მთავარი,სიახლეები

„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

07.10.2022 • 83177
„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე.

მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ქმარი ნარკოდამოკიდებული იყო და ბოლოს მასზე და შვილებზეც ძალადობდა.

„ძალიან გაფუჭდა ეს კაცი, ძალიან გადაიჭრა… არაერთი საჩივარი დავწერე, მაგრამ პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა,“ – ასე იხსენებს თავის ტრაგედიას გულნარა.

გულნარა ლორთქიფანიძე, მარტოხელა პენსიონერი

ამბობს, რომ ნანობს, რაც ჩაიდინა, რადგან ამის გამო შვილები დაკარგა. მან 6 წელი და 7 თვე გაატარა ციხეში.

„მე მათ ვიცავდი, მაგრამ ახლა ვნანობ, რადგან როცა ციხიდან გამოვედი, შვილებმა ჩემთან დაბრუნებაზე უარი თქვეს. ძალიან მეტკინა გული.

ის ხალხი უნდა დაეჭირათ, ვინც ზომები არ მიიღო, რადგან ვეუბნებოდი პოლიციას, როგორ ცუდად იქცეოდა ჩემი ქმარი. სასამართლოზეც თქვეს, სად იყავით ამდენი ხანი, სექტემბერში იყო საჩივრები, მკვლელობა კი ოქტომბერში მოხდაო.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბიძაჩემმა სახლი მათხოვა და 6-7 წელი იქ ვიცხოვრე. შემდეგ, როცა სახლი გაყიდა, უსახლკაროდ დავრჩი. 21 წელი ხან გირაოთი ვიცხოვრე, ხან ქირით, ხან სად ვიყავი და ხან სად.

ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, დავურეკე პოლიციას და წამიყვანეს თავშესაფარში“, – ამბობს გულნარა ლორთქიფანიძე.

იგი თავდაპირველად მუნიციპალურ ღამის თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მხოლოდ ღამის გათევა იყო შესაძლებელი, დღისით კი ბენეფიციარები თავშესაფარს ტოვებენ. რემონტის დაწყების შემდეგ კი ბენეფიციარები „კარიტასის“ ღამის თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა ახლა ამ თავშესაფრის დატოვებაც უწევს.

„არც კი ვიცი, სად მივყავართ, იმედია, ივარგებს საცხოვრებლად“, – გვეუბნება გულნარა და ტომრებში პირად ნივთებს ალაგებს.

გულნარა ლორთქიფანიძეს მესამედ უწევს თავშესაფრის გამოცვლა

მისთვის მარტოხელა ცხოვრებას ისიც ამძიმებს, რომ ეპილეფსიითაა ავად.

„როცა შეტევა მემართება, თუ არავინ მყავს გვერდით, შეიძლება თავი დავიზიანო. ადრე ცეცხლში ჩავვარდი და ნახევარი სხეული დამწვარი მაქვს, მიკვირს, როგორ გადავრჩი. მანქანაც დამჯახებია, გზიდანაც გადავვარდნილვარ და ბევრი ყეზა (ხიფათი) მაქვს გადატანილი.

ამიტომ, როცა გარეთ ვარ, მაშინაც მჭირდება მეთვალყურე.

ღამის თავშესაფარი იმიტომ არის პრობლემა ჩემთვის, რომ აქ დღისით ვერ გაჩერდები. ცხრა საათზე უნდა ისაუზმო და შემდეგ გახვიდე. ნახეთ, დღეს როგორ წვიმს, ძაღლსაც კი არ გააგდებენ გარეთ და ჩვენ უნდა გავიდეთ.

მე რომ გარეთ გული წამივიდეს, რა ვქნა, ვინ მომხედავს? ამიტომ, მირჩევნია, სადმე ჩემი ერთი ოთახი მქონდეს, ვინმე რომ მოვიყვანო და მომხედოს. აქ, [ღამის] თავშესაფარში, ამის უფლება არ მაქვს.

ისეთი თავშესაფარი მინდა, სადაც დღისითაც შევძლებ ყოფნას და გარეთ გასვლა აღარ მომიწევს, სადაც ექთანი ან მომვლელი იქნება“, – ამბობს გულნარა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა მის მზრუნველობაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს.

„ბავშვობაში თანაკლასელმა ფეხი დამიდო და წავიქეცი. თავი მაშინ დავარტყი. ოპერაცია იყო საჭირო, მაგრამ ვერ გავიკეთე.

ახლაც მეუბნებიან ოპერაციას, ისე არაფერი გეშველებაო, მაგრამ როგორ გავბედო ოპერაცია? პატრონი არავინ მყავს, დედ-მამის ჯიშ-ჯილაგი თავისთვისაა, შვილებიც თავისთვის არიან. ვინ მომხედავს? სად წავიდე, რა გზას დავადგე, სულ წვალებაში ვარ“, – ამბობს გულნარა.

„21 წელია უსახლკაროდ ვარ, მარტოობაში“ – ამბობს გულნარა ლორთქიფანიძე.

მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

„ზოგს ბალახის ჭრაში ვეხმარები, ზოგს – რაღაც სამუშაოებში და ტანსაცმელს მჩუქნიან ხოლმე. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ თავი ასე გამაქვს“, – გვეუბნება ის.

გულნარა ბოლო იმედს ებღაუჭება. ეს იმედი მისი ნაბოლარა შვილია, რომელსაც ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ მოუკითხავს დედა.

„სახლი, რომელიც დავუტოვე, დაკეტილია, დიდი ბოქლომი ადევს. არ ვიცი, გაყიდა თუ თვითონ გადავიდა სადმე. უფროსი შვილები არ მეუბნებიან, სად არის. სახელმწიფოს მინდა ვთხოვო, რომ დამეხმაროს მოძებნაში.

ძალიან მინდა, ვნახო და ვკითხო, უნდა დედა თუ არა. თუ არ ენდომება დედა, მეცოდინება მაინც.

…ეჰ, ცხოვრებავ“, – ამბობს დანანებით გულნარა და ფუთების შეგროვებას განაგრძობს.

გულნარას შესახებ იხილეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: