მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს

28.07.2022 • 1134
ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს

2023 წლიდან კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის კონტროლის მიზნით, რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს მაქსიმალურ ზედა ზღვარს, თუ რა ფასად შეიძლება გაიყიდოს კონკრეტული მედიკამენტი ან მოხდეს იმპორტი.

„რეფერენტული ფასის დადგენა ნიშნავს, რომ ქვეყანა განსაზღვრავს თავის რეფერენტ მეზობელ ქვეყანას, ან მსგავს ქვეყანას, იქ კვლევების საფუძველზე ადგენს გარკვეულ მედიკამენტებზე რა ფასებია და შემდეგ ადგენს, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოში ის მაქსიმალური ფასი, რა ფასადაც შეიძლება გაიყიდოს მედიკამენტი აფთიაქში, ან რა მაქსიმალურ ფასად შეიძლება მიჰყიდოს სახელმწიფოს ფარმაცევტულმა კომპანიამ კონკრეტული მედიკამენტი” – განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა.

პირველ ეტაპზე ფასების ზედა ზღვარი ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესდება ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის სამოქმედო გეგმის ნაწილია. გეგმის პირველი ეტაპი იყო თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, შემდეგი ეტაპი იყო ახალი რეგულაციის ამოქმედება, რაც გულისხმობს ელექტრონული რეცეპტების გამოწერას წამლის გენერიკი დასახელებით.

„თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით, არის ყველაზე ძვირადღირებული და, ამასთანავე, ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს სახელმწიფო ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე.

ახლა მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: