მთავარი,სიახლეები

სმარტფონების ტურიზმის გამო სარფის საზღვრის კვეთა 293%-ით გაიზარდა – თურქული მედია

28.12.2022 • 17837
სმარტფონების ტურიზმის გამო სარფის საზღვრის კვეთა 293%-ით გაიზარდა – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, კვლავ მზარდია თურქეთიდან საქართველოში „სმარტფონების ტურიზმის“ მაჩვენებელი.

„ჰურიეთის“ ინგლისურენოვანი რედაქცია წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოში მიმავალი თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 293 პროცენტით გაიზარდა და 94 047-ს მიაღწია.

„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს მოგზაურთა მიერ შემოტანილი მობილური ტელეფონების რაოდენობა 1,5 მილიონს გადააჭარბებს,“ – წერს გამოცემა.

ბოლო ორ თვეში თურქეთის მოქალაქეების საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ჩამოსვლა უკავშირდება სმარტფონებზე ფასდაკლებას საქართველოში. მედიის ცნობით, iPhone-ის ახალი მოდელის შეძენა საქართველოში საშუალოდ 800 დოლარით ნაკლები ჯდება, რადგან თურქეთის მოქალაქეები არ იხდიან გადასახადებს.

„iPhone 14 Pro Max-ის შეძენა საქართველოში 28302 ლირად არის შესაძლებელი, თურქეთში კი იმავე ტელეფონში 43999 ლირა (2350 დოლარი) უნდა გადაიხადოთ,“ – წერს „ჰურიეთი“.

თურქეთიდან საქართველოში შემოსული მოგზაურების რიცხვი რომ გაიზარდა, ეს დასტურდება საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებითაც. 2022 წლის ნოემბერში, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში 216 პროცენტით გაიზარდა თურქეთიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვი.

თურქეთიდან „სმარტფონების ტურიზმის“ ფონზე საქართველოდან თურქეთში „სასურსათო და მედიკამენტების ტურიზმის“ ბუმია. ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე გადადის თურქეთის რესპუბლიკაში სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ტანსაცმლის შესაძენად, რომელიც თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

______________

ფოტოზე: სარფის საბაჟო ზონა. ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: