მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„კლინიკებს ფულის გაყოფა არ სურთ“ – რატომ ვეღარ უვლიან პაციენტებს ექთნები

16.09.2022 •
„კლინიკებს ფულის გაყოფა არ სურთ“ – რატომ ვეღარ უვლიან პაციენტებს ექთნები

საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია, ამის შესახებ ჯანმოს უახლეს ანგარიშში წერია, „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო. სოლიდარობის ქსელის მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე, ექთანი ნონა ზანდარაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ექთნების ახალი კადრები აღარ მზადდება, ძველები კი ევროპის ქვეყნებში ემიგრაციაში ზრუნვის სფეროში გაედინებიან, ექთნების დაუფასებელი შრომა, უფრო ზუსტად კი მიზერული ხელფასები და წარმოუდგენლად მძიმე სამუშაო პირობები.

  • ქალბატონო ნონა, ჯანმომ უახლეს ანგარიშში დაწერა, რომ საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია, თუმცა ანგარიშში არ არის განმარტებული ამის მიზეზები, თქვენი შეფასებით, რატომ არის საქართველოში მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, ექთნების დეფიციტი?

ამის ერთადერთი მიზეზი არის – დაუფასებელი შრომა, მიზერული ხელფასი, რის გამოც ექთნები გაედინებიან ქვეყნიდან. არ დარჩა ექთანი ქვეყანაში და ექთნის ფუნქცია-მოვალეობა [თბილისის კლინიკებში] გადანაწილებულია მომავალ ექიმებზე, იგივე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებზე.

ექთნის დეფიციტის გამო, ერთი ექთანი ასრულებს/ითავსებს ორი და სამი ადამიანის საქმეს. წესით ექთანს უნდა ჰყავდეს დამხმარე, უფროსი ექთანი უნდა იყოს და უნდა ჰყავდეს თანაშემწე, არც ეს კადრი არსებობს დაბალი ხელფასის გამო, მაგასაც ითავსებს სამედიცინო სპეციალობის სტუდენტი. როგორც კი იწყებენ სამედიცინო სტუდენტები მაგ პოზიციაზე მუშაობას, მერე ხდება მათი სასწრაფო წესით გაექთნება იმიტომ, რომ ექთნების დეფიციტია. ასეთი დამხმარე ძალის გარეშე ყოფნას ამჯობინებს მენეჯმენტი, ვიდრე ექთანი აჰყავდეს, ამიტომ ექთანს უწევს დამხმარე პოზიციის შესრულება.

  • როგორ ამძიმებს ექთნის შრომას ეს გარემოება?

დავუშვათ ექთანს პაციენტი ჰყავს მოსავლელი – აქვს ექიმისგან მიცემული დანიშნულება და ეს თანმიმდევრობით უნდა შეასრულოს, გარდა ამისა, დანიშნულებასთან ერთად პაციენტს აქვს კვლევები გასაკეთებელი. წარმოიდგინეთ ექთანს ჰყავს ძალიან ბევრი პაციენტი – 10-15. ამ შემთხვევაში ვილაპარაკებ რეანიმაციაზე და არა სხვა განყოფილებაზე, სადაც შედარებით უფრო მარტივია პაციენტის მართვა, თორემ მარტივი არსად არაფერია.

რომ წარმოიდგინოთ, ჩვეულებრივ განყოფილებაში სხვადასხვა პალატაში წვანან პაციენტები და ერთი ექთანი სხვადასხვა პალატაში დარბის, ისე აკეთებს ამ ყველაფერს. რეანიმაციაში არის ერთი დიდი დარბაზი და ამ დიდ დარბაზში ჰყავთ ძალიან ბევრი პაციენტი, ექთანს მოცემული აქვს გასაკეთებელი კვლევები, ანალიზები… წარმოგიდგენიათ, ეს ყველაფერი უნდა აკეთოს ექთანმა დამხმარეს გარეშე?

სისხლის ანალიზი რომ წაიღოს ექთანმა ლაბორატორიაში, პაციენტი უნდა დატოვოს. ერთი კი არა, მასზე მობარებული 15 პაციენტი უნდა დატოვოს და წაიღოს ლაბორატორიაში ეს ანალიზები, რომელიღაცა სართულზე დატოვოს და წამოვიდეს. ამასობაში ნათელია ხომ რა შეიძლება მოუვიდეს რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტს. გარდა ამისა, ამ პაციენტებს კვება უწევთ, გამოცვლა უწევთ, გადაბრუნება-გადმობრუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მედიკამენტების დროულად მიღება, რადგან მუდმივად ერთ პოზიციაში მწოლიარე პაციენტს ნაწოლი უჩნდება.

იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ პაციენტს სხვამ გაუწიოს მონიტორინგი, ამის გამო მერე პაციენტებს აბამენ ხოლმე საწოლებზე და შემდეგ მათი ოჯახის წევრები ბრაზობენ – ჩემი მშობელი გამოვიდა დალურჯებული ხელებით, მიბმული ჰყოლიათ… თუ არ მიაბამ, ის პაციენტი ძირს აღმოჩნდება, არც მეთვალყურე და არც დამკავებელი არავინაა.

  • სტუდენტი ექიმების დასაქმება ახალი რეალობაა თუ წლებია ასე ხდება დედაქალაქში?

ახალი რეალობა არ არის, ზოგადად ეს მოთხოვნაა სამედიცინო უნივერსიტეტიდან [სტუდენტსაც უნდა რომ იმუშაოს და გაიაროს ეს საფეხურები, რადგან თუ გინდა გაიზარდო, პროფესიონალად ჩამოყალიბდე, უნდა გქონდეს ეს ყველაფერი გავლილი], მაგრამ უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა, რაც ძირითადი სტაფი ქვეყნიდან წავიდა.

სხვათა შორის, ხელფასები ახლა უფრო დაბალი, ვიდრე ადრე გვქონდა, მე იაშვილში როცა დავიწყე მუშაობა 2006 წელს, 600 ლარი მქონდა ხელფასი, დღესაც 600 ლარი გვაქვს, როცა ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

რაც შეეხება აჭარას და ბათუმს, მანდ ექთნების სტუდენტებით ჩანაცვლება ნამდვილად არ ხდება, ჩვენთან რამდენიმე სამსახურის პოვნაც ადვილად ხერხდება, რეგიონში ხელფასი კიდევ უფრო ცოტა გამოდის. თან ექთნებს, რომ რამდენიმე სამსახური აქვთ ესეც ქალაქების რეალობაა, შუახევში, ქედასა და ხულოში, ასე არ ხდება.

  • რამდენად თვალსაჩინოა ზეწოლა კლინიკების ადმინისტრაციების მხრიდან ექთნების პროტესტზე, თუნდაც პროფკავშირში გაწევრიანებაზე?

ეს ხილვადზე ხილვადია, არავის მოსწონს და არავის ახარებს ის ფაქტი, რომ ექთანი გარეთ გაიტანს შიდა ამბავს, საჯაროდ იტყვის რეალობას. რომ არა საჯაროობა, ეს საკითხი დღის წესრიგშიც კი არ დადგებოდა, თუნდაც მედიაში. თუმცა ჩვენ მაინც მივიტანეთ ადრესატამდე ჩვენი რეალური მდგომარეობა, გავახმოვანეთ, გავაჟღერეთ პრობლემები.

არავის ეგონოს ჯანდაცვაში ფული არ არის და სახელმწიფო არ აფინანსებს პაციენტს, საქმე ის არის, რომ ბიზნესად იქცა სახელმწიფოში ჯანდაცვა. გაყოფა, გადანაწილება არ უყვართ კეთილსინდისიერად ფულის და იმიტომ გვზღუდავენ – ირიბი თუ პირდაპირი მნიშვნელობით გვაშანტაჟებენ და გვაშინებენ, რომ ხმა არ ამოვიღოთ და ეს ამბავი გარეთ არ გავიტანოთ.

  • რამდენად მასობრივად გაედინება ექთნების კადრები ქვეყნიდან?

იცით როგორი გულსატკენი რეალობაა? – ვერც კი წარმოიდგენთ, იტალია ხომ გაივსო ჩვენი ექთნებით, ახლა გერმანიაც. იტალიაში ოჯახებში წავიდნენ სამუშაოდ, გერმანიამ კლინიკებში დაასაქმა – დღეს მსოფლიოში ექთნის დეფიციტი და ჩვენნაირი ქვეყნებიდან ივსებიან ევროპის ქვეყნები.

ცოტა ხანში მოქმედი ექთანი აღარ გვეყოლება და მე ჰაერიდან არ მომაქვს ეს სიტყვები: მომავალ ექიმს რომ ასწავლონ პაციენტის მოვლა და მეთვალყურეობა, ის კადრიც აღარ არის ბევრ კლინიკაში. მოვიდა, უხარია, სამსახური ნახა, მაგრამ რა გააკეთოს, როცა მონიტორზე კითხულობს რაღაცას და რას ნიშნავს არ იცის: უნდა ეშინოდეს თუ არა პაციენტის მდგომარეობას ვერ საზღვრავს. ქვეყანაში მასწავლებელი აღარ დარჩა რეალურად და არც არავის აინტერესებს. მე-7 სემესტრიდან უნდა შედიოდეს სტუდენტი კლინიკაში და ისე უნდა მუშაობდეს – დღეს პირველი სემესტრის ბავშვებს ამუშავებენ. მთავარია, ფორმა ეცვას და არავის აინტერესებს, ვინ რას გააკეთებს. ხარისხზე ორიენტირებული ჯანდაცვა ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული.

  • ჯანდაცვის მინისტრმა ექთნების ხელფასებთან დაკავშირებით ცვლილების რეგულაცია გამოსცა, ოღონდ სახელმწიფო კლინიკებში, ეს რამდენად ცვლის რეალობას?

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო ამ ყველაფრის სააშკარაოზე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოტანა, დროში ძალიან გაიწელა, მაგრამ მიზანს მოხვდა. სახელმწიფო კლინიკებში ექთნებისთვის ხელფასების მომატება ზღვაში წვეთია – მაგალითად, საუნივერსიტეტო კლინიკა არც კი აღმოჩნდა მაგ სიაში. 5 ლარი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი შემდეგი ნაბიჯია ყველა კლინიკას შეეხოს ეს მატება, ყველა დასაქმებული დარჩეს ადგილზე და ქვეყნიდან აღარ წავიდეს.

ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ კადრი აღარ გაჩერდება ქვეყანაში და პაციენტები ნამდვილად დაგვრჩება მოუვლელი.

  • თქვენი შეფასებით, რატომ არ მატულობს ექთნის ხელფასი, რა უშლის ხელს?

როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში ხდება – წამლების ფასებს არ აიაფებენ, ასე ხდება კლინიკებში. ბაზარზე მთავარი მოთამაშე, ვინც ფასებს აწესებს „ევექსია“, მას ყველაზე მეტი კლინიკა აქვს ქვეყანაში, ამიტომ ბაზრის ფასსაც ის განაგებს. სახელი და მიღწევები არავის აინტერესებს, ფულის გაყოფა და გადანაწილება არ სურთ, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ, მეტი ხელფასი რომ მისცენ ექთნებს მათ მოაკლდებათ.

ზუსტად ვიცი თითოეულ პაციენტს თითოეულ დაავადებაზე რა თანხა მოაქვს [კლინიკისთვის] და პაციენტი რომ უნდა დააყოვნო სულ ცოტა სამი დღე, რომ მეტი “ჩამოჩოთქო”, მეტი გამოსტყუო “საყოველთაო ჯანდაცვას”, ან რეანიმაციაში დიდ ხანს დააყოვნო, რომ ფული, რაც მოჰყვება პაციენტს თავისი ნოზოლოგიით/დაავადებით გაუნულო და სულ შენ დაგრჩეს, მოგებაში წახვიდე.

თქვენ უნდა მოისმინოთ საუბარი, როცა ამბობენ – ეს პაციენტი წამგებიანია და დროზე გაწერეთ, შეიძლება უჭირდეს პაციენტს, მაგრამ ასეთი დიაგნოზი ჰქონდეს, ამბობენ – ეს პაციენტი მომგებიანი არ არის და დროზე გაუშვით. თუ დიაგნოზი ისეთი აქვს, რომ მასზე ბევრი ფულია, მიბმული ეყოლებათ ბოლო ამოსუნთქვამდე. ფულის გამო აკეთებენ ყველაფერს, ფული კი საკმაოზე მეტია, ყველასთვის სამყოფია, მაგრამ ერთეულები ინაწილებენ ამ ყველაფერს.

ექთნების გადინებამ იმატა პანდემიის შესუსტების შემდეგ. აი, კოვიდ პაციენტები როცა იყვნენ, მიუხედავად მძიმე სამუშაოსა, სახელმწიფო აფინანსებდა [კოვიდ-პაციენტის მოვლას], მართალია ზოგს [სტანდარტით გაწერილი] დამატებითი თანხა არ მიუღია სრულად, თუმცა რაღაც დამატებას იღებდნენ მაინც და ჩუმად იყვნენ.

ჩვენ [პროფკავშირები] როცა ვესაუბრებოდით ექთნებს, ამბობდნენ, რომ 2-3 სამსახურში რომ მუშაობდნენ, ამდენს მაშინ ვერ იღებდნენ და ახლა უკეთესიაო. სახლში რა დაავადებას წაიღებდნენ (მოგეხსენებათ ყველა რისკის ჯგუფი იყო), იმას აღარ დარდობდნენ, მთავარია ხელფასი წაეღოთ სახლში და ის ბანკის ვალები ეხადათ. თუმცა ბევრმა ვერც ეს გადაიხადა, რადგან არც ვაქცინების კეთებაში და არც ტესტირებებში გადაუხადეს ფული.

როგორც კი სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ კოვიდის პროგრამა დამთავრებულია, გაორმაგდა ექთნების გადინება – იმაზე ნაკლები ხელფასები მისცეს ადმინისტრაციებმა, ვიდრე კოვიდამდე ჰქონდათ. რა დააკავებს ამ ხალხს ქვეყანაში – საბანკო ვალდებულებები იგივე დარჩათ, ჭამა გაძვირდა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, ტრანსპორტი გაძვირებულია.

ისედაც ვერ ნახულობდნენ ექთნები შვილებს, 2-3 დღე გასულები იყვნენ სამსახურებში და კომუნიკაცია ტელეფონით დგებოდა მათ შორის – საზღვარგარეთ წავიდნენ: იტალიაში სულ ცოტა 1000 ლარს აიღებენ, გერმანიაში კი 3000 ევროს. ტელეფონებით ისედაც ელაპარაკებიან თავიანთ ოჯახის წევრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: