ნეტგაზეთი • RU

„დიახაც, პუტინ ხუილო“ – მოსამართლესთან გაიმეორეს გინება, რისთვისაც 24 ოპოზიციონერი დააკავეს

„გინება სადაა?“- რამდენჯერმე გაუმეორეს კითხვა ოპოზიციონერებმა სამართალდამცველ ვიტალი ზოიძეს, რომელმაც „6 მაისის აქციის დაშლის საქმეზე“ მოსამართლეს სამხრე კამერების ჩანაწერები აჩვენა.

შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ისმის იმ ადამიანების გინება, ვინც სწორედ „უმისამართო გინებისა“ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.

საუბარია 6 მაისს ბათუმში მოწყობილ ანტისაოკუპაციო აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. 6 მაისს, ღამით, პოლიციელებმა კარვები დაშალეს და აქციის 24 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

„პუტინს ისევ შევაგინებ“ – გინება არა, თუმცა გინების შესახებ ეს ისმის მხოლოდ შსს-ს მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში. ეს ფრაზა კი, ბათუმის საკრებულოს წევრს, რეზო ხარაზს უთქვამს დაკავებამდე.

„დიახაც, პუტინ ხუილო და რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა,” – შეზღუდვის გარეშე გაიმეორა ეს ფრაზები მირდატ ქამადაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის წინაშეც. მირდატ ქამადაძე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში და ის სასამართლო სხდომაზე, როგორც იურისტი, დაკავებულების ინტერესებს იცავს.

მირდატ ქამადაძე შსს-ს იურისტს, თეა ლაღიძეს მიუბრუნდა, რომელიც ვიდეოების ნახვამდე ამბობდა, რომ აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს და მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეაგინეს დაკავებულებმა.

„გეთანხმებით, რომ თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ ერთი ფაქტი წარმოგედგინათ მაინც, ვის უფლებას ვარღვევდით? ვინმემ მოგმართათ იქვე სახლიდან ან სასტუმროდან, რომ ჩვენ დავურღვიეთ მყუდროება?“ – ჰკითხა შსს-ს წარმომადგენელს მირდატ ქამადაძემ და მოსამართლეს მოსთხოვა ადმინისტრაციული საქმისწარმოება მოწმეების დაკითხვამდე შეეწყვიტა.

„ჩანს, რომ პოლიციელები რასაც აკეთებენ, არის სიცრუე. რომელი პოლიციელის ჩვენება იქნება ახლა იმაზე უფრო სარწმუნო, ვიდრე ეს ვიდეოჩანაწერებია?“ – მოსამართლეს მიმართა მირდატ ქამადაძემ, თუმცა მან ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი თქვა.

„მოვისმენთ ყველა პოზიციას და შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას“, – დამაჯერებლად სცადა ამის თქმა მოსამართლემ.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმის სახით დაეკითხათ დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

„ის იქ იყო, როგორც ხელმძღვანელი პირი და მითითებებს აძლევდა,“ – ამ არგუმენტით მოსამართლემ მიიჩნია, რატომ არაა თითქოს მნიშვნელოვანი პოლიციის მაღალჩინოსნებმა კითხვებს უპასუხონ.

„ბადრაგირების დროს არ იყო გაძალიანება,“ – აღნიშნა სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ. – „მაგრამ როცა აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა მცირდება, პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს“.

„რატომ იყო ეს საპროტესტო აქცია? მე ანტისაოკუპაციო აქციაზე ვიყავი მისული,“ – მიმართა პოლიციელებს მამუკა ქობულაძემ, ისიც ბათუმის საკრებულოს წევრია ენმ-დან და სიტყვა ითხოვა.

„სკოლაში ისტორიას ვასწავლი და სამოქალაქო განათლებას. ყველა გაკვეთილს ვიწყებ და ვამთავრებ ამ ფრაზით: „რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის მტერი“. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, მათ შორის, იმ მოსამართლეებმაც, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ,“ – მოსამართლეს გახედა მამუკა ქობულაძემ, პაუზის შემდეგ კი, დასძინა, – იმედია, „ალტ-ინფოებად“ არ გადავიქცევით ყველაო.

საინტერესო საკითხი გააქტიურდა ერთ-ერთ მოწმესთან, დავით გვარჯალაძესთან. ის სამთავრობო დაცვაში მუშაობს და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობას იცავს, სადაც პოლიციელებმა 6 მაისის ღამით აქცია დაშალეს.

„კარვების დაშლამდე იქ ლამპიონები ჩაქრა, რატომ მოხდა ასე, თქვენი ინფორმაციით?“ – ჰკითხა მოწმეს მირდატ ქამადაძემ.

„ამის გადამოწმების დრო არ იყო, შიგ შენობაში იყო შუქი,“ – დაბნეულობა დაეტყო სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელს.

„კარავი ედგა გზის სავალ ნაწილზე და მოვუწოდებდი, რომ გადაეტანა კარავი,“ – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა კახაბერ სხალაძემ, რომელსაც დაეტყო, სასამართლო სხდომამდე რომ საგანგებოდ ემზადებოდა ჩვენებისთვის. ის სწრაფად მოჰყვა, რა ხდებოდა 6 მაისის ღამით.

„მაქ მძიმე დასვი,“ – სასამართლო დარბაზიდან ამ წამოძახილს სიცილი მოჰყვა.

„თქვენ ხომ ხელვაჩაურში მუშაობთ, რა გინდოდათ ბათუმში?“ – ჰკითხა ისევ მირდატ ქამადაძემ პოლიციელს.

„გამომიძახეს,“- მოკლედ თქვა მოწმემ. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს შეაგინეს.

„ცრუპენტელა ხართ, თქვენ არ უნდა გეცვათ პოლიციელის ფორმა,“- გაცხარდა მირდატ ქამადაძე და ვიდრე მოსამართლე რამეს იტყოდა, თავად დატოვა დარბაზი რამდენიმე წუთით, წყალს დავლევო.

ჩვენება მისცა სასამართლოს პოლიციელმა  რეზო ხარაზმაც.

„ვის იცნობთ აქედან და რა მოხდა, თქვენ რა ნახეთ?“ – ჰკითხა მოსამართლემ პოლიციელს. მან თქვა, რომ ყველას იცნობს, განსაკუთრებით კი, თავის ბიძაშვილს – რეზო ხარაზს, ბათუმის საკრებულოს წევრს ენმ-დან.

„ერთი ვართ ჩვენ,“ – გაღიმება სცადა პოლიციელმა.

„რას სჩადიოდა თქვენი ნათესავი?“ – მოსამართლე პოლიციელს მიუბრუნდა.

„არ დამინახავს, მე ვეხმარებოდი მხოლოდ ლაშა კომახიძეს, რომელსაც კარავი ჰქონდა გაშლილი სავალ ნაწილზე, დააკავეს და ვეხმარებოდი, რომ მანქანამდე მიეყვანათ,“ – თქვა რეზო ხარაზმა.

სხვა მოწმე პოლიციელებისგან განსხვავებით, რეზო ხარაზმა თქვა, რომ გინება არ გაუგონია, თუმცა გაიგონა, რომ აქციაზე პოლიციელებს „მონებს“ და „ზონდერებს“ უწოდებდნენ.

„თქვენსა და ჩემს შორის შედგა დიალოგი დაკავებამდე?“ – ჰკითხა პოლიციელს ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია ენმ-დან.

პოლიციელის მტკიცებით, მას ლაშა კომახიძისთვის არაფერი უთქვამს.

„ვიდეოს გაყურებინებთ, თქვენ მეუბნებით, რა ჩესტებს ითხოვო,“ – გაცხარდა ლაშა კომახიძეც.

„ეს არაა სიმართლე,“ – თქვა პოლიციელმა.

„პირადი ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მონებს გვეძახდნენ,“ – უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა პოლიციელმა, ოთარ ბასილაძემ.

თითოეულ მოწმეს მირდატ ქამადაძემ სთხოვა ეთქვათ, რომელი კანონის საფუძველზე მოსთხოვეს აქციის მონაწილეებს კარვების გადატანა. პოლიციელებმა ეს ვერ განმარტეს.

მოწმეთა გამოკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

____

ამავე თემაზე:

„ჩაქუჩი დაბლა“ – მოსამართლე გოგუაძემ დაკავებული 24 ოპოზიციონერის საქმის განხილვა შეწყვიტა 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი