Batumelebi | გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და კითხვაში, ვიდრე ბიჭებს – კვლევა გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და კითხვაში, ვიდრე ბიჭებს – კვლევა – Batumelebi
RU | GE  

გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და კითხვაში, ვიდრე ბიჭებს – კვლევა

საერთაშორისო კვლევის (PISA) მიხედვით, რომელიც 15 წლის მოსწავლეების მიღწევებს იკვლევს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ყოველ სამ წელიწადში ტარდება და მასში მსოფლიოს 79 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ბოლო კვლევაში 600 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა მოზარდებმაც. კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი. რომელიც მიღწევებს ადარებს სქესის მიხედვით, ჩანს, რომ საქართველოში გოგონების მიღწევები ბიჭების მიღწევებს აღემატება, როგორც კითხვაში, ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კვლევა ახლახანს გამოქვეყნდა სრული სახით.

  •  კითხვის სფერო

კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს, საქართველოში გოგონების მიღწევის საშუალო ქულა არის 399, ხოლო ბიჭების – 362. ბიჭებისა და გოგონების საშუალო ქულებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კვლევაშია აღნიშნული „ის 38 ქულას შეადგენს და 8 ქულით აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს (30 ქულა)“.

თუმცა, როგორც კვლევა მიუთითებს, განსხვავება გოგონებისა და ბიჭების მიღწევებს შორის ბევრად დიდი იყო 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ განსხვავება გოგონებსა და ბიჭებს შორის 61 ქულა იყო. „2010-2018 წლებში ამ ცვლილების შემცირების ძირითადი მიზეზი ბიჭების მიღწევების გაუმჯობესებაა, მაშინ როდესაც გოგონების მიღწევები მნიშვნელოვნად იცვლებოდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

  • მათემატიკის სფერო

გოგონები მათემატიკის სფეროშიც უსწრებენ ბიჭებს და მათი მიღწევების საშუალო ქულა 400-ია, ხოლო ბიჭებისა – 396 ქულა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ 4-ქულიანი განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფერო

როგორც კვლევაში წერია, 2018 წლის ციკლში OECD-ის ქვეყნებში ბიჭები გოგონებზე საშუალოდ ოდნავ უკეთეს შედეგს აჩვენებენ, სულ 2 ქულით აქვთ უპირატესობა. თუმცა,  საქართველოს შემთხვევაში, გოგონების მიღწევების საშუალო ქულაა 390, ხოლო ბიჭებისა – 376.

„გოგონებისა და ბიჭების მიღწევების საშუალოებს შორის ეს 14- ქულიანი განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია კვლევაში.

  • სხვა ქვეყნებთან შედარება

მთლიანობაში,საქართველოში მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები დაბალია, PISA 2018 – ფინანსურ წიგნიერებაში მონაწილე 20 ქვეყნის მოსწავლეთა მიღწევების საშუალო ქულების მაჩვენებლებთან შედარებით. საქართველო, საშუალო – 403 ქულით, ბოლოდან მეორე ადგილზეა ინდონეზიის შემდეგ, (პერუს შორის). „ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 13 წევრი ქვეყნის საშუალო – 505 ქულას,“- ნათქვამია კვლევაში.

ცისფერ ფერში – OECD -ის საშუალოზე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი ქულა, თეთრში OECD -ის საშუალოსგან განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
ნაცრისფერი – OECD -ის საშუალოზე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com