მთავარი,სიახლეები

ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

18.05.2023
ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

დღეს, 18 მაისს, საქართველოს პარლამენტი ბათუმის სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს.

პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.

ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.

შენობის ჩასაბარებლად კომპანიას მოუწევს მერიას ამ წესით მოთხოვნილი დოკუმენტები წარუდგინოს.

კანონპროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები მოამზადა და პარლამენტის დარგობრივ კომიტეტს გაუგზავნა ორმა ორგანიზაციამ, მათ შორის იყო შპს „სითი ინსტიტუტი საქართველო“, კომპანია, რომელიც ბათუმის გენგეგმას ამზადებს.

ორგანიზაციის განმარტებით, მაშინ როცა კომპანია ვრცელ კვლევებს ამზადებს და პარალელურად უბნების განვითარების ხედვას სთავაზობს, ამ კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

შენიშვნები და რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით „ურბანული განვითარების ინსტიტუტმაც მოამზადა“.

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ოცნებიდან“, რესან კონცელიძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ შენიშვნები გათვალისწინებულია, თუმცა რამდენად სრულად არის ყველა შენიშვნა გათვალისწინებული, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.

რესან კონცელიძემ ოპოზიციის კრიტიკას კანონპროექტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შენობების მდგრადობის ნაწილში უპასუხა, რომ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან პროექტით შენობების ექსპლუატაციამდე მოთხოვნილია შესაბამისი დასკვნების წარდგენა. მისი თქმით, ამ კანონპროექტს ელოდებიან ადამიანები, რომლებიც სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ საკუთრებით და სჭირდებათ დახმარება.

დღეს სხდომაზე ამ საკითხის განხილვის დროს თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზეც ისაუბრეს, რასაც ნგრევა და უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა, შემდეგ კი კონკრეტული მშენებელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

„საუბრობთ ისე, თითქოს ეს მხოლოდ მოქალაქეებს შეეხებათ და მიზანი კეთილშობილურია, ეს ხომ კეთდება სამშენებლო ბიზნესისთვის, რომელიც შემწირველია“ – განაცხადა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

სხდომაზე ოპოზიცია საუბრობდა იმაზეც, რომ პროექტი ბათუმში მოქალაქეებთან ფართოდ განხილული არ ყოფილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: