მთავარი,სიახლეები

კაცი ბათუმში, მთავრობის სახლთან კარვის გაშლასა და შიმშილობას აპირებდა, ის პოლიციამ წაიყვანა

28.12.2022 • 1601
კაცი ბათუმში, მთავრობის სახლთან კარვის გაშლასა და შიმშილობას აპირებდა, ის პოლიციამ წაიყვანა

„ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ვარ. არ გამაშლევინეს კარავი და ხელი მეშლება ჩემი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მოკლედ. ბედნიერი ერი,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მოქალაქე, ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა.

მოქალაქე დღეს, 28 დეკემბერს, შიმშილობის დაწყებას აპირებდა და კარვის გაშლას აჭარის მთავრობის სახლის წინ მდებარე სკვერში. „საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის ყოველდღიური სწავლის საგანმანათლებლო პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნას ერთჯერადი კვება,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც ზურაბ ქარჩავამ ბათუმის მერიას გაუგზავნა პროტესტის საჯაროდ გამოხატვამდე ორი დღით ადრე.

მოქალაქემ მერიას 26 დეკემბერს წერილობით აცნობა, რომ კარვის გაშლას აპირებდა, თუმცა ამით „არ მოხდება რაიმე სახის შეფერხება, პიკეტირება ან გზის გადაკეტვა“. მოქალაქე წერილში მერიას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას სთხოვს.

„გთხოვთ, მოახდინოთ აღნიშნულზე ზედამხედველობის განხორციელება და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროცესისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნვეყოფა, რათა დაცული იყოს ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებები,“ – წერს მოქალაქე.

უფლების დაცვის ნაცვლად, მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და როგორც თვითონ ამბობს, კარავიც არ გააშლევინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ განმარტავენ, რატომ აღმოჩნდა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც პროტესტის გამო საჯარო სივრცეში კარვის გაშლა სურდა.

ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ზურაბ ქარჩავასთან გასაუბრება. მასთან საია-ს იურისტს და სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც არ უშვებენ.

„ადგილზე დაგვხვდა პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე გოჩა დეკანაძე. არ გვახვედრებენ ზურაბ ქარჩავას, გვითხრეს, რომ ის დაკავებული არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: