მთავარი,სიახლეები

მოქალაქემ ბათუმში აქცია გაუმართა მოსამართლეს – „კონსტიტუციის მტერი“

15.05.2023 • 1384
მოქალაქემ  ბათუმში აქცია გაუმართა მოსამართლეს – „კონსტიტუციის მტერი“

„მარიონეტი მოსამართლე ალ. გოგუაძე კონსტიტუციის მტერი“ – ეს ტრანსპარანტი ჩამოიკიდა გულზე დღეს, 15 მაისს, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძემ და ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა.

მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ პროტესტის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს.

ვაჟა თავართქილაძე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული დროებითი განცხადებისთვის – ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი 1000 ლარით დააჯარიმეს. დღეს, ერთკაციან აქციაზე, სასამართლოსთან ვაჟა თავართქილაძემ ზურგზე ეს განცხადებაც გაიკრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 28 აპრილს მიიღო, თუმცა იგი წერილობითი სახით ამ დრომდე ვაჟა თავართქილაძეს არ ჩაჰბარებია.  სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქემ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, იმავე საშაურმის ვიტრინაზე იმავე ფორმის განცხადება გამოაკრა, ამჯერად სხვა შინაარსით: ვაკანსია მეშაურმის პოზიციაზე. მუნიციპალურმა ინსპექციამ ეს განცხადება 10 დღე არ შეიმჩნია.

„მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ უნდა გვქონდეს არაფერზე. სასამართლომ თქვა, რომ პროტესტი არ უნდა იყოს გამოხატული არც ერთი ფორმით, პროტესტი თუ არის, მხოლოდ მისი გამოხატვა სახლში, გულში ან ჩანაფიქრში, ეს პროტესტი არ არის,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია ვაჟა თავართქილაძის ინტერესებს იცავს.

მოქალაქემ კი მოსამართლეს პროფესიული დღე მიულოცა და დასძინა:

„მისთვის საჩუქარი მაქვს: მგონი, ვეღარასოდეს ეღირსება ისიც ამერიკაში გამგზავრებას, სამაგიეროდ, ორი ბილეთი მაქვს მისთვის რუსეთში, ციმბირის ტრამალზე სასეირნოდ“.

მოქალაქემ სასამართლოსთან კიდევ ერთი ტრანსპარანტი გამოფინა – „ჩვენ გვშია, ჩვენ მუშაობა გვინდა, ჩვენ არსებობა გვინდა“.

„ეს განცხადება მანამდე გვქონდა გამოკრული საშაურმესთან, ვიდრე მექნებოდა ის წარწერა: ბათუმის ზონდერი მერი. მაგრამ ამაზე რეაქცია მერიას არ ჰქონია. ჩვენ ვითხოვდით საშაურმის წინ ტროტუარის ერთი მეტრით სარგებლობას, ამ უფლებით სარგებლობს ძალიან ბევრი კაფე და რესტორანი. სარგებლობს კი არა, ველოსიპედს ვიყენებ და ბევრგან გავლაც კი შეუძლებელია,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე.

„ვუთხარი, ყველას მექსიკის საზღვარზე ნუ გაგვიშვებთ-მეთქი. ვიხუმრესავით და ის გაბრაზდა. თქვენ ახლა პოლიტიკაში გადადიხართ და ვნახოთ, რას მოიგებთო…“, – იხსენებს ვაჟა თავართქილაძე საშაურმის წინ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას, რომელიც მანამდე შედგა, ვიდრე მოქალაქე გამოაკრავდა განცხადებას – „ბათუმის ზონდერი მერი“.

„…ღამით მოვარდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან და აყარეს ყველაფერი, დაგვიზიანეს ძვირადღირებული ნარგავები, ეს იყო ველურობა, ძალადობა, დედოფალივით კვიპაროსები მედგა ქუჩაში და დამილეწეს… მაშინ გამოვაკარი ეს განცხადება შენობის შიგნიდან, ქალაქის მერი ზონდერია-მეთქი,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე.

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადების ვიტრინაზე გამოკვრისთვის ბიზნესმენი დააჯარიმა, რაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კანონიერად მიიჩნია.

ვაჟა თავართქილაძეს მუნიციპალურ ინსპექციაში უთხრეს, რომ მისი ნივთების წაღება შეუძლია, თუმცა მოქალაქე შენიშნავს იმასაც, რომ მისი ნივთების წაღების დროს არავითარი აღწერა არ ჩატარებულა – რა წაიღეს. „უნდა ჩართულიყვნენ ამაში შესაბამისი პირები და შედგენილიყო ოქმი… საწყობში მითხრეს, აგერ ყრია, ვისაც გინდათ, მოაშორეთ, წაიღეთო, არავითარი საბუთი: რა წაიღეს, რას მიბრუნებენ“, – დასძინა ვაჟა თავართქილაძემ.

„არათანაბარი მიდგომა და შერჩევითი სამართლის პრინციპები აქვს ბათუმის მერიას,“ – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი.

ბათუმის მერიას ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვებზე: რატომ დააჯარიმეს საშაურმე განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი“, როცა იმავე საშაურმის იმავე ადგილას ანალოგიური ფორმის სხვა განცხადებისთვის საშაურმე არ დაუჯარიმებიათ? რატომ დაჯარიმდა საშაურმე, როცა განცხადებები და წარწერები არაერთ სხვა სავაჭრო ობიექტის ვიტრინაზეცაა გამოკრული? რატომ ჩამოართვეს მოქალაქეს ტროტუარზე დატოვებული მცენარეები, როცა მას მისი აღებისთვის დრო ჯერ კიდევ ჰქონდა?

მოსამართლეს 28  აპრილიდან დღემდე არ დაუწერია დასაბუთება, რატომ მიიჩნია მან მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება კანონიერად.

ამ თემაზე:

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: