მთავარი,სიახლეები

კაზინოებიდან ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონი შევიდა

27.12.2022 • 1591
კაზინოებიდან ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონი შევიდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. კაზინოში თამაში ამ დროისთვის 313 323 საჯარო მოხელეს აქვს აკრძალული. აკრძალულთა სიაშია 1 151 178 სოციალურად დაუცველი პირიც.

2022 წელს სათამაშო ბიზნესის სფეროში სახელმწიფომ გარკვეული ცვილებები შეიტანა – აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიების შედგენა, უცხოურ კომპანიებზე თანხების გადარიცხვის აკრძალვა და სხვა. ამასთან, მომავალი წლიდან ბათუმში სათამაშო ბიზნესი დადგენილი გადასახადების მაქსიმუმს გადაიხდის.

მაშინ, როცა საქართველოში რეგისტრირებული კაზინოებიდან შემოსავლები ბიუჯეტში საშუალოდ ნახევარი მილიარდი ლარია, ქვეყნის პრემიერიმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ სამი ამდენი, ანუ 1,5 მილიარდი ლარი ქვეყნიდან ონლაინკაზინოებით გაედინებოდა. შესაბამისად მთავრობამ ონლაინკაზინოებზე გადარიცხვები აკრძალა.

უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც სათამაშო ბიზნესში არიან ჩართულები, საქართველოს მოქალაქეებს თანხების გადარიცხვა 2022 წლის აპრილიდან აეკრძალათ.

გადარიცხვების აკრძალვამდე ბოლო სამ თვეში, მაგალითად, 2022 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან უცხოურ კომპანიებთან გადარიცხვებმა ჯამში 11 მილიონამდე ლარი შეადგინა.

ეს მონაცემები ეროვნულმა ბანკმა მოგვაწოდა. თუმცა, მიუთითა, რომ„ელექტრონული კომერციის გადახდები მოიცავს სავაჭრო-მომსახურების ობიექტიდან ბარათის მფლობელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა და ბარათის მფლობელის ანგარიშიდან სავაჭრო-მომსახურების ობიექტთან თანხის გადარიცხვის ოპერაციებს“:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ამ მონაცემების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიებთან გადარიცხვების რაოდენობამ 16 ათასს გადააჭარბა მარტო იანვარში.

გაგრძელდა თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოური კომპანიებისთვის თანხის გადარიცხვები აკრძალვის შემდეგ, ანუ აპრილიდან? – ამ კითხვაზე გარკვეული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა მოგვაწოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ბანკმა „სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოს პროვაიდერისგან ან/და შემოსავლების სამსახურიდან“.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ასეთი ინფორმაცია გადარიცხვების აკრძალვის პერიოდში [აპრილი-ნოემბერი] ეროვნულ ბანკს წერილობით 11-ჯერ მიაწოდეს.

სამსახურის ინფორმაციით: „ზემოთ აღნიშნული კორესპონდენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიად განსაზღვრულ იქნა 9 პირი, რომელთა სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შეზღუდვის მიზნით, იდენტიფიცირებულ იქნა 19 სავაჭრო/მომსახურების ობიექტი.“

„ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა თანხა ირიცხებოდა საქართველოდან უცხოური კომპანიებისთვის ონლაინკაზინოებიდან, გაგრძელდა თუ არა გადარიცხვები აკრძალვის შემდეგ და რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ. დეტალური ინფორმაციები აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკისა თუ შემოსავლების სამსახურიდან ვერ მივიღეთ.

  • „გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებში მოთხოვნილი ინფორმაცია არის კონფიდენციალური ინფორმაცია, შესაბამისად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ იგი“, – მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.
  • „კონფიდენციალობის დაცვის მიზნით“ არ მოგვაწოდა გარკვეული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმაც: „საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ გასცენ ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია სხვა პირებზე მხოლოდ გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში, შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია“.

[red_box]აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიები[/red_box]

იმ პირთა სიაში, ვისაც აზარტული თამაშები ეკრძალება, 2022 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, 313 323 საჯარო მოხელე და 1 151 178 სოციალურად დაუცველია შეტანილი. ამ დროისთვის საქართველოში სულ 3 688 600 ადამიანი ცხოვრობს.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აღნიშნულ სიაშია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ყველა წევრი, მათ შორის არასრულწლოვანებიც.

ინფორმაციისთვის: სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოში სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 366 ათასი ოჯახი [1 161 345 ადამიანი] იყო რეგისტრირებული, საიდანაც სოციალურ დახმარებას 178 ათასი ოჯახი იღებს.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოში 3 688 600 ადამიანია რეგისტრირებული, ანუ, მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი [31,4 პროცენტი] ქვეყანაში სოციალურად დაუცველია [მათი მონაცემები ასაკობრივ ჭრილში ვერ მივიღეთ]; მთელი მოსახლეობის 8,4 პროცენტი კი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულები.

რაც შეეხება დამოკიდებულ პირთა სიას, მასში მონაცემები 3 741 პირზეა შეტანილი. აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 პირის შესახებ, ხოლო 3 713 პირის მონაცემები – თავად ამ პირების მიმართვის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულთა სიაში 25 წლის და ნაკლები ასაკის 23 პირის შესახებ არის მონაცემი.

შემოსავლები ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელებმა, გადასახადის, მოსაკრებლისა თუ ჯარიმის სახით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჯამში, 627 393 102 ლარი გადაიხადეს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში:

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელთა მიერ 2021 წლის დეკემბრიდან, 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში სულ ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილია 478,9 მილიონი ლარი [გარდა „წამახალისებელი გათამაშების მოწყობა“, „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება“] :

შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან 2021 წლის დეკემბერი – 2022 წლის ნოემბერი / წყარო: შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „გადამხდელი შესაძლოა ეწეოდეს რამდენიმე საქმიანობას და მის მიერ გადახდილი ზემოთ აღნიშნული თანხები არ უკავშირდებოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს. მაგ.: სათამაშო ბიზნესს“.

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელები ბიუჯეტში მოსაკრებლებსაც იხდიან.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ბოლო 1 წელში [2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში] სათამაშო ბიზნესის მიერ მოსაკრებლებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში სულ ჩაირიცხა 148 461 893 ლარი. აქედან:

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: