მთავარი,სიახლეები

ანალიტიკოსები უკრაინის ომზე: რა იქნება 2023 წელს -BBC

28.12.2022 • 1331
ანალიტიკოსები უკრაინის ომზე: რა იქნება 2023 წელს -BBC

რუსეთ-უკრაინის ომი მეორე კალენდარულ წელიწადში გადადის. რას უნდა ველოდოთ 2023-ში – ომის დამთავრებას ბრძოლის ველზე, მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მის გაგრძელებას სულაც 2024 წლამდე?

„ბი-ბი-სიმ“ ამ საკითხზე სხვადასხვა ანალიტიკოსის აზრი მოისმინა.

  • „მთავარი იქნება საგაზაფხულო იერიში“

მაიკლ კლარკი, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი, გაერთიანებული სამეფო

ნებისმიერს, ვისაც ევრაზიული სტეპებში მდებარე ქვეყანაში შეჭრა სურს, იქ გამოზამთრება მოუწევს. ნაპოლეონის, ჰიტლერისა და სტალინის ჯარები აგრძელებდნენ მოძრაობას ზამთარში. ახლა ვლადიმერ პუტინი ელოდება ზამთრის დასრულებასა და გაზაფხულზე ახალი იერიშის დაწყებას.

ორივე მხარეს პაუზა სჭირდება, მაგრამ უკრაინელებს უკეთესი აღჭურვილობა და მეტი მოტივაციაც აქვთ. შეგვიძლია ველოდოთ, რომ ისინი დონბასში მაინც შეინარჩუნებენ ზეწოლას.

ისინი ახლოს არიან კრემენაიასა და სვატოვოსთან დიდ გარღვევასთან, რომელიც რუსულ ძალებს დაახლოებით 60 კილომეტრით უკან დაახევინებს – თითქმის იქ, საიდანაც მათ თებერვალში შეჭრა დაიწყეს.

კიევი თავს შეიკავებს შეჩერებისგან მაშინ, როცა წინ ასეთი ჯილდოა. თუმცაღა, უკრაინელების იერიშები შეიძლება შეჩერდეს სამხრეთ-დასავლეთში, ხერსონის დაბრუნების შემდეგ.

დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე გადასვლა და ყირიმთან რუსეთის მოწყვლად საგზაო და სარკინიგზო გზაზე ზეწოლა შეიძლება ძალიან დიდი ამოცანა იყოს, მაგრამ კიევის მიერ უცაბედი და მოულოდნელი იერიშის გამორიცხვა არ შეიძლება.

2023 წელს ბედს რუსეთის საგაზაფხულო იერიში განსაზღვრავს. პუტინმა აღიარა, რომ 50 000 მობილიზებული უკვე ფრონტზეა, 250 000 კი შემდეგი წლისთვის ემზადება.

სანამ ახალი რუსული ძალების ბედი არ გაირკვევა, ომის გარდა სხვა არაფერია მოსალოდნელი. ერთადერთია ხანმოკლე და არასტაბილური ცეცხლის შეწყვეტა. პუტინმა ნათლად განაცხადა, რომ არ შეჩერდება. უკრაინამ კი ცხადი გახადა, რომ გადარჩენისთვის იბრძვის.

  • „უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს“

ანდრეი პიონტკოვსკი, ვაშინგტონში მცხოვრები ანალიტიკოსი

უკრაინა გაიმარჯვებს და ყველაზე გვიან, 2023 წლის გაზაფხულზე ტერიტორიულ მთლიანობას სრულად აღადგენს. ამ დასკვნას ორი ფაქტორი განაპირობებს.

პირველი – უკრაინელი სამხედროების, ერის მოტივაცია და სიმამაცე.

მეორე კი ისაა, რომ რუსი დიქტატორის წლებით დაშოშმინების შემდეგ, დასავლეთმა საბოლოოდ გაიაზრა მის წინაშე მდგომი ისტორიული გამოწვევის მასშტაბი. ამას ყველაზე კარგად ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება ცხადყოფს:

„ჩვენ ფასს ფულით ვიხდით, უკრაინელები კი სისხლით. თუ ავტორიტარული რეჟიმი დაინახავს, რომ ძალას შედეგი მოაქვს, ყველანი უფრო მაღალ ფასს გადავიხდით და მსოფლიო ყველასთვის უფრო სახიფათო გახდება“.

უკრაინული გამარჯვების ზუსტი დრო დადგინდება სიჩქარით, რომლითაც ნატო კიევს გარდამტეხ ტექნიკას (ტანკებს, თვითმფრინავებს და ა.შ.) მიაწვდის.

ველი, რომ მომავალ თვეებში (შეიძლება, კვირებში) მელიტოპოლი ბრძოლის მთავარი წერტილი გახდება. მელიტოპოლის აღების შემდეგ, უკრაინა მარტივად გადავა აზოვის ზღვაზე და, ფაქტობრივად გადაჭრის ყირიმის მომარაგებისა და კომუნიკაციის ხაზს.

რუსეთის კაპიტულაცია ფორმალურად შეთანხმებული იქნება ტექნიკურ მოლაპარაკებებზე ბრძოლის ველზე უკრაინის წინ წაწევის შემდეგ.

გამარჯვებულები – უკრაინა, ბრიტანეთი და აშშ, საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას დაადგენენ.

  • „დასასრული არ მოჩანს“

ბარბარა ზანჩეტა, ომის კვლევის დეპარტამენტი, ლონდონის კინგსის კოლეჯი

ვლადიმირ პუტინი ელოდა, რომ უკრაინა პასიურად მიიღებდა მისი უფრო ძლიერი მეზობლის ქმედებებს, სხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი ჩარევის გარეშე. ამ სერიოზულმა არასწორმა გაანგარიშებამ გამოიწვია გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელსაც ერთი შეხედვით დასასრული არ უჩანს.

ზამთარი რთული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით შეეცდება შეარყიოს ისედაც დაღლილი მოსახლეობის მორალი და გამძლეობა. მაგრამ უკრაინის გამძლეობა აღსანიშნავია – ისინი მტკიცედ დადგებიან. ომი გაგრძელდება.

მოლაპარაკების პერსპექტივები არ მოჩანს. პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მინიმუმ ერთი მხარის ძირითადი მოთხოვნები უნდა შეიცვალოს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მოხდა, ან რომ ეს მალე მოხდება.

მაშ, როგორ დადგება დასასრული?

ომის ადამიანურმა და მატერიალურმა ღირებულებამ, შესაძლოა, რუსული პოლიტიკური ელიტის ომისადმი ერთგულება შეარყიოს. მთავარი გასაღები რუსეთის შიგნითაა.

წინა ომები, რომლებშიც არასწორი გათვლა უმთავრესი ელემენტი იყო, როგორც ვიეტნამი აშშ-სთვის ან ავღანეთი სსრკ-სთვის, მხოლოდ ასე დასრულდა. შიდაპოლიტიკური ვითარება ამ ქვეყნებში შეიცვალა და ომიდან გამოსვლა, „ღირსეული“ თუ არც ისე, ერთადერთ გამოსავლად აქცია.

თუმცა, ეს მარტო მაშინ მოხდება, თუ დასავლეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას ომის გამო არსებული შიდა ზეწოლის ფონზე.

სამწუხაროდ, ეს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება და დიდი ალბათობით, 2023 წლის ბოლოსთვისაც შენარჩუნდება.

  • „არანაირი სხვა შედეგი, გარდა რუსეთის მარცხისა“

ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი მთავარსარდალი

კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა ნაადრევია, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინა მოიგებს, შესაძლოა 2023-შიც.

ზამთარში ყველაფერი უფრო ნელა წავა, მაგრამ ზამთარს უკრაინა უკეთ გაუმკლავდება, გერმანიიდან, კანადიდან და გაერთიანებული სამეფოდან გამოგზავნილი ზამთრის აღჭურვილობით.

იანვრისთვის, უკრაინა შეიძლება იყოს კამპანიის საბოლოო ფაზის, ყირიმის გათავისუფლების დაწყების პოზიციაში.

ისტორიიდან ვიცით, რომ ომი ნებისა და ლოგისტიკის გამოცდაა. როცა უკრაინელი ხალხისა და ჯარისკაცების მზადყოფნასა და სულ უფრო უკეთეს ლოგისტიკურ ვითარებას ვუყურებ, რუსეთის დამარცხების გარდა სხვა შედეგს ვერ ვხედავ.

ნაწილობრივ, ამ დასკვნამდე ხერსონიდან რუსეთის უკან დახევამ მიმიყვანა. პირველ რიგში, ეს ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მოვლენა იყო უკრაინელებისთვის, მეორე – დიდი სირცხვილი კრემლისთვის და მესამე – უმთავრესი ოპერატიული უპირატესობა უკრაინისთვის: ყველა გზა ყირიმისკენ ახლა უკრაინული სისტემების რადიუსშია.

ვფიქრობ, 2023 წლის ბოლოსთვის ყირიმი უკრაინული კონტროლისა და სუვერენიტეტის ქვეშ იქნება, თუმცა შეიძლება იყოს რაღაც შეთანხმება, რომელიც რუსეთს საშუალებას მიძლევს, სევასტოპოლიდან თავისი ფლოტი ნელ-ნელა (დაახლოებით 2025 წლამდე) გაიყვანოს, შეიძლება ანექსიამდე არსებული შეთანხმების შესაბამისადაც.

  • „ელოდეთ დაახლოებით იმავეს“

დეივიდ გენდელმანი, სამხედრო ექსპერტი, საქმიანობს ისრაელში

ნაცვლად კითხვისა, „როგორ დამთავრდება“, უნდა ვიკითხოთ, შემდეგ ფაზაში მხარეებს რისი მიღწევა სურთ.

რუსეთში მობილიზებული 300 000 ჯარისკაციდან საბრძოლო ზონაში მხოლოდ ნახევარია. დანარჩენები, ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ გამოთავისუფლებული ძალების ჩათვლით, რუსეთს ახალი იერიშის წამოწყების საშუალებას აძლევს.

ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაცია გაგრძელდება, მაგრამ რუსეთის მნიშვნელოვანი გარღვევა და დონბასში უკრაინელების ალყაში მოქცევა ნაკლებად სავარაუდოა.

უფრო მოსალოდნელია ამჟამინდელი ტაქტიკის გაგრძელება – უკრაინელები ნელა წაიწევენ წინ ბახმუტასა და ავდეევკაში. თავის მხრივ, უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გამოფიტვის ომის სტრატეგიის გაგრძელება იქნება.

ხერსონიდან რუსეთის უკან დახევის შემდეგ უკრაინის მნიშვნელოვანი ძალები გამოთავისუფლდა. სტრატეგიულად, მათთვის ყველაზე ღირებული მიმართულება სამხრეთია – მელიტოპოლი ან ბერდიანსკი, ყირიმთან რუსეთის სახმელეთო კორიდორის გადასაჭრელად. ეს უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა და სწორედ ამიტომ, რუსები მელიტოპოლს ამაგრებენ.

უკრაინისთვის კიდევ ერთი ვარიანტი სვატოვოა – იქ მიღწეული წარმატება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფრონტის მთელი ხაზის ჩრდილოეთს.

საკითხი ისაა, უკრაინის რა ძალებია თავისუფალი, რამდენ ხანში იქნება მზად ახალი ბრიგადები და ტექნიკა.

მას შემდეგ, რაც ტალახი გაიყინება, პასუხებს მივიღებთ. პასუხები კი უფრო კარგად გაგვაგებინებს, „როგორ მორჩება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: