მთავარი,სიახლეები

ღამით როცა ვმუშაობ, სკოლაში აღარ მივდივარ – 17 წლის ბათუმელი მოსწავლე

26.12.2022 • 3723
ღამით როცა ვმუშაობ, სკოლაში აღარ მივდივარ – 17 წლის ბათუმელი მოსწავლე

ავტორი: ნინი თურაძე, მედიასკოლა

___________________

17 წლის მეა (სახელი შეცვლილია) მეთორმეტე კლასშია და ბათუმში, კლუბ-რესტორანში, ღამის ცვლაში მუშაობს – საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე. მან გვითხრა, რომ მუშაობა 13 წლისამ დაიწყო. მეა ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ სახელსა და გვარს არ გავასაჯაროებდით – იგი მიიჩნევს, რომ ამის გამო შესაძლოა მან სამსახური დაკარგოს.

  • მეა, რამდენი ხანია მუშაობთ და რამ გადაგაწყვეტინათ მუშაობის დაწყება?

4 წელია ვმუშაობ. დაახლოებით 13 წლიდან. მანამდეც მინდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოხერხდა.

მუშაობა ჩემთვის ერთგვარი საშუალება იყო, სახლიდან შორს ვყოფილიყავი. იმედი მაქვს, ერთ დღესაც სახლიდან რომ წამოვალ – გადავრჩები.

  • რა იყო პირველი სამსახური? როგორ იშოვეთ, გაგიჭრდათ თუ არა?

12 წლიდან ვეძებდი სამსახურს. სად არ ვიყავი, ყველა პოზიციაზე შემიტანია განაცხადი, მაგრამ არ გამომდიოდა.

13 წლისამ შემთხვევით ვიშოვე სამუშაო. პრომო გოგონებს ეძებდნენ და ვიზუალით შემარჩიეს. ასაკი არ მითქვამს, არც რაიმე კონტრაქტის გაფორმება დამჭირდა. დროებითი იყო, მაგრამ სადამდეც შევძლებდი, იქამდე უნდა დავრჩენილიყავი. შუა ზაფხული იყო. მევალებოდა შესაბამისი ფორმით ბულვარში სიარული. 4 საათში 15 კმ-მდე გავდიოდი. ყველა შემხვედრთან იმ ენაზე მიწევდა საუბარი, რომელიც ვიცოდი, რადგან ფლაერებზე საკმარისი ინფორმაცია არ იყო დატანილი.

შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით, თანხა საკმაოდ მიზერული იყო. თუმცა მაინც კმაყოფილი ვიყავი, რაღაც თანხის შეგროვება რომ შევძელი.

  • როგორ რეჟიმში მუშაობდით?

ყველგან, სადაც მიმუშავია, მინახავს ადამიანები როგორ რეჟიმში მუშაობენ. ზოგიერთს კვირაში 90-ზე მეტი საათიც უმუშავია, მათ შორის მეც. როდესაც კანონიერად მუშაობის უფლება არ გაქვს, ვერც დაიწუწუნებ ზედმეტ სამუშაო საათებზე. ეს შენთვის, როგორც არასრულწლოვნისთვისაა საჭირო, ზრდასრულებისგან რომ არ გამოირჩეოდე.

ყველა იღლება… მხოლოდ ჩემზე არ მაქვს საუბარი, ზრდასრულებიც იღლებიან. არის ხოლმე დრო, როდესაც დაღლილობის გამო მოიმიზეზებ, რომ ცუდად ხარ და თავს ათავისუფლებინებ.

  • ამჯერად სად მუშაობთ და დღემდე რამდენი სამუშაო გამოიცვალეთ?

ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ ღამის კლუბ-რესტორანში, ღამის ცვლაში. 17 წლის ვარ და ისეთი სამსახური, სადაც შედარებით დიდხანს გავჩერდი, 5-6-ია.

ზოგჯერ ყოფილა ისეც, რომ 3 ადგილას ერთდროულად მიმუშავია. უბრალოდ, ბოლოს ძალიან რომ გადავიღალე და გამოვიფიტე, შევეშვი სამივეს.

  • როგორ უთავსებსკოლას და სამუშაოს ერთმანეთს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხართ აბიტურიენტი?

ვემზადები უნივერსიტეტისთვის. სხვათა შორის, ბევრი წელი დავკარგე მუშაობაზე და მინდა, რომ ეს ყველაფერი ავინაზღაურო. წელს ისე დატვირთულად აღარ ვმუშაობ, როგორც წინა წლებში, მაგრამ ვმუშაობ ძირითადად ღამის ცვლაში, ისე, რომ მყოფნის.

საჯარო სკოლები ვერ იძლევა საკმარის განათლებას. ყველაფერი, რაც ვიცი, ჩემით ვისწავლე, ამიტომ ვერ ვხედავ სკოლაში სიარულის აუცილებლობას. ღამით როდესაც ვმუშაობ, აღარ მივდივარ სკოლაში. ამ დღეებში ან მძინავს, ან ვსწავლობ, ან ვწერ.

  • რამდენად საკმარისია ის შემოსავალი, რომელსაც იღებთ? როგორია მოსწავლის საშუალო ხელფასი?

გააჩნია, სად ვიმუშავებ. ახლა სადაც ვმუშაობ, იქ ნორმალური შემოსავალია სეზონის მიხედვით. თუ სეზონს არ გავითვალისწინებთ, მაშინ – არა.

მსხვილი კომპანიები ყოველთვის ცოტას იხდიან, უპროცენტო მომსახურებით. რამე ახალგახსნილი კომპანია ან რესტორანი უფრო მეტს იხდის. ჩემი ხელფასი ყველაზე ცოტა 150 ლარი ყოფილა და ყველაზე ბევრი – 2500-3200. ამჟამად დღიურ ხელფასზე ვმუშაობ, შესაბამისად, ზოგჯერ რა გამოდის, ზოგჯერ – რა. კლიენტებსაც გააჩნია.

  • რამდენი საათი მუშაობთ?

ახლა ვმუშაობ 8-9 საათი, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ცვლა აღწევდა 15 საათსაც. მუშაობას ვიწყებ საღამოს 9 საათზე და დილით ექვსზე ვამთავრებ.

  • როგორ მიიღეს მშობლებმა ის ფაქტი, რომ მუშაობა დაიწყეთ, მით უფრო ღამის ცვლაში?

ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა ოჯახის მხრიდან. მეუბნებოდნენ – რა გიჭირს? რა არ გყოფნის და ასე შემდეგ. ათასი რაღაც მითხრეს, თავი რომ გამენებებინა. უბრალოდ, მე ვიცოდი, რომ მათგან თავის დასაღწევად მჭირდებოდა ეს სამუშაო და ათასი მიზეზი მოვიფიქრე თავის გასამართლებლად.

  • უკვე მეორედ ახსენეთ, რომ გინდათ ამ ასაკში ოჯახისგან შორს ყოფნა. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რატომ გსურდათ ოჯახისგან თავის დაღწევა?

თავისუფლება მიყვარს. ჩემი ოჯახი იმ საზოგადოების ნაწილია, სადაც ყველა ერთმანეთის აზრზეა დამოკიდებული. ეს არის ის ჯაჭვი, რომლის ნაწილიც არ მინდა ვიყო. არ მიყვარს შეზღუდვები.

მეტი საუბარი არ მინდა ამაზე.

  • თქვენ გარშემო ადამიანებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, სკოლის მასწავლებლებმა თუ იციან, რომ მუშაობ? როგორ რეაგირებენ ხოლმე ამაზე?

სულ იცოდნენ, რომ ვმუშაობდი. თავიდან ისეთი რეაქცია ჰქონდათ უფროსებს, თითქოს იმიტომ ვმუშაობ, რომ მიჭირს.

ყველა შეიცხადებდა ხოლმე, ვითომც ამ ასაკში მუშაობა დასაძრახი იყოს. აბრალებდნენ ჩემს მშობლებსაც. ამბობდნენ, რომ მშობლებს ვძულდი და არ ემეტებოდათ ჩემთვის არაფერი. იყო ისეთი მოსაზრებებიც, თითქოს მშობლები მაიძულებდნენ მუშაობას.

თავიდან ვცდილობდი, ამეხსნა და თავი მემართლებინა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და ყურადღებას აღარ ვაქცევდი.

დამოკიდებულება სრულიად შეეცვალათ, როდესაც მათმა შვილებმაც დაიწყეს მუშაობა. ამაყობდნენ, რომ მუშაობდნენ. ვუყურებდი, როგორ მოდიოდნენ მათი ბავშვები და როგორ მუშაობდნენ იმ პოზიციებზე, რომლებზეც ერთ დროს მე მიმუშავია.

  • თქვენი აზრით, რატომ არიან მოსწავლეები იძულებულები, რომ იმუშაონ? რა განაპირობებს ამას?

ზოგიერთს, უბრალოდ, ფული სჭირდება, ზოგიერთსაც იგივე მიზეზი აქვს, რაც მე. არ ვიცი ზუსტად, ვერ გეტყვი.

  • გაქვთ თუ არა გაფორმებული ოფიციალური კონტრაქტი დამსაქმებელთან?

სანამ კანონი არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას, მანამდე არა, მაგრამ როგორც კი შევძელი კანონიერად მუშაობა, კი, გავაფორმე მაშინვე.

  • თქვენი დაკვირვებით, რა კრიტერიუმებით არჩევენ მოსწავლეებს სამსახურში? გასაუბრებისას თუ გეკითხებიან ან ითვალისწინებენ ასაკს?

ჩემ შემთხვევაში კრიტერიუმებზე ყურადღების გამახვილება დაიწყეს 15-16 წლის ასაკიდან, როცა მეუბნებოდნენ, რაღაც მიზეზების გამო უარს. მანამდე ისეთი ამბავი იყო, რომ დამსაქმებლებს პიარისთვის მოსწონდათ გრძელთმიანი გოგონები. გასაუბრებისას ასაკს ძირითადად არ მეკითხებიან და თუ მეკითხებიან, ვიტყუები. ამას არ ამოწმებდნენ.

  • მუშაობისას ხომ არ ყოფილა ოდესმე სექსუალური შევიწროების მცდელობა? თქვენი ან თქვენი სხვა თანატოლის მიმართ?

ყოფილა და ძირითადად სტუმრების მხრიდან.

ბევრ რამეში გამოიხატება ეს. მიმტანი ვარ და, შესაბამისად, კლიენტებთან ურთიერთობა მიწევს. ხშირად, გამოლაპარაკებისას თავაზიანობა ფლირტში ერევათ. ასეთ დროს მეუბნებიან, რომ მუშაობის დასრულებამდე დამელოდებიან და რომ ჩემთან ერთად გეგმავენ სადღაც წასვლას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მართლა საათობით მელოდნენ.

ბევრი იქვე, მუშაობის პროცესში, მავიწროებს. ფიზიკურად შეხების უფლებას არავის ვაძლევ, მაგრამ ასეც ხდება. სხვა თანამშრომლებთან არ ვიცი როგორი სიტუაციაა.

ძირითადად 40-50 წლის კაცები არიან, მაგრამ არიან ქალებიც. უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როდესაც ძალიან თვრებიან. მეუბნებიან ბევრ რამეს, ცდილობენ, რომ ფიზიკურად ჩემთან ახლოს იყვნენ და შემეხონ.

რა უნდა ვქნა? მსგავსი საქციელის  გამო ბოდიშს არავინ იხდის.

  • რა გეგმები გაქვთ სკოლის დასრულების შემდეგ?

ვაპირებ, შევიცვალო ქალაქი, თბილისში გადავალ და დიდი ალბათობით, იქ გავაგრძელებ სწავლას. რა თქმა უნდა, იქაც გავაგრძელებ მუშაობას.

  • თქვენი მეგობრები, თანატოლები თუ მუშაობენ?

ჩემმა მეგობრებმა ახლახან დაიწყეს მუშაობა. ახლა ზუსტად ისევე მუშაობენ, როგორც მე ვმუშაობ ამ ეტაპზე. იყო პერიოდი, როდესაც ერთადერთი ვიყავი ჩემს სამეგობრო წრეში, ვინც მუშაობდა.

  • რაში დახარჯავდით ფულს, უფრო მაღალი ხელფასი რომ გქონდეთ?

ხელფასზე ფიქრს რომ ვიწყებ, თავში ბევრნაირი იდეა მომდის. უფრო მაღალი ხელფასი თუ მექნება, რაღაცებს უკეთესობისკენ შევცვლი – შესაძლებლობებს უკეთ გამოვიყენებდი.

ერთხელ ჩემს ცხოვრებაში მოვახერხე და ავიღე ძალიან მაღალი ანაზღაურება. ეს იყო დაახლოებით 2500 ლარი. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი თანხის აღების საშუალება მომეცემოდა ოდესმე. მაგრამ ნელ-ნელა ამასაც მივეჩვიე. არ ვარ შემგროვებელი ადამიანი, ამიტომ რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, არა მგონია, ეს თანხა ჭკვიანურად გამოვიყენო.

ამ ეტაპზე უფრო მაღალი ხელფასით შევეცდებოდი ჩემი აბიტურიენტობა შემემსუბუქებინა. მათემატიკაზე დავდივარ, რეპეტიტორთან, რის თანხასაც მე თვითონ, დამოუკიდებლად ვიხდი.

მომავალში არქიტექტურის სწავლა მინდა. არქიტექტურის სასწავლად რაც მჭირდება, იმაში დავხარჯავდი ფულს, რაც ჩემს სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად დამეხმარებოდა. თუ რამე დამრჩებოდა, იმას სამომავლოდ, საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის გადავინახავდი.

  • მშობლებს თუ ეხმარებით თქვენი შემოსავლიდან?

ვეხმარებოდი. უბრალოდ, აბიტურიენტობის პერიოდში მუშაობას რომ მოვუკელი, იმდენი შემოსავალი აღარ მაქვს, ოჯახსაც რომ დავეხმარო.

  • თქვენი აზრით, როდესაც არ აქვთ ბავშვებს თანაბარი განათლების შესაძლებლობა, ეს რა გავლენას ახდენს მათ მომავალზე?

თუ ადამიანი ვერ გაიაზრებს რა უნდა, რატომ არის, სად არის, რა მიზნები აქვს და სად უნდა რომ იყოს, აზრი არ აქვს 10 რეპეტიტორი ეყოლება, თუ არც ერთი. მათ შორის ვერც მშობელი იზამს ვერაფერს.

თუ გააზრებული გაქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, მშობლის მხარდაჭერა ყველა მიზნის მიღწევაში შეგიწყობს ხელს. რაც უფრო შეგეწყობა ხელი, მით უფრო მარტივია. ამ შემთხვევაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ჩემი აზრით, ხალხი, რომელსაც ყველაფერი ლანგრით აქვს მირთმეული, არ არის საკუთარ თავში ბოლომდე გათვითცნობიერებული.

  • და ბოლო კითხვაც, ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლეთ მუშაობისას?

ვისწავლე, რომ ბევრი რამე შემიძლია. რაც შეუძლებლად მეჩვენებოდა, აღმოვაჩინე, რომ შესაძლებელია.

რაც შეეხება ხელფასს – ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იმდენს გამოვიმუშავებდი, რამდენიც გამოვიმუშავე. რთული იყო, მაგრამ გამოვიდა, თან საკმაოდ ადრეულ ასაკში. ვისწავლე, რომ როდესაც რაღაც არ გინდა, მაგრამ გჭირდება, რთულია გაძლება.

___________________

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: