მთავარი,სიახლეები

სურამში ხეები 384 კვ.მ ფართობზე დააბეტონეს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

16.05.2023
სურამში ხეები 384 კვ.მ ფართობზე დააბეტონეს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დღეს, 16 მაისს, განცხადება გაავრცელა სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის, ხეების თვითნებურად ჩაბეტონების ფაქტზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ 11 მაისს ბაიანთხევის დასახლებაში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

„ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც შევისწავლით გარემოზე მიყენებულ ზიანს – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლის შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი.

უნდა აღინიშნოს, რომ 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ, ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა“ – წერს გარემოს ზედამხედველობის სამსახური.

15 მაისს სოციალურში ქსელში გავრცელდა ჩაბეტონებული წიწვოვანი ხეების კადრები. მედიის დაინტერესების შემდეგ, ხაშურის მერის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სიტუაციას შეისწავლიდნენ.

დღეს, 16 მაისს, ზედამხედველობის სამსახურმა თავად გაავრცელა კადრები, რომლებზეც ასახულია ჩაბეტონებული ხეების ირგვლივ საფარის აყრის პროცესი. თუმცა ზედამხედველობის სამსახური არ აკონკრეტებს, ვისი ხარჯით მიმდინარეობს ბეტონის აყრა აღნიშნული ტერიტორიიდან.

ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში მასალა განახლდება. ზედამხედველობის სამსახურში ჯერჯერობით „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: