გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, 17 მაისს, აღინიშნება.
„ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.
ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.
ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა“- ნათქვამია განცხადებაში.
აქვე საუბარია ახალმიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებზე, კერძოდ: საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია, „რომლებიც არ შეიცავენ მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.
„ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები.
ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას, გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული უწყებები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, დაიცვან ადამიანის უფლებები და ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად“-ვკითხულობთ განცხადებაში.
_____________
ფოტო არქივიდან.