მთავარი,სიახლეები

რესტორნის გამწოვის მილები სახლის კედელზე – მოქალაქე მერიას უჩივის

27.12.2022 • 3025
რესტორნის გამწოვის მილები სახლის კედელზე – მოქალაქე მერიას უჩივის

„სუნია, ხმაური, ხელის გაწვდენაც არაა საჭირო, აივნიდან გამწოვის მილებს რომ მივწვდე,“ – მოქალაქე მერი კაცაძე საკუთარი ბინის აივანზე გვაჩვენებს, რესტორნის გამწოვის მილები მართლაც რომ ხელის გაწვდენაზეა. მერი კაცაძე ბათუმში, ჭავჭავაძის 39/47-ში ცხოვრობს, ძველი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, პირველ სართულზე კი, რესტორანია.

მოქალაქე გვიყვება, რომ ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის იმ ნებართვის გამო, რომლითაც რესტორანმა სამზარეულოს გამწოვი მილები მოაწყო კორპუსის ფასადზე ეზოს მხრიდან – მერი კაცაძის აივნის გვერდით. რესტორანს სამზარეულოს სათავსოც მოუწყვია მერი კაცაძის ბინის ქვეშ, რაც ასევე დავის საგანია.

„45 წელია აშენებულია ეს ბინა და ჩვენც მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ, ბოლო რამდენიმე წელია აქ არ ვიყავით… არაფერზე მომიწერია ხელი, ახლა გადავწყვიტეთ აქ ცხოვრება და ეს ამბავი დაგვხვდა: ზაფხულში განსაკუთრებით მძაფრი სუნია, სარეცხს ვერ გაფენ, ბინა სარემონტოა, მაგრამ ვერც ვარემონტებ, რომ აქ გადმოვიდე საცხოვრებლად. ასეთ მდგომარეობაში ბინას ვერც გავყიდი, ხმაურის დამხშობიც არ აქვს გამწოვს,“ – ამბობს მერი კაცაძე და სხვადასხვა დოკუმენტს შორის იმ წერილს გვაჩვენებს, რაც ადასტურებს მისი 17 მეზობელიც რომ თანახმაა „ფასადი რესტორანმა პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს“.

სამზარეულოს გამწოვი მილები ჭავჭავაძის 39/47-ში მდებარე კორპუსზე

მერი კაცაძე

„მერიას ნებართვა აქვს გაცემული გამწოვის მილებზე, სადაც წელს, გაზაფხულზე, ხანძარიც გაჩნდა, ისევ მერიის სამსახურებმა დაადასტურეს, რომ მილები არასწორად იყო გაყვანილი… სათავსო კი, საერთოდ ნებართვის გარეშეა მოწყობილი,“ – განაგრძობს თხრობას მერი კაცაძე. ის სადარბაზოს კიბეზე ჩერდება და იქიდან გვაჩვენებს, გამწოვის მილები როგორ გადის რესტორნის სათავსოს სახურავსა და მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ.

„კანონმდებლობით მსგავსი სათავსო უახლესი ფანჯრიდან მინიმუმ 6 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, აქ კი, დაშორება ერთი მეტრიც არ გამოდის,“ – საუბარში იურისტი ანასტასია მიქელაძე ერთვება, რომელიც მარიკა ირემაძის [მერი კაცაძის შვილი და ბინის მესაკუთრე] ინტერესებს იცავს.

„..ადგილი ჰქონდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე ობიექტის სამზარეულოს საკვამლე მილში ჭვარტლის წვის ფაქტს,“ – ამას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ. ეს უწყება ადასტურებს, რომ ჭავჭავაძის 39/47 -ში, საკვამლე მილში ხანძარი გაჩნდა.

მოქალაქეს ხელში აქვს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წერილიც, რომლითაც დასტურდება, რომ ბათუმის მერიის ნებართვის გაცემის შემდეგ [2017 წელი] კონკრეტული სამუშაო „წესების დარღვევით“ შესრულდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევა 2022 წლის 12 მარტს გაჩენილი ხანძრის შემდეგ აღმოაჩინა – სამართალდარღვევის ოქმი 2022 წლის 5 ოქტომბერსაა შედგენილი.

„პირველი კლასის ესკიზური ნახაზის [პროექტის] წესების დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა მითითება,“ – მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 10 ოქტომბრის წერილსაც გვაჩვენებს იურისტი ანასტასია მიქელაძე, თუმცა ამ წერილიდან ნათლად არ ჩანს, კონკრეტულად რა დაარღვია რესტორანმა „ბარაქამ“, როცა მან სამზარეულოს გამწოვის მილები გაიყვანა კორპუსის ფასადზე.

იურისტი ანასტასია მიქელაძე ამბობს, რომ მას მუნიციპალურმა ინსპექციამ არ მიაწოდა ინფორმაცია, რა იყო კონკრეტული სამართალდარღვევა. სამართალდარღვევაზე კონკრეტული ინფორმაცია მუნიციპალურმა ინსპექციამ არც „ბათუმელებს“ მიაწოდა.„აღმოიფხვრა სამართალდარღვევა,“ – ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში მხოლოდ ეს ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

რაც შეეხება სასამართლო დავას – მოქალაქე მარიკა ირემაძე მერიის მიერ გამოცემული იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც რესტორანმა გამწოვი სისტემა მოაწყო.

„2017 წლიდან სავალდებულო გახდა გამწოვი სისტემის სხვაგვარად მოწყობა სარესტორნო რეგულაციის მიხედვით. რესტორანმა ეს რეგულაცია დაიცვა, მაგრამ დაზარალდნენ მოქალაქეები,“ – შენიშნავს იურისტი ანასტასია მიქელაძე და საქმის მასალებს გვაცნობს.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ალამბარმა“ აიღო იჯარით ჭავჭავაძის 39/47-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე უძრავი ქონება და იქ რესტორანი „ბარაქა“ გახსნა. იურისტის შეფასებით, მერიამ დაარღვია კანონი, როცა მან ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გასცა ნებართვა ძველ საცხოვრებელ კორპუსზე გამწოვი სისტემის მოსაწყობად.

„მერიის მიერ ნებართვის გაცემამდე არ შეფასებულა შენობის სეისმედეგობა, ცეცხლმედეგობა და საიმედოობა, ასევე ესკიზის შესაბამისი სამუშაოების განხორციელების ნებართვა რამდენად მიზანშეწონილი იყო შენობის საერთო მდგომარეობისათვის,“ – ვკითხულობთ ადმინისტრაციულ საჩივარში, რომლითაც მარიკა ირემაძემ ბათუმის მერიას მიმართა. – „მერიის სამსახურის საბოლოო წერილიდან გაურკვეველია, როგორც ნებართვის გაცემის თარიღი, ასევე, რას გულისხმობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური „მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობების შესახებ”, ან კონკრეტულად რა იგულისხმება მცირე სარემონტო სამუშაოებში,“ – წერია საჩივარში. 

სასამართლომდე მოქალაქეს ბათუმის მერიისთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიუმართავს, თუმცა მერმა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ისევ არქიტექტურის სამსახურს დაავალა. საკუთარი თავის წინააღმდეგ არქიტექტურის სამსახურიც არ წასულა და მოქალაქისთვის მიუწერია, რომ საჩივარს არ აკმაყოფილებენ.

საჩივარში ხაზგასმულია ისიც, რომ ნებართვის გაცემის დროს კომპანიას წარდგენილი ჰქონდა ამ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ადამიანების „ამხანაგობა 23“-ის თავმჯდომარის თანხმობა გამწოვი მილების გარე ფასადზე განთავსებაზე.

„…როგორც მოგვიანებით გაირკვა, ირა ბასილაია არ არის აღნიშნული ამხანაგობის თავმჯდომარე,“ – აღნიშნულია ადმინისტრაციულ საჩივარში. იურისტი ამბობს, რომ შესაბამისი ექსპერტიზით უნდა დადგენილიყო, ამ ტიპის შენობის ფასადზე რამდენად მიზანშეწონილია გამწოვის სისტემის მონტაჟი. 

ადმინისტრაციულ საჩივარში, რომლის დაკმაყოფილებაზეც ბათუმის მერიამ უარი თქვა, იურისტს რამდენიმე ფაქტორი ჩამოუთვლია, რაც მისი აზრით, აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

„ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს: გამოცემის დროსა და ადგილს; ბრძანების ნომერს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა; არ არის ასახული შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (მაყურებლიდან მარჯვენა მხარის ზედა კუთხეში); არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას; სამართლებრივი აქტის ვადაში შესვლის თარიღი; ტექსტი არის ბუნდოვანი, რის გამოც შეუძლებელია შეთანხმების პირობების განსაზღვრა,“ – აღნიშნულია საჩივარში. 

„მთლიანად შევცვალეთ გამწოვის მილები, მერიამ ჩაიბარა,“ – გვითხრა რესტორან „ბარაქას“ მოლარემ, გივი ოთიაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამის დოკუმენტაციას ვერ გვაჩვენებს, რომელიც ამას დაადასტურებს. რესტორნის ხელმძღვანელი ილია კაკალაძე დღეს ადგილზე არ დაგვხვდა. გვითხრეს, რომ იგი ახლა საქართველოში არ არის. ილია კაკალაძემ სოციალურ ქსელში ჩვენს სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.

„…დავა იყო მეზობლების, რომ ცუდად იყო გაკეთებული ეს მილები, ჩვენ სულ თავიდან გავაკეთეთ, ხმის ჩამხშობიც არის ახლა და არანაირი სუნი არ არის, მთლიანად გამწოვი შეფუთულია,“ – ამბობს გივი ოთიაშვილი.

მოქალაქის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

რესტორანი „ბარაქა“, ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა რესტორნის მეზობლად მცხოვრები ადამიანები ხმაურს და სუნს აპროტესტებენ.

როგორია ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში – ნახეთ აქ.

სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში – ეს კიდევ ერთი ისტორიაა ქუთაისის ქუჩიდან, რაც ადასტურებს, რომ მუნიციპალური ორგანოები ვერ ახერხებენ მესაკუთრეების დაცვას, ბიზნესმა მინიმუმ არ გააუარესოს მათი საცხოვრებელი გარემო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: