მთავარი,სიახლეები

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

16.05.2023 • 3921
ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

„კონსტიტუციის მტერი“ – ამ ტრანსპარანტით მივიდა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე 15 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მან მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება გააპროტესტა – მოსამართლემ ეს მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ქალაქის მტერი“ დააჯარიმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროტესტის გამოხატვის შემთხვევებზე აჩენს კითხვას: გადაწყვეტილება ემსახურება კანონს, თუ მთავრობას, რომელსაც პროტესტი არ მოსწონს?

„ბათუმელების“ არქივში რამდენიმე საქმეა, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს შეეხებოდა და მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა.

„ვაჟა თავართქილაძის საქმეზე“ გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ [ადაწყვეტილება 28 აპრილს არის მიღებული], შესაბამისად, უცნობია, რა დასაბუთებით მიიჩნია მოსამართლემ მოქალაქის საკუთრებაში არსებული შენობის ვიტრინაზე ქაღალდის ფურცელზე დაწერილი განცხადების გაკვრა, პროტესტის გამოხატვა სამართალდარღვევად.

საშაურმის მესაკუთრე დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ ამ შემთხვევაში ბათუმის მერს – არჩილ ჩიქოვანს გაუწია ანგარიში, რომელსაც მოქალაქის პროტესტი არ მოეწონა.

„მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ უნდა გვქონდეს არაფერზე. სასამართლომ თქვა, რომ პროტესტი არ უნდა იყოს გამოხატული არც ერთი ფორმით, პროტესტის გამოხატვა მხოლოდ სახლში, გულში ან ჩანაფიქრში პროტესტი არ არის,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც პროტესტის გამოხატვას უკავშირდება ბათუმში და მოსამართლემ პროტესტის გამომხატველები დასაჯა – 24 ოპოზიციონერის საქმეა – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები იმიტომ, რომ მათ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს.

შემთხვევა 2022 წლის 6 მაისს მოხდა. ოპოზიციონერები მაშინ პოლიციელებმა დაარბიეს და კარვები წაართვეს.

2022 წლის ივნისში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოპოზიციონერები ჯამში 38 ათასი ლარით დააჯარიმა.

საინტერესო დეტალი ამ საქმეში – ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გოგუაძემ სასამართლო სხდომიდან გააპარა აჭარის პოლიციის უფროსი. ის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მთავარი მოწმე იყო და სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერების კრიტიკულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა.

24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ მოსამართლესთან გაიმეორეს გინება –პუტინ ხუილო, რაც აქციაზე ისმოდა, ვიდრე მას პოლიციელები დაშლიდნენ.

„24 ოპოზიციონერის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა. ფოტო: „ბათუმელები“

2022 წლის თებერვალში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა ბაჩი მექვაბიშვილი – ის სასტუმრო „ჰილტონში“ ითხოვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ დაკავებული მექვაბიშვილი პოლიციელებმა ავტომანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ.

ბაჩი მექვაბიშვილი 2021 წლის შემოდგომიდან ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მექვაბიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.

2022 წლის 15 სექტემბერს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააჯარიმა სამშენებლო ღობეზე მინაწერისთვის – რიჟვაძე, მოდი.

ასე თამარ კურატიშვილმა თორნიკე რიჟვაძის უმაღლეს საბჭოში გამოსვლის დროს გამოყენებული ლექსიკის გაპროტესტება სცადა, მაშინ რიჟვაძემ თქვა – ვერავის ვერ გადაუღუნოთ. თამარ კურატიშვილს სურდა დაეწერა – „რიჟვაძე, მოდი, ჩვენ გადაგვიღუნე“, თუმცა პოლიციელებმა პროტესტის გამოხატვის დასრულების საშუალება არ მისცეს.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევად მიიჩნია ქუჩაში წარწერის გაკეთებაც – 2021 წლის აპრილში ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბათუმის ბულვარში უკანონოდ 16 სართულის აშენებას აპროტესტებდნენ, „ალტერნატივას“ აქტივისტმა, მზია ქედელიძემ, გადაწყვიტა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ დაეტოვებინა წარწერა:„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“.

„რადგან აღიარეთ წარწერის გაკეთება და შეწყვიტეთ, ეს გავითვალისწინეთ… ბოლომდე რომ დაგეწერათ, დაგაჯარიმებდით,“ – მიმართა მოსამართლემ მზია ქედელიძეს, ვიდრე დარბაზს დატოვებდა. მან აქტივისტს მხოლოდ შენიშვნა მისცა.

2023 წლის 26 აპრილი – ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თამაზ ბაკურიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. თამაზ ბაკურიძე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, თუმცა ადვოკატების შეფასებით, სასამართლო პროცესზე აღსრულების პოლიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ თამაზ ბაკურიძე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.

თამაზ ბაკურიძე უფლებადამცველია და ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდა ბათუმში.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს საარჩევნო დავებსაც – მაგალითად, 2021 წლის 5 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამ მოსამართლემ განიხილა ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევა – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანდა – შემოხაზული იყო ბათუმის მერობის ენმ-ს კანდიდატი, გიორგი კირთაძე, კომისიამ მხოლოდ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული.

„საოლქო კომისიისგან განსხვავებით, მოსამართლემ თავიდან ბოლომდე ნახა ვიდეოჩანაწერი, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილება იმაზე მეტად დაუსაბუთებელი იყო, ვიდრე საოლქო კომისიის“, – უთხრა „ბათუმელებს“ სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის მაშინდელმა ხელმძღვანელმა.

კიდევ ერთი საარჩევნო დავა – 2021 წლის სექტემბერში ალექსანდრე გოგუაძემ დარღვევა ვერ დაინახა ფაქტში, როცა წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, სკამები გადაუტანა ბათუმის მერიის კომპანიამ – „ბათუმის წყალმა“. ამ შემთხვევის შესახებ პირველად 2021 წლის აგვისტოში „ბათუმელებმა“ დაწერა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავდა ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ცნობილი კორპუსების უკანონოდ მშენებლობის საქმესაც.

„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი, შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – ასეთი იყო 2021 წლის ოქტომბერში საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის შეფასება ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

  • ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს. მოსამართლეობამდე, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, იგი ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა.

2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. „ბათუმელებს“ მოსამართლემ ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ მისი პროკურატურიდან წასვლა ამას არ უკავშირდება.

ალექსანდრე გოგუაძე 2018 წელს გაამწესეს უვადო მოსამართლედ. პროკურორობამდე, 1999 – 2009 წლებში იგი ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ბათუმში გამწესებამდე კი, 2018 წელს, გოგუაძე სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში.

ამ მოსამართლის ხელფასი 2022 წელს 76 000 ლარი იყო.

ალექსანდრე გოგუაძის 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, იგი მხოლოდ მიწის ნაკვეთებს ფლობს გრიგოლეთში – 325 კვ.მ და 324 კვ. მეტრს – ეს უკანასკნელი ქონება მოსამართლისთვის 2017 წელს საკუთრების აღიარების კომისიას გადაუცია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს ბათუმში საცხოვრებელი ბინა არ აქვს. მას და მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არც სხვა შემოსავალი აქვთ. მოსამართლის დეკლარაციაში მხოლოდ მისი ცოლის შესახებ მონაცემი გვხდება – მარინა კრიუკოვა რუსეთის მოქალაქეა.

ბინებს მოსამართლის ცოლი ფლობს – მარინა კრიუკოვას მემკვიდრეობით მიუღია ბინა სანქტ პეტერბურგში, 2015 წელს 59,7 კვ.მეტრი ფართობის ბინა უყიდია თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, 35 000 აშშ დოლარად.

მარინა კრიუკოვა ბიზნესკომპანია „ვერდიქტის“ 50% წილის მფლობელიცაა, თუმცა შემოსავლის გრაფაში მითითებულია – 0.

მოსამართლე გოგუაძეს 2018 წელს შეუძენია 2013 წელს გამოშვებული „ჰიუნდაი ელანტრა“ 7 ათას დოლარად.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გამოჩნდა 12 მაისს, მოსამართლეების ექსკურსიაზე, გორში, წვეულებაზე გადაღებულ კადრებში, სადაც ის ლევან მურუსიძესთან ერთად მღერის.

_____________________________________

მთავარი ფოტო: 12 მაის, მოსამართლეების ქეიფი გორში. კადრში ჩანს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე [შემოხაზულია წითლად].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: