მთავარი,სიახლეები

„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

16.05.2022 • 13741
„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

„ზოგი ამბობს, სად ევროპა და სად ნიკა გვარამია, ამან როგორ უნდა იქონიოს გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. არადა, ეს ამბავი თავშიცაა, შუაშიც და ბოლოშიც“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი.  მას დღეს, 16 მაისს, „ბათუმელები“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, ევროკავშირმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა იმსჯელოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროს მთავარი ოპოზიციური არხის მფლობელისა და მენეჯერის დაკავება რა გზავნილია ევროპარლამენტარებისთვის, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?

როდესაც რომელიმე პარლამენტარი ან ვინმე ხელისუფლების მომხრე ამბობს, რომ „რა შუაშია ეს ერთმანეთთან“, „სად ევროპა და სად ნიკა გვარამია“, ვფიქრობ, რომ ისინი შეფასებისას გულწრფელები არ არიან. შუაშიცაა, თავშიც და ბოლოშიც ეს ამბავი. ეს დაკავება სწორედ ამ კითხვართან არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქმნის იოლად დასათმობ პოზიციებს. როცა ევროპა ეტყვის, რომ „ესა და ეს უნდა გააკეთო“, ივანიშვილი ეტყვის, რომ გავაკეთებ, ოღონდ სხვა არ მოგვთხოვოთ. ეს არის პრიმიტიული, ბიძინა ივანიშვილის დონის აზროვნება. ამაზე შორს ვერ აზროვნებს.

გვარამიას საქმე აბსოლუტურად შეთითხნილია, ნულოვანი ამბავი, ახლოსაც არ არის სამართალთან. მოსამართლე იმიტომ არის გარეწარი, რომ მუხლი შეცვალა და არ შეცვალა დამოკიდებულება. ესენი არიან შემსრულებლები. ეს არის საქართველოსთვის თავის მოჭრა და გარწმუნებთ, რომ ასეთი ნაბიჯებით საქართველო ევროპას არათუ არ უახლოვდება, პირიქით.

სააკაშვილს ეპატია, როცა სამჯერ დაგვარბია, მაგრამ „იმედში“ შესვლა არ ეპატია. მისი გადადგომა „იმედში“ შესვლამ გამოიწვია და ეს იყო სწორი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ შეიძლება არ დაეთანხმო მიტინგს და გამოიყენო კანონიერი ძალაუფლება დაშლისთვის, მაგრამ ტელევიზიაში არავინ შედის.

ეს შევარდნაძემაც კი ვერ გააკეთა. „რუსთავი 2“-ში შეიყვანა ფინანსური პოლიცია, მაგრამ არავინ დაუპატიმრებიათ. კაი ბრალდებაა, რომ მან თურმე საკუთარ ტელევიზიას ფული წაართვა, ანუ თავის თავს წაართვა ფული?!

  • საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისედაც კრიტიკული ხედვა აქვთ ევროპარლამენტარებს და ახლა გვარამიას დაპატიმრებით რას ვეუბნებით ევროპას?

თუ არ გაქვს სასამართლო სისტემა, ესე იგი, ქვეყანა არ არის. არანაირი დემოკრატია არ არსებობს, ნულოვანია ყველაფერი, სულ საათივით რომ გქონდეს აწყობილი სხვა დანარჩენი. ამ სასამართლო სისტემით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მიღება შეუძლებელია.

ახლა რომც მიგვიღონ, ჩვენ დაგვიდებენ პირობას, რომ ყველა დანიშნული მოსამართლე გავათავისუფლოთ ან რაღაც მოვიფიქროთ, რადგან ასეთი სისტემით კანდიდატი ქვეყანა ვერ გავხდებით. თურქეთმაც კი დათმო თავის დროზე და გარკვეული დემოკრატიის ელემენტი გააჩინა ამით, როცა ევროკავშირში მიღების იმედი ჰქონდა. თუმცა შემდეგ იქ წავიდნენ, სადაც წავიდნენ.

  • არაერთი ადამიანი, ვინც კარგად იცის ახლა რა პროცესებიც მიდის ევროპარლამენტში და, ზოგადად, რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, მიიჩნევს, რომ უცნობია, საქართველოს ეს შესაძლებლობა კიდევ ექნება თუ არა. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი ვერ აზროვნებს გლობალურად, თქვენი აზრით, ამ ხელისუფლებაში თუ არიან ისეთი ადამიანები, ვინც ამას ხედავს და რა შეუძლიათ მათ?

ამ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ივანიშვილს რამენაირად გაუწიონ წინააღმდეგობა ან მისცენ სწორი რჩევა, არ არიან. ისინი ივანიშვილის ყველა ხუშტურს ეთანხმებიან, რადგან ამ ხელისუფლებაში არ არის არც ერთი მეტ-ნაკლებად პატიოსანი ადამიანი.

მე ვერ ვიტყვი, რომ მოაზროვნეები არ არიან, შეიძლება არიან, პატიოსნები არ არიან.

  • ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, და ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი მიიჩნევენ, რომ გვარამიას დაკავება არის საბოტაჟი იმ პროცესების წინ, როცა ჩვენ ველოდებით ევროპისგან პასუხს. „სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას“ – ამბობენ ისინი. თქვენ როგორ ფიქრობთ, საბოტაჟია?

მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის საბოტაჟი, არ არის ეს სწორი განმარტება, რადგან ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს არის ის, რასაც იოლად დათმობს პოლიტიკური ვაჭრობის შემთხვევაში, ოღონდ ევროპელები ვერ გაიგებენ ამას, იქ ასე არ ხდება. ეს ივანიშვილის – პროვინციელი, ქაჯი, ორღობის პოლიტიკოსის ნააზრევია, რომელიც დაშორებულია მსოფლიო პოლიტიკას და ყველაფერს თავისი საზომით ზომავს.

გეუბნებიან, რომ ევროპის პერსპექტივა გაქვს და ამ დროს შენ ამბობ, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზია უნდა გავაჩერო.

თუმცა არ მგონია, რომ ივანიშვილს შანსის დაკარგვა უნდოდეს. ის ფიქრობს, რომ ასე შექმნის შანსს. თუკი ევროპა ეტყვის, რომ გამოუშვას გვარამია, ის დათანხმდება ამ პატარას და ივაჭრებს ევროპასთან. ასე ჰგონია. ეს თემა კი ევროპასთან ვაჭრობის საგანი ვერ გახდება.

დარწმუნებული ვარ, საქართველომ თავისი ევროპული პერსპექტივა დაამთავრა იმ დღეს, როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ მის გვერდით ვიყავით და არ მგონია, რომ მაშინ არასწორად ვიყავით, რადგან ყველა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მიშას ხელისუფლებაც უნდა შეცვლილიყო მაშინ, თავისი უშეცდომობა რომ არ დაეჯერებინა.

ყველა დამნაშავეს რომ არ გადაჰფარებოდა პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, არ წააგებდა არჩევნებს. წააგო, იმიტომ, რომ ყველა დამნაშავეს გადაეფარა. ამბობდა – „ცუდი ამბები არ მითხრათ“, არადა, ცუდი ამბებია ყველაზე საინტერესო.

თუმცა, მას როგორც ექცევიან ახლა, ეს არის საქართველოს საკითხი და არა „ქართული ოცნების“, რადგან საქართველო უყურებს როგორ კლავენ ადამიანს მშვიდად და აუღელვებლად. მიმაჩნია, რომ ეს კატასტროფაა.

მესმის, რომ შეიძლება კაცი არ გიყვარდეს, მაგრამ მშვიდად უყურებდე როგორ კლავენ, ეს განსაკუთრებულ დანაშაულად მიმაჩნია.

  • ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საზოგადოებას სურს ევროინტეგრაცია, ნატო და არა – რუსეთი. მაშინ როგორ ხდება, რომ ისევ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში?

ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ მშვიდობისკენ არის, ფაქტობრივად, თანაუგრძნობს „ოცნების“ იმ პოზიციას, რომ მთავარია იყოს სიმშვიდე და სიწყნარე. მაპატიეთ, მაგრამ ამ იდიოტობას მე ვერ დავეთანხმები.

ამას წინათ ვასილ მაღლაფერიძემ გამაკრიტიკა, რაც ჩემთვის დიდი პატივია, რადგან მაღლაფერიძე ჩვეულებრივ გარეწრად მიმაჩნია და მისგან კრიტიკა უკეთესია, ვიდრე ქება-დიდება, ჩემგან დაიცვა ერეკლე მეორე. ის კი არ თქვა, რომ ერეკლესთან ჩემ გარდა ნიკოლოზ ბარათაშვილსაც აქვს პრეტენზიები და საერთოდ, რომ ჩვენ პრეტენზიები სწორად გვაქვს. მან ჩააბარა რუსეთს ჩვენი დამოუკიდებლობა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. გასაგებია, რომ ერეკლე კარგი მეომარი იყო, მაგრამ ეს იყო შეცდომა, თუ დანაშაული არა.

ახლა კი გვეუბნებიან, რომ თურმე ერეკლე იმითაა კარგი, რომ უნდა დანებდე, უნდა ჩაბარდე, სამარცხვინო ტრაქტატი უნდა დაწერო და ასე შემდეგ.

ქართველი ხალხი კი ამბობს, რომ უკრაინისკენაა, მაგრამ იმის გამოც კი არ შეუძლია უთხრას საყვედური, ჩვენი გმირები გმირთა სასაფლაოზე რომ არ იკრძალებიან. ამის უნარიც არ აქვს ახლა ქართველ ხალხს, ამიტომ მართალი გითხრათ, ცოტა ფარისევლური მგონია ეს ლაპარაკიც.

ჩვენ უნდა გვიყვარდეს თავისუფლება. ამ თავისუფლებისთვის თუ სისხლიცაა დასაღვრელი, დავღვრით. აგერ ჩვენმა პოეტმა თქვა „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო“. ჩვენ ეს პოეტი მთაწმინდაზე დავკრძალეთ, მე მგონი, ამ სიტყვების გამო.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ქართველ ხალხს საამაყო არაფერი აქვს და ჩვენი მხარდაჭერილი უკრაინაც არის არა ბოლომდე მხარდაჭერილი. თუ მხარს უჭერ, მაშინ ის მთავრობა, რომელიც გეუბნება, რომ ახლა ჩვენი მთავარი მტერი უკრაინაა, არ უნდა იყოს საქართველოში.

  • ღარიბაშვილი ძალიან ხშირად ახსენებს „მშვიდობას“. ცოტა ხნის წინ კიდევ თქვა, რომ ხელისუფლება „გრძელვადიანი მშვიდობისთვის“ ემზადება, რა გზავნილს ხედავთ პირადად თქვენ ამ ტერმინში?

მე ძალიან სახიფათო შინაარსს ვხედავ ამ სიტყვებში. რას ნიშნავს „გრძელვადიანი მშვიდობა?“, საქართველო რომ წაიღოს რუსეთმა, მაშინაც მშვიდად ვიქნებით? რუსები სამაჩაბლოს რომ მიიტაცებენ, მაშინაც მშვიდობა გვექნება? მთავარია, ეს ხელისუფლება არ გაგრძელდეს ხანგრძლივად, დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

  • ეს როგორ უნდა მოხდეს?

უკრაინამ უნდა მოუგოს რუსეთს ანუ უნდა შესრულდეს მთელი მსოფლიოს ამოცანა. ირაკლი ღარიბაშვილის ამოცანა ეს არ არის, რადგან ბიძინა ივანიშვილს უნდა რუსეთმა მოიგოს ომი, იმიტომ, რომ მან ასე გათვალა, ახლა უნდა, რომ სწორი აღმოჩნდეს, ჰგონია, რომ ის არის სტრატეგოსი.

არც ივანიშვილი, არც ღარიბაშვილი და კობახიძე არ არიან სტრატეგოსები, სამი სულელი კაცია ომის საკითხების შეფასებაში. მათ ჰგონიათ, რომ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ რუსეთს რამე რესურსი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს გარეშეც ვერ უგებდა უკრაინას და მსოფლიოსთან ერთად რა უნდა უქნას ახლა. რუსეთი დამარცხდება და რუსეთთან ერთად დამარცხდება ყველა მისი პირდაპირი, ღია თუ ფარული სატელიტი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი.

თუმცა ივანიშვილს ამ გამარჯვებამდე კიდევ შეუძლია ისე გააფუჭოს სიტუაცია, რომ ვერ მიიღოს ევროპის კანდიდატობა საქართველომ და მიიღოს უკრაინამ.

  • ამას რა გამოასწორებს?

ამას გამოასწორებს ის, რომ ახალი ხელისუფლება ხელახლა მიმართავს ევროპას გაცილებით უკეთესი და უფრო ჭკვიანური პასუხებით. ახლა ჩვენ არც კი ვიცით, რა უპასუხეს ევროპას. შესაძლოა ისეთი პასუხები იყოს გაცემული, რომ დაჭერებიც აღარ იყოს საჭირო, ისე მივიღოთ უარი.

თუ ღარიბაშვილმა ჩაწერა, რომ „იდეალური სასამართლო სისტემა გვაქვს“, გასაგებია, რომ იმ ქაღალდს დაგვახევენ თავზე. ჩვენ უნდა ვთქვათ, როგორ ვასწორებთ ცუდს და თუ ვამბობთ, რომ კარგია და ვჯიუტობთ ევროპასთან, არავინ მოიკლავს ჩვენ გამო თავს.

  • მაშინ გამოდის, ქვეყნის კანდიდატობა ისევ წლებით გადაიწევს?

არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს წლები, ჩვენ გვექნება შანსი, თუ გამოვასწორებთ მდგომარეობას. თუმცა „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რაც გასდის.

ახლა მთავარი დამნაშავე ჩვენი ქვეყნის წინაშე ქართველი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელმაც იცის რა ნაგავთან აქვს საქმე და კვლავ აგრძელებს მათ მხარდაჭერას. „აბა, მიშა გინდათ?“, „აბა, ომი გინდათ?“ – ამ ლოგიკით ჩვენ  ყველაზე ცუდ მეფედ დავით აღმაშენებელი უნდა გამოვაცხადოთ – გაბედა და დიდგორის ომი მოიგო. ვის ვუსმინო და ვის დავუდგა ძეგლი, ირაკლი კობახიძეს თუ დავით აღმაშენებელს?

საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რამდენი სისხლი დაჯდა, აი, ამ ხალხს იგდებს ვიღაც ვიგინდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ომში ფული დაეკარგება და ამიტომ ურჩევნია ეგრეთ წოდებული „მშვიდობა“.

ილიას „მგზავრის წერილები“ მარტო მე მასწავლეს სკოლაში, ივანიშვილი არ სწავლობდა? კარგი მოსწავლე იყოო და ალბათ იცის, რა თქვა ილია ჭავჭავაძემ ცარიელ მშვიდობასთან დაკავშირებით. თუ მართლა სვამს ვინმე ამ კითხვას, – თავისუფლება თუ მშვიდობა, მე ვეტყვი, რომ თავისუფლება უდრის ყველაფერს. თუ თავისუფლება არ არის, მშვიდობა არაფერია.

  • თქვენ ახსენეთ ხალხის პასუხისმგებლობა. თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარს ეტყვიან, ამაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება – ხალხს თუ ხელისუფლებას?

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მარტო ვერ იქნება დამნაშავე. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხსაც, რადგან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ დავიმსახურეთ.

ამ ხალხის არჩეულია ბიძინა ივანიშვილი და ათი წელი თუ არ ეყოთ იმის გასაგებად ივანიშვილი კარგია თუ ცუდი, ასე შეიძლება 40 წელიც გავიდეს და მაინც ვერ გაიგონ.

ივანიშვილს ჯანმრთელობაც უწყობს ხელს, ათ საათზე სძინავს, არ სვამს, ვარჯიშობს, ხეებს ეხუტება, ასე, რომ მაგის შანსი, რომ ბიძინა ბუნებრივი გზით გამოგვეცლება ხელიდან, არ გვაქვს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ვინც არ ვეთანხმებით მის პოლიტიკას, უფრო აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ იმას, რომ არ გვყავდეს ეს ხელისუფლება.

  • გვარამიას დაკავება განიხილება, როგორც „მთავარი არხის“ გაჩერების პერსპექტივა. თავად გვარამიაც საუბრობდა ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებზე. გამოძიება დაწყებულია სხვა ტელევიზიების მენეჯერების წინააღმდეგაც. რამდენად შესაძლებელია საქართველოში ავტორიტარიზმის ან დიქტატურის დამყარება?

შეიძლება მივიღოთ მედიამენეჯერების მასობრივი დაპატიმრებები, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დაახლოებით ის ხედვა, რაც რუსეთმა გააკეთა მედიასთან დაკავშირებით და ცდილობს ამ კურსით წავიდეს, ანუ გააჩეროს ტელევიზიები. გვარამიას დაპატიმრებით პოტენციალს აკლებს ტელევიზიას, მაგრამ „მთავარს“ მაინც ვერ გააჩერებს.

რაც შეეხება დიქტატურას და ავტორიტარიზმს, მეტისმეტად გადაჭარბებულია წარმოდგენა ივანიშვილზე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მას დიქტატურის დამყარება შეუძლია. ივანიშვილს ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც თვალს ხუჭავს ბოროტებაზე, აი, ეს არის აქ, მაგრამ ივანიშვილი დიქტატორი ვერ გახდება, რადგან საქართველო სადიქტატორო ქვეყანა არ არის.

სადღაც, რომელიღაც ეტაპზე ქართველი ხალხი ხმას ამოიღებს და ის ხალხი, რომელიც ვამბობ, რომ ივანიშვილის ამომრჩეველია, უტვინოები კი არ არიან, უბრალოდ უსინდისოები არიან. მაგრამ როცა მათ ოჯახშიც შევლენ, მერე მიხვდებიან. ჩვენ ვინანებთ, რომ ათი წელი ეს არარაობა დავისვით თავზე. ვინანებთ და ეს მომენტი დადგება.

მთლიანობაში, საქართველოს ბედი ექნება, არ დაიღუპება ეს ქვეყანა. „ვეფხისტყაოსანი“ არ იწერება შემთხვევით ქვეყნებში, ბიძინა ივანიშვილი მოდის ხოლმე შემთხვევით, ეგეთი რამ შეიძლება მოხდეს.

საქართველოში არაფერი მიკვირს, რადგან ჯავახიშვილი გააგდეს და მის ნაცვლად ფილიპე მახარაძე იყო უნივერსიტეტის რექტორი. ასე, რომ ამ ქვეყანას ყველაფერი აქვს ნანახი. ბიძინა ივანიშვილების მეტი რა გვინახავს.

  • რას ელოდებით საქართველოსთვის უკრაინის ომის ორივე სცენარში: უკრაინა იმარჯვებს – რა იცვლება საქართველოში? რუსეთი თუ იმარჯვებს – რა ხდება საქართველოში?

მარტო უკრაინა არ იმარჯვებს, დასავლეთი იმარჯვებს, ევროპული იდეოლოგია იმარჯვებს ამ ომში. რუსეთის დამარცხება კი ნიშნავს ევროპის გამარჯვებას, რაც ასევე ნიშნავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გამარჯვებას აი, იმ იდეაზე, რომ „მშვიდობა“ გვირჩევნია თურმე ყველაფერს, რომელსაც სულ ტყუილად ამკვიდრებენ.

მშვიდობას მაინც ვერ შეინარჩუნებენ, თუ რუსეთი სამხრეთ ოსეთს მიიერთებს. საქართველო რომ იტყვის, „რა მოხდა მერე“, „ოღონდ მშვიდობა იყოს და ოსეთი კი არა, კიდევ გავატანოთ სხვა რამეო“ – ასეთ ხელისუფლებას ქართველი ხალხი ვერ გადაიტანს.

ბიძინა ივანიშვილმა მოსვლისთანავე სცადა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოსინჯა ნიადაგი, მაგრამ გაირკვა, რომ ეს შეუძლებელია. მოსინჯა, ეს უკვე ნიშნავს რომ იდიოტია, რადგან საქართველოში ასეთი ნიადაგი არ უნდა მოესინჯა. ამას როგორც ყურმოკრულ ამბავს არ გეუბნებით, პასუხისმგებლობით გეუბნებით, მოწმე ვარ, პირადად შემიძლია დავადასტურო. დიახ, დააპირა.

თუ რუსეთი მიიერთებს სამაჩაბლოს, ჩვენ, ქართული საზოგადოება, ამას ვერ გავატარებთ. ამ შემთხვევაში დადგება კრიზისი. ივანიშვილს თუ პუტინის იმედი აქვს, სულ ტყუილად, რადგან პუტინი კარგი პარტნიორი არ არის, ბიძინაც ფეხებზე ჰკიდია და ყველაფერი, თავისი რუსული იმპერიული ამბიციების წინაშე. ოსეთს მაინც მოპორტნის და წაიღებს.

  • დამარცხების მიუხედავად?

რა თქმა უნდა. დამარცხება რომ არ ჩანდეს. ჩანდეს, რომ ყველგან იმარჯვებს. აფხაზეთი უბრალოდ თვითონ არ მიდის ამაზე.

ივანიშვილი არ არის არც რუსეთის, არც ევროპის და არც არავის, ის არის თავისი ფულის მონა. აგერ ხალხმა თქვა, რომ ბიძინას ფულის გამო აქციებს მოვაწყობთო. ასეთი რამ არსად მსმენია, რომ ხალხი ოლიგარქის ფულის დასაცავად გამოვიდეს. თუ ეს მართლა მოხდა, არ ვიცი, ასეთ ხალხს რაზე შეიძლება ელაპარაკო.

  • გვარამიაზე მინდა გკითხოთ ისევ. მან კი თქვა დაპატიმრებამდე, ჩემი შეწყალება არ სთხოვოთ პრეზიდენტსო, მაგრამ მაინც – სალომე ზურაბიშვილის შესაძლებლობებს აღემატება თუ არა გვარამიას შეწყალება?

მიუხედავად იმისა, რომ გვარამიამ თქვა, არ მიმართოთ ზურაბიშვილსო, დაჭერილი არ იყო, 15 წუთში მისი პარტიის მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ თქვა, ახლა უნდა გამოიჩინოს თავი და ეს მაინც შეიწყალოსო.

დარწმუნებული ვარ, რომ არც მიხეილ სააკაშვილი, არც გვარამია ბოლომდე არ მოიხდიან სასჯელს. პუტინმა ომი წააგოს და პუტინის საძულველი სააკაშვილი კიდევ ციხეში იჯდეს, ამის არ მჯერა.

სააკაშვილის შემთხვევაში ისედაც კრიტიკულია მდგომარეობა და ისედაც გასათავისუფლებელია. ასევე ვფიქრობდი ნიკა მელიაზეც და სწორი აღმოვჩნდი, ადრე თუ გვიან ასე იქნება. გვარამიას გათავისუფლება უფრო ადრე იქნება, რადგან მედიის მიმართ ასეთ ქმედებებს მსოფლიო განსაკუთრებულად ვერ იტანს ხოლმე.

  • გამოდის, საქართველოს მომავალი მთლიანად უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული?

დიახ, ამიტომ უნდა დაგვეჭირა მხარი უფრო სერიოზულად, ვიდრე ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ.

უნდა ჩაგვეკეტა ცაც, რომელიც ომს არ იწვევს, უნდა შევერთებოდით აქციებს იმ ნაწილში, რომ არ ვვაჭრობთ. იქ, სადაც ბევრი ქვეყანა შეიკრიბა [უკრაინაში], ჩვენ არ ვიყავით. საქართველოს ხელისუფლებას ამ დანაშაულს მომავალი თაობები ვერ აპატიებენ. არ შეიძლება მეგობარს ყველაზე მთავარ მომენტში უღალატო.

„ზელენსკი მოგწონთ?“ რომ გვეკითხებიან, მე კი არა, მთელი მსოფლიოს ვარსკვლავია ზელენსკი და აბა, ირაკლი ღარიბაშვილი მომწონდეს?!

ერთხელ ჰოლანდიაში ვიყავი და როცა  პრემიერ-მინისტრი ველოსიპედით მოვიდა, ვუთხარი, რა მაგარია, ველოსიპედით რომ მოხვედით-მეთქი.

მაშინ მითხრა, თქვენს პრემიერს რომ შევხვდი, მითხრა, „ხომ იცი, მე ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ვარო“. თქვენი პრემიერ-მინისტრი იდიოტია, ახალგაზრდა კი არის, მაგრამ რისი ლიდერიაო – მითხრა. მაშინ ღარიბაშვილი პირველად იყო პრემიერი. როგორია, უცხოელთან შეხვედრაზე რომ ხარ და ამას ისმენ.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იდიოტი გვყავს პრემიერად. ისიც იციან, რომ ჩვენი ხელმძღვანელი ბიძინაა, ამიტომ ირაკლის იდიოტობა არაფერს არ აშავებს, რადგან ვიცით, რომ ბიძინას პოზიციაა ქვეყნისთვის მავნე.

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა მაფიქრებინებს, რომ მომავალში მისაღები გვექნება კანონი – ოლიგარქებს პოლიტიკაში მოსვლა აეკრძალოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: