მთავარი,სიახლეები

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

04.12.2021 • 9680
წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის იმ სახლიდან, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე  სწერდნენ, რომ სახლის მესამე სადარბაზო ავარიულ მდგომარეობაშია. კორპუსის მცხოვრებლები არჩილ ჩიქოვანს მის შესწავლას სთხოვდნენ.

ოფიციალურად, განცხადებით, ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანს სახლის მესამე სადარბაზოს მაცხოვრებლებმა 2021 წლის 17 აგვისტოს მიმართეს. კორპუსის პირველი სადარბაზო 8  ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მოგახსენებთ, რომ მესამე სადარბაზოს აივნები, განსაკუთრებით 26 მაისისა და კლდიაშვილის ქუჩების კუთხე, იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. შესამჩნევად დაწეულია აივნების კუთხე, თავისით ვარდება ბათქაში, რომლითაც დაფარულია არმატურა და არმატურის ჟანგიანი ფენა ინტენსიურად.

გთხოვთ უმოკლეს ვადაში შეგვიფასოთ შექმნილი მდგომარეობა და დაგვეხმაროთ პრობლემის აღმოფხვრაში“,  – ვკითხულობთ წერილში.

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებთა წერილი ბათუმის მერიას. წერილი სადარბაზოს ჩამონგრევამდე 50 დღით ადრეა დაწერილი.

2021 წლის 23 აგვისტოს, ამ წერილის ავტორებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ აცნობა, რომ მერიას შესაბამისი პროგრამა არ ჰქონდა:

„თქვენს განცხადებაზე [# 19/1421229171-14] გაცნობებთ, რომ  ა(ა)იპ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პროგრამით არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელ სახლებზე აივნების ან აივნების მოაჯირების სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. აღნიშნული საკითხის წარმოება წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ან ბინის მესაკუთრეების ვალდებულებას.“

 

მერიის საქალაქო სამმართველოს ინფორმაციით, რომელიც ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში გაავრცელეს, 26 მაისის №13-ში მდებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა კორპუსის ჩამოუშლელი ნაწილიც.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: „ვიზუალური კვლევით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული შენობის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომლის აღდგენა-გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარება არარენტაბელურია. საჭიროა განხორციელდეს შენობის დემონტაჟი სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით“.

 

გამოხმაურება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ [18:36] ბათუმის მერიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:

 

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას. საკითხი შეეხება 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე III სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქის განცხადებას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებულ სტატიაში, ინფორმაცია ისეა გადმოცემული, თითქოსდა 26 მაისის #13-ში მდებარე კორპუსის III სადარბაზოდან შემოსულ წერილში დაფიქსირებული პრობლემა დაკავშირებულია I სადარბაზოში მომხდარ ტრაგედიასთან.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ III სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქე ითხოვდა აივნის რეაბილიტაციასა და შენობის მდგრადობის შემოწმებას, რისი შესწავლაც განხორციელდა მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ.

რაც შეეხება შენობის მდგრადობას, მოხდა მისი დათვალიერება, შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ აივნებიდან ბათქაშის ჩამოცვენა, რაც მისი სიძველიდან გამომდინარეობდა. ამას ასევე ადასტურებს უკვე არსებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, სადაც აღნიშნულია, 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე კორპუსის ჩამონგრევის მიზეზები. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ შემოსულ განცხადებაში დასმული საკითხი არ უკავშირდება მომხდარ ტრაგედიას.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: