მთავარი,სიახლეები

ექნება თუ არა ბახმაროს წყალი და კანალიზაცია

17.05.2023 •
ექნება თუ არა ბახმაროს წყალი და კანალიზაცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს, რაც 4 წლის წინ დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი პროექტებიც არ არის მზად.

მიუხედავად პროექტების არარსებობისა, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია „კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში [გზშ]“, რომლის საჯარო განხილვაც ჩოხატაურის მერიის შენობაში 2023 წლის 15 ივნისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.

გზშ-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ

  • „კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია გეგმავს ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების ქსელის, მაგისტრალური კოლექტორისა და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.
  • პროექტის განხორციელებით თავიდან იქნება აცილებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ასევე ნიადაგის დაბინძურება. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სანიტარული მდგომარეობა. პროექტის განხორციელება დადებით ზეგავლენას იქონიებს ტურისტული თვალსაზრისით.“

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „კურორტის ადგილობრივი მოსახლეობა 650 ადამიანი [217 კომლი] ზამთრის, შემოდგომა, გაზაფხულის სეზონზე ბარში ჩამოდის დაბა ჩოხატაურში და მიმდებარე ქვედა ზონის სოფლებში. ზაფხულის 3 თვეში კი, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა, 2050 წლის პერსპექტივით, 15 000 იქნება“.

გზშ-ს მიხედვით, ბახმაროში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა ითვალისწინებს საკადასტრო ნაკვეთების საზღვრებს და დაუშვებელია, რომ ქსელის კოლექტორებმა ან მილსადენებმა გადაკვეთოს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები.

უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო ტერიტორიიდან დაცილებულია 650 მეტრით. „ამიტომ მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება საწარმოდან 500 მეტრ მანძილზე“.

„წყალარინების წყლის დამუშავება მოხდება მდინარეში წყლების ჩაშვების ევროკავშირის და საქართველოს გარემოს დაცვის რესურსების სტანდარტების შესაბამისად. სარემონტო სამუშაოების ან დენის შეწყვეტის შემთხვევაში მიღებულია სათადარიგო ხაზის ამუშავება და დიზელ-გენერატორის ავტომატური ჩართვა ობიექტის ენერგიით მოსამარაგებლად, რაც განაპირობებს გამწმენდი ნაგებობების ტექნოლოგიური ციკლის მდგრადობას“ – აღნიშნულია გზშ-ს დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელს შეადგენს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რა დრო დასჭირდება მთლიანად საკანალიზაციო ქსელის მოწყობას.

საკანალიზაციო ქსელი კურორტს 100 პროცენტით უნდა მოემსახუროს. გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით, ქსელზე 3 752 სახლი დაერთდება.

ნახეთ სახლების რაოდენობა უბნების მიხედვით: 

წყარო: გზშ-ს დოკუმენტი

„კურორტ ბახმაროს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის“ შეძენაზე წყალმომარაგების კომპანიას ტენდერი 2019 წელს 750 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა მზად თუნდაც ცალკე კანალიზაციის სისტემის დეტალური პროექტი, რაზედაც გზშ მოამზადეს და საჯაროდაც უნდა განიხილონ – უშუალოდ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, როგორც კომპანიაში გვითხრეს, გზშ არ სჭირდება.

„ამ ეტაპზე კომპანია ბახმაროში შესვლას არ გეგმავს. ლანდშაფტი არ გვიწყობს ხელს. თუმცა პროექტირების მიზნით გამოსავალს ვეძებთ. რაც შეეხება დაგეგმილ თუ მიმდინარე სამუშაოებს, ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ“ – გვითხრეს დღეს, 2023 წლის 17 მაისს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

კომპანიის ვებგვერდზე კი ბახმაროს წყალმომარაგება თუ წყალარინება არც დაგეგმილი სამუშაოების ნუსხაშია და არც მიმდინარე თუ დაგეგმილ საპროექტო სამუშაოთა ჩამონათვალში.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

10 მაისის მდგომარეობით, ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურადან კურორტ ბახმარომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, ჩოხატაურიდან ჩხაკოურამდე მონაკვეთში კი, მოძრაობა თავისუფალია.

წელს ზამთარში ბახმაროში ზვავმა 20-ზე მეტი სახლი დაანგრია:

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: