მთავარი,სიახლეები

რა გადაწყვიტა მოსამართლემ „ბათილი ბიულეტენის საქმეზე“

05.11.2021
რა გადაწყვიტა მოსამართლემ „ბათილი ბიულეტენის საქმეზე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა ბათუმში ბათილი ბიულეტენის ნამდვილად მიჩნევაზე.

საუბარია ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევაზე – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანს, კომისიამ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული. საოლქო საარჩევნო კომისია ამ საჩივარზე უბნის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას დაეყრდნო, რომელმაც თქვა, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული ყუთში. საოლქო კომისიამ უარი თქვა ენახა უტყუარი მტკიცებულება – ცესკოს მიერ ორგანიზიებული ვიდეო კამერის ჩანაწერი.

ვიდეო კადრების მიხედვით კი, ოლქში ბიულეტენის გაბათილების დროს არც კი უხსენებიათ, რომ ბიულეტენი კონვერტში არ იდო.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიცია განსაკუთრებით ბათილი ბიულეტენების სიმრავლეზე საუბრობს, რადგან განსხვავება მერობის კანდიდატებს შორის მცირე იყო.

„საოლქო კომისიისგან განსხვავებით მოსამართლემ თავიდან ბოლომდე ნახა ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილება იმაზე მეტად დაუსაბუთებელი იყო იყო, ვიდრე საოლქო კომისიის“, – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ითხოვდა სასამართლოში 50-ე უბანზე მიჩნეული ბათილი ბიულეტენის ნამდვილად ცნობას.

პაატა დიასამიძის თქმით, მოსამართლემ ამ საქმეზე ახსენა კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განსაზღვრულია საარჩევნო ბიულეტენის რეკვიზიტები. ბიულეტენს უნდა ჰქონდეს თარიღიც, თუმცა ამ შემთხვევაში ბიულეტენის ნამდვილობა დგინდება მარტივად, როგორც რეგისტრატორის ბეჭდით და ხელმოწერით, ასევე მერობის კანდიდატების ჩამონათვალით.

საია-ს იურისტი განსაკუთრებით იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ბიულეტენის ბათილად მიჩნევის საფუძველი ვერც მოსამართლემ დაასახელა.

„მოსამართლეს არაფერი უთქვამს, რა იყო ბათილობის საფუძველი. მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

საოლქო კომისია დაეყრდნო ცრუ ახსნა-განმარტებას, რადგან უბნის კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას უთხრა, ყუაც დაზიანებული იყო და კონვერტშიც არ იდოო. თუ კონვერტში არ იდო ბიულეტენი, ის ავტომატურად ბათილია და რატომ ჰქონდათ ის გადადებული სამსჯელოდ, როგორც საეჭვო ბიულეტენი?

ვიდეო ჩანაწერში კი ჩანს, რომ კომისიის თავმჯდომარე მიმართავს წევრებს, საეჭვოა ეს ბიულეტენი და კენჭი ვუყაროთ, ანუ დასტურდება, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა საუბნო კომისიამ საოლქო კომისიას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

საია-ს იურისტის შეფასებით სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არჩევნების სანდოობის მიმართ ეჭვებს აძლიერებს და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იწვევს.

საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

___

წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატ გიორგი კირთაძეს სახელისუფლო კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 526 ხმით მოუგო.

ბათუმის 79-ე ოლქში ამ არჩევნებზე 2017 ბიულეტენი გააუქმეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: