მთავარი,სიახლეები

„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის

03.09.2021 • 10508
„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის

„ეს იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, თუკი პარტიას შეეძლება მუნიციპალური ორგანოების რესურსის გამოყენება… სასამართლომ ხელი უნდა შეუშალოს ამას,“ – უთხრა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა პაატა დიასამიძემ, ვიდრე მოსამართლე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით ახალი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა სათათბირო ოთახში.

დღეს, 3 სექტემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელი განიხილა „ქართული ოცნების“, შპს „ბათუმის წყლის“ და ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიის წინააღმდეგ. დავის საგანია ის, რომ მუნიციპალურმა ორგანომ „ბათუმის წყალმა“, სამსახურის სატვირთო ავტომანქანით, სკამები გადაუზიდა მმართველ პოლიტიკურ პარტიას – „ქართულ ოცნებას“.

ამ ამბის შესახებ პირველად „ბათუმელებმა“ დაწერა 16 აგვისტოს. მაშინ „ქართულ ოცნებასა“ და „ბათუმის წყალში“ პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალეს. მოგვიანებით კი, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ეს ჩვეულებრივი მომსახურება იყო და 10 აგვისტოს შედგენილი ინვოისის წარმოადგინეს.

ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი

„ინვოისის წარმოდგენა წინა რიცხვით თავისუფლად შეიძლება,“ – განმარტა სასამართლო პროცესზე პაატა დიასამიძემ, საია-ს იურისტმა. ის თვლის, რომ საქმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს, ხოლო ფაქტის მედიაში გაშუქების შემდეგ „ბათუმის წყალსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის თვალთმაქცური გარიგება შედგა, თითქოს ნარდობის ხელშეკრულება არსებობდა მომსახურების გაწევაზე და 16 აგვისტოს დაფიქსირებული ფაქტის შემდეგ, 20 აგვისტოს „ოცნებამ“ მომსახურების თანხაც გადაიხადა.

„ამ გარიგების შემდეგ წარმოადგინეს 20 აგვისტოს გადახდის ქვითარი, მაგრამ ვერ წარმოადგინეს სასაქონლო ზედნადები, რომელსაც ვერც წარმოადგენდნენ. ზედნადები მაშინვე უნდა გაფორმდეს, როცა მომსახურების გაწევა ხდება და აიტვირთოს rs.ge-ზე. ეს არ მომხდარა და ფაქტის მედიაში გასაჯაროების შემდეგ ამ დოკუმენტს ვეღარ შექმნიდნენ,“ – მიმართა მოსამართლეს პაატა დიასამიძემ.

„ადგილი ჰქონდა მხოლოდ მომსახურებას…“ – საია-ს იურისტებს გამოხედა „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძე. – „მესაკუთრე არის მერია, მაგრამ საქმიანობაში აბსოლუტურად დამოუკიდებელია „ბათუმის წყალი“… ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალება, რომ სატრანსპორტო მომსახურება გავწიოთ და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მომსახურების მიმღები სუბიექტი.“

სასამართლო სხდომაზე „ბათუმის წყლის“ იურისტს არ განუმარტავს, რატომ ვერ წარმოადგინა კომპანიამ ზედნადები, თუკი „ქართულ ოცნებას“ თანხის სანაცვლოდ მოემსახურა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, „ბათუმის წყლის“ იურისტმა გვითხრა, რომ ზედნადები არ გაფორმებულა, რადგან ეს სავალდებულო არ არის.

„შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა შემთხვევა, როცა ავეჯის გადაზიდვის სერვისით მოემსახურეთ?“ – მიუბრუნდა „ბათუმის წყლის“ წარმომადგენელს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

„ეს არ იყო ავეჯის გადაზიდვა,“ – ბრაზი დაეტყო „ბათუმის წყლის“ იურისტ შალვა ფხალაძეს. – „თქვენ დაარქვით ავეჯის გადაზიდვა ამას და საქილიკო გახადეთ ეს თემა…“ – თქვა მან და შემდეგ მოსამართლეს მიუბრუნდა: „გაუგებარია, კონკრეტულად სად დაინახეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აღნიშნა შალვა ფხალაძემ.

„ეს რომ ყოფილიყო ფასიანი მომსახურება, მაინც იქნებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან „ბათუმის წყალი“ არის ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული შპს,“ – უთხრა მოსამართლეს საია-ს კიდევ ერთმა იურისტმა, მირზა მამულაძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნარდობის ხელშეკრულება თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გაწევამდე უნდა გადაიხადოს სუბიექტმა ფული.„ეს სქემა კი, რაც შემოგვთავაზეს, აჩენს ეჭვებს“, – დასძინა საია-ს იურისტმა, მირზა მამულაძემ.

„ანუ თქვენ გაქვთ ეჭვები?“ – მოსარჩელეებს მიმართა მოსამართლემ იმის ხაზგასასმელად, რომ საუბარი ეჭვზეა – „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. საია-ს იურისტებმა მოსამართლეს ერთხმად უთხრეს, რომ ეჭვს ლოგიკურად აჩენს გარემოება, როცა მუნიციპალური ორგანო ზედნადებს ვერ წარმოადგენს სკამების პარტიულ ოფისში მიტანის შემდეგ, ხოლო ფაქტის მედიაში გასაჯაროების შემდეგ პარტია მომსახურების ფულს იხდის. საპირისპირო მტკიცება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

„მომსახურება გაუწიეს, შეადგინეს ინვოისი და გადაიხადეს ქვითარი, დანარჩენი „ბათუმის წყლის“ შიდა სამზარეულოა,“ – მარტივი გამოსავალი იპოვა ბათუმის საოლქო კომისიამ. რეალურად ეს კომისია უნდა აფასებდეს ობიექტურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს. სასამართლომდე კომისიამ თქვა უარი საია-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

„შეგიძლიათ სარეკლამო საქმიანობაც განახორციელოთ? მაგალითად, არჩილ ჩიქოვანს ახლა რეკლამა სჭირდება, გააკრავდით მის პლაკატს „ბათუმის წყლის“ ავტომანქანაზე?“ – ისევ დაუსვა კითხვა „ბათუმის წყლის“ იურისტს პაატა დიასამიძემ.

„სარეკლამო საქმიანობას არ ვახორციელებთ,“ – კატეგორიულად მიუდგა საკითხს „ბათუმის წყლის“ იურისტი, შალვა ფხალაძე.

„რატომ, გიკრძალავთ ამას კანონი?“ – კამათი განაგრძო საია-ს იურისტმა.

„რა შუაშია ახლა ეგ?“ – ხმას აუწია „ბათუმის წყლის“ იურისტმა, რომელსაც მოსამართლეც მიეშველა:

„ეს ხომ არაა დავის საგანი, საქმესთან დაკავშირებით იკითხეთ,“ – მხარეების დამშვიდება სცადა მოსამართლემ.

„შუაშია ეს. იმის ახსნას ვცდილობდით, რომ „ბათუმის წყალი“ არაა ჩვეულებრივი შპს და ავეჯის გადაზიდვის სერვისს თუ ახორციელებს, მაშინ სარეკლამო საქმიანობითაც შეიძლება დაკავდეს,“ – გაცხარდა საია-ს იურისტი.

„მეც მაქვს შეკითხვა,“ – საია-ს იურისტებს გამოხედა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, – „თქვენ საუბრობდით დოკუმენტების გაყალბებაზე. ანუ, როგორ ფიქრობთ…“

„დოკუმენტების გაყალბებაზე არა, ვთქვით, რომ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. გაყალბება და თვალთმაქცური გარიგება სხვადასხვა რამეა,“ – მოსამართლეს უპასუხა პაატა დიასამიძემ. დისკუსიის მოსმენის შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას განმარტება არ გაუკეთებია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს.

დღევანდელ პროცესს საერთოდ არ დასწრებია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთი მოპასუხეა.

„შეგვატყობინეს, რომ ვერ მოახერხებდნენ მოსვლას. მეწყრის გამო კონკრეტულ საქმიანობას ახორციელებენ,“ – ეს აღნიშნა მოსამართლემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: