მთავარი,სიახლეები

ხელოსნების ცოდნას ისევ არავინ ამოწმებს – რა შეიცვალა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ

17.05.2023 •
ხელოსნების ცოდნას ისევ არავინ ამოწმებს – რა შეიცვალა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ

„პრობლემა სახეზეა, მაგრამ არაფერი არ იცვლება“ – ამბობენ იურისტები სამშენებლო სამუშაოებზე ხელოსნების კვალიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრისას.

ხელოსნებს, რომლებიც ბინების მშენებლობასა და რემონტზე მუშაობენ, სახელმწიფო ისევ არ აკონტროლებს. არავინ ამოწმებს ცოდნას და გამოცდილებას, როცა, მაგალითად, ხელოსანი კედელს ღებავს, სანტექნიკას აწყობს, ან მზიდ კედელს ეხება.

ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებისთვის ხელისუფლებამ ვერც ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მოიცალა – ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი, სასამართლომ კი დაადგინა, რომ ნგრევა მზიდი კედლის დემონტაჟმა გამოიწვია.

ბათუმში, 2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში სადარბაზო ჩამოინგრა. პროკურატურამ ბრალი 3 პირს წარუდგინა: მამა-შვილ სურმანიძეებს, რომლებიც ამ სადარბაზოს პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებზე ასრულებდნენ და ბინის მფლობელს – ზაურ ბუდაგოვს. 2022 წლის 5 ივლისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზაურ ბუდაგოვს, ხოლო 3-3 წლით დააპატიმრა გიორგი და ხუსეინ სურმანიძეები.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა იყო, სადაც ეწერა: „ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე შენობის პირველი სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევა გამოწვეულია არასათანადოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით – კერძოდ, მზიდი კედლის დემონტაჟით პირველ სართულზე“.

პარლამენტმა ამ საკითხის რეგულირებისთვის დღემდე ვერ მოიცალა.

პრაქტიკაში ბინის მესაკუთრე ურიგდება მისთვის სანდო ხელოსანს და სამუშაო იწყება. ბინის მესაკუთრესა და ხელოსნებს შორის უმეტეს შემთხვევებში წერილობითი ხელშეკრულებაც კი არ ფორმდება, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს პასუხისმგებლობა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისთვის ან გაწერილი იყოს, როგორ მოხდება უსაფრთხოების წესების დაცვა.

„ლიცენზიის გაცემა იქნება პრევენციული ღონისძიება ამ კუთხით, თუმცა ამ დრომდე არავითარი რეგულირება არ არსებობს. ფაქტობრივად, არაკვალიფიციური მუშახელი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მარტივად შეიძლება ამ საკითხის რეგულირება, თუ იქნება ნება. პროფესიულმა სასწავლებელმა შეიძლება გაარკვიოს, მაგალითად, შემდუღებლის კვალიფიკაცია და გასცეს შესაბამისი ლიცენზია,“ – ამბობს დამოუკიდებელი იურისტი პაატა დიასამიძე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არც იმ ხელოსნების კვალიფიკაცია მოწმდება სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც სარემონტო კომპანიებს ჰყავთ დაქირავებული. პაატა დიასამიძე განმარტავს, რატომ არის საჭირო პრევენცია, როცა საქმე ბინების რემონტს ეხება და საკმარისი არ არის მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის იმედად ყოფნა.

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ არ დადგება კონკრეტული შედეგი, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში. პრევენციისთვის კი, რომ ასეთი შედეგი არ დადგეს, სახელმწიფოს მხრიდან არაფერი კეთდება,“ – კატეგორიულია იურისტის მოსაზრება ამ თემაზე.

იგი ხაზს უსვამს იმას, რომ შესაძლოა, ერთი შეხედვით, სარემონტო საქმე რთულად და პრობლემურად საერთოდ არ მოგვეჩვენოს, სინამდვილეში კი, საფრთხე ჩვენს სიცოცხლეს ეხებოდეს:

„შესაძლოა, საუბარი იყოს ოთახის შეღებვაზე, მხოლოდ კოსმეტიკურ სამუშაოზე, მაგრამ ის შეღებოს მღებავმა ისეთი საღებავით, რაც საფრთხის შემცველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამას დღეს არავინ აკონტროლებს.

მაგალითად, მზიდ კედელთან მუშაობა როგორ არის საჭირო, რა უნდა გაითვალისწინოს ხელოსანმა, ამის კომპეტენცია რამდენად აქვს – დადასტურდა ხომ 26 მაისის ქუჩის შემთხვევაშიც, კვალიფიციურ მუშახელს ეცოდინებოდა, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

„დადებითისკენ არაფერი არ შეცვლილა… არანაირი ნებართვას არ საჭიროებს პირი, რომელმაც შეიძლება აწარმოოს სარემონტო სამუშაოები, ეს საკითხი დასარეგულირებელია,“ – ამბობს სალომე შუბლაძე, იურისტი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

მისი აზრით, ამ საკითხს სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რადგან მხოლოდ ლიცენზიის, ან შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა ვერ იქნება გამოსავალი.

„რეგულირება საჭიროებს მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებით. უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც ლიცენზიის სერტიფიკატს გასცემს, რომ კონკრეტული ადამიანი, ვინც მუშაობს რემონტზე, არის კვალიფიციური.

დასადგენია ასევე, რის საფუძველზე შეიძლება გაიცეს ეს სერტიფიკატი,“ – ამბობს სალომე შუბლაძე.

„ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში რესან კონცელიძეს დაუკავშირდა შეკითხვით: რატომ არ იღებს პარლამენტი რეგულაციას ხელოსნების კვალიფიკაციის ზედამხედველობის კუთხით, განსაკუთრებით, ბათუმის ტრაგედიის შემდეგ?

პარლამენტის წევრმა, რესან კოცელიძემ გვითხრა, რომ კომენტარს ამ საკითხზე მას შემდეგ გააკეთებს, როცა შესაბამისი კვლევებით და ექსპერტიზით დაადასტურებს, რა სახის რეგულირებაა საჭირო ამ მიმართულებით და კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივასაც შეიმუშავებს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელოსნების საქმიანობას რეგულირება ნამდვილად სჭირდება.

„რეგულირება საჭიროა, რადგან ეს მართლაც მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოა. ამ საკითხს სჭირდება დამუშავება“ – გვითხრა რესან კონცელიძემ.

____________

ფოტოზე: ჩამონგრეული სახლი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/389231/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: