სიახლეები

მოხალისეობის კულტურის პოპულარიზების მიზნით, ბათუმში რეგიონული ფორუმი გაიმართება

17.05.2023
მოხალისეობის კულტურის პოპულარიზების მიზნით, ბათუმში რეგიონული ფორუმი გაიმართება

მოხალისეობა  სხვების უანგაროდ დახმარებას გულისხმობს. მოხალისე არის ფიზიკური პირი, რომელიც დროსა და ენერგიას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის კეთებაში ხარჯავს. თუმცა მოხალისეებისა თუ მათი მიმღები ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობამ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის.

სწორედ ამიტომ, 2023  წლის 19  მაისს, „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონული  ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის“ გაიმართება, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საქართველოში მოხალისეობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

ფორუმზე სტუმრებს წარუდგენენ აჭარის რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებს და  დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობას შესთავაზებენ.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში მუშაობა მოხალისედ დავიწყე და ამან ძალიან ბევრი ცოდნა და გამოცდილება მომცა,“ –  ამბობს მარიკა ზაქარაძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის მენეჯერი.

მისივე თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები ამ ფორუმზე აღმოაჩენენ  ახალ შესაძლებლობებს როგორც მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად, ისე  გამოცდილების მისაღებად.

ფორუმის მიზანია, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ასევე მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები, მოხალისეები, აქტივისტები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

გამოფენაზე ბათუმის ახალგაზრდული საბჭო, მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აუდიტორიას განხორციელებულ საქმიანობას  გააცნობს.

ფორუმი იმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით.

 


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: