მთავარი,სიახლეები

სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში

22.08.2017 • 4604
სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში

ბათუმში, რესტორან“ ისტანბულის“ უკან, პატარა, საერთო ეზოში შესვლისთანავე ზაფხულის სიცხე ორმაგდება. ეზოში რესტორნის კონდიცირების სისტემა გამოდის, სამზარეულოს ორთქლი, ნახშიროჟანგი გამწოვებიდან…

რესტორანი „ისტანბული“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. რესტორნის უკან მდებარე იტალიურ ეზოში რვა ოჯახი ცხოვრობს. მათგან ყველაზე ახლოს, რესტორნის სამზარეულოს უკანა შესასვლელთან, სვეტლანა ლიხვაროვას ბინაა.

„ნახეთ, თერმომეტრი  34 გრადუსს აჩვენებს, არადა, საღამოს 10 საათია უკვე,“ – პირველად ამას მეუბნება სვეტლანა, როცა მის პატარა ბინაში შევდივარ ეზოს პირველ სართულზე. მერე ჰაერის გამაგრილებელს ჩემს სკამთან ახლოს დგამს და იწყებს:

„43 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი დედა, მამა, ძმაც აქ ცხოვრობდნენ. ახლა როგორ მივატოვო აქაურობა?“  – მეკითხება და დაძაბულ მზერას  ფანჯრისკენ აპარებს, საიდანაც ხელისგულზე ჩანს რესტორან „ისტანბულის“ სამზარეულო. მზარეულები აჩქარებული ნაბიჯებით მიდი-მოდიან, ხმაური არ წყდება. სვეტლანას ფანჯარასთან მაგიდა უდგას, სკამები. ოთახის სიღმეში საწოლია და კარადა. მეუბნება, რომ მისი ცხოვრება ბოლო რამდენიმე თვეა აუტანელი გახდა.

„კარგია ბიზნესი, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? რესტორანი მთელი დღე და ღამე შეუჩერებლად მუშაობს, 40 ადამიანი მუშაობს, როგორც ვიცი… თავიდან საშინელი სუნი გამოდიოდა გამწოვებიდან. მერე ის მილები ცოტა მაღლა ასწიეს, მაგრამ ისევ სიცხეა, აუტანელი ხმაური… როცა გავაპროტესტე, დამელაპარაკა რესტორნის ხელმძღვანელის ახლობელი. მითხრა, ყოველდღე შეგიძლია ჩვენს რესტორანში უფასოდ ისადილო და თვეში 100 ლარსაც მოგცემთო. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ეს შეთავაზება. ბინას გიქირავებთო, ესეც მითხრეს, მაგრამ ბავშვი ხომ არ ვარ, იქეთ-აქეთ ვირბინო? რატომ უნდა გადავიდე სადმე, არ მესმის. ნორმალურად ცხოვრება მინდა. აქამდე არავისთან კონფლიქტი არ მქონია, სანამ ეს რესტორანი არ გაიხსნებოდა,“ – გვიყვება სვეტლანა. ის ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. მეუბნება, რომ თუკი სასამართლო ვერაფერს შეცვლის, ბოლომდე იბრძოლებს, რადგან ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ.

სვეტლანა ლიხვაროვასთან სტუმრობამდე „ბათუმელები“ სასამართლო პროცესს დაესწრო, სადაც რესტორან „ისტანბულის“ წინააღმდეგ განიხილებოდა ადმინისტრაციული დავა. მიმდინარე წლის 20 ივნისს რესტორნის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტმა შეადგინა. ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით, რესტორნის გამწოვის მილებიდან გამოსულმა ნაჯერი ნახშირყალბადების ოდენობამ 39 მგ შეადგინა მაშინ, როცა დასაშვები ნორმა მხოლოდ 1 მგ.-ია. ნახშირწყალბადების ოქსიდმა 11,45 მგ შეადგინა [დაშავები ნორმა არის 5 მგ].

რესტორან „ისტანბულის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხმაურის გამო შეადგინა. დასკვნის მიხედვით, კანონით დასაშვები 65 დეციბალის ნაცვლად, იტალიურ ეზოში 77.7 დეციბალი დაფიქსირდა.

„ყურს თუ მიადებს ახლა მოტორს, იქნება ხმაური,“ – უთხრა მოსამართლე სალიხ შაინიძეს გია დუმბაძემ, რესტორან „ისტანბულის“ დირექტორმა. მერე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტისკენ გაიხედა და უთხრა: „საერთოდ, იტალიური ეზო არის საერთო. შეიძლება, მეც მაწუხებს ხმაური, რა ვქნათ? ხმაური უნდა გაგეზომათ ეზოში და არა უშუალოდ დანადგართან“.

„ასე იზომება საერთოდ, ხმაურის წყაროდან 2 მეტრის რადიუსში“, – უპასუხა რესტორნის ხელმძღვანელს ქეთევან ჯორბენაძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა. მისი განმარტებით, ლაბორატორიული კვლევა ხმაურსა და ჰაერში ნახშირწყალბადების შემცველობაზე თბილისიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. სპეციალისტებისვე დასკვნით, მოქალაქის მიმართ მიყენებულმა ზარალმა 3 ათასი ლარი შეადგინა. სარჩელის მოთხოვნა ჯარიმასთან ერთად, 3 ათასი ლარის ოდენობით ზარალის ანაზღაურებაცაა.

„უნდა დადგინდეს, ზუსტად ამ რესტორნის გამწოვიდან თუ იყო გამოფრქვეული ეს ნაჯერი ნახშირწყალბადები. იქ სხვა რესტორნებიცაა, ქარი ამ ჰაერს ხან აქეთ წაიღებს, ხან – იქეთ. არავის დაუდგენია, რომ ჰაერის დაბინძურება მაინცადამაინც რესტორანმა „ისტანბულმა“ მოახდინა,“ – აღნიშნა ადვოკატმა ალეკო ბერაიამ. იგი სასამართლოში რესტორან „ისტანბულის“ ინტერესებს იცავს. ადვოკატმა მოწმის სახით იმ სპეციალისტის დაკითხვა მოითხოვა, ვინც დასკვნები დადო.

„იმ ეზოში სხვა რესტორნის აგრეგატები არ დგას,“ – მოკლედ უპასუხა რესტორნის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტის იურისტმა.

„საკმაო დროა გასული და რატომ არ ჩაატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, თუ ამ კვლევის შედეგს არ ენდობით?“ – იკითხა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

რესტორნის დირექტორმა გია დუმბაძემ მოსამართლეს პასუხი გასცა: „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვითხრეს, რომ ხმაურზე ექსპერტიზას ვერ ატარებენ და ნახშირწყლებზე ექსპერტიზის ჩატარება 800 ლარი ჯდებაო, ჯარიმა 500 ლარია და რა აზრი ჰქონდა.“

გია დუმბაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ სტანდარტების შესახებ აქამდე ინფორმირებული არ იყო და ყველაფერი გამოასწორა, მილები მაღლა ასწია, რის გამოც ნახშირწყლებისგან ჰაერი აღარ ბინძურდება და ეზოში სუნიც არ დგას: „გარდა ამისა, ჩამოვიტანე სპეციალური მოტორი გამწოვებისთვის, ამუშავებს ჰაერს და ისე გამოდის გარეთ. რაც მთავარია, იმ ქალბატონს აღარ აქვს პრეტენზია, ვის გამოც ეს ოქმები შედგა“.

„ის ქალბატონი დღესაც იყო მოსული ჩვენთან…“ – ჩაილაპარაკა ქეთევან ჯორბენაძემ.

„ვუთხარი, ბინას გიქირავებთ-მეთქი და გადავიდეს მაშინ, რა გავაკეთოთ, აბა? დამწყები ბიზნესმენი ვარ. მე ახალ ბინას ვერ ვუყიდი“, – თქვა რესტორნის დირექტორმა.

მოსამართლე: „გასაგებია, რომ თქვენ გაქვთ ბიზნესი, მოგებაზე ხართ ორიენტირებული, მაგრამ ცხოვრობს იქ ადამიანი“.

სასამართლოს შემდეგ სხდომაზე მოწმის სახით სპეციალისტი დაიკითხება, ვინც ჰაერის დაბინძურებასა და ხმაურზე დასკვნები დადო. სხდომის დასრულებამდე მოსამართლემ რესტორნის დირექტორს ჰკითხა: რა მოლოდინი გაქვთ, რა უნდა გვითხრას სპეციალისტმა? ფიზიკასა და ქიმიაში უკეთ გარკვევა თუ გვინდა, ამისთვის აჯობებს უნივერსიტეტს მივმართოთ…“

 

IMG_20170821_220858

IMG_20170821_220831

IMG_20170821_222036

IMG_20170821_170347

IMG_20170821_170440

IMG_20170821_170755

გადაბეჭდვის წესი


ასევე: