„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე

„ან პირობითი, ან ჯარიმა 5 ათასი ლარიო,“ – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქამდე კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იყვნენ და სახლებიც აუშენებიათ, ერთნაირად აღწერს, რა უთხრეს პროკურატურაში. მესაკუთრეების დაბარება პროკურატურაში გრძელდება.

ათეულობით ადამიანს პროკურატურა კურორტ გომისმთაზე თაღლითობის ჩადენას ედავება – ბოლო მონაცემებით, 19 ოჯახს ედავება პროკურატურა კურორტ გომისმთაზე 2021 წელს მიწების თაღლითური გზით გაფორმებას: პროკურატურის ვერსიით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს…“

მიწების მასობრივი რეგისტრაცია გომისმთაზე 2020 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მაშინ აქ იუსტიციის მაშინდელი მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოჩნდა და თქვა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები იწყება.

„…ყავას ვსვამდით იმ დღეს მეზობლებთან ერთად, 4 კაცი რომ მოვიდა ჩვენთან, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ვართ და მიწებს ვაფორმებთო. გაგვიხარდა, რადგან  ყველამ იცის, რომ მანამდე  მიწების რეგისტრაცია არ ხდებოდა, ვერაფერს გააკეთებდი,“ –  იხსენებს 2020 წლის ამბავს ირმა ირემაძე, როცა საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ადგილზე დაიწყეს საკუთრების რეგისტრაცია და მონაცემების შეგროვება.

ირმა ირემაძეს და მის ქმარს – რევაზ დევაძეს სახლი 2018 წელს იმ მიწის ნაკვეთზე აუშენებიათ, სადაც, ირმას თქმით, თავის წინაპრებს საძოვარი ჰქონდათ და „ჭალა იყო შეღობილი“. ძველი სახლის ტერიტორიის დარეგისტრირება სადავო არაა, თუმცა ამ სახლის გვერდით აშენებული ახალი სახლი საჯარო რეესტრს 2021 წელს რევაზ დევაძის საკუთრებად დაურეგისტრირებია.

„…ჩემი დიდი ბებიაც დადიოდა აქ, მემთეური ქალი იყო. ამას ყველა მეზობელი გეტყვით და დაუდასტურეს კიდეც ეს რეესტრის თანამშრომლებს. იმ ძველი სახლის გვერდით ავაშენეთ სახლი, მოდავე არავინ გვყავდა,“ – ამბობს ირმა ირემაძე.

„მე არც მაშინ მითქვამს, როცა რეესტრის თანამშრომლები თავისით მოვიდნენ ჩვენთან, რომ ეს სახლი ძველი იყო და 2007 წლამდე აშენებული. პროკურატურაში კი მითხრეს, რომ თქვენ სახელმწიფო შეცდომაში შეიყვანეთო,“ – ამბობს რევაზ დევაძე, რომელიც პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ დაიბარეს და განუმარტეს, რომ თაღლითობას ედავებიან და შეუძლია სასამართლოში წავიდეს, ან შეთანხმება უნდა შედგეს: პირობითი მსჯავრი, ან ჯარიმა 5 ათასი ლარი.

„გამომიკითხეს, როგორ ააშენე სახლი, როგორ მოხდაო,“ – გვიყვება რევაზ დევაძე. – „ვუთხარი, რომ სიმამრის ოჯახს ჰქონდა ძველი სახლი და მეც დამითმეს 350 კვადრატი, რომ სახლი ამეშენებინა…

ჩემი კითხვა არის ეს: რას ექვემდებარებოდა ჯერ გაფორმება და შემდეგ ჩამორთმევა? როგორც გამიფორმეს, ისე წამიშალონ… მათ შეცდომაში მე უნდა ვიხადო ფული?

მითხრეს, რომ შემიძლია ვიდავო სასამართლოში, მაგრამ შეიძლება 3 წელი პატიმრობა მოგიწიოს, ეგ გაითვალისწინეო. ბოლოს 3 ათას ლარზე შევთანხმდით. მითხრეს, რომ სახლს არ შეეხებიან. არ ვიცი, ვიკითხე იქ: მიწას რომ წამართმევთ, სახლი რა იქნება-მეთქი და სახლს არ დაგიშლიანო,“ – ამბობს რევაზ დევაძე. მისი თქმით, იგი ბათუმის იუსტიციის სახლში გამომძიებელ თემურ გურამიშვილს შეხვდა.

საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში საქმეს არსებითად მოსამართლე აღარ განიხილავს, თუმცა მოსამართლემ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერად გაფორმდება შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის. საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებული პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აღიარებს.

რევაზ დევაძე არ არის ერთადერთი, ვისი თქმითაც, პროკურატურაში გამომძიებელი დაჰპირდა, რომ „სახლს არავინ შეეხება“ და შეუძლია იცხოვროს. საუბარია სახლზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებული გამოდის, როცა საპროცესო შეთანხმება ფორმდება და დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი ადამიანს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული.

„სახლს არ შეეხებიან, ალბათ უნდა შევისყიდოთ. გაურკვეველი საკითხია, მაგრამ მითხრეს, რომ სახლს არ შეეხებიან,“ – უყვება „ბათუმელებს“ გომისმთაზე თაღლითობისთვის გასამართლებული კიდევ ერთი კაცი – ბადრი ვერულიძე.

ბადრი ვერულიძეს პირობითი მსჯავრი აქვს 2 წელი. ისიც ამბობს, რომ პროკურატურაში შესთავაზეს: პირობითი აჯობებს მისთვის, თუ ჯარიმა 5 ათასი ლარი?

„ვისაც არ უნდა ჰკითხოთ იმ გორაზე, ყველა გეტყვით, რომ ჩვენი ძველი სახლი იდგა იქ… 2010 წელს ავედი ბიძაშვილებთან ერთად და სახლი აღარ დაგვხვდა, მხოლოდ ბოძები იყო. გეცოდინებათ, წინა წლებში როგორი ყაჩაღობაც იყო…

შემოქმედში ვიკითხეთ დოკუმენტი და გვითხრეს, არქივი დაიწვაო. ბაბუას თავისი დოკუმენტიც ჰქონდა ამ სახლზე, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ბაბუას ვინც მიჰყიდა ეს ადგილი, იმ კაცის შვილიშვილიც იქ ცხოვრობს. ის იყო ერთ-ერთი მოწმე, სხვა მოწმეებთან ერთად, როცა მიწა 2021 წელს გამიფორმეს სისტემური რეგისტრაციის დროს.

ვერ ვამტკიცებდი ვერაფერს, ამიტომ გასაჩივრებას შეთანხმება ვარჩიე,“ – გვითხრა ბადრი ვერულიძემ.

„დიდი სახლი გვედგა 1970 წლიდან,“ – ამბობს ნონა ვერულიძე, ბადრის მეუღლე.- „ოთხი ოთახი იყო და ოთხი ოჯახი ინაწილებდა… ჩვენ ჩვენი წილი რაც იყო, იმ ნაკვეთზე ავაშენეთ ახალი სახლი, რაც დაგვირეგისტრირეს.

ახლა არ ვიცი, რა მოხდება, ყოველწლიურ გადასახადს დაგვიწესებენ და გამოვისყიდით, ან რა იქნება, სახლს არ ეხებიან,“ – აღნიშნა ნონა ვერულიძემ „ბათუმელებთან“.

„გაგვიფორმეს და შემდეგ ჩამოგვართვეს, მე 4 ათასი ლარი შევიტანე“ – მოგვწერა სოციალურ ქსელში კიდევ ერთმა მოქალაქემ, ლია ართმელაძემ, რომელიც  ფეისბუქჯგუფში  -„გომისმთა“აპროტესტებდა მიწების ჩამორთმევას. მან ჩვენს სხვა კითხვებს აღარ უპასუხა.

კიდევ ორმა ადამიანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მათაც იდენტური ისტორია აქვთ – ახალი სახლები დაურეგისტრირა რეესტრმა და ახლა ართმევენ – ღიად საუბარი არ სურთ, რადგან მიიჩნევენ, რომ თუ პრობლემაზე ისაუბრებენ, შესაძლოა „მთავრობა გადაეკიდოს“ და სახლები დაუნგრიოს, სადაც ისინი ამ ზაფხულსაც აპირებენ ცხოვრებას.

ეს ადამიანები მიანიშნებენ, რომ არჩევნები წინაა და გარანტიები სურთ, რომ სახლებს  ხელი არავინ ახლოს.

პროკურატურის პრესცენტრში ამ თემაზე განმარტებას არ აკეთებენ. ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს საჯარო რეესტრის პრესსამსახურშიც, სადაც ჩვენი ერთ-ერთი კითხვა ეს იყო: როგორ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი კურორტ გომისმთაზე ათეულობით ადამიანმა, ვისაც პროკურატურა ახლა თაღლითობის მუხლით ედავება?

ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.

შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე  – ტალღამრეკლს. ტალღამრეკლი ბლოკებიც რკინაბეტონის იქნება, რომლებსაც პლაჟის მხარეს ოვალური ფორმა ექნებათ [ტალღების ასარეკლად], სასეირნო ბილიკის მხარეს კი – სკამის, ისე, რომ მასზე ჩამოჯდომა იყოს შესაძლებელი.

რკინა-ბეტონის სარტყელი და ტალღამრეკლი შპუნტების თავზე [სასეირნო ბილიკთან] / ნახაზი პროექტიდან
ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 15 831 978 ლარით გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი, 2023 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს.

„ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შტორმის შედეგად დაზიანდა საყრდენი კედლები, რამაც ასევე გამოიწვია საფეხმავლო ბილიკისა და გარე განათების ბოძების დაზიანება. არსებულ მონაკვეთზე გადაადგილება საფრთხის შემცველია და პრევენციული ღონისძიებების არგატარების შემთხვევაში დაზიანების მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. დაზიანებული მონაკვეთის სიგრძე 920 მ-ია“ [სასტუმრო „გლორიას“ და „აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, აეროპორტის მიმართულებით – დანგრეულ პირსამდე] – აღნიშნულია პროექტში.

საპროექტო მონაკვეთი „მაგნოლიადან“ პირსამდე [მონიშნულია წითელი ხაზით] / პირსიდან აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმართულებით კი ნაპირი ქვის ლოდებითაა გამაგრებული და პლაჟზე მოსახვედრად აქაც კიბეებია მოწყობილი, რაშიც 52 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ახალ ბულვართან სანაპიროს დაცვის პროექტი კერძო კომპანიამ „პროჯეკტ კომპანიმ“ მოამზადა, რაშიც ბათუმის მერიამ 75 ათასი ლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ტენდერის შედეგად გამოავლინეს, შესაბამისად, „სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ხელშეკრულება 2023 წლის 5 იანვარს დაიდო, ახალ ბულვართან ნაპირის ნგრევა კი, ზღვამ ამავე წლის თებერვალში დაიწყო.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ხელშეკრულებაში 2023 წლის 19 აპრილს შესულა ცვლილება, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 1 კვირაში მოამზადა.

„2023 წლის 6 თებერვლის წერილით შპს „პროჯეკტ კომპანის“ მიეცა დავალება ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე, რაც შეასრულა საპროექტო ორგანიზაციამ და ასევე 2023 წლის 13 თებერვალს წარმოგვიდგინა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“, – აღნიშნულია ხელშეკრულების ცვლილებაში.

ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზრის კვლევა კი, მერიის სამმართველომ ამ ცვლილებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყო:

ნაპირდამცავი ნაგებობა ლითონის შპუნტებით

პროექტის მიხედვით:

  • „დამკვეთთან კონსულტაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საფეხმავლო ბილიკის დაზიანებისგან დასაცავად გადაწყდა, მოეწყოს ნაპირდამცავი ნაგებობა ლითონის შპუნტებით.
  • შესაბამისი გაანგარიშების შედეგად ნაპირდამცავი ნაგებობის მოსაწყობად გათვალისწინებულია ლითონის შპუნტები სიგრძით 9 მეტრი, რომელთა მოწყობაც ხორციელდება ერთ რიგად დამატებითი ანკერების გარეშე.

ნაპირდამცავი ნაგებობა ლითონის შპუნტებისაგან ქობულეთში [ბობოყვათის რეზიდენციის მიმდებარედ] / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
ნაპირდამცავი ნაგებობა ლითონის შპუნტებისაგან ქობულეთში [ბობოყვათის რეზიდენციის მიმდებარედ] / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

  • პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია [ახალ ბულვართან] მოწყობილი შპუნტების გადაბმა ერთმანეთზე ლითონის გრძივი გადაბმით, ხოლო შპუნტების თავზე მოეწყობა რკინა-ბეტონის გამათანაბრებელი სარტყელი.
  • გამათანაბრებელი რკინა-ბეტონის სარტყლის თავზე გათვალისწინებულია ტალღამრეკლი ბლოკების მოწყობა, რომელთა ფორმა იმდაგვარადაა შერჩეული, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია დასაჯდომი სკამების ფუნქციით.“
საპროექტო ტერიტორია ახალ ბულვართან, ხრეშის ხელოვნურად შეტანის შემდეგ / ფოტო: ბათუმი, მაისი, 2023

საპროექტო მონაკვეთზე დაზიანებული ბეტონის ბილიკის, დაზიანებული ბეტონის კედლებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი ისე უნდა მოხდეს, რომ შენარჩუნდეს ველოსიპედის ბილიკი, რომელიც აქ დაზიანებული არ არის. საფეხმავლო ბილიკი ბეჭდური არმირებული ბეტონით მოეწყობა მთელ სიგრძეზე.

ბილიკზე გათვალისწინებულია განათების ბოძების მოწყობა ყოველ 25 მეტრში, ბულვარში არსებული ბოძების ანალოგიური ბოძებით. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსება.

სასეირნო ბილიკიდან [პრომინადიდან] პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები მოეწყობა [დაახლოებით ყოველ 150 მეტრში].

ბათუმის სანაპიროზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ კიბეებზე ჩასვლის შემდეგ პლაჟი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგხვდებათ, თუ ზღვის ხელოვნური კვება ინტენსიურად გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში: ზღვა იმ ხრეშსაც მიიტაცებს, რომელიც აქ ცოტა ხნის წინ ჩაყარეს; ამასთან, დაიწყება ძველი ბულვარის გასწვრივ სანაპიროს წარეცხვაც.

გასულ ზღვის სეზონზე დანგრეული სანაპიროდან პლაჟზე მოსახვედრად ახალ ბულვარში კუსტარული კიბეები ჰქონდათ მოწყობილი.


„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთითაა მომზადებული:

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

 

რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული

„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და „თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს.

ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი ცოლის არჩევის ხერხსაც „ასწავლის“. „მოზრდილ ბიჭებს ასე ვეუბნები ხოლმე, რომ შეხედავ გოგოს, რომ თავის მამას უჯერებს, მაშინ დიდი ალბათობით მეუღლესაც დაუჯერებს. მაგრამ თუ შეხედავ, რომ მამას ეურჩება, უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება, არც შენ არ დაგიჯერებს“.

რატომ არ არის „მორჩილება“ ქალის სამკაული და რატომ არის დამაზიანებელი მსგავსი სწავლება ბავშვებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში მრავალგვარია.

„პირველი ის გახლავთ, რომ ხდება ბავშვების ტრავმირება, ამ ბავშვების ცნობიერებაში ხდება გარკვეული იდეების გენერირება, რომელიც მათ შემდგომ ცხოვრებაში ხელს შეუშლის.

შეუძლებელია, ადამიანის არჩევანი საკუთარი ცხოვრების წესთან დაკავშირებით იყოს მუდმივი, რადგან ადამიანი მუდმივად ვითარდება და იცვლება“, – გვეუბნება ის.

მირიანის აზრით, ბერი, რომელიც გოგონებს მორჩილებას ასწავლის, დიდი ალბათობით თავადაც ტრავმირებულია, რადგან მას სწორედ ამ გზის გავლა უწევს ინსტიტუციურად.

სასულიერო პირი პატარა გოგონებს ასწავლის, რომ მორჩილება ქალის „სამკაულია“.

„რაღაც ასაკში შესაძლოა ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ იყოს ეული, მაგრამ რაღაც მომენტში ეს მარტოობა და ეულობა მას გამოხრავს. ამიტომ სიცარიელის კომპენსირება ძალიან ხშირად ასეთი ძალაუფლებითი წარმოდგენებით ხდება ხოლმე.

ბერი, რომელმაც უარი თქვა ოჯახის შექმნაზე, ცოლ-შვილის ყოლაზე, ქალთან საკუთარი ცხოვრების გაზიარებაზე, ცდილობს საკუთარი სტატუსი სწორედ ამ თემაზე საუბრით აიმაღლოს.

ზოგადად, ამ სიტყვას – „მორჩილება“, ჩაბღაუჭებულია ჩვენი საპატრიარქო და მარტო მათთვისაც არ არის დამახასიათებელი. როგორც ჩანს, ძალიან პოპულარულია თანამედროვე, რადიკალურ რელიგიურ მიმდინარეობებში. უელბეკის „მორჩილებაშიც“ საზომად აღებულია ისლამური რადიკალური ჯგუფები და ზუსტად ამ ალეგორიაზეა აგებული ქალის მორჩილებაც“, – ამბობს მირიანი.

მისი თქმით, დიდი პრობლემაა, როდესაც ბუნდოვანი წარსულის და ამ საკითხებში ნაკლები გამოცდილების მქონე, სრულიად მოუმზადებელი ადამიანები ასწავლიან ბავშვებს, რადგან ეს შემდგომში ამ ადამიანების ქრისტიანობასთან გაუცხოების რისკს ქმნის.

„რაზეც ეს ბერი საუბრობს, თეოლოგიური თვალსაზრისით არის აბსურდი და მე ვიტყოდი, რომ სრულიად არაქრისტიანული მოძღვრებაც. რადგან ქრისტიანობის მიხედვით ქალი და კაცი არის თანასწორი და თანაღირსი.

მიუხედავად გარკვეული მუხლებისა, რომელიც კონტექსტურად შესაძლოა სხვაგვარად მოგვეჩვენოს, საბოლოო ჯამში, მთელი ქრისტიანული კონცეფცია სწორედ ამაზეა დამყარებული, რომ ქალი და კაცი თანასწორია.

ბიბლიიდან გარკვეული ამონარიდების მოყვანა ქალის მორჩილებაზე, მისი ზუსტი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, არასწორია, რადგან რიგ შემთხვევებში ეს ტექსტები შექმნილია მაშინდელი ისტორიულ და სოციო-კულტურულ გარემოში და ეს უნდა გავითვალისწინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის კულტურები იცნობდნენ ქალის თანასწორუფლებიანობის ფენომენს, მაგალითად ეგვიპტეში ფარაონი ან პალმირაში მმართველი ქალი წამყვან პოზიციაზე ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაშინ როცა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგვეჩვენოს, მსგავსი რაღაც გამორიცხული იყო ბერძნულ და რომაულ კულტურაში“, – ამბობს მირიანი.

მისი თქმით, იგივე რომაულ სამყაროში იერარქია ძალიან ხაზგასმული იყო იმიტომ, რომ ეს იყო სამხედრო წყობის რესპუბლიკა, წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომელიც ემყარებოდა სამხედრო ძლიერებას და სამხედრო საქმე ითვლებოდა კაცის საქმედ.

„ისევე, როგორც ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებში. მაგრამ ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ ნაწილში ჩვენ არ გვაქვს არანაირი მონაცემები იმაზე, რომ ქალი უნდა დაემორჩილოს კაცს. ეს უფრო მაშინდელი კულტურისთვის დამახასიათებელი ფენომენია, რომელიც დღეს სრულიად გაანალიზებული და გარკვეულია“.

მირიან გამრეკელაშვილი

ბავშვებთან მოსაუბრე ბერი, არამორჩილ ქალს ანჩხლს უწოდებს და სოლომონის იგავს იმოწმებს. მირიანის აზრით, ანჩხლი არც ქალია სასიამოვნო, არც კაცი და იგავის შემთხვევაში თვისებაზე უფროა საუბარი, ვიდრე სქესზე, თუმცა ბიბლიის მუხლების მსგავსი ფორმით დაჭრა-დაქუცმაცებით და მისი აქეთ-იქით ტრიალით, შეიძლება ადამიანი მცდარ აზრამდე მივიდეს.

ამ ტიპის ქადაგებები, რომ თითქოს ქრისტიანობა ქალის მორჩილებას ასწავლის, ადამიანებს აშორებს ამ მოძღვრებას. დისტანცირდებიან, რადგან თანამედროვე თაობის წარმომადგენლებისთვის ეს სრულიად მიუღებელი ამბავია“, – ამბობს მირიანი.

მისი შეფასებით, საქართველოში ჯერ კიდევ არ აქვს უმრავლესობას მსგავს სწავლებაზე სათანადო რეაგირება, რადგან ქალები ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ტიპის ნარატივით იზრდებიან. „ამის შედეგია ის, რომ ძალადობის შემთხვევაშიც კი, ქალები ადანაშაულებენ მსხვერპლ ქალს და დამნაშავეს მასში ეძებენ.

იმ ვიდეოშიც ვხედავთ, რომ ქალები სხედან იქ, უსმენენ ამ ბერს, თავს უქნევენ, იღიმიან და მოსწონთ ეს ყველაფერი.

მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სოციალური თანასწორობის გარეშე ემანსიპაცია არ არსებობს. ეს ტყუილი ამბავია.

საქართველოში რა გენდერული და ფემინისტური ინიციატივებიც არსებობს სამწუხაროდ, ყველა ელიტურია, რადგან ფემინიზმზე ძირითადად ის ადამიანები საუბრობენ, რომლებსაც ცხოვრებაში ნაკლებად შეხვედრიათ პრობლემა, რადგან ელიტური ოჯახებიდან არიან გამოსული.

რომ შევცვალოთ კადრი და ამ ბერს საპირისპირო ვათქმევინოთ, რომ ქალი და კაცი თანასწორია და ქალებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივები ხელთ აიღონ, მოახერხებენ ეს ქალები ხვალ ამის განხორციელებას? სოციალური მდგომარეობა ასახავს, თუ რა იდეებით ცხოვრობს ესა თუ ის საზოგადოება. თუ ქალს და კაცს თავიდანვე გაზრდი დაკომპლექსებულს, რა თქმა უნდა, ის ვერასდროს შეცვლის საკუთარ სოციალურ მდგომარეობას“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, ქალებისთვის მორჩილების სწავლებაშიც ის აზრი დევს, რომ ქალები ნაკლებად იყვნენ დამოუკიდებელი და ვერ გაძლიერდნენ სოციალურად. ამის მიზეზედ მირიან გამრეკელაშვილი ქართველი კაცების ნაკლებად რეალიზების პრობლემას ასახელებს.

„თანამედროვე სამყაროში ქართველმა კაცმა საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. მთელი ის ქცევა, რაც გამოუმუშავდა 80-იან წლებში – დოლი, გარმონი და კრიმინალური ქცევა, აღარ მუშაობს, ამით ვეღარ ცხოვრობს ადამიანი. ამის საპირისპირო მოხდა ქალებში, გოგონებმა მალევე აუღეს ალღო თავისუფალ სამყაროს და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ქალებზე დგას დღეს.

ამაზე ერთგვარი პასუხი იყო პატრიარქის მიზოგინიური ეპისტოლეები, რომელიც ერთი პერიოდი ვრცელდებოდა. პატრიარქი ამბობდა, რომ ცოლებმა ფეხები უნდა დაბანონ ქმრებს, იყვნენ მორჩილები და ასე შემდეგ. ეს ქალთმოძულეობაა, რომელიც ყველა კულტურაშია რაღაც სახით შემორჩენილი, ევროპულშიც კი“, – გვეუბნება მირიანი.

მისი თქმით, დღეს ტერმინს – „მორჩილება“, ნეგატიური კონტექსტი აქვს, რადგან ის მონობის სინონიმად აღიქმება.

„მაგალითად, იაპონურ კულტურაში არსებობს ასეთი სპორტი – „სუმო“, სადაც მოსწავლეს ფაქტობრივად უწევს მონობა, რადგან ყველა ბრძანება უნდა შეასრულოს. უნდა გაიაროს რაღაც ეტაპები, გამოწვრთნას საკუთარი ნებისყოფა და მიაღწიოს სპორტულ წარმატებას. ასეთი მოდელია სამღვდელო და საბერო სისტემაშიც. ახალბედას შეზღუდული აქვს უფლებები და მას ამიტომ ჰქვია „მორჩილი“.

თუმცა დასავლეთში, ანუ ლათინურად გამოიყენება ტერმინი „ახალბედა“ და არა „მორჩილი“.

ეს ბერიც, რომელიც ახლა ქადაგებს ბავშვებთან, წლების განმავლობაში იყო ამ სტატუსის ქვეშ, მაგრამ ეს არის გარკვეული კონტექსტი, ისევე როგორც ჯარშია, სადაც ყველა ჯარისკაცი ვალდებულია დაემორჩილოს ოფიცერს და მასთან კამათს თუ დაიწყებს, დისკუსიაში შევა, ვერ იმუშავებს სისტემა. ამის გადმოტანა ჩვეულებრივ საზოგადოებრივ კონტექსტში არის სიბრიყვე“, – გვეუბნება მირიანი.

მისი აზრით, ქრისტიანობა არავის უქადაგებს, რომ იყოს მონა და მორჩილი. პირიქით, მთელი მონოლოგები, რომელსაც სახარებაში ვაწყდებით, აგებულია ადამიანის აქტიური ცხოვრების წესზე.

„საერთოდ არ მესმის, საიდან ამოდიან, როცა ასეთ სპეკულაციას გვთავაზობენ. ქრისტიანული გაგებით ყველა ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი. ეს მსგავსება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის თავისუფალ ნებას. ამ თავისუფალი ნების საფუძველზე მას შეუძლია რაღაც შექმნას. თავისუფალი ნების გარეშე კი ადამიანი მოკლებულია ღვთიურ სისავსეს.

ისევე, როგორც პლატონი არ მიიჩნევდა არათავისუფალ ადამიანს ადამიანად, რადგან მას წართმეული აქვს თავისუფალი ნება“, – ამბობს მირიანი.

მას ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს დეტალები პავლე მოციქულის ეპისტოლედან, სადაც საუბარია ქალებზე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები მსახურებაში და წარმოადგენდნენ ქრისტიანული საკრებულოების წინამძღვრებს.

„ეპისტოლეს მე-17 თავში 16 ადამიანია ჩამოთვლილი და აქედან უმრავლესობა ქალია. ეს კონტექსტი კარგად არის გასაგები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. კონტექსტების გარეშე ინტერპრეტაციები კი პირიქით, დამანგრეველი და დამაზიანებელია“, – გვეუბნება ის.

მირიანი მიიჩნევს, რომ ქრისტიანობაში არსებული მოწოდებები, ქალისა და კაცის ჰარმონიული ურთიერთობებისკენაა მიმართული და გამორიცხავს რომელიმეს უპირატესობას.

„რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც უნდა, რომ მონა ჰყავდეს სახლში. მე, პირადად, არასდროს ვისურვებდი  ისეთ ცოლს, ყველაფერზე თავს რომ მიქნევდეს. ეს მდგომარეობა ალბათ გამაგიჟებდა საბოლოო ჯამში.

იგივეა შვილებთან მიმართებაშიც. ჩემი შვილი 5 წლისაა და უკვე აქვს თავისი გამოხატული ნება. ზოგჯერ მინდა გაიზიაროს ჩემი ღირებულებები და მაგალითად ჩაიცვას ის, რასაც მე ვთავაზობ, მაგრამ მას სხვა რამე მოსწონს. მე პატივს ვცემ მის ნებას, რადგან, საბოლოო ჯამში, მსურს, რომ თავისი ცხოვრების გზა თავადვე აირჩიოს და გამოჭედოს.

ამ ყველაფერს კი ეს ბერი, რომელიც გოგონებს მორჩილებას ასწავლის, თვლის გადაგვარებად.

ჩვენ  გოგონებს უნდა ვუთხრათ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, კულტურული, ცივილიზებული ადამიანები უნდა იყვნენ და არ უნდა ეძებდნენ კონფლიქტს, მაგრამ მათი ამოცანა არანაირად არ არის ვინმეს უპირობოდ მორჩილება.

მათ თავად უნდა ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები სამყაროზე, საკუთარ ცხოვრებაზე და უნდა იცხოვრონ ლაღად, თავისუფლად და შემოქმედებითად. ამ გზაზე უსიტყვო მორჩილება არის მხოლოდ დაბრკოლება“, – მიიჩნევს მირიან გამრეკელაშვილი.

ის აქვე აღნიშნავს დიალოგის ნაკლებობას განსხვავებულ მხარეებს შორის და მიიჩნევს, რომ მსგავს სწავლებას უნდა მივუდგეთ კრიტიკულად და საზოგადოებაში ამის საპირწონე აზრი უნდა გაჩნდეს.

„ეს ბერი თავის საზოგადოებაში ქადაგებს, ჩვენი ფემინისტები თავიანთ ჯგუფებში საუბრობენ თანასწორობაზე. ცვლილებები კი დაიწყება მაშინ, როცა ეს ორი განსხვავებული მხარე დაიწყებს ერთმანეთში დიალოგს. თუმცა ამაში ხელს გვიშლის კლანური საზოგადოება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ გვახასიათებს“, – გვეუბნება ის.

ოქროს მონეტებისა და ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 34 206.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 239.64 გრამი) აღმოაჩინეს.

ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად. არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (წონა: 224.26 გრამი) საერთო საბაჟო ღირებულებამ 21376.45 ლარი შეადგინა.

ზემოაღნიშნული ორივე კანონდარღვევის ფაქტის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბანკის ოფიცრის დაჭრის საქმე – რა გაირკვა სასამართლოში

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ირაკლი შ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმე დღეს, 18 მაისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა.

ეს 16 მაისის შემთხვევაა – TBC ბანკის ბათუმის ცენტრალურ ოფისში კრედიტოფიცერი ჯაბა ა. დანით დაჭრეს.

ბრალდებული სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

„არ მინდოდა მისი მოკვლა, მხოლოდ მისთვის დაზიანების მიყენება მინდოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა, როცა მას თამარ ბეჟანიშვილმა ჰკითხა, ადვოკატებს თუ ეთანხმებიო.

ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ განათლებით იურისტია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია.

„ბიზნესით ვარ დაკავებული“, – აღნიშნა ბრალდებულმა გისოსებით შემოსაზღვრული ადგილიდან.

„იქ იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები“, – დანაშაულის ჩადენის ადგილზე გაამახვილა ყურადღება პროკურორმა, როცა მან მოსამართლეს ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების სახის –  პატიმრობის შეფარდება სთხოვა.

TBC ბანკის ოფისი, სადაც კაცი დაჭრეს, სასამართლოს წინ მდებარეობს.

ადვოკატი მამუკა ზოიძე კი მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მხრიდან არ არსებობს მიმალვის საფრთხე.

„უნდა აღინიშნოს, რომ მას არ უცდია მიმალვა, ის ადგილზე დარჩა და დაელოდა სამართალდამცველებს“, – თქვა ადვოკატმა და მოსამართლეს ბრალდებულის 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა.

დაზარალებულის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

„წარსულში არსებობდა კონფლიქტი, ეს იყო შურისძიებით ჩადენილი დანაშაული“, – უთხრა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ „ბათუმელებს“. სხვა დეტალებზე მან ამ ეტაპზე არ ისაუბრა.

„ვერ გეტყვით ვერაფერს მოტივთან დაკავშირებით“, – საქმის შესახებ არც ადვოკატმა მამუკა ზოიძემ ისაუბრა, თუმცა დასძინა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს იცნობდნენ.

„კონფლიქტი არ უკავშირდებოდა სამსახურს“, – თქვა ადვოკატმა.

ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დასაკანონებლად პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრამდე დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

კონკრეტულად კი, სადავო იქნება მიჯნის ზონების საკითხი, რომლის დაცვასაც ითხოვს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსი. ამ საკითხზე შენიშვნები ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ანა ბიბილაშვილსაც.

კენჭისყრამდე პარლამენტარებმა – არმაზ ახვლედიანმა და ანა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ დააკონკრეტეს, რომ აქ საუბარი არ არის მოქალაქეების დახმარებაზე, რომლებსაც რეალურად აქვთ საკუთრების დარეგისტრირების პრობლემა: „ ეს არის ადამიანების ინტერესებით მანიპულირება“ – საუბარია ბიზნესის ინტერესებსა და  კორუფციის რისკებზე.

„ეს არის ნათელი გზავნილი სხვა ქალაქებისთვის, რომ დარღვევებისთვის მათაც პასუხი არ მოეკითხებათ… თუ კანონმდებლობასთან მორგება არის არაპროპორციული ტვირთი, მაშინ ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ როდესაც თამაშის წესები არის დადგენილი, ვიღაც ერგება ამ თამაშის წესებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

 

 

English Book Education-მა ვაშინგტონში ოფისი გახსნა

English Book Education-მა ახალი საერთაშორისო მწვერვალი დაიპყრო და ახალი ფილიალი გახსნა ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში. English Book-ი აპირებს, ამერიკელ მომხმარებლებს შესთავაზოს უნიკალური სერვისები, მათ შორის:

  • წიგნის კლუბიამერიკელი სკოლის მოსწავლეებისთვის – ეს შეთავაზება გულისხმობს უნიკალური ავტორების ნაშრომების ლიტერატურულ განხილვასა და მასზე მსჯელობას. ამ პროექტში ჩართულ ამერიკელ მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ბავშვებთან ერთად განიხილონ ის საინტერესო ნაწარმოებები, რომლებსაც მათ სკოლაში არ ასწავლიან.

YouTube video player

EBE ასევე გეგმავს მეგობარი უნივერსიტეტებისა და სკოლების სიის გაფართოებას. ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი კი გაცვლითი და სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შეთავაზებაა. კომპანიის წარმომადგენლები უკვე ესტუმრნენ Blue Ridge School-სა და Episcopal High Schools-ს. ახლო მომავალში English Book Education-ი გააცნობს ქართველ საზოგადოებას ამ სკოლებს, გაიმართება შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან და მშობლებთან, ვინც დაინტერესებულნი არიან შვილების ამერიკულ სკოლებში სწავლებით. სკოლებთან შეხვედრები უკვე დაგეგმილია, ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ მედიას და შეიტყვეთ ჩვენი აქტივობების შესახებ.

English Book Education-ის ვაშინგტონის ოფისი

English Book Education-ის ვაშინგტონის ოფისი

English Book Education-ის ვაშინგტონის ოფისი
English Book Education-ის ვაშინგტონის ოფისი

ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

დღეს, 18 მაისს, საქართველოს პარლამენტი ბათუმის სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს.

პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.

ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.

შენობის ჩასაბარებლად კომპანიას მოუწევს მერიას ამ წესით მოთხოვნილი დოკუმენტები წარუდგინოს.

კანონპროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები მოამზადა და პარლამენტის დარგობრივ კომიტეტს გაუგზავნა ორმა ორგანიზაციამ, მათ შორის იყო შპს „სითი ინსტიტუტი საქართველო“, კომპანია, რომელიც ბათუმის გენგეგმას ამზადებს.

ორგანიზაციის განმარტებით, მაშინ როცა კომპანია ვრცელ კვლევებს ამზადებს და პარალელურად უბნების განვითარების ხედვას სთავაზობს, ამ კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

შენიშვნები და რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით „ურბანული განვითარების ინსტიტუტმაც მოამზადა“.

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ოცნებიდან“, რესან კონცელიძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ შენიშვნები გათვალისწინებულია, თუმცა რამდენად სრულად არის ყველა შენიშვნა გათვალისწინებული, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.

რესან კონცელიძემ ოპოზიციის კრიტიკას კანონპროექტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შენობების მდგრადობის ნაწილში უპასუხა, რომ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან პროექტით შენობების ექსპლუატაციამდე მოთხოვნილია შესაბამისი დასკვნების წარდგენა. მისი თქმით, ამ კანონპროექტს ელოდებიან ადამიანები, რომლებიც სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ საკუთრებით და სჭირდებათ დახმარება.

დღეს სხდომაზე ამ საკითხის განხილვის დროს თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზეც ისაუბრეს, რასაც ნგრევა და უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა, შემდეგ კი კონკრეტული მშენებელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

„საუბრობთ ისე, თითქოს ეს მხოლოდ მოქალაქეებს შეეხებათ და მიზანი კეთილშობილურია, ეს ხომ კეთდება სამშენებლო ბიზნესისთვის, რომელიც შემწირველია“ – განაცხადა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

სხდომაზე ოპოზიცია საუბრობდა იმაზეც, რომ პროექტი ბათუმში მოქალაქეებთან ფართოდ განხილული არ ყოფილა.

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთში ჩინოვნიკებს სურთ გადადგომა, მაგრამ მათ ეს აკრძალული აქვთ

დღეს, 18 მაისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ფაქტობრივად, უკრძალავს მაღალჩინოსნებს თანამდებობიდან გადადგომას მანამ, სანამ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს.

დაზვერვის ცნობით, ეს აკრძალვა ვრცელდება მინიმუმ რეგიონულ ლიდერებზე, ძალოვნებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიან წევრებზე.

ბევრი თანამდებობის პირი, სავარაუდოდ, ძალიან სკეპტიკურად უყურებს ომს, ასევე, ხშირად განიცდიან სამუშაო სტრესს ომის პერიოდში. აკრძალვა, სავარაუდოდ, ნარჩუნდება მკაცრი მინიშნებებით, იმაზე, რომ გადამდგარ პირებს გამოგონილ საქმეებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებენ – წერს უწყება.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის მთავრობა ასევე ცდილობს, თავიდან აიცილოს დამარცხების ყოველგვარი წარმოდგენა და გააძლიეროს ომზე კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა.

______________

ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

რუსეთის 30 ფრთოსანი რაკეტიდან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 17 მაისის საღამოდან 18 მაისის დილამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით სარაკეტო იერიშის რამდენიმე ტალღა განახორციელეს უკრაინაში.

უწყების ცნობით, რუსეთის არმიამ გაისროლა 30 საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა, მათგან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, გასულ ღამეს ჩამოაგდეს რუსეთის ორი „შაჰიდი“ და ორი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

გასულ 24 საათში ოდესაში, სამრეწველო საწარმოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა ჩამოგდებული საჰაერო რაკეტის ნამსხვრევების შედეგად.

ბათუმში დაკარგული უცხოელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

აჭარაში გარდაცვლილი იპოვეს სტუდენტი, რომელსაც პოლიცია 22 აპრილის შემდეგ ეძებდა.

სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე.

ის ინდოეთის მოქალაქე იყო.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, სტუდენტის ცხედარი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ზღვაში იპოვა.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 201 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 3 773 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 7 373 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 3 198 ერთეული [+32]
  • MLRS – 563 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 318 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 759 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 990 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 073 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 418 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 428 თვითმფრინავი
  • 234 ვერტმფრენი
  • 4 208 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 423 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 218 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 843 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 284 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია

„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა

„პრაქტიკულად, ჩვენ ექიმების რანგში ვართ, რომლებიც შეარჩიეს, დაიქირავეს და აი, ამ დაავადებულ პაციენტს, ბათუმის სახით, ვცდილობთ, რაღაცნაირად დიაგნოზი დავუსვათ“ – გვიხსნის მამუკა სალუქვაძე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის გენერალურ გეგმას [გენგეგმა] ამზადებს.

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ დღეს, 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის უკვე მომზადებული ნაწილი წარუდგინა.

პრეზენტაცია რამდენიმე მიმართულებით კვლევას და ქალაქის განვითარებაზე სპეციალისტების ხედვას მოიცავდა.

კომპანიის განმარტებით, ხედვაში გაცხადებულია განვითარების ზოგადი, სტრატეგიული მიზნები. ასევე, აისახება მუნიციპალიტეტის სამომავლო სურათი იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების საპასუხოდ, რომლებიც გამოვლინდა დარგობრივი კვლევებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის შედეგად.

მამუკა სალუქვაძის თქმით, კომპანიამ შეაგროვა უნიკალური მასალა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზის შემდეგ ბათუმს სწორი „დანიშნულება გამოუწერონ გამოსაჯანმრთელებლად“.

გენგეგმის განხილვა

ამავე შეხვედრაზე თქვეს ისიც, რომ ბათუმის „გამოჯანმრთელების“ აღარ სჯერათ, რადგან ამ „დანიშნულებას“, დიდი ალბათობით, თაროზე შემოდებენ:

„ჩვენ ბევრი კვლევა ჩავატარეთ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმს დღეს უნიკალური მასალა აქვს. განაშენიანების დეტალური გეგმის დონეზე ჩავატარეთ კვლევები, რაც, როგორც წესი, გენგეგმების კეთების დროს არ ხდება ხოლმე. რაც უფრო მეტია რეალური მასალა, მით უფრო მყარია ის დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ არქიტექტორ-ექიმები დავსვამთ საბოლოო ჯამში და ის დანიშნულებაც, რასაც ჩვენ გამოვცემთ ქალაქისთვის, ალბათ, უფრო რეალისტური იქნება“ – თქვა მამუკა სალუქვაძემ. 

განცხადებას, რომ „ქალაქი დაავადებულია“, შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია. ასეთი შედარების გამოყენება არავის გაჰკვირვებია და არც გაუპროტესტებია. მათ შორის „პაციენტის“, ანუ ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა რამიშვილს, რომელიც ამ შეხვედრას ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ესწრებოდა.

მამუკა რამიშვილმა რამდენიმე განმარტება მხოლოდ იმაზე გააკეთა, რომ შეხვედრის თაობაზე ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობეს. შეხვედრის დაწყებამდე აქტუალური განხილვის საგანი სწორედ ის საკითხი იყო, თუ ვის ევალებოდა დაინტერესებული ჯგუფების ინფორმირება შეხვედრასთან დაკავშირებით. 

თავდაპირველად მერიამ განმარტა, რომ ის ღონისძიების მასპინძელი არ არის და ინფორმაცია გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს უნდა გაევრცელებინა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმაც თავის მხრივ აღნიშნეს, რომ შეხვედრა მერიის ორგანიზებული იყო და ინფორმაციის გავრცელებაზეც მერია იყო პასუხისმგებელი.

პრეტენზიას ბათუმის საკრებულოს წევრები: ვაჟა დარჩია, რეზო ხარაზი და ნაზი ფუტკარაძე შეუერთდნენ. ბათუმის მერიასთან პრეტენზიები მათაც ჰქონდათ. მათ გაიგეს შეხვედრის შესახებ, რომელიც გენგეგმის ავტორებსა და საკრებულოს წევრებს შორის გუშინ, 16 მაისს შემდგარა და შეხვედრას ოპოზიცია არ ესწრებოდა, რადგანაც, როგორც თავად განმარტეს, მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

ვაჟა დარჩიას თქმით, საკრებულოს აპარატის უფროსმა მას სატელეფონო საუბარში განუმარტა, რომ შეხვედრა „ოცნების“ ფრაქციის ორგანიზებული იყო, რაც ასევე უარყო „სითი ინსტიტუტი საქართველომ.“

„რაც მეტი მოხვიდოდით, მით უკეთესი იქნებოდა, მეც გამიკვირდა, რომ ვერ გნახეთ“ – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა ზოგადად მიმოიხილა ის კვლევები და ხედვები, რაც კომპანიას უკვე მომზადებული აქვს. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის განაშენიანების ცენტრალური ნაწილიდან მთისძირის მიმართულებით გადატანაზე, ზღვისა და მთის ხედების გაერთიანების იდეაზე, გარკვეული უბნების განვითარებაზე და ასე შემდეგ. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაზე ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი ნინო ინაიშვილი დაინტერესდა ქალაქის ზონირების საკითხით. მისი თქმით, მერი დაჰპირდა ძეგლების დამცველებს, რომ გენგეგმაში ეს საკითხი დეტალურად იქნებოდა ასახული.

გენგეგმის ჯგუფმა განმარტა, რომ ხედვის ნაწილში ეს ასახული არ იქნება: „ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ დოკუმენტით, რაც გადმოგვეცა, თუმცა ზოგადად შესაძლებელია კონცეფციაში იყოს.

გენგეგმის განხილვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა ვაჟა დარჩიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დოკუმენტი თაროზე დარჩება და ქალაქი მას რეალურად ვერ გამოიყენებს:

„ყოველდღიურად ვადევნებ თვალს ქალაქში რაც ხდება და რა გრძელ ვადაზე, რა მწვანე სივრცეებზე, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა რაც აქ თქვით, იმის საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს დღეს ქალაქში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“. 

ვაჟა დარჩიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე, რომლის განხილვის პროცედურაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

„მინდა თქვენი მკაფიო პოზიცია მოვისმინო ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, რამდენად სწორია და რამდენად ეთანხმება იმ პათოსს, რომელზეც თქვენ ახლა გვესაუბრებოდით. აქეთ მგონი სრულიად საპირისპირო ამბები ხდება“ – თქვა მან.

სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მამუკა სალუქვაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატული აქვს და ამის თაობაზე პარლამენტის დარგობრივ კომიტეტს წერილობითაც მიმართა. მან თქვა, რომ ეს კანონპროექტი თბილისისთვის მიღებული იგივე პროექტის ანალოგია და განსხვავება მხოლოდ ინდივიდუალურ სახლებთან დაკავშირებულ ხედვას ეხება:

„დიახ, არ იყო ახლა ამის განხილვა მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ დიდ კვლევას. ჩვენ ხელი არ უნდა შეგვეშალოს, იმიტომ, რომ ქალაქს სჭირდება ეს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ რაღაც მონაცემები დაძველდეს და აქტუალობა დაკარგოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ანალიზში პრობლემა მივიღოთ.

პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში მე ასევე ვისაუბრე ქალაქისთვის მაკომპენსირებელი ღონისძიებების დაწესების აუცილებლობაზე“.

საკრებულოს წევრი ენმ-დან, რეზო ხარაზი დაინტერესდა, როგორ ხედავს გენგეგმის ჯგუფი ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი საცობების პრობლემის გადაჭრას. მან ხაზი გაუსვა ასევე მწვანე კონცხისა და გონიო-კვარიათის განაშენიანებას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი მიუსწრებს და გადაარჩენს ამ ტერიტორიებს ისეთი ქაოსური განაშენიანებისგან, როგორიც არის ბათუმის სანაპირო ზოლში.

საკრებულოს წევრი დაინტერესდა ასევე ნაგავსაყარის საკითხით. მას აინტერესებდა, რა ვადაშია შესაძლებელი იმ ტერიტორიის განვითარებაზე ფიქრი, თუ უახლოეს წლებში ნაგავსაყრელს გონიოს ტერიტორიიდან გადაიტანენ. „ახლა იქ ვითარება არის ძალიან მძიმე“ – აღნიშნა მან.

კომპანიის ცნობით, ბათუმში 3000-ზე მეტი შეუსაბამო შენობა აღწერეს, თუმცა შეხვედრაზე არ დაუკონკრეტებიათ, რამდენია ამ შენობებიდან ნებართვით აგებული ან უნებართვოდ აშენებული, მაგრამ რეესტრში დარეგისტრირებული შენობა.

საბოლოოდ შეხვედრაზე ითქვა, რომ ქალაქში რთული პროცესები მიმდინარეობს და სასურველია გენგეგმა იქცეს თანხმობის დოკუმენტად, რომ ქალაქის პრიორიტეტები ისევ დეველოპერების პრიორიტეტებს არ ემთხვეოდეს.

კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ხედვებზე „ბათუმელები“ ინფორმაციას ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

ბათუმის გენგეგმის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბათუმში ზებრები ისევ გაქრა | ფოტორეპორტაჟი

ბათუმის ქუჩებში ზებრა გადასასვლელები ისევ გადაშლილია.

„ბათუმელებმა“ დღეს, 17 მაისს, რამდენიმე ქუჩა შემოიარა, სადაც ზებრა გადასასვლელები ან საერთოდ არ არის, ან ნახევრად წაშლილია.

ვაჟა-ფშაველას და ბრწყინვალეს ქუჩების კუთხე ბათუმში

მაგალითად, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების გადაკვეთაში, თითქმის ყველგან გადაშლილია ქვეითთა გადასასვლელები.

ეს მონაკვეთები „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გასულ ზაფხულს გადაღება, თუმცა ახლა ისევ შესაღებია.

ნახევრად გადაშლილი ზებრა ვაჟა-ფშაველაზე

ქუჩების მონაკვეთებში, სადაც შუქნიშანი არ დგას, მოქალაქეების უსაფრთხოებას სწორედ ზებრა გადასასვლელები განსაზღვრავს, რადგან მძღოლი ვალდებულია შეაჩეროს სვლა და გზა ქვეითს დაუთმოს. გადაშლილი ზებრების გამო, მოქალაქეები ხშირად საფრთხის ქვეშ არიან.

ზებრა გადასასვლელები წაშლილია პუშკინისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაშიც.
თავდადებულის და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაშიც ზებრა გასულ ზაფხულს გადაიღება, თუმცა წელს მხოლოდ ნაკვალევია შემორჩენილი.
ასე გამოიყურება ზებრა გადასასვლელი 26 მაისის ქუჩაზე.

ბათუმის მერიამ ვახტანგ გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ქვაფენილი აყარა და ასფალტი დააგო. სამუშაოები დიდი ხანია დასრულებულია, თუმცა არცერთ ამ ქუჩაზე, ზებრები „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ არ განუახლებია.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ფეხით გადასასვლელი მოხაზული საერთოდ არ არის.
გორგასლის ქუჩაზე ზებრები არ დაუხაზავთ მას შემდეგ, რაც ქვაფენილი ასფალტით ჩაანაცვლეს.

ქალაქში ზებრა გადასასვლელების მოხაზვაზე პასუხისმგებელი „ბათუმის ავტოტრანსპორტია“. კომპანიას ვკითხეთ, რა ხარისხის საღებავს იყენებენ უსაფრთხოების ნიშნულებისთვის და რატომ იშლება ის მოკლე დროში? ასევე, რა პერიოდულობით უნდა განახლდეს ზებრები და დაგეგმილია თუ არა წელს განახლება?

„ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ დღეს „ბათუმელებმა“ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. კომპანიის განმარტების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

გადაშლილია ზებრა გადასასვლელი პუშკინის ქუჩაზეც, რომელიც გასულ წელს შეიღება.

გასულ წელს ზებრა გადასასვლელები „ბათუმელების“ რეპორტაჟის შემდეგ განაახლეს ცალკეულ ქუჩებზე, თუმცა წელს, იგივე ქუჩებზე, ქვეითთა გადასასვლელები ისევ წაშლილია.

პუშკინის და ასათიანის ქუჩის კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც ასევე წაშლილია ქვეითთა გადასასვლელი.
ზებრა გადასასვლელი 26 მაისის ქუჩაზე.

„ხდება ხალხის მტრების გამოგონება“ – ჯანაშია ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ისევ იქცა „ქართული ოცნების“ სამიზნედ. ამჯერად მის წინააღმდეგ კამპანია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურზე“ მსჯელობის გამო ააგორეს – ბერძენიშვილმა ხევსურები შეურაცხყოო. ლევან ბერძენიშვილს სახლთან 15-20 ნიღბიანი ადამიანიც კი დაახვედრეს.

რას ნიშნავს, როცა ფილოლოგი, პუბლიცისტი დევნის ობიექტი ხდება და რა ემართება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალი აზროვნების გამო სდევნის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, რა შეიძლება ვუწოდოთ იმ პროცესებს, რაც ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ ხდება და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ ქვეყანაში, ზოგადად, თავისუფალი აზრის დევნა მიმდინარეობს?

ერთი, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაგეშოს ხალხი ადამიანებზე იმისთვის, რომ აჩვენოს, თითქოს თვითონ არის ერის გადამრჩენელი, თითქოს ისინი არიან გარანტია, რომ არ დავკარგავთ იდენტობას, არ დაზიანდება ქართული კულტურა და ასე შემდეგ.

ხელისუფლებას მართლა რაც ევალება კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისთვის, იმას არ აკეთებს. პირიქით, ისე მოქმედებს, რომ ზიანდება ეს ძეგლები. მაგალითად, შევხედოთ გელათს, ახლა ქუთაისშიც იწყება კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია ისე, რომ რეალურად შესაძლოა დაზიანდეს ეს ძეგლებიც.

ამ პროცესში კი ხდება გამოგონება „ხალხის მტრების“, ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა საუკუნის 30-იან წლებში, ოღონდ სასამართლოს და პოლიციის გამოყენების ნაცვლად ცდილობენ დაგეშონ ბრბო იმისთვის, რომ გაუსწორდნენ ამ ხალხს და შემდეგ თვითონ გამოჩნდნენ ამ ბრბოს დამშოშმინებელი წინამძღოლები, პატრიოტები და ასე შემდეგ.

სპეციალურად აღვივებენ დაპირისპირებას და დევნიან ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ხალხს ელაპარაკონ მათი ნებართვის გარეშე და მათი რაღაც ინტელექტუალური ჩარჩოების მიღმა.

როდესაც არის რაღაც ინტელექტუალური დაპირისპირება, მიმდინარეობს კამათი მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება გავიაზროთ ჩვენი ისტორია, კულტურა და სხვა, საზოგადოება ვითარდება. მაგრამ როდესაც დაპირისპირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით და ბრბოს მიუქსევენ ინტელექტუალებს, ასეთ დროს საზოგადოება წყვეტს განვითარებას, ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, გამოთქვან საკუთარი აზრი.

თუ სააზროვნო სივრცე შეიზღუდება, მაშინ მივიღებთ იმას, რომ ის ხალხი, ვისაც აინტერესებს ჰქონდეს ინტელექტუალური სივრცე, ან ჩაიკეტება და შექმნის დახურულ სივრცეებს, სადაც არ შეუშვებს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს, რაც ხდებოდა, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იკრიბებოდნენ სამზარეულოებში, მსჯელობდნენ და ჩუმად საუბრობდნენ ერთმანეთში, ან წავა საზღვარგარეთ, სადაც მეტი თავისუფლებაა.

ამით  ჩვენი საზოგადოება დაკარგავს იმ ხალხს, ვისაც ჭკუა მოეკითხება.

საზოგადოება ვერ ვითარდება ისეთ პირობებში, როდესაც შეიძლება ადამიანი არ შეუშვან მუზეუმში იმიტომ, რომ მას აქვს განსხვავებული აზრი პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ან ისტორიაზე მათ შორის და ჩვენთან ეს ხდება ახლა.

  • მასწავლებელი, ლექტორი, მეცნიერი ხომ იმით არის ღირებული, რომ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად, განსხვავებულად დაგვანახოს რაღაც?

აქ კრიტიკულ შეხედულებებზე არ არის მხოლოდ საუბარი, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რაც შესაძლოა სხვებს მიაჩნდეთ ტაბუირებულად.

თუ ამ საკითხების ჩამონათვალი შეიზღუდება, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ ტყვეობაში, როგორშიც იყო შუასაუკუნეებში დასავლეთი ევროპა, როდესაც არსებობდა ინკვიზიცია და ადგენდა იმ საკითხებს, რაზეც შესაძლოა ესაუბრა ადამიანს, რა სასჯელი ერგებოდა, ვინც იმსჯელებდა ან დავბრუნდებით მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, სადაც სახელმწიფო იღებდა გადაწყვეტილებას, ვის რა აზრი უნდა ჰქონოდა კონკრეტულ საკითხზე და ამ საკითხებიდან ნებისმიერი გადაცდომა ისჯებოდა.

დღეს უბრალოდ ფორმაა განსხვავებული, თორემ რეალურად, მიზანი იგივეა.

  • საბჭოთა სკოლებში იყო წიგნები, ლიტერატურის კრიტიკას ეძახდნენ, სადაც წინასწარ იყო დაწერილი რომელ გმირზე რა უნდა გეფიქრა და რომელი ნაწარმოები რა იდეას ატარებდა. ერთ-ერთი მასწავლებელი წერდა, ბარემ ესეც შემოგვიტანეთ, რომ ვიცოდეთ მაინც როგორ უნდა ვილაპარაკოთო. ამას ჰგავს ეს პროცესი?

მიზანი დღეს არის იგივე, რაც იყო მეოცე საუკუნის 30-იან წლებში – რომ ხელისუფლებამ გააკონტროლოს საზოგადოება, მაქსიმალურად შეზღუდოს თავისუფალი აზრი, არავის ჰქონდეს საკუთარი ინტერპრეტაციები და არსებობდეს მხოლოდ ოფიციალური ვერსია, მათ შორის ისტორიის და ამ ვერსიას ვინც არ დაემორჩილება, ყველა უნდა განდევნო.

ფორმებია უბრალოდ განსხვავებული, ციმბირში აღარ აგზავნიან და დახვრეტა აღარ არის, მაგრამ გამოიყენება საზოგადოებისგან გარიყვა და პიროვნების დისკრედიტაცია.

იმავე ტერმინებს იყენებენ, რაც საბჭოთა კავშირში იყო, რომ „ესენი არიან მავნებლები“, „ქვეყნის მტრები“, „გარე ქვეყნების დაქირავებული აგენტები“, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ დაპირისპირება და ასე შემდეგ.

ადამიანს ფიზიკურად არ კლავენ, მაგრამ რეალურად, ფსიქოლოგიურად ატერორებენ და საზოგადოების წევრებს უქსევენ ერთმანეთს.

  • ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ 20 ნიღბიანი დაახვედრეს სახლთან. როგორ ფიქრობთ, უფრო შორს თუ წავა სისტემა ადამიანების წინააღმდეგ?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, მანამდე ლევან ბერძენიშვილს დაახვედრეს „პოსტ-ტივის“ ჟურნალისტი, კახეთში დახვდნენ ვითომ პატრიოტები და ჩაუშალეს ლექცია, მაგრამ ეს ერთი ადამიანის წინააღმდეგ არ ხდება, ეს არის ჯაჭვი.

მაგალითად, ხელისუფლების ერთ-ერთმა გულმხურვალე მხარდამჭერმა, მუზეუმის დირექტორმა გასულ ზაფხულში ახალგაზრდებს ჩაუტარა სპეციალური კურსი ერეკლე მეფესთან დაკავშირებით.

რატომ მაინც და მაინც ახლა და მაინც და მაინც ერეკლე მეფესთან დაკავშირებით, რატომ მაინც და მაინც ახალგაზრდებთან? იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკა, რომ ეს საკითხი გახადოს იმდენად აქტუალური, რომ გამოჩნდეს, თითქოს ისინი არიან ისტორიის დამცველები და არსებობენ სხვები, რომლებიც ისტორიას ძირს უთხრიან.

ამის პარალელურად რას ვხედავთ? მაგალითად, ისტორიის სახელმწიფო მუზეუმიდან გამოყარეს თანამშრომლები განსხვავებული პოლიტიკური  შეხედულების გამო, დააბრალეს ფერწერული ტილოების ქურდობა და ხალხს, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ უკეთესი პირობები შექმნილიყო გელათში, დააბრალეს, რომ არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები და არაკომპეტენტურები.

  • ერეკლეს ფაქტორიც ხომ იმიტომ წამოსწიეს წინ, რომ ბერძენიშვილი გეორგიევსკის ტრაქტატის გამო აკრიტიკებდა მას, ხელისუფლებას კი არ მოსწონს რუსეთის კრიტიკა…  

ბევრი მიზეზია. ერთ-ერთი არის ის, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება ყოველთვის იწყებს პატრიოტული თემებით მანიპულირებას. წინა არჩევნებზე იყო გარეჯის საკითხი, რომ თითქოს ვიღაც გვართმევდა და აი, ამ ხელისუფლებამ „გადაგვარჩინა“ ამისგან. ორი ადამიანი გამოიყვანეს მტრის ხატად. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაარქვეს მათ ხალხის მტერი და დასდევდნენ ქუჩაში.

იგივე, განათლების სფეროშიც ატრიალებდნენ ხოლმე გამოგონილ თემებს. მაგალითად, 4-5 წლის წინ გამოიგონეს თემა, რომ ვიღაცამ განდევნა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლიდან და ახლა ხელისუფლება დააბრუნებს. მერე იყო, რომ საქართველოს ისტორია განუდევნიათ თურმე სკოლიდან და ამ ხელისუფლებამ დააბრუნა.

ეს ყველაფერი არის ტვინის რეცხვის მანქანა, პატრიოტიზმის თამაში.

ნამდვილი პატრიოტიზმია მართლა არსებული პრობლემების გადაჭრისთვის საკუთარი ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვა, აქ კი რეალურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვერ დავინახოთ ნამდვილი პრობლემები.

იმაზე კი არ ვიფიქროთ, საქართველოს მოსახლეობა სიღარიბეში რომ ცხოვრობს და როგორ დავეხმაროთ მათ, არამედ ვიფიქროთ იმაზე, 300 წლის წინ მეფემ რა გადაწყვეტილება მიიღო და ახლა როგორ უნდა დავიცვათ მისი სახელი ვიღაც „მომხდურებისგან“.

  • როგორ ფიქრობთ, იქონიებს ბერძენიშვილის დევნა გავლენას სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, მასწავლებლებზე, რომლებიც ისედაც წნეხის ქვეშ ჰყავს სისტემას, თუ ჩაივლის, როგორც ხდება ხოლმე ეს, არჩევნების შემდეგ?

ეს არის ძალიან საშიში, რადგან მსგავს პოლიტიკას ვხედავთ დღეს რუსეთშიც. ასე დაიწყო რუსეთმაც „ხალხის მტრების“ გამოგონება, მათი დევნა, შემდეგ გარკვეული ჯგუფების მიმართ უარყოფითი განწყობების შექმნა და იგივე განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ხალხის სიძულვილი იმის მერე გაიზარდა რუსეთში, რაც ხელისუფლებამ დაიწყო ამ თემის გამოყენება საკუთარი რეიტინგების შენარჩუნებისთვის.

ხელისუფლების პროპაგანდა ცვლის საზოგადოებრივ აზრს და ამიტომ არის ეს სახიფათო.

ეს იცის ხელისუფლებამ და ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს.

თუმცა, მეორე მხრივ, ის თემები, რითაც მანიპულირებს ჩვენი ხელისუფლება, მაინც და მაინც პოპულარული არ არის ჩვენს საზოგადოებაში. იგივე თემები ჰქონდათ წარსულში სხვა პარტიებსაც, მაგალითად „პატრიოტთა ალიანსს“ და დღეს „ალტ-ინფოს“, თუმცა ეს პარტიები არ არის დღეს პოპულარული და მე მგონია, რომ ამ პარტიების ტექსტების და გზის გამეორება თვითმკვლელობაა ამათთვის.

არ ვიცი, ხვდებიან თუ არა ამას. თუ ხვდებიან და მაინც აკეთებენ, მაშინ არ ვიცი, ალბათ აღარ უნდათ პოლიტიკაში ყოფნა.

  • სკოლებს რომ დავუბრუნდეთ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის იდეა ხომ ის არის, რომ კრიტიკული აზროვნება განუვითარონ ბავშვებს. რამდენად შესაძლებელია, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობდეს კრიტიკული აზროვნების დანერგვას სკოლებში, მეორე მხრივ კი, დევნიდეს ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს?

საგანმანათლებლო სივრცე – მასწავლებლები, პროფესორები, სკოლის დირექტორები მიჩვეულნი არიან იმას, რომ ხელისუფლება ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს და ეს ჩვეულებრივი ვითარებაა უკვე.

და არა მხოლოდ ინტელექტუალებს დევნიან დღეს, მაგალითად, დევნიან სკოლის დირექტორებს, რომლებიც არიან ნეიტრალურები. ჩვენ ვნახეთ მასალები (სუს-ის კრებსები), რომელმაც გაჟონა მედიაში, სადაც აღწერილი იყო, რომ განათლების სამინისტროს თანამშრომლები დირექტორს აფასებდნენ დადებითად მისი პროფესიონალიზმის გამო, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური ითხოვდა მის გათავისუფლებას იმის გამო, რომ დირექტორი არ არის მიკერძოებული.

არა მხოლოდ ნებას არ აძლევენ, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და იმოქმედონ, იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ არ იყოს მიკერძოებული. ეს უკვე არა მხოლოდ საშიშია ინდივიდების პერსპექტივიდან, არამედ საზოგადოებისთვისაც.

თუ ასე იმართება სისტემა, ჩვენ მივიღებთ მასობრივად არაპროფესიონალებს ამ სისტემაში და ისეთ ხალხს, ვინც მზად არის, საკუთარი აზრის გამო კომპრომისებზე წავიდეს და ასეთი კონფორმისტული დამოკიდებულების ადამიანები ვერაფერ ახალს ვერ ქმნიან.

  • ასეთი შემთხვევების დროს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა ღიად ისაუბრონ პრობლემაზე? შედეგებს უნდა ვუყუროთ მხოლოდ, თუ მოქმედებაც არის საჭირო?

მე მგონია, რომ საგანმანათლებლო სივრცეს ბევრნაირად შეუძლია მოქმედება. თუმცა ჩვენ იმ უნივერსიტეტების განცხადებაც კი არ მოგვისმენია, სადაც ლევან ბერძენიშვილი მუშაობს.

მათ შეეძლოთ სოლიდარობის გამოხატვა და განცხადების გაკეთება, როცა მათ ერთ-ერთ პროფესორს ავიწროებენ იმის გამო, რომ აქვს რაღაც შეხედულებები, რაც შესაძლოა არ მოსწონდეს ვიღაცას. ინსტიტუციურ დონეზე ეს სოლიდარობა ნამდვილად აკლიათ.

მეორე მხრივ, სკოლებში ხდება ხოლმე აქტუალური თემების განხილვა. იგივე სამოქალაქო განათლების, ლიტერატურის მასწავლებლები განიხილავენ მსგავს თემებს და ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს.

მე საბჭოთა კავშირის დროს ვსწავლობდი სკოლაში და მაშინაც კი შესაძლებელი იყო ხელისუფლების კრიტიკული შეფასება.

იყვნენ მასწავლებლები, ვისაც ჰყოფნიდა ამის გამბედაობა და სურვილიც, გაეკრიტიკებინათ ის სახელმწიფო, სადაც ცხოვრობდნენ.

პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა მაშინვე უნდა დადგეს, როცა თავს დაესხმება მოქალაქეს, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება ეს ინტელექტუალი თუ სხვა. მაგრამ ჩვენთან პრობლემა არის ის, რომ არასდროს არ დგება ხოლმე იმ ხალხის პასუხისმგებლობა, ვინც ასეთ ნაბიჯებს დგამს.

  • „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძე თქვა, რომ ბერძენიშვილმა გააკრიტიკა ივანიშვილიო, ეს არის აგრესიის წახალისება?

„ბერძენიშვილს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები“, – რაღაც ასეთი თქვა მან, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ იდეას კი არ აკრიტიკებ არგუმენტირებულად, არამედ ადამიანს ებრძვი.

ცდილობ, დაამცირო, გარიყო ადამიანი და ადამიანთან ბრძოლა არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც ასე იქცევიან, არ შეიძლება იყოს დემოკრატიული.

  • რა ჰქვია ისეთ მდგომარეობას, რასაც დღეს ვხედავთ ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლების მხრივ?

ეს არის მცდელობა, დამყარდეს ავტორიტარული მმართველობა, სადაც  გაკონტროლდება მედია, განათლება, ადამიანების საქმიანობა. იარსებებს ოფიციალური ისტორია, რომელიც ყველამ უნდა დაიჯეროს, სადაც მუზეუმებს მართავენ არა მეცნიერები, არამედ ჯალათები, პოლიციელები და პროკურორები.

სადაც ისტორიის სახელმძღვანელოს წერენ პარტიის წევრები, ვინ სად ჩაატარებს ლექციას – ამას წყვეტენ კომკავშირელები და პარტიის მუშაკები, ეს არის ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რისთვისაც ვიბრძვით 30 წელია, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი საზოგადოება, ქვეყანა, სადაც ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით.

ბევრჯერ უცდია სახელმწიფოს აზრის კონტროლი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყოველთვის აგებს სახელმწიფო და აგებს საზოგადოებაც, რადგან ასეთ დროს არასწორი ფოკუსი უჩნდება საზოგადოებას და მეორე, ჩვენ ვკარგავთ სივრცეს, სადაც შესაძლებელი იქნება დისკუსია პოლიტიკური ჩარევების გარეშე.

ხელისუფლება კი მოგვიწოდებს ვიმსჯელოთ ადამიანებზე, ვეძებოთ „მტრები“, დამნაშავეები და არ ვიფიქროთ იმაზე, რა გვჭირდება რეალურად და საით მივდივართ.

ხელოსნების ცოდნას ისევ არავინ ამოწმებს – რა შეიცვალა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ

„პრობლემა სახეზეა, მაგრამ არაფერი არ იცვლება“ – ამბობენ იურისტები სამშენებლო სამუშაოებზე ხელოსნების კვალიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრისას.

ხელოსნებს, რომლებიც ბინების მშენებლობასა და რემონტზე მუშაობენ, სახელმწიფო ისევ არ აკონტროლებს. არავინ ამოწმებს ცოდნას და გამოცდილებას, როცა, მაგალითად, ხელოსანი კედელს ღებავს, სანტექნიკას აწყობს, ან მზიდ კედელს ეხება.

ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებისთვის ხელისუფლებამ ვერც ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მოიცალა – ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი, სასამართლომ კი დაადგინა, რომ ნგრევა მზიდი კედლის დემონტაჟმა გამოიწვია.

ბათუმში, 2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში სადარბაზო ჩამოინგრა. პროკურატურამ ბრალი 3 პირს წარუდგინა: მამა-შვილ სურმანიძეებს, რომლებიც ამ სადარბაზოს პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებზე ასრულებდნენ და ბინის მფლობელს – ზაურ ბუდაგოვს. 2022 წლის 5 ივლისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზაურ ბუდაგოვს, ხოლო 3-3 წლით დააპატიმრა გიორგი და ხუსეინ სურმანიძეები.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა იყო, სადაც ეწერა: „ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე შენობის პირველი სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევა გამოწვეულია არასათანადოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით – კერძოდ, მზიდი კედლის დემონტაჟით პირველ სართულზე“.

პარლამენტმა ამ საკითხის რეგულირებისთვის დღემდე ვერ მოიცალა.

პრაქტიკაში ბინის მესაკუთრე ურიგდება მისთვის სანდო ხელოსანს და სამუშაო იწყება. ბინის მესაკუთრესა და ხელოსნებს შორის უმეტეს შემთხვევებში წერილობითი ხელშეკრულებაც კი არ ფორმდება, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს პასუხისმგებლობა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისთვის ან გაწერილი იყოს, როგორ მოხდება უსაფრთხოების წესების დაცვა.

„ლიცენზიის გაცემა იქნება პრევენციული ღონისძიება ამ კუთხით, თუმცა ამ დრომდე არავითარი რეგულირება არ არსებობს. ფაქტობრივად, არაკვალიფიციური მუშახელი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მარტივად შეიძლება ამ საკითხის რეგულირება, თუ იქნება ნება. პროფესიულმა სასწავლებელმა შეიძლება გაარკვიოს, მაგალითად, შემდუღებლის კვალიფიკაცია და გასცეს შესაბამისი ლიცენზია,“ – ამბობს დამოუკიდებელი იურისტი პაატა დიასამიძე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არც იმ ხელოსნების კვალიფიკაცია მოწმდება სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც სარემონტო კომპანიებს ჰყავთ დაქირავებული. პაატა დიასამიძე განმარტავს, რატომ არის საჭირო პრევენცია, როცა საქმე ბინების რემონტს ეხება და საკმარისი არ არის მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის იმედად ყოფნა.

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ არ დადგება კონკრეტული შედეგი, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში. პრევენციისთვის კი, რომ ასეთი შედეგი არ დადგეს, სახელმწიფოს მხრიდან არაფერი კეთდება,“ – კატეგორიულია იურისტის მოსაზრება ამ თემაზე.

იგი ხაზს უსვამს იმას, რომ შესაძლოა, ერთი შეხედვით, სარემონტო საქმე რთულად და პრობლემურად საერთოდ არ მოგვეჩვენოს, სინამდვილეში კი, საფრთხე ჩვენს სიცოცხლეს ეხებოდეს:

„შესაძლოა, საუბარი იყოს ოთახის შეღებვაზე, მხოლოდ კოსმეტიკურ სამუშაოზე, მაგრამ ის შეღებოს მღებავმა ისეთი საღებავით, რაც საფრთხის შემცველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამას დღეს არავინ აკონტროლებს.

მაგალითად, მზიდ კედელთან მუშაობა როგორ არის საჭირო, რა უნდა გაითვალისწინოს ხელოსანმა, ამის კომპეტენცია რამდენად აქვს – დადასტურდა ხომ 26 მაისის ქუჩის შემთხვევაშიც, კვალიფიციურ მუშახელს ეცოდინებოდა, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

„დადებითისკენ არაფერი არ შეცვლილა… არანაირი ნებართვას არ საჭიროებს პირი, რომელმაც შეიძლება აწარმოოს სარემონტო სამუშაოები, ეს საკითხი დასარეგულირებელია,“ – ამბობს სალომე შუბლაძე, იურისტი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

მისი აზრით, ამ საკითხს სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რადგან მხოლოდ ლიცენზიის, ან შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა ვერ იქნება გამოსავალი.

„რეგულირება საჭიროებს მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებით. უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც ლიცენზიის სერტიფიკატს გასცემს, რომ კონკრეტული ადამიანი, ვინც მუშაობს რემონტზე, არის კვალიფიციური.

დასადგენია ასევე, რის საფუძველზე შეიძლება გაიცეს ეს სერტიფიკატი,“ – ამბობს სალომე შუბლაძე.

„ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში რესან კონცელიძეს დაუკავშირდა შეკითხვით: რატომ არ იღებს პარლამენტი რეგულაციას ხელოსნების კვალიფიკაციის ზედამხედველობის კუთხით, განსაკუთრებით, ბათუმის ტრაგედიის შემდეგ?

პარლამენტის წევრმა, რესან კოცელიძემ გვითხრა, რომ კომენტარს ამ საკითხზე მას შემდეგ გააკეთებს, როცა შესაბამისი კვლევებით და ექსპერტიზით დაადასტურებს, რა სახის რეგულირებაა საჭირო ამ მიმართულებით და კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივასაც შეიმუშავებს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელოსნების საქმიანობას რეგულირება ნამდვილად სჭირდება.

„რეგულირება საჭიროა, რადგან ეს მართლაც მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოა. ამ საკითხს სჭირდება დამუშავება“ – გვითხრა რესან კონცელიძემ.

____________

ფოტოზე: ჩამონგრეული სახლი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

 

ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია

უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერზე, სერხი ჩერევატზე დაყრდნობით, წერს, რომ გასულ 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 500 მეტრამდე წინსვლა შეძლეს ბახმუტის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე.

„მტერმა 456-ჯერ ესროლა ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა კალიბრიდან და სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან, რითაც დაადასტურა, რომ სინამდვილეში ჭურვების ნაკლებობა არ აქვს, სამწუხაროდ. ამ მიმართულებაზე 25 შეტაკება და 12 საჰაერო იერიში მოხდა. 107 ოკუპანტი განადგურდა, 153 – დაიჭრა“ – თქვა მან.

ჩერევატიმ დაადასტურა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, სირსკის სიტყვები, რომ „ვაგნერის“ ბოევიკები „ბახმუტში შეძვრნენ, როგორც ვირთხები ხაფანგში“. მისი თქმით, ოკუპანტებს ესმით, რომ ვერაფერს შეცვლიან, მაგრამ არ წყვეტენ ქალაქის აღების მცდელობას.

„ამავდროულად, ისინი ხვდებიან, რომ ინიციატივა თანდათან ჩვენს მხარეს გადმოდის. არ გვყავს დიდი რაოდენობით რეზერვები, არ გვქონდა მტერზე უპირატესობა აღჭურვილობითა და პერსონალით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ წარმატებულად ვატარებთ თავდაცვით ოპერაციას და დროდადრო მტერს ვუტევთ“ – განაცხადა ჩერევატიმ.

მეათე თვეა რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ქალაქის აღებას, თუმცა მათ ეს სრულად ვერ შეძლეს. ბოლო დღეებში, უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტური კონტრშეტევების განხორციელება შეძლეს.

________
ფოტო: EPA-EFE/Maria Senovilla

ექნება თუ არა ბახმაროს წყალი და კანალიზაცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს, რაც 4 წლის წინ დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი პროექტებიც არ არის მზად.

მიუხედავად პროექტების არარსებობისა, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია „კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში [გზშ]“, რომლის საჯარო განხილვაც ჩოხატაურის მერიის შენობაში 2023 წლის 15 ივნისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.

გზშ-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ

  • „კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია გეგმავს ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების ქსელის, მაგისტრალური კოლექტორისა და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.
  • პროექტის განხორციელებით თავიდან იქნება აცილებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ასევე ნიადაგის დაბინძურება. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სანიტარული მდგომარეობა. პროექტის განხორციელება დადებით ზეგავლენას იქონიებს ტურისტული თვალსაზრისით.“

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „კურორტის ადგილობრივი მოსახლეობა 650 ადამიანი [217 კომლი] ზამთრის, შემოდგომა, გაზაფხულის სეზონზე ბარში ჩამოდის დაბა ჩოხატაურში და მიმდებარე ქვედა ზონის სოფლებში. ზაფხულის 3 თვეში კი, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა, 2050 წლის პერსპექტივით, 15 000 იქნება“.

გზშ-ს მიხედვით, ბახმაროში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა ითვალისწინებს საკადასტრო ნაკვეთების საზღვრებს და დაუშვებელია, რომ ქსელის კოლექტორებმა ან მილსადენებმა გადაკვეთოს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები.

უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო ტერიტორიიდან დაცილებულია 650 მეტრით. „ამიტომ მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება საწარმოდან 500 მეტრ მანძილზე“.

„წყალარინების წყლის დამუშავება მოხდება მდინარეში წყლების ჩაშვების ევროკავშირის და საქართველოს გარემოს დაცვის რესურსების სტანდარტების შესაბამისად. სარემონტო სამუშაოების ან დენის შეწყვეტის შემთხვევაში მიღებულია სათადარიგო ხაზის ამუშავება და დიზელ-გენერატორის ავტომატური ჩართვა ობიექტის ენერგიით მოსამარაგებლად, რაც განაპირობებს გამწმენდი ნაგებობების ტექნოლოგიური ციკლის მდგრადობას“ – აღნიშნულია გზშ-ს დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელს შეადგენს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რა დრო დასჭირდება მთლიანად საკანალიზაციო ქსელის მოწყობას.

საკანალიზაციო ქსელი კურორტს 100 პროცენტით უნდა მოემსახუროს. გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით, ქსელზე 3 752 სახლი დაერთდება.

ნახეთ სახლების რაოდენობა უბნების მიხედვით: 

წყარო: გზშ-ს დოკუმენტი

„კურორტ ბახმაროს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის“ შეძენაზე წყალმომარაგების კომპანიას ტენდერი 2019 წელს 750 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა მზად თუნდაც ცალკე კანალიზაციის სისტემის დეტალური პროექტი, რაზედაც გზშ მოამზადეს და საჯაროდაც უნდა განიხილონ – უშუალოდ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, როგორც კომპანიაში გვითხრეს, გზშ არ სჭირდება.

„ამ ეტაპზე კომპანია ბახმაროში შესვლას არ გეგმავს. ლანდშაფტი არ გვიწყობს ხელს. თუმცა პროექტირების მიზნით გამოსავალს ვეძებთ. რაც შეეხება დაგეგმილ თუ მიმდინარე სამუშაოებს, ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ“ – გვითხრეს დღეს, 2023 წლის 17 მაისს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

კომპანიის ვებგვერდზე კი ბახმაროს წყალმომარაგება თუ წყალარინება არც დაგეგმილი სამუშაოების ნუსხაშია და არც მიმდინარე თუ დაგეგმილ საპროექტო სამუშაოთა ჩამონათვალში.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

10 მაისის მდგომარეობით, ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურადან კურორტ ბახმარომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, ჩოხატაურიდან ჩხაკოურამდე მონაკვეთში კი, მოძრაობა თავისუფალია.

წელს ზამთარში ბახმაროში ზვავმა 20-ზე მეტი სახლი დაანგრია:

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

 

ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტების გამო 4 პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, რის სანაცვლოდაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს“ – იუწყება პროკურატურა.

ოთხივე პირს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, ხოლო ორ ბრალდებულს ასევე დამატებით წარედგინა ბრალდება საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ, მისი გარდაცვალების გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა.

მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 8.4 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.

საქსტატის ცნობით, ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

შემცირდა ფრინველის რაოდენობაც – წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5 პროცენტით და 9.2 მილიონი ფრთა შეადგინა.

წყარო: საქსტატი

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ კი  18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 169.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.7 პროცენტით აღემატება.

ამავე თემაზე:

აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

„დაუმარცხებელი კინჟალის“ დაუცველობა სიურპრიზია რუსეთისთვის – ბრიტანული დაზვერვა

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საჰაერო ბრძოლები გამწვავდა. მხოლოდ 2023 წლის 13 მაისს ბრიანსკის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი თვითმფრინავი (ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი)“ – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 17 მაისს, ყოველდღიურ ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ 3 მაისს უკრაინამ ჩამოაგდო „კინჟალი“, რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც აქამდე რუსეთი „დაუმარცხებელ“ იარაღად მიიჩნევდა. „რუსეთმა პრიორიტეტად მიიჩნია უკრაინის გაუმჯობესებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განეიტრალება, მაგრამ ამ პროცესში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე კინჟალი დაკარგა“ – წერს დაზვერვა.

დაზვერვა მიიჩნევს, რომ მზარდი საფრთხე რუსეთის სასაზღვრო რეგიონში განსაკუთრებული შეშფოთების საგანი იქნება რუსეთის საჰაერო ძალებისთვის, რადგან ისინი იყენებენ ტერიტორიას საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად.

„კინჟალის რაკეტების აშკარა დაუცველობა, სავარაუდოდ, სიურპრიზი და უხერხულობაა რუსეთისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეაქო ეს სისტემა, როგორც დაუმარცხებელი“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.

რუსეთმა „კინჟალის“ სისტემის რაკეტების გამოყენება უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო.

______________

ფოტოზე: „კინჟალი“. ფოტო: ვიკიპედია

მოხალისეობის კულტურის პოპულარიზების მიზნით, ბათუმში რეგიონული ფორუმი გაიმართება

მოხალისეობა  სხვების უანგაროდ დახმარებას გულისხმობს. მოხალისე არის ფიზიკური პირი, რომელიც დროსა და ენერგიას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის კეთებაში ხარჯავს. თუმცა მოხალისეებისა თუ მათი მიმღები ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობამ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის.

სწორედ ამიტომ, 2023  წლის 19  მაისს, „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონული  ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის“ გაიმართება, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საქართველოში მოხალისეობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

ფორუმზე სტუმრებს წარუდგენენ აჭარის რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებს და  დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობას შესთავაზებენ.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში მუშაობა მოხალისედ დავიწყე და ამან ძალიან ბევრი ცოდნა და გამოცდილება მომცა,“ –  ამბობს მარიკა ზაქარაძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის მენეჯერი.

მისივე თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები ამ ფორუმზე აღმოაჩენენ  ახალ შესაძლებლობებს როგორც მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად, ისე  გამოცდილების მისაღებად.

ფორუმის მიზანია, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ასევე მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები, მოხალისეები, აქტივისტები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

გამოფენაზე ბათუმის ახალგაზრდული საბჭო, მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აუდიტორიას განხორციელებულ საქმიანობას  გააცნობს.

ფორუმი იმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით.

[toggle title=”დღის წესრიგის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

მოხალისეობის რეგიონული ფორუმი

19 მაისი, 2023 

ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“ (რუსთაველის ქუჩა №40)

დღის  წესრიგი

14:30 – 15:30              მონაწილეთა რეგისტრაცია/მოხალისეთა ფორუმი, გამოფენა

აჭარის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების საქმიანობის წარდგენა; აჭარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs; CBOs) საქმიანობის   გამოფენა;  მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა 

15:30 – 15:40           მისალმება
  • მარიკა ზაქარაძე – პროექტის მენეჯერი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, აჭარის რეგიონული ჰაბი (IJH)
  • ლიკა კილაძე გამგეობის თავმჯდომარე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
  • დანი თაბუკაშვილი – პროექტის მენეჯერი, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)
15:40 – 16:45  

16:45–17:00          

პანელური დისკუსია: მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში

მოდერატორი: ქეთი ადეიშვილი პროექტების მენეჯერი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH)

  • მოხალისეობის მსოფლიო პრაქტიკები და არსებული შესაძლებლობები – მამუკა საფარიძე, პროგრამების  კოორდინატორი,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო (TBC)
  • მოხალისეობა – არსებული პრაქტიკა და გამოწვევები – თინათინ მესხი, ექსპერტი მოხალისეობის საკითხებში,  აღმასრულებელი დირექტორი,  „ჰელფინგ ჰენდი“ 
  • მოხალისეობის ახალი შესაძლებლობები – მოხალისეობის ციფრული პლატფორმა www.volunteer.ge, პრეზენტაცია – ნატა კაპატაძე,  ვებ ადმინისტრატორი,  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ხედვა მოხალისეობის განვითარებისთვის – შორენა  ფაღავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (TBC)
  • ბათუმის ახალგაზრდული საბჭო მოქმედებაში – ალექსანდრე აბუსელიძე, თავმჯდომარე, ბათუმის ახალგაზრდული საბჭო (TBC)

კითხვა-პასუხი 

ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ პრეზენტაცია – თემურ ჯალიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

          17:00           ფორუმის დახურვა,  ყავა/ჩაი

[/toggle]

 


როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 მაისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის დანაკარგი ომში 200 ათასზე მეტი სამხედროა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 200 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
  • ტანკი – 3 771 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 7 365 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 3 166 ერთეული [+16]
  • MLRS – 562 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 318 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 748 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 982 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 067 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 417 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 427 თვითმფრინავი
  • 233 ვერტმფრენი
  • 4 197 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 422 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 206 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 837 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 267 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინის თავდაცვამ ბახმუტში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – ბრიტანული დაზვერვა

ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟთან 2 ნაკვეთს საიჯარო წესით ასხვისებს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ზღვასთან ახლოს რამდენიმე ნაკვეთის საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონი გამოაცხადა.

ადმინისტრაცია ასხვისებს 1429 კვ. მეტრ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას პლაჟზე, სადაც ბოლო წლებში კლუბი „სოჰო“ ფუნქციონირებდა. შენობის ფართობი 374.63 კვ. მეტრია, აქ არის ასევე ორი მცირე ზომის დამხმარე შენობაც.

მთავარი შენობა 374.63 კვ.მეტრია, მიწის ნაკვეთი – 1429 კვ.მეტრი

აუქციონში გამარჯვებული ამ ქონებას, საიჯარო წესით, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე მიიღებს. ქონების საწყისი ფასი 89 000 ლარია, ბიჯი – 2670 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, საბოლოო სარგებლობის საფასური აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად უნდა გადაიხადოს, საიჯარო ხელშეკრულება კი გამარჯვებულის გამოვლენიდან 7 დღეში უნდა გაფორმდეს.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებული იქნება მეიჯარის მოთხოვნის შემთხვევაში 2023 წლის საზაფხულო სეზონის განმავლობაში მოაწყოს არანაკლებ ორი ღონისძიება ბავშვებისათვის, რაშიც იგულისხმება ბავშვების გართობა ანიმატორის საშუალებით, ნაყინითა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელებით გამასპინძლება და ასევე, საცურაო აუზით სარგებლობა.

ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონი გამოაცხადა ასევე შენობისა და მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე, სადაც კლუბი „სექტორი 26“ ფუნქციონირებდა. ამ შემთხვევაში გასასხვისებელი ტერიტორია 2000 კვ.მეტრია, ხოლო შენობა – 961.2 კვ.მეტრია.

აუქციონის პირობებში მითითებული ინფორმაციით ეს ქონება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვადით გასხვისდება

ქონების საწყისი ფასი 92 00 ლარია, ბიჯი – 2760 ლარი. აუქციონი 15 მაისს გამოცხადდა და 22 მაისს უნდა დასრულდეს.

გასულ წელს ეს ორი ქონება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონით, მაღალი კონკურენციის პირობებში, 421 910 ლარად გაასხვისა.

როგორ გავიყვანოთ ბავშვი უცხოეთში, როცა ერთი მშობელი წინააღმდეგია – ინტერვიუ

„მამის არგუმენტი აქ და სხვა შემთხვევებშიც ხშირად არ არის ცნობილი, მამებს აქვთ უბრალოდ კატეგორიული დამოკიდებულება, რომ არ სურთ შვილი გავიდეს საზღვარგარეთ და იყოს მისგან შორს,“ – კონკრეტულ ისტორიას იხსენებს იურისტი თამარ წულუკიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც „ბათუმელები“ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თემაზე ესაუბრა.

16 წლამდე ბავშვის უცხოეთში წასაყვანად ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო. რა სამართლებრივი გზა არსებობს, როცა ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგია? – სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ თამარ წულუკიძეს.

  • ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, გვითხარით, რა ასაკის ბავშვის გაყვანა შეუძლია მშობელს საზღვარგარეთ და რა პირობის დაცვაა ამისთვის საჭირო? 

ასაკი შეზღუდული არ არის – ნებისმიერი ასაკის, მათ შორის, ჩვილის გაყვანა საზღვარგარეთ შესაძლებელია. არ არის შეზღუდვა ასევე იმაზე, თუ რა ვადით დარჩება არასრულწლოვანი საზღვარგარეთ.

არსებობს შეზღუდვა მხოლოდ მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ნაწილში – როდესაც არასრულწლოვანი 16 წლამდეა, აუცილებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის, ორივე მშობლის თანხმობა.

16-დან 18 წლამდე კი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის/მშობლის თანხმობაც საკმარისია.

განვმარტავ, რომ კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება იყოს მეურვე ან მხარდამჭერი პირი, თუ ერთ-ერთი მშობელი სახეზე არ არის, ან მას შეზღუდული/ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლებამოსილება.

  • თუ ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგია ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის, რა ხდება ამ დროს? 

პრაქტიკაში ხშირია ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგია ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მშობლის უფლება-მოვალეობების შეზღუდვა კონკრეტულად ამ ნაწილში. მშობელს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს და მეორე მშობელს შეეზღუდოს საზღვრის გადაკვეთის ნაწილში მშობლის უფლება.

ერთ-ერთი დავა იყო მშობლებს შორის, როცა მამა იყო საპატიმრო დაწესებულებაში და არ გასცემდა თანხმობას, შვილს გადაეკვეთა საზღვარი. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს სარჩელით და მოვითხოვეთ, შეეზღუდათ მამის უფლება-მოვალეობა ორი მიმართულებით: საზღვრის კვეთის ნაწილში და ბიომეტრიული პასპორტის დამზადების მიმართულებით.

კანონმდებლობით დადგენილია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორივე მშობელმა თანაბრად უნდა იზრუნოს. ორივე მშობელი თანაბრად უნდა იყოს ჩართული ბავშვის სოციალური, გონებრივი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური განვითარების ნაწილში. არ შეიძლება, რომელიმე მშობელმა ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და ბავშვს შეუზღუდოს, მაგალითად, საზღვრის კვეთა.

  • რა მოტივაციით ამბობდა უარს მამა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე? ასევე, საპატიმროში როცაა მშობელი, მისი თანხმობაც არის საჭირო? 

კი, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა არ ზღუდავს მშობლის უფლება-მოვალეობებს – მისი თანხმობა საჭიროა.

ეს იყო შემთხვევა, როდესაც საგანმანათლებლო მიზნებისთვის სურდა არასრულწლოვანს გადაეკვეთა საზღვარი. ბავშვის დედ-მამა განქორწინებულნი იყვნენ და აშკარა იყო, რომ მამა ლახავდა არასრულწლოვნის ინტერესს.

მამის არგუმენტი აქ და სხვა შემთხვევებში ხშირად არ არის ცნობილი. მათ აქვთ უბრალოდ კატეგორიული დამოკიდებულება, რომ არ სურთ შვილი გავიდეს საზღვარგარეთ და იყოს მისგან შორს. ძირითადად ისინი ამას აჟღერებენ.

მსგავს შემთხვევებში სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნას.

  • როგორ ადგენს ამ დროს მოსამართლე, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი? 

ზოგადი სტანდარტი არის ის, რომ გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა იყოს მისაღები მისი განვითარებისთვის… გარემოში უნდა იყოს შესაბამისი პირობები, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, მათ შორის, გადაკვეთოს საზღვარი და მიიღოს განათლება, ან უბრალოდ დაისვენოს. იყო ასეთი შემთხვევა, როცა დედა მოვიდა ჩვენთან და თქვა, რომ შეძენილი აქვს ტურისტული პაკეტი, უნდა, რომ შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ, მაგრამ მამის თანხმობა არ აქვს.

სასამართლოში მშობელმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი მოთხოვნა – მეორე მშობელს შეეზღუდოს მშობლის უფლებამოსილება შვილისთვის საზღვრის კვეთის ნაწილში – ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს. უნდა დადასტურდეს, რომ მეორე მშობელი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას და ხელს უშლის ამ შემთხვევაში ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

  • რა დრო სჭირდება სასამართლოს ამ სახის დავის განსახილველად?

არ არის განსაზღვრული კონკრეტული დრო ამ სახის დავების განხილვისთვის. გაჭიანურებული მართლმსაჯულების პირობებში ამას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხის განხილვა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

  • ბიომეტრიული პასპორტი თუ აქვს ბავშვს, მას მშობლის თანხმობა აღარ სჭირდება? 

პასპორტი თუ აქვს ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ორივე მშობლის თანხმობა აღარ სჭირდება. თუ ერთ-ერთ მშობელს მიჰყავს ბავშვი, რომელსაც აქვს პასპორტი, მეორე მშობლის თანხმობა აღარ არის საჭირო. პასპორტთან ერთად ასევე დაბადების მოწმობაა საჭირო.

თუ საერთოდ სხვა პირს მიჰყავს ბავშვი საზღვარგარეთ, მაშინ მაშინ ორივე მშობლის მინდობილობაა საჭირო.

თუმცა ბიომეტრიული პასპორტი რომ აიღოს არასრულწლოვანმა ნებისმიერ ასაკში, ამისთვის ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო. არსებობს მშობლის თანხმობის უკან გაწვევაც – როცა მშობელი დათანხმდა არასრულწლოვან შვილს პასპორტი აეღო და შემდეგ გადაიფიქრა. მსგავს შემთხვევებსაც სასამართლო განიხილავს – რამდენად კანონიერია მშობლის მოთხოვნა.

თურქეთში გადასვლის შემთხვევაში კი, თუ ID ბარათი აქვს არასრულწლოვანს, ის პასპორტის გარეშე გადაკვეთს საზღვარს. თურქეთიდან სხვა ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში კი, უკვე დასჭირდება პასპორტი, მას პასპორტ-რეჟიმის გავლა მოუწევს.

  • თუ ორივე მშობელი თანახმაა, როგორ უნდა დადასტურდეს ეს? 

ამ შემთხვევაში მშობლების თანხმობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული და ამ დამოწმებულ თანხმობას წარადგენენ საზღვრის კვეთის დროს. იუსტიციის სახლში ამაზე განაცხადის გაკეთება საჭირო არ არის, უნდა იყოს ნათარგმნი ვარიანტიც.

  • ეს ეხება ნებისმიერ ეტაპს – წყვილი განქორწინებულია, ან დავა აქვთ განქორწინებაზე… 

მნიშვნელობა არ აქვს, მშობლები განქორწინებულნი არიან, განქორწინების ეტაპზე არიან თუ არა. საოჯახო-სამართლებრივი დავა ცალკე საკითხია, მშობლის უფლება-მოვალეობები კი – ცალკე საკითხი. შესაბამისად, განქორწინების დავა გავლენას ვერ მოახდენს საზღვრის კვეთაზე.

  • იყო ისეთი შემთხვევა, როცა დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნიეს მშობლის უარი, მისი შვილი საზღვარგარეთ წასულიყო? 

ჩვენ არ გვქონია ასეთი შემთხვევა, თუმცა სრულიად შესაძლებელია, ეს დასაბუთდეს, თუ რეალური ეჭვი არსებობს, რომ საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანა რეალურად სხვა მიზნებს ემსახურება. დასაბუთებული თუ იქნება ეს გარემოება, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.

ამას დასჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები – შეიძლება იყოს მიმოწერა მშობლებს შორის, რაც აჩვენებს, რომ სხვა მიზანს ემსახურება საზღვარგარეთ არასრულწლოვნის წაყვანა. ბუნებრივია, რომელი მხარის არგუმენტიც არის დასაბუთებული, მის სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლემ.

გოგონებს ისევ უკეთესი შედეგები აქვთ წიგნიერებაში, ვიდრე ბიჭებს – PIRLS-ის ახალი კვლევა

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS-ის [Progress in International Reading Literacy Study] მიხედვით, რომელიც მეოთხეკლასელი მოსწავლეების დონეს აფასებს კითხვასა და წაკითხულის გააზრებაში, საქართველოს საშუალო ქულა 494-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა არ აქვს წინა კვლევასთან შედარებით, თუმცა არც  მნიშვნელოვანი წინსვლაა.

ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს წიგნიერების საშუალო ქულა 488 იყო, 2021 წლის კვლევის მიხედვით კი 494 ქულა აქვს.

კვლევაში მსოფლიოს 57 ქვეყანა მონაწილეობდა.

საქართველოდან კვლევაში 190 სკოლის 5 637 მეოთხეკლასელი იყო ჩართული.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ PIRLS-ის მიხედვით, მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება. „საქართველო კი არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა,“- აცხადებს გამოცდების ცენტრი.

კვლევის მიხედვით, მონაწილე ქვეყნებიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ, რომ გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში, დანარჩენ 51 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე – ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით.

წიგნიერების ქულა საქართველოში:

  • გოგონები – 86.4 ქულა
  • ბიჭები – 78.6 ქულა

ბოლო  წლების კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოში წიგნიერების დონე ქალაქის სკოლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სოფლის სკოლებში. თუმცა 2021 წლის კვლევის მიხედვით, სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობა შემცირებულია.

„სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019)“-ამბობს გამოცდების ცენტრი.

სამაგიეროდ, უპირატესობას ისევ ინარჩუნებენ კერძო სკოლის მოსწავლეები. „კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას“ – ნათქვამია კვლევაში.

საერთაშორისო კვლევა მიზნად ისახავს 9-10 წლის მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასებას და იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტური ფაქტორები, როგორებიცაა: სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ლგბტქ პირების უფლებებზე – „გვაშფოთებს, რომ წინსვლა შეფერხდა“

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, 17 მაისს, აღინიშნება.

„ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.

ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.

ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა“- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე საუბარია ახალმიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებზე, კერძოდ: საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია, „რომლებიც არ შეიცავენ მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.

„ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები.

ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას, გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.

საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული უწყებები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, დაიცვან ადამიანის უფლებები და ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად“-ვკითხულობთ განცხადებაში.

_____________

ფოტო არქივიდან.

300 ლარი ჯარიმა საზოგადოებრივი ინვენტარის დაზიანებისთვის, მათ შორის ავტობუსებში

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ინვენტარის თუ სხვა ობიექტის განზრახ დაზიანებისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი – 500 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით.

იგივე ქმედება არასრულწლოვანის მიერ კი, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება და ახალი მუხლი – ვანდალიზმი დაემატა.

ცვლილება ძალაში 2023 წლის პირველი ივნისიდან შევა.

ამ ახალი ცვლილებით, კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 166​2 მუხლი:

„მუხლი 166​2. ვანდალიზმი

1. მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

  • ეს მუხლი არ მოქმედებს, თუ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

[toggle title=”სსკ-ის 187-ე მუხლის სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება

1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

[/toggle]

 

  • ეს მუხლი არ მოქმედებს, თუ ჩადენილია ამ კოდექსის 150-ე-150​3 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა [კოდექსის 150-ე−150​3 მუხლები ითვალისწინებს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას და იერსახის თვითნებურად შეცვლას; ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და თვითნებურად შეცვლას].

ცვლილება შევიდა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლში [მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა] სადაც დაემატა ჩანაწერი – „ვანდალიზმის ჩადენით“.

შესაბამისად, ბავშვის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ვანდალიზმის [მუხლი 166​2] ჩადენა „გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით“.

ახალი ცვლილებით „166​2 მუხლითა და 172-ე მუხლით (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 290​6 მუხლის გათვალისწინებით ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სურამში ხეები 384 კვ.მ ფართობზე დააბეტონეს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დღეს, 16 მაისს, განცხადება გაავრცელა სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის, ხეების თვითნებურად ჩაბეტონების ფაქტზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ 11 მაისს ბაიანთხევის დასახლებაში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

„ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც შევისწავლით გარემოზე მიყენებულ ზიანს – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლის შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი.

უნდა აღინიშნოს, რომ 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ, ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა“ – წერს გარემოს ზედამხედველობის სამსახური.

15 მაისს სოციალურში ქსელში გავრცელდა ჩაბეტონებული წიწვოვანი ხეების კადრები. მედიის დაინტერესების შემდეგ, ხაშურის მერის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სიტუაციას შეისწავლიდნენ.

დღეს, 16 მაისს, ზედამხედველობის სამსახურმა თავად გაავრცელა კადრები, რომლებზეც ასახულია ჩაბეტონებული ხეების ირგვლივ საფარის აყრის პროცესი. თუმცა ზედამხედველობის სამსახური არ აკონკრეტებს, ვისი ხარჯით მიმდინარეობს ბეტონის აყრა აღნიშნული ტერიტორიიდან.

ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში მასალა განახლდება. ზედამხედველობის სამსახურში ჯერჯერობით „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

ბათუმში TBC ბანკის ოფისში, კრედიტოფიცერი დაჭრეს

დღეს, 16 მაისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, TBC ბანკის ცენტრალურ ფილიალში კაცი დაჭრეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჭრილი TBC ბანკის თანამშრომელია.

„ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პირებმა უთხრეს, რომ კაცი დანით დაჭრეს. უცნობია ინფორმაცია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ერთი კაცი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აქცია ბათუმში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად – „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“

„თავისუფლება ნიკას“, „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“ – ამ გზავნილებით დღეს, 16 მაისს, ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციაზე შეკრებილებმა ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადეს.

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია ბათუმში

ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ დამფუძნებელია. ის ზუსტად ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. მაგალითად, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

„კონსტიტუციის მტერი“ – ამ ტრანსპარანტით მივიდა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე 15 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მან მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება გააპროტესტა – მოსამართლემ ეს მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ქალაქის მტერი“ დააჯარიმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროტესტის გამოხატვის შემთხვევებზე აჩენს კითხვას: გადაწყვეტილება ემსახურება კანონს, თუ მთავრობას, რომელსაც პროტესტი არ მოსწონს?

„ბათუმელების“ არქივში რამდენიმე საქმეა, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს შეეხებოდა და მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა.

„ვაჟა თავართქილაძის საქმეზე“ გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ [ადაწყვეტილება 28 აპრილს არის მიღებული], შესაბამისად, უცნობია, რა დასაბუთებით მიიჩნია მოსამართლემ მოქალაქის საკუთრებაში არსებული შენობის ვიტრინაზე ქაღალდის ფურცელზე დაწერილი განცხადების გაკვრა, პროტესტის გამოხატვა სამართალდარღვევად.

საშაურმის მესაკუთრე დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ ამ შემთხვევაში ბათუმის მერს – არჩილ ჩიქოვანს გაუწია ანგარიში, რომელსაც მოქალაქის პროტესტი არ მოეწონა.

„მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ უნდა გვქონდეს არაფერზე. სასამართლომ თქვა, რომ პროტესტი არ უნდა იყოს გამოხატული არც ერთი ფორმით, პროტესტის გამოხატვა მხოლოდ სახლში, გულში ან ჩანაფიქრში პროტესტი არ არის,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც პროტესტის გამოხატვას უკავშირდება ბათუმში და მოსამართლემ პროტესტის გამომხატველები დასაჯა – 24 ოპოზიციონერის საქმეა – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები იმიტომ, რომ მათ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს.

შემთხვევა 2022 წლის 6 მაისს მოხდა. ოპოზიციონერები მაშინ პოლიციელებმა დაარბიეს და კარვები წაართვეს.

2022 წლის ივნისში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოპოზიციონერები ჯამში 38 ათასი ლარით დააჯარიმა.

საინტერესო დეტალი ამ საქმეში – ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გოგუაძემ სასამართლო სხდომიდან გააპარა აჭარის პოლიციის უფროსი. ის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მთავარი მოწმე იყო და სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერების კრიტიკულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა.

24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ მოსამართლესთან გაიმეორეს გინება –პუტინ ხუილო, რაც აქციაზე ისმოდა, ვიდრე მას პოლიციელები დაშლიდნენ.

„24 ოპოზიციონერის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა. ფოტო: „ბათუმელები“

2022 წლის თებერვალში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა ბაჩი მექვაბიშვილი – ის სასტუმრო „ჰილტონში“ ითხოვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ დაკავებული მექვაბიშვილი პოლიციელებმა ავტომანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ.

ბაჩი მექვაბიშვილი 2021 წლის შემოდგომიდან ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მექვაბიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.

2022 წლის 15 სექტემბერს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააჯარიმა სამშენებლო ღობეზე მინაწერისთვის – რიჟვაძე, მოდი.

ასე თამარ კურატიშვილმა თორნიკე რიჟვაძის უმაღლეს საბჭოში გამოსვლის დროს გამოყენებული ლექსიკის გაპროტესტება სცადა, მაშინ რიჟვაძემ თქვა – ვერავის ვერ გადაუღუნოთ. თამარ კურატიშვილს სურდა დაეწერა – „რიჟვაძე, მოდი, ჩვენ გადაგვიღუნე“, თუმცა პოლიციელებმა პროტესტის გამოხატვის დასრულების საშუალება არ მისცეს.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევად მიიჩნია ქუჩაში წარწერის გაკეთებაც – 2021 წლის აპრილში ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბათუმის ბულვარში უკანონოდ 16 სართულის აშენებას აპროტესტებდნენ, „ალტერნატივას“ აქტივისტმა, მზია ქედელიძემ, გადაწყვიტა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ დაეტოვებინა წარწერა:„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“.

„რადგან აღიარეთ წარწერის გაკეთება და შეწყვიტეთ, ეს გავითვალისწინეთ… ბოლომდე რომ დაგეწერათ, დაგაჯარიმებდით,“ – მიმართა მოსამართლემ მზია ქედელიძეს, ვიდრე დარბაზს დატოვებდა. მან აქტივისტს მხოლოდ შენიშვნა მისცა.

2023 წლის 26 აპრილი – ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თამაზ ბაკურიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. თამაზ ბაკურიძე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, თუმცა ადვოკატების შეფასებით, სასამართლო პროცესზე აღსრულების პოლიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ თამაზ ბაკურიძე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.

თამაზ ბაკურიძე უფლებადამცველია და ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდა ბათუმში.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს საარჩევნო დავებსაც – მაგალითად, 2021 წლის 5 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამ მოსამართლემ განიხილა ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევა – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანდა – შემოხაზული იყო ბათუმის მერობის ენმ-ს კანდიდატი, გიორგი კირთაძე, კომისიამ მხოლოდ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული.

„საოლქო კომისიისგან განსხვავებით, მოსამართლემ თავიდან ბოლომდე ნახა ვიდეოჩანაწერი, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილება იმაზე მეტად დაუსაბუთებელი იყო, ვიდრე საოლქო კომისიის“, – უთხრა „ბათუმელებს“ სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის მაშინდელმა ხელმძღვანელმა.

კიდევ ერთი საარჩევნო დავა – 2021 წლის სექტემბერში ალექსანდრე გოგუაძემ დარღვევა ვერ დაინახა ფაქტში, როცა წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, სკამები გადაუტანა ბათუმის მერიის კომპანიამ – „ბათუმის წყალმა“. ამ შემთხვევის შესახებ პირველად 2021 წლის აგვისტოში „ბათუმელებმა“ დაწერა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავდა ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ცნობილი კორპუსების უკანონოდ მშენებლობის საქმესაც.

„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი, შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – ასეთი იყო 2021 წლის ოქტომბერში საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის შეფასება ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
  • ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს. მოსამართლეობამდე, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, იგი ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა.

2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. „ბათუმელებს“ მოსამართლემ ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ მისი პროკურატურიდან წასვლა ამას არ უკავშირდება.

ალექსანდრე გოგუაძე 2018 წელს გაამწესეს უვადო მოსამართლედ. პროკურორობამდე, 1999 – 2009 წლებში იგი ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ბათუმში გამწესებამდე კი, 2018 წელს, გოგუაძე სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში.

ამ მოსამართლის ხელფასი 2022 წელს 76 000 ლარი იყო.

ალექსანდრე გოგუაძის 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, იგი მხოლოდ მიწის ნაკვეთებს ფლობს გრიგოლეთში – 325 კვ.მ და 324 კვ. მეტრს – ეს უკანასკნელი ქონება მოსამართლისთვის 2017 წელს საკუთრების აღიარების კომისიას გადაუცია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს ბათუმში საცხოვრებელი ბინა არ აქვს. მას და მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არც სხვა შემოსავალი აქვთ. მოსამართლის დეკლარაციაში მხოლოდ მისი ცოლის შესახებ მონაცემი გვხდება – მარინა კრიუკოვა რუსეთის მოქალაქეა.

ბინებს მოსამართლის ცოლი ფლობს – მარინა კრიუკოვას მემკვიდრეობით მიუღია ბინა სანქტ პეტერბურგში, 2015 წელს 59,7 კვ.მეტრი ფართობის ბინა უყიდია თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, 35 000 აშშ დოლარად.

მარინა კრიუკოვა ბიზნესკომპანია „ვერდიქტის“ 50% წილის მფლობელიცაა, თუმცა შემოსავლის გრაფაში მითითებულია – 0.

მოსამართლე გოგუაძეს 2018 წელს შეუძენია 2013 წელს გამოშვებული „ჰიუნდაი ელანტრა“ 7 ათას დოლარად.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გამოჩნდა 12 მაისს, მოსამართლეების ექსკურსიაზე, გორში, წვეულებაზე გადაღებულ კადრებში, სადაც ის ლევან მურუსიძესთან ერთად მღერის.

_____________________________________

მთავარი ფოტო: 12 მაის, მოსამართლეების ქეიფი გორში. კადრში ჩანს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე [შემოხაზულია წითლად].

უკრაინის თავდაცვამ ბახმუტში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 16 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის რაიონში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერი“ აგრძელებს წინსვლას ბახმუტის ცენტრში, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ფლანგების სტაბილიზაცია.

უწყების ცნობით, ქალაქიდან სამხრეთით გადაადგილების გარდა, უკრაინის შეტევებმა შეავიწროვა რუსეთის ფრონტის ხაზი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, რაც სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს უკრაინულ ძალებს, აღადგინონ მომარაგების უფრო უსაფრთხო მარშრუტი.

„უკრაინა აკავებს რუსული ჯარების წინსვლას დასავლეთისკენ სევერსკი დონეც-დონბასის არხის გასწვრივ, აქცევს რა წყლის არხს დაბრკოლებად ქალაქ ჩასოვ იარის ირგვლივ“, – ნათქვამია უწყების მოკლე მიმოხილვაში.

___________

ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

 

224 062 ლარი გვჭირდება – ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილი მერს

ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გელა გოგიტიძე ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს ადმინისტრაციული სამსახურის ხარჯის გაზრდას ბიუჯეტში შესყიდვების შედეგად წარმოშობილი ეკონომიების ხარჯზე სთხოვს. ადმინისტრაციის უფროსი მერს მთელ რიგ საჭიროებებსა და პრობლემებზე წერს, ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი ბიუჯეტში კორექტირებას და სამსახურისთვის 224 062 ლარის დამატებას ითხოვს.

ადმინისტრაციის უფროსის წერილი საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის თანდართული დოკუმენტის სახით მიიღო. მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიც გადაუგზავნა.

  • 30 000 ლარი სტუმრებისთვის

ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, 26 მაისს ქობულეთში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სადაც მოწვეულები არიან დამეგობრებული ქალაქებიდანაც. ადმინისტრაციის უფროსის წერილის თანახმად, მათი მასპინძლობა და სასტუმრო ხარჯების სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ღონისძიებისთვის მერია დრონის დაქირავებას გეგმავს: „რათა აღნიშნული ღონისძიების გაშუქება მოხდეს სრულფასოვნად.“ გელა გოგიტიძის ინფორმაციით დრონს 900 ლარად დაიქირავებენ.

  • ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს

ადმინისტრაციის უფროსი ასევე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს, რაც განპირობებულია სივრცის არქონითა და მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფით. მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციას ვებგვერდის განახლებისთვის 1500 ლარი სჭირდება:

„დამატებითი სივრცის შეძენად ვებგვერდისთვის პროვაიდერს დადგენილი თანხა აქვს ერთი თვის გადასახადი – 237 ლარი: „დარჩენილია 7 თვე – ჯამში 1659 .

ადმინისტრაციის უფროსი ითხოვს ასევე სპეციალური მოწყობილობის შესყიდვას შიდა ქსელის გამართულად მუშაობისთვის:

„მუნიციპალიტეტის ინტერნეტ შიდა ქსელის რეაბილიტაციის დროს ვერ მოხერხდა როუტერის შეძენა, რაც იწვევს არსებული ქსელის მუშაობის შეფერხებას, საჭიროა ახალი როუტერის შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 5 000 ლარს.

  • მოქალაქეების მანქანები მერიის პარკინგზე

ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსი შეწუხებულია იმითაც, რომ მერიის ავტოპარკინგს მოქალაქეებიც იყენებენ:

ამონარიდი ადმინისტრაციის უფროსის წერილიდან:

„მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნია ავტოპარკირება, რომელზეც ქაოსურად შემოდიან მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ხშირ შემთხვევაში თანამშრომლები ვერ პარკინგდებიან, რაც იწვევს დისკომფორტს თანამშრომელთა შორის, ამიტომ გვესაჭიროება შლაგბაუმის რემონტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1000 ლარს.

საქართველოს ორგანულ კანონის მე-20 მუხლში შესული ცვლილების გამო, გვესაჭიროება საჯარიმო ქვითრების დაბეჭდვა, 500 ერთეული საჯარიმო ქვითრის დაბეჭდვის ღირებულება შეადგენს 750 ლარს“.

  • საწვავი ახალი მანქანებისთვის და კონდიციონერები

ადმინისტრაციის უფროსის წერილის თანახმად, ქობულეთის მერიას ახალი მანქანები შეუძენია: „მუნიციპალიტეტმა შეიძინა 5 ახალი ავტომობილი, რომელთა დაზღვევის თანხა შეადგენს 5593 ლარს.

…ასევე სამსახურში გვესაჭიროება ორი ერთეული კონდიციონერის შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 2400 ლარს. მოახლოებულ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით კონდიციონერების მიმდინარე შეკეთებისთვის გვესაჭიროება 1500.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გათბობის ხარჯებში გვესაჭიროება 13,000 ლარი. ელექტრო ენერგიის ხარჯში დამატებით სავარაუდოდ გვესაჭიროება 160,760 ლარი“ – წერს ადმინისტრაციის უფროსი.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.

გადაწყვეტილება სამინისტრომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“  ცვლილების გათვალისწინებით მიიღო.  კანონში  ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკს აზუსტებს.

სამინისტროს განმარტებით, ცვლილების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

მინისტრის 2023 წლის 15 მაისის ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • გახანგრძლივდა ამჟამად მიმდინარე II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

  • 2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში [EMIS] დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა უნდა მოხდეს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 24 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.

სამინისტროს განმარტებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ,  რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

  • III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

  • IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:

  •  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
Exit mobile version