმაც ქმართან ერთად ქუჩაში იპოვა ვადიმი.

წყვილმა პილოტი შინ წაიყვანა, მისცეს ტელეფონი, მოუმზადეს ჩაი, აჭამეს, რის შემდეგაც ექიმებმა და მაშველებმა მიაკითხეს პილოტს ტატიანას და ვლადისლავის სახლში.

„მთელი ღამე არ გვეძინა, ამ ამბავზე ვსაუბრობდით, დილით რომ ჩაგვთვლიმა ცოტა ხნით და გაგვეღვიძა ჩემი ქმარი მეკითხებოდა, ტატიანა, ეს ამბავი მართლა მოხდა თუ  დაგვესიზმრაო? ძალიან გვინდოდა ყველასთვის მოგვეყოლა რაც მოხდა, მაგრამ საიდუმლოდ შევინახეთ ყველაფერი და გადავწყვიტეთ ვადიმი ჩვენი ბავშვის ნათლიად მოგვეწვია, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო.

ვადიმის ტელეფონი საავადმყოფოში დამუხტეს. რომ ჩართო ზარები არ წყდებოდა. ვისაც კი იცნობდა ქვეყნად ყველა ურეკავდა.

„ღამის ორ საათზე მოვახერხე ცოლთან დარეკვა ვიდეოზარით, რომ დამინახა რა მდგომარეობაში ვიყავი, ერთადერთი კითხვა დამისვა – ,,ცოცხალი ხარ?“. მას გაფრენამდე 1 საათით ადრე ველაპარაკე, მხოლოდ ერთი დღე გავიდა ჩვენი საუბრის შემდეგ და ამდენი რამ მოხდა.

დაახლოებით ღამის ოთხი საათისთვის ყველა ჩემს თანამებრძოლს გავუგზავნე ჩემი თავდასისხლიანებული ფოტო წარწერით „დიდება უკრაინას“.

KARAYA – უკრაინის გმირი

დედამ ყველაფერი დილით გაიგო. დამირეკა და მითხრა: ახალ ამბებს ვკითხულობ, წავიკითხე, სადღაც თვითმფრინავი ჩამოვარდნილა და ვნერვიულობდიო. დავამშვიდე, არ ინერვიულო, ახლა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეგ ჩემი თვითმფრინავი იყო-მეთქი“ – იხსენებს უკრაინის გმირი.

ექიმები ვადიმს ჯერ არ უშვებენ საავადმყოფოდან.

___

კარაიმ ეს ფოტო კატაპულტირებამდე გადაიღო. „ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“, – ჰყვება კარაია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: