მთავარი,სიახლეები

აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

12.05.2021 • 5216
აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

„მომვლელი აღარაა ვინმე, ეს არის პრობლემა,“ – ამბობს ზურაბ აბაშიძე, რომელიც ხულოში, სოფელ კალოთაში ცხოვრობს და რქოსანი პირუტყვი აღარ ჰყავს. დაახლოებით 10 წლის წინ მის ოჯახს ბევრი ძროხა ჰყოლია, ცხვარი და თხაც. ზურაბ აბაშიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მაღალმთიან სოფელში პირუტყვის გარეშე დარჩა.

„მიზეზი ისაა, რომ ჩემი ცოლი არ ჩადიოდა ბოსელში, არ შეუძლია საქონლის მოვლა, ძროხას მიხედვა უნდა, ნაწველს დამუშავება, აქ ვიზამდი რამეს, მარა ზაფხულში როცა მთაზე უნდა წაიყვანო, მე ხომ მემთეური ვერ გავხდები?“ – კითხულობს ზურაბ აბაშიძე და ნანობს, რომ საქონელი აღარ ჰყავს.

ზურაბ აბაშიძე საკუთარი ავტომანქანით კერძო შეკვეთებზე დადის, მისი მეუღლე კი სკოლის მასწავლებელია.

„ადრე დედაჩემი წველიდა, უვლიდა, მაგას რა ჯობდა, როცა საქონელი გყავს… მინიმუმ 15 სული საქონელი ყოველთვის გვყავდა, 15-ს ვამბობ, თორემ იმას თავისი კამეჩი, ხბოები, ცხვარი მოსდევდა – ყველაზე ცოტა 4-5 ძროხა გვყავდა, თხა – 10-12 სული მაინც. ჩემს სოფელში ბევრს აღარ ჰყავს. ვისაც ჰყავს, იმანაც რაოდენობა შეამცირა. თუ მოუვლი და შეგიძლია, მაგას რა ჯობია? ადრე გასაღებაც პრობლემა იყო და ახლა მარტო ჩემს სოფელში რომ ამოდიან ქალაქიდან, იგენს რომ მიჰყიდო, გეყოფა. ახლა ყველიც ძვირია, რძე და ხორციც.

მიზეზი სხვადასხვაა: ზოგი თურქეთში გადადის სეზონურად და იქ მუშაობს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი აქ აღარ ცხოვრობს და ქალაქში მიდიან, მოხუცებს აღარ შეუძლიათ იმდენის მოვლა, რამდენიც ახალგაზრდობაში,“ – გვიყვება ზურაბ აბაშიძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლებში ინტენსიურად მცირდება ქვეყნის მასშტაბით რქოსანი პირუტყვის მაჩვენებელი – 2011 წელს ქვეყანაში 1 მილიონ 870 600 საქონელი იყო აღრიცხული, 2019 წელს – 869 500 სული. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით პირუტყვის რაოდენობა რვა წლის განმავლობაში 218 000 სულით, ანუ 1/5-ით შემცირდა.

რაც შეეხება აჭარას, 2011 წელს ამ რეგიონში 87 700 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, 2019 წელს კი, ეს მაჩვენებელი 53 600-მდე შემცირდა. შესაბამისად, აჭარაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 1/3-ით შემცირდა.

ამავე წლებში ცხვრის რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ აჭარის რეგიონში ამ მონაცემს ცალკე აღარც ითვლიან და ის ამ კატეგორიაში ერთიანდება: „დანარჩენი რეგიონები“.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ბოლო ორი წლის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

რატომ აღარ უღირთ აჭარის სოფელში პირუტყვის ყოლა? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ რამდენიმე სოფლის რწმუნებულს დავურეკეთ ხულოში. მაგალითად, ხიხაძირის თემში ხულოს მერის რწმუნებულმა გურამ ხალვაშმა გვითხრა, რომ მის ოჯახსაც წლების წინ მინიმუმ 20 – 22 სული საქონელი ჰყავდა.

„ახლა გვყავს მხოლოდ 3, მეტი არა, 24 საათი მოვლა უნდა პირუტყვს, თურქეთში რომ წახვალ და იმუშავებ, რომ დაბრუნდები, ის [პირუტყვი] აღარ დაგხვდება. სამუშაოდაც დადის ხალხი, ესეც არის კი, მაგრამ უფრო სიზარმაცეა, აღარ უნდა ხალხს საქონლის მოვლა,“ – გვითხრა გურამ ხალვაშმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: