მთავარი,სიახლეები

როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

27.08.2022 •
როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის მშენებლობის დასრულების ვადა ისევ უცნობია. მეტიც, ზოგიერთ მონაკვეთზე არც მშენებლობის დაწყების თარიღია ცნობილი და არც ის, თუ რა ეღირება პროექტი. „ოცნების“ ხელისუფლების დაპირებით კი, არათუ აღნიშნული მონაკვეთი, არამედ მთლიანად სარფიდან-წითელ ხიდამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.

საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ აქამდე დასახელებული არცერთი თარიღი, გზის ამა თუ იმ მონაკვეთის დასრულებაზეც, ტრადიციულად არ მართლდება და სამუშაოები დროში იწელება.

მიუხედავად ამისა, „ბათუმელებმა“ დეპარტამენტისგან მაინც გამოითხოვა ინფორმაცია, რა ეტაპზეა ახალი ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის პროექტირება/მშენებლობა და დასრულების ვადები. ამჯერად ავიღეთ მონაკვეთი სარფიდან [ხელვაჩაური] ზემო ოსიაურამდე [ხაშური]. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ეტაპობრივად 2022-23 წლებში უნდა დასრულდეს.

2022 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით: სარფიდან ზემო ოსიაურამდე მონაკვეთში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემებით, დაიხარჯა/დაიხარჯება ჯამში 4 მილიარდ 570 მილიონ 404 ათას 617 ლარი. აქედან 4 128 106 365 ლარი დონორებისგან მიღებული სესხია, ხოლო 442 298 252 ლარი უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული [მათ შორის 32 240 955 სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11-კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობაზე დაიხარჯა].

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გარკვეული ნაწილი კვლავ დაპროექტების ეტაპზეა [ბათუმი-სარფის გზა], ზოგ მონაკვეთზე მშენებლობა „დაბალი ტემპით“ მიმდინარეობს [ბათუმის შემოვლითი გზა], ზოგან მშენებლობა შეწყდა [სამტრედია-გრიგოლეთის გზა – ლოტი 3] და დეპარტამენტს მშენებელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა; ზოგიერთ უბანზე უცნობია, როდის განახლდება სამუშაოები და არ არის დაზუსტებული არც პროექტის ღირებულება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სარფიდან რიკოთამდე მონაკვეთში გზის ასაშენებლად საჭირო თანხას, რაც უკვე ცნობილია [4 მილიარდ 570 მილიონ 404 ათას 617 ლარი] გზის სხვა მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო თანხაც დაემატება.

გზების დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 26 აგვისტოს, „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაცია, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული უბნების შესახებ, სარფიდან-ზემო ოსიაურამდე მონაკვეთში:

[checklist]

  • დასრულდა ბათუმის შემოსავლელი-სარფის მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.  დეპარტამენტმა ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა 2021 წლის ნოემბერშიც.

დეპარტამენტს ამჯერადაც ვკითხეთ, არის თუ არა დაზუსტებული ამ გზის მარშრუტი [გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ნახაზი], ამასთან დაგვიკონკრეტოთ – პროექტით აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე [მოგვაწოდეთ კოორდინატები, სადაც ხიდი უნდა აშენდეს; არის თუ არა ცნობილი პროექტის ღირებულება და დონორი?].

„რაც შეეხება თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას პროექტის დეტალებთან დაკავშირებით, დაზუსტდება საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების შემდგომ. პროექტირება ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

  • ახალი მონაცემებით, ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. შვიდი თვის წინ კი დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. დეპარტამენტიდან ამჯერად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დღეს ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა მიზეზი არ მოუწერიათ:

„სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით. სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს  329 630 734 ლარს. სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საზედამხედველო კომპანია; სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თანადაფინანსებით.“

[განახლება: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც შეჩერებული იყო, ნოემბრის დასაწყისში განახლდა.]

  • გახსნილია ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელსაც მახინჯაურის გვირაბთან ბათუმის შემოვლითი გზა უნდა მიუერთდეს. პროექტი  აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67  ლარი იყო.
  • გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდება ეტაპობრივად 2022 – 2023 წლებში. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 228 721 622 ლარს. დაფინანსება ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ (EIB). [განახლება: 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამ გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 4] ღირებულება 113 მილიონი ლარია [სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ეს გზა ლანჩხუთში, სოფლებს – ხაჯალიასა და გრიგოლეთს [სუფსა] შორის შენდება. [განახლება: ეს მონაკვეთი გაიხსნა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 3] სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარეობს იმ კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შეფასება, რომლებმაც გაიარეს წინასაკვალიფიკაციო შერჩევა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით. პროექტის დასასრულებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, გაფორმდება კონტრაქტი და დასრულდება სამშენებლო სამუშაოები [ განახლება: დეპარტამენტმა სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 2] მონაკვეთი გახსნილია ჯაპანასა და ლანჩხუთს შორის. პროექტის ღირებულება – 253 979 678 ლარი.
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 1] მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წელს; სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს – 72 408 171 ლარს; დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
  • სამტრედია-ზესტაფონი [ქუთაისის შემოვლითი] გზაც გახსნილია. ამ გზის აშენებაში და შემდეგ გაფართოებაში, ჯამში 297,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, აქედან 116,5 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს, გზა რამდენიმე მონაკვეთად შენდება და დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა მონაკვეთი 2023 წელში უნდა დასრულდეს:

  • ჩუმათელეთი – ხევის მონაკვეთის (F1) მშენებლობა დასრულდება ეტაპობრივად 2022-2023 წლებში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანადაფინანსებით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 329 882 770 ლარს.
  • ხევი – უბისას მონაკვეთის (F2) მშენებლობა დასრულდება ეტაპობრივად 2022-2023 წლებში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით (ADB), ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 732 296 478 ლარს.
  • უბისა – შორაპანის მონაკვეთის (F3) მშენებლობა დასრულდება ეტაპობრივად 2022-2023 წლებში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით და ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 901 973 206 ლარს.
  • შორაპანი – არგვეთას მონაკვეთის (F4) მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წელს. მშენებლობა ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით (ADB), ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 582 777 310 ლარს.
  • ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის (ლოტი 2, კმ7+700 – კმ14+060) მშენებლობის დასრულება იგეგმება 2023 წელს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის (WB) დაფინანსებით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 264 992 488 ლარს.

[/checklist]

ზემო ოსიაურიდან ნატახტრამდე [მცხეთა] კი, ავტობანი  გახსნილია.

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტს რამდენიმე დავა ჰქონდა კომპანიებთან, რომლებსაც კონტრაქტი შეუწყვიტა. დეპარტამენტის განცხადებით, ყველა დავა მოიგო.

„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოგებულ დავებს, საერთაშორისო არბიტრაჟმა Road Building ALTCOM“ LLC-ს მიაკუთვნა დაახლოებით 64 მილიონი ლარი, Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მლნ ლარი და Astaldi S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 68 მლნ ლარი. გარდა აღნიშნულისა, გაცნობებთ, რომ მთლიანად საერთაშორისო კონტრაქტორების მიმართ ამოქმედებული გარანტიების ფარგლებში ამოღებულ იქნა 123,7 მლნ ლარი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

დასავლეთ საქართველოში პარალელურად კიდევ ერთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი შენდება – ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზა, რომელიც შედგება 2 ლოტისგან: ლოტი 1 – გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზა (რაც ზემოთაც არის აღნიშნული] და ლოტი 2 – ფოთი-გრიგოლეთი, რომელიც დაყოფილია სამ ეტაპად [დეპარტამენტმა ამ გზის დაფინანსებაზე და დასრულების თარიღზე ინფორმაცია არ მოგვაწოდა].

„პირველი ეტაპს წარმოადგენს მდინარე რიონზე ხიდის და მისასვლელი გზების მშენებლობა, რომლის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს; დანარჩენი ორის – ფოთი-მალთაყვასა და მალთაყვა-გრიგოლეთის მონაკვეთების განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად მომდევნო წლებში“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოებს, მისი დასრულება იგეგმება 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED).

ამავე გზის გოდერძის უღელტეხილი-ზარზმას მონაკვეთზე კი, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება იგეგმება ასევე 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 511 473 ლარია. როგორც დეპარტამენტიდან მოგვწერეს, აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: